Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-727(კ-25) 12 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2022 წლის 15 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ პაციენტ ე.ზ-ის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 მაისის №10/4939 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2022 წლის 12 აგვისტოს NHA 7 22 00209221 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე, კლინიკის მიერ პაციენტ ე.ზ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 440 ლარის მოპასუხის მხრიდან ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 მაისის №10/4939 გადაწყვეტილება ე.ზ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ასევე ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 აგვისტოს NHA 7 22 00209221 გადაწყვეტილება პაციენტ ე.ზ-ის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა შპს „...ის“ სრულად აუნაზღაუროს პაციენტ ე.ზ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება 440 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოში და დამატებით აღნიშნავს, რომ პაციენტი ე.ზ-ე 2022 წლის 15 იანვრიდან 2022 წლის 20 იანვრის ჩათვლით მკურნალობდა შპს „...ში“. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში ინფექციური დაავადებების მართვის კომპონენტით გადაცემულია შემთხვევა (შ/ნ...), პროგრამული კოდით ...; ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... .../ სხვა ვირუსული ინფექციები, დიაგნოზი: ...-/- ვირუსული ინფექცია, დაუზუსტებელი, ...- სტაციონარი. 2022 წლის 21 იანვარს განმეორებით მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იმავე კლინიკაში, ...ით გამოწვეული ... დაავადების მართვის კომპონენტის ფარგლებში, პროგრამული კოდი: ...-/- ...-ის დადასტურებული შემთხვევის სტაციონარული მკურნალობა, დიაგნოზი:...-/- ...ით გამოწვეული დაავადება (...), ... ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია, ...- სტაციონარი.

კასატორის მითითებით, პირველ შემთხვევაში პაციენტს ...ზე ტესტირება არ ჩატარებია. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ელექტრონულ პორტალზე გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, მკურნალობის ეს ორი ეპიზოდი სააგენტოს მიერ ჩაითვალა როგორც ერთი უწყვეტი პროგრამული შემთხვევა. მიჩნეულ იქნა, რომ პროგრამული შემთხვევა №... უნდა გადაცემულიყო ...ით გამოწვეული ...-ის დაავადების მართვის კომპონენტის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მტკიცებით, №... სამედიცინო შემთხვევას მართებულად განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ პაციენტი ე.ზ-ე 2022 წლის 15 იანვრიდან 2022 წლის 20 იანვრამდე მკურნალობდა შპს „...ში“, დიაგნოზით ..., კოდი: ... ვირუსული ინფექცია დაუზუსტებელი. გადატანილი დაავადებები .... 20.10.2021წ.. მოკლე ანამნეზი, ჩივილები: ზოგადი სისუსტე, ...: მშობლის გადმოცემით ავადობის მე-5 დღეა. დაავადება დაიწყო ზოგადი სისუსტით, კატარალური მოვლენებით, ...ით, ...-მდე. მიუხედავად ამბულატორიულად ჩატარებული სიმპტომური მკურნალობისა ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა, ...ის ინტენსივობამ მოიმატა და მიიღო შეტევითი ხასიათი, ... უგრძელდებოდა. ძნელად ხანმოკლე დროით ემორჩილებოდა ანტიპირეტიკების მოქმედებას, ჭირვეულობდა, გამოვლინდა პირღებინება, საკვებსა და სითხეს აღარ იღებდა. ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე, საშუალო სიმძიმის. ობიექტური გასინჯვით ... და .... კლინიკაში ჩატარებული კვლევებით სახეზეა ვირუსული ინფექცია. კლინიკაშივე ჩაუტარდა აქტიური დეზინტოქსიკაციურ-რეჰიდრაციული თერაპია, სხვა სიმპტომურ საშუალებებთან ერთად. ჩატარებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა, ... ნორმალიზდა, კატარალური მოვლენები შემცირდა, ყლაპვა, ცხვირით სუნთქვა თავისუფალი, ბავშვი გააქტიურდა, დაიწყო სითხის და საკვების მიღება. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. სტაციონარული მკურნალობა აღარ ესაჭიროება. შესაძლოა მისი მართვა ამბულატორიულად, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;

დადგენილია ასევე, რომ ე.ზ-ე 2022 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 26 იანვრის ჩათვლით მკურნალობდა შპს „...ში“, დიაგნოზით ... კოდი: .... ...ით გამოწვეული ინფექცია (...), ... ლაბორატორიულად დადასტურებულია. ჩივილები: ..., რომელიც არ ემორჩილება ანტიპირეტული პრეპარატების მოქმედებას, ..., ..., ... ... ...,: მშობლის გადმოცემით, ბავშვი ავად არის 2022 წლის 21 იანვრიდან, დაავადება დაიწყო ცხელებით - 38.6, რასაც დაერთო პირღებინება საკვების და სითხის ყოველი მიღების შემდეგ. ... არ ემორჩილება ანტიპირეტიკულ პრეპარატებს, ბავშვი ვეღარ იღებდა საკვებს და სითხეს. გახდა ადინამიური. ბავშვის დედას კლინიკაში შესვლისას დაუდასტურდა ... 2022 წლის 21 იანვარს პაციენტს ჩაუტარდა კვლევა ...ინფექციაზე. როგორც ლაბორატორიული (პჯრ), ასევე სეროლოგიური (ანტიგენის სწრაფი ტესტი) კვლევით, ...არ დადასტურდა. 2022 წლის 24 იანვარს პაციენტს განმეორებით ჩაუტარდა კვლევა ...ინფექციაზე სეროლოგიური (ანტიგენის სწრაფი ტესტი) კვლევით ...არ დადასტურდა, ხოლო ლაბორატორიული (პჯრ) კვლევით ... დადასტურდა. კლინიკაში ჩაუტარდა აქტიური დეზინტოქსიკაციურ-რეჰიდრაციული თერაპია, სიმპტომური თერაპია. ჩატარებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, გახდა აქტიური, მადა გაუმჯობესდა, ცხვირით სუნთქვა გაუმჯობესდა. პირღებინება და ... არ აღენიშნებოდა. სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდა. ლაბორატორიული მაჩვენებლები ნომრის ფარგლებში იყო. სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებდა, გაეწერა ბინაზე. რეკომენდაცია თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტ ე.ზ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება. აღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამრიგად, მოცემული ნორმიდან გამომდინარე, გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება, თუკი სამედიცინო დაწესებულება არასწორად, პაციენტის მდგომარეობის შეუსაბამოდ გადასცემს ინფორმაციას პროგრამის განმახორციელებელს. სადავო შემთხვევაში ინსპექტირების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ ორი ეპიზოდი წარმოადგენდა ერთ უწყვეტ შემთხვევას, თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ პირველი შემთხვევის დროსაც პაციენტი ინფიცირებული იყო ...ით. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს, რომ 10-დღიანი ანამნეზის პირობებში ... ინფექციაზე 2022 წლის 21 იანვარს ჩატარებული კვლევები უარყოფითი იყო, რაც არ იძლევა იმ დასკვნის გამოტანისა და უდავო მტკიცების შესაძლებლობას, რომ 15 იანვრიდან პაციენტი ინფიცირებული იყო ...ით. მხოლოდ განმეორებითი მიმართვიანობის ფაქტის არსებობა უპირობოდ არ წარმოადგენს უკვე გაწეული მომსახურების არაჯეროვნად/არასრულად მიჩნევის და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ამასთან, თუ სააგენტო ჩათვლიდა, რომ არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს, მაშინ საქმის მასალები უნდა გადაეგზავნა რეგულირების სააგენტოსათვის. სწორედ ამ უკანასკნელის კომპეტენციას წარმოადგენს აღნიშნული საკითხის შესწავლა და დადგენა, გაეწია ჯეროვანი და სრული სამედიცინო მომსახურება პაციენტს თუ არა. მხოლოდ ინსპექტირების ეტაპზე, როდესაც ხდება მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა და შემთხვევათა რეესტრთან, სადავო გარემოებები ვერ გაირკვეოდა. მსგავსი შინაარსის მსჯელობას ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის №ბს-820(კ-12) განჩინება. მოპასუხის მხრიდან კი არ ყოფილა დასაბუთებული და დადასტურებული შესაბამისი სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ ორივე სადავო შემთხვევაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტები ასახავს პაციენტის მდგომარეობას, მის დიაგნოზსა და საჭირო მკურნალობასთან დაკავშირებით შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ასეთი გადაწყვეტილებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით მოპასუხის მითითებები ბუნდოვანია და არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ კასატორმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა, რაზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი ცალსახად ვერ ადასტურებს 2022 წლის 15 იანვრიდან პაციენტის ...-ინფექციით ინფიცირების ფაქტს, ხოლო მოსარჩელე 2022 წლის 21 იანვრის კვლევებით ადასტურებს, რომ პაციენტი არ იყო ინფიცირებული ...-ით, საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციების მსგავსად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ პაციენტისთვის არაჯეროვან/არასრულ სამედიცინო დახმარების გაწევის ფაქტს და ასკვნის, რომ არ არსებობს შპს „...ისთვის“ სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი თქმის სამართლებრივი საფუძველი. საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში კი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ წარმოდგენილი სამედიცინო შემთხვევა არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ პირობებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს აგრეთვე „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 აგვისტოს NHA 7 22 00209221 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტ ე.ზ-ის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 მაისის №10/4939 გადაწყვეტილების უკანონობის დადგენის პირობებში, მოთხოვნების ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მის საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2025 წლის 21 ივლისს №18539 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

თ. ზამბახიძე