Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-715(კ-25) 19 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ა. შ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – 1. ჯ. (ახ.) ა-ე; 2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია; 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკუთრების აღიარება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. შ. ა-ემ 2022 წლის 8 ნოემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ჯ. (ახ.) ა-ეის მიმართ და მოითხოვა: ა) ახ. ა-ეისა და ს. ა-ეის კომლების გაერთიანების შესახებ ...ს საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილად ცნობა და 1993 წლის მდგომარეობით ს. ა-ეის საკომლო წიგნის ჩანაწერის აღდგენა; ბ) ახ. ა-ეის მიმართ 800 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში 2000 წლის 25 სექტემბერს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის (N22/1-125) ნაწილობრივ ბათილად ცნობა; გ) უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. N... (ს/კ ...), 800 კვმ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების 241.61 კვ.მ ნაწილში ჯ. ა-ეის საკუთრების უფლების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ა. შ. ა-ეის აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

მოსარჩელის განმარტების მიხედვით, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.10.1992წ. №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993წ. №29 დეკრეტის მიღებისას, რომლითაც გაუქმდა კოლმეურნეობა და შესაბამისად, შეწყდა საკოლმეურნეო კომლის არსებობაც, იგი ირიცხებოდა საკუთარი დედის, ს. ა-ეის საკოლმეურნეო კომლში, რაც, თავის მხრივ, დასტურდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 10 ოქტომბრის AA2017037254-03 საარქივო ცნობით. აღნიშნული ცნობა მიუთითებს ...ის თემის საკრებულოს ...ს 1983-2006, 1986-2006 წლების საკომლო წიგნებზე, რომლითაც ირკვევა, რომ შ. მ.-ს ძე ა-ე ირიცხება დედის ს. რ.-ს ასული ა-ეის კომლში როგორც შვილი, ხოლო შემდგომი წლების საკომლო წიგნებში ს. რ.-ს ასული ა-ეის კომლი შეერთებულია შვილის ა. მ.-ს ძე ა-ეის კომლთან და შ. მ.-ს ძე ა-ე კომლის წევრად აღარ ირიცხებოდა. შენიშვნის სახით მითითებულია, რომ საკომლო წიგნების დამატებითი ცნობების გრაფებში თუ რის საფუძველზე არ მოხდა ს. რ.-ს ასული ა-ეის კომლის წევრის შ. მ.-ს ძე ა-ეის გადატანა, მიზეზი არ იქნა მითითებული. 2017 წლის 25 სექტემბრის AA2017035100-03 და 2022 წლის 20 ოქტომბრის № 01-20/1067 ცნობებით დგინდება, რომ ა-ე ახ. მ.-ს ძე არის კომლის უფროსი. 2017 წლის 25 სექტემბრის AA2017035100-03 ცნობით ირკვევა, რომ კომლს დამატებითი ცნობების გრაფაში მიწერილი აქვს, რომ დედისგან გადაეწერა 0.08 ჰა. ხოლო, 2022 წლის 20 ოქტომბრის №01-20/1067 ცნობით ირკვევა, რომ კომლს ერიცხება მიწის ფართობი 1986 წლის გრაფაში 0.10 ჰა, 1987-2006წწ. - 0.18 ჰა, დამატებითი ცნობების გრაფაში მიწერილია „დედისგან გადაეწერა 0.08ჰა.). მოსარჩელის მითითებით, იგი 2000 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა. საქართველოში ჩამოსვლისას გადაწყვიტა კომლში არსებული კუთვნილი ქონების წილის საკუთრებაში აღრიცხვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის ძმამ ჯ. (ახ.) ა-ემ უკანონოდ დაირეგისტრირა კომლის ქონება საკუთრებაში. საკომლო ცნობებით დგინდება, რომ ს. ა-ეის და ახ. ა-ეის კომლები კანონდარღვევით გაერთიანდა 2000 წელს, რომლის შემდგომაც ჯ. (ახ.) ა-ემ მიმართა მიწის რეფორმების კომისიას და 2000 წლის 25 სექტემბერს გააფორმა მიწის ნაკვეთის N22/1-125 მიღება-ჩაბარების აქტი, დაზუსტებული ფართობით 1900 კვმ, რომლის საფუძვლად მითითებულია ,,ძველი კომლი“. ხოლო - 2010 წლის 30 ივლისს, ჯ. (ახ.) ა-ემ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები. რამდენადაც კომლების გაერთიანება მოხდა უკანონოდ და მოსარჩელე ირიცხებოდა დედის კომლში, კომლის გაუქმებისთანავე, მას წარმოეშვა საკუთრების უფლება თანაბარწილად 800 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით, ა. ა-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით, №2/ბ-234-2024 სამოქალაქო საქმიდან გამოეყო 2000 წლის 25 სექტემბერს, ახ. ა-ეზე გაცემული მიღება-ჩაბარების (N22/1-125) აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ამ აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში ახ. ა-ეზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ამ უძრავი ქონების ბათილ ნაწილზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღიარებაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე ა. შ. ა-ეის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული წარმოება და სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, ამ ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ხოლო - ...ს საკომლო წიგნში ახ. ა-ეისა და ს. ა-ეის კომლების გაერთიანების შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობისა და 1993 წლის მდგომარეობით, ს. ა-ეის საკომლო წიგნის ჩანაწერის აღდგენის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, ა. შ. ა-ეის სააპელაციო საჩივარზე, საქმის განხილვა გაგრძელდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ჩაება მესამე პირად, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ ადმინისტრაციულ ორგანოებს შეეცვალათ საპროცესო სტატუსი და შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ა. შ. ა-ეის სარჩელზე დასახელდნენ მოპასუხეებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) გათვალისწინებით და საბოლოოდ მხარის სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ა) 800 კვ. მ მიწის ნაკვეთის ნაწილში 2000 წლის 25 სექტემბერს ახ. ა-ეზე გაცემული №22/1-125 მიღება-ჩაბარების აქტისა და 800 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული 241,61 კვ.მ შენობა-ნაგებობების ნაწილში ამ აქტის საფუძველზე ჯ. ა-ეის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის (განცხადების თარიღი: 26.07.2010, გადაწყვეტილების ნომერი: ..., უფლების რეგისტრაციის თარიღი: 30.08.2010, მის.: ქ. ბათუმი, ...ის ქ. №..., ს/კ ...) ნაწილობრივ ბათილად ცნობა; ბ) ქ. ბათუმი, ...ის ქ. №...-ში (ს/კ ...) მდებარე 800 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებულ 241,61 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ ა. შ. ა-ეის ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, ა. შ. ა-ეის (პ/ნ ...) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება (არაგანსჯადი სასამართლოს გადაწყვეტილება) იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. შ. ა-ეის სარჩელი ახ. ა-ეზე გაცემული 25.09.2000 წ. №22/1-125 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ამ აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში ახ. ა-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და ამ უძრავი ქონების ბათილ ნაწილზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღიარების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. შ. ა-ეის სარჩელი - ახ. ა-ეის სახელზე გაცემული 25.09.2000წ. №22/1-125 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ამ აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში ახ. ა-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და ამ უძრავი ქონების ბათილ ნაწილზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღიარების შესახებ - არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებზე, საკომლო ურთიერთობის მომწესრიგებელ კანონმდებლობასა და სასამართლო აქტებით დადგენილ პრეიუდიციულ ფაქტებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ შ. ა-ეს, როგორც ს. ა-ეის კომლის წევრს, უფლება მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე არ გააჩნია და შესაბამისად, ამ აქტით არ იზღუდება მისი, როგორც კომლის წევრის საკუთრების უფლება, ვინაიდან, იგი, 1992 წლის მდგომარეობით, არ ირიცხებოდა ს. ა-ეის კომლის წევრად. აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით, ნათელია, რომ მატერიალური თვალსაზრისით, საქმეში დაცული მიღება-ჩაბარების აქტი, სრულად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, იგი არ ეწინააღმდეგება მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს. შესაბამისად, დაცულია მიღება-ჩაბარების აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რაც გამორიცხავს მისი ბათილად ცნობის, ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის და სადავო ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. შ. ა-ეის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ უსწოროდ მიანიჭა პრეიუდიციული ძალა სხვა სასამართლო აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან მათი დავის საგნები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ამასთან, შეფასების გარეშეა დატოვებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 10 ოქტომბრის AA2017037254-03 საარქივო ცნობა. სადავო არ არის, რომ კასატორი, 1983-2006წ. და 1986-2006წ. საკომლო წიგნების მიხედვით, ირიცხებოდა დედის - ს. ა-ეის კომლში, 2000 წელს კომლის გაერთიანების შედეგად, იგი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ამოირიცხა კომლის წევრობიდან (აღნიშნულის მოტივაციად კასატორი ასახელებს მოწინააღმდეგე მხარის ცოდნას იმის თაობაზე, რომ მას მამისგან არ ჰქონდა სხვა წილი მიღებული და ლოგიკურად, საკომლო ქონებიდანაც ეკუთვნოდა მას წილი), თუმცა, ს. ა-ეის კომლის წევრად მითითება მაინც განხორციელდა. აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ კასატორმა 1970-იან წლებში დატოვა საქართველო. 2017 წლის 10 ოქტომბრის AA2017037254-03 საარქივო ცნობა ვერ ჩამოყალიბდებოდა იმ ფორმით, რომლითაც იგი ჩამოყალიბდა მოსარჩელეს საქართველო რომ დაეტოვებინა, ხოლო აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობას ვერ აქარწყლებს მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც კასატორი არასარწმუნოდ მიიჩნევს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. შ. ა-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა. შ. ა-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41.). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (იხ. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ამასთანავე, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთების ვალდებულება არ მიიჩნევა დარღვეულად იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვისას უბრალოდ იზიარებს და მხარს უჭერს იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც საფუძვლად დაედო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of García Ruiz v. Spain, App. No. §26.). ირელევანტურ არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა ინტერპრეტირდეს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28.). ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის იმ მატერიალურ ან საპროცესო-სამართლებრივ საკასაციო პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უცილობლად უნდა გაეცეს სრულად და ამომწურავად (ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30.).

საკასაციო პალატა უპირველესად შენიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ერთმნიშვნელოვნად არის აღიარებული, რომ როგორც კომლთან, მის წევრებთან და ქონებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ასევე სასამართლო პრაქტიკა (სადაც ძირითად საკვლევ საგანს წარმოადგენს თუ რა ქონება ჰქონდა კომლს, ასევე ვინ და რა პერიოდში წარმოადგენდა კომლის წევრს) კომლის ქონებაზე მასში შემავალი პირების თანასაკუთრების უფლების გავრცელების იურიდიულ შესაძლებლობას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უკავშირებს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მათ ერთ ოჯახად/ერთ კომლად აღრიცხვის ფაქტს (იხ. ვრცლად., სუსგ., ბს-1034(კ-21), 23.04.2024წ.). შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვა არაერთი შემთხვევის მსგავსად, განსახილველ შემთხვევაშიც, საკვანძო გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს კასატორი ა. შ. ა-ეის 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომლის წევრის სამართლებრივი სტატუსის მართებულად დადგენა, იმ თვალსაზრისით, რომ ყველა სხვა სასარჩელო მოთხოვნა მეორეული და დერივაციულია ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებისაგან.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა წრეც მართებულად განისაზღვრა სააპელაციო პალატის მიერ. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ 2000 წლის 25 სექტემბრის ხელვაჩაურის რაიონის, ...ის სადაბო საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული №22/1-152 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის, ...ში მცხოვრებ ახ. მ.-ს ძე ა-ეს საკუთრებაში გამოეყო სულ 0,19 ჰექტარი მიწა (0,03+0,05+0,11) ერთ ნაკვეთად. მიწის ნაკვეთის გამოყოფის საფუძვლად მითითებულია - ძველი კომლი. 2010 წლის 30 ივლისს, №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში (რეგისტრაციის შესახებ №... (30.07.2010) გადაწყვეტილება), ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1901 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით: 241,61 კვ.მ 25.09.2000 წლის №22/1-152 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით დარეგისტრირდა ჯ. ა-ეის (ს/ნ ...) საკუთრებად, ს/კ .... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს - ხელვაჩაურის არქივის მიერ 2017 წლის 25 სექტემბერს გაცემული №AA2017035100-03 საარქივო ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის არქივში დაცული, ხელვაჩაურის რაიონის, ...ის სადაბო საკრებულოს დოკუმენტებით, ...ს „ხოზდვორი“ 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ა-ე ახ. მ.-ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ა-ე ახ. მ.-ს ძე - ოჯახის უფროსი; 2. ა-ე გ. შ.-ს ასული - მეუღლე; 3. ა-ე ხ. (სიტყვა ხ. გადახაზულია და მიწერილია) თ. ა.-ს ასული შვილი (დოკუმენტში ასეა); 4. ა-ე მ. ახ.-ს ძე - შვილი; 5. ა-ე რ. ახ.-ის ძე - შვილი; 6. ა-ე ს. რ.-ს ასული - დედა. 7. ა-ე ხ. მ.-ს ძე - ძმა. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1986-2000 წლებში 0,10 ჰა, ხოლო 2001-2006 წლებში 0,18 ჰა (დოკუმენტში ასეა). გრაფა კომლის საცხოვრებელი სახლის შესახებ შევსებული არ არის. კომლს დამატებითი ცნობების გრაფაში მიწერილი აქვს დედისგან დაეწერა 0,08 ჰა (დოკუმენტში ასეა). ...ის სადაბო საკრებულოს 2000-2006 წლების გამგეობის სხდომისა და მიწის რეფორმის კომისიის სხდომის ოქმებში დადგენილება ან გადაწყვეტილება მიწის ფართობის ცვლილებასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს - ხელვაჩაურის არქივის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული №AA2017037254-03 საარქივო ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის არქივში დაცული, ხელვაჩაურის რაიონის, ...ის თემის საკრებულოს 1996-2006 წლების საკომლო წიგნებში შ. მ.-ს ძე ა-ე, როგორც ცალკე კომლი არ ირიცხება. იქვე განიმარტა, რომ როგორც ...ის თემის საკრებულოს ...ს 1983-2006, 1986-2006 წლების საკომლო წიგნებით ირკვევა, შ. მ.-ს ძე ა-ე ირიცხება დედის ს. რ.-ს ასული ა-ეის კომლში, როგორც - შვილი, ხოლო შემდგომი წლების საკომლო წიგნში ს. რ.-ს ასული ა-ეის კომლი შეერთებულია (საფუძველი წიგნი 8, საქმე 304, ფურც. 27, 28) შვილის ახ. მ.-ს ძე ა-ეის კომლთან და აქ უკვე შ. მ.-ს ძე ა-ე, როგორც კომლის წევრი აღარ ირიცხება. შენიშვნა: საკომლო წიგნების დამატებითი ცნობების გრაფებში თუ რის საფუძველზე არ იქნა გადატანილი ს. რ.-ს ასული ა-ეის კომლის წევრი - შ. მ.-ს ძე ა-ე, მიზეზი ან საფუძველი არ არის მითითებული. ნიშანდობლივია ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ს. ა-ე (პ/ნ ...), დაბადებული ... წლის ...ს, გარდაიცვალა 2012 წლის 19 იანვარს. ხოლო - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის მიერ 2022 წლის 30 სექტემბერს გაცემული №01-20/991 საარქივო ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის არქივში დაცული, ხელვაჩაურის რაიონის ...ის სადაბო საკრებულოს დოკუმენტებით, ...ს 1983-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ა-ე ს. რ.-ს ასული არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ა-ე ს. რ.-ს ასული - ოჯახის უფროსი, 2. ა-ე შ. მ.-ს ძე - შვილი, 3. ა-ე ნ. მ.-ს ძე - შვილი, წავიდას გრაფაში მიწერილი აქვს - აყვანილია პატ. 1979წ. 8 წელი, 4. ა-ე ხ. მ.-ს ძე - შვილი, 5. ა-ე გ. შ.-ს ასული - რძალი; 6. ა-ე თ. შ.-ს ასული - შვ/შვილი, 7. ა-ე მ. ახ.-ს ძე - შვ/შვილი, 8. ა-ე რ. ახ.-ის ძე - შვ/შვილი. კომლს 1983 წლის გრაფაში უწერია 0,08 ჰა მიწის ფართობი, რომელიც გადახაზულია, ხოლო მიზეზი გადახაზვისა, დამატებითი ცნობების გრაფაში არ აქვს მითითებული. კომლს საცხოვრებელი სახლის გრაფაში უწერია „ქვის/2“ (დოკუმენტში ასეა). ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 20.10.2022 წლის №01-20/1067 საარქივო ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის არქივში დაცული, ხელვაჩაურის რაიონის ...ის სადაბო საკრებულოს ...ს „ხოზდვორი“ 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ა-ე ახ. მ.-ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ა-ე ახ. მ.-ს ძე - ოჯახის უფროსი, 2. ა-ე გ. შ.-ს ასული - ცოლი; 3. ა-ე თ. ა.-ს ასული - შვილი; 4. ა-ე მ. ახ.-ს ძე - შვილი, 5. ა-ე რ. ახ.-ის ძე - შვილი; 6. ა-ე ს. რ.-ს ასული - დედა; 7. ა-ე ხ. მ.-ს ძე - ძმა. კომლს ერიცხება მიწის ფართობი 1986 წლის გრაფაში 0,10 ჰა, 1987-2006 წწ. – 0,18 ჰა. აქვე დამატებითი ცნობების გრაფაში მიწერილია „დედისგან დაეწერა 0,08 ჰა“ (დოკუმენტში ასეა). კომლს საცხოვრებელი სახლის შესახებ გრაფა შევსებული არ აქვს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის მიერ 2024 წლის 08 თებერვალს გაცემული №AA2024001836-03 საარქივო ცნობის მიხედვით, ა. შ. ა-ეს, მისი განცხადების პასუხად, რომლითაც მოთხოვნილი იყო ხელვაჩაურის რაიონის, ...ს 2000 წლის 25 სექტემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ახ. მ.-ს ძე ა-ეის შესახებ, ეცნობა, რომ ხელვაჩაურის რაიონის, ...ს 2000 წლის 25 სექტემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (აქტები) ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შესულა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს მიერ 2024 წლის 30 ივლისს გაცემული №01-24.278 წერილით, შ. ა-ეის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ხელვაჩაურის არქივში დაცულია ხელვაჩაურის რაიონის, ...ის სადაბო საკრებულოს 1993-2006 წლების საკომლო წიგნები. აღნიშნულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ხელვაჩაურის არქივის მიერ მ/წლის იანვრის თვეში შ. ა-ეის სახელზე უკვე გაიცა საარქივო ცნობა, სადაც ასახულია ინფორმაცია 1980-2006 წლების მიხედვით კომლის შემადგენლობის შესახებ. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ არქივი წარმოადგენს საცავს, რომელშიც დაცულია სხვადასხვა დაწესებულება-ორგანიზაციებში წლების წინ შექმნილი და დამუშავებული საარქივო დოკუმენტები. შესაბამისად, არქივი გასცემს უკვე არსებული საარქივო ცნობების და დოკუმენტების ქსეროასლებს, რომელიც შესანახად ჩაჰბარდა. ასევე განმცხადებელს დამატებით განემარტა, რომ „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანების შესაბამისად, საარქივო ცნობაში შეიტანება მხოლოდ საარქივო დოკუმენტებში მოხსენიებული ინფორმაცია და არ დაიშვება შემსრულებლის კომენტარები, საკუთარი დასკვნები გამოყენებული დოკუმენტების შინაარსზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 27.11.2024 წლის №01-20/870 საარქივო ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის არქივში დაცული, ხელვაჩაურის რაიონის ...ის სადავო საკრებულოს ...ს „ხოზდვორის“ 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ა-ე ახ. მ.-ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა-ე ახ. მ.-ს ძე - ოჯახის უფროსი; ა-ე გ. შ.-ს ასული - ცოლი, ა-ე თ. ახ.-ს ასული - შვილი, ა-ე მ. ახ.-ს ძე - შვილი; ა-ე რ. ახ.-ს ძე - შვილი; ა-ე ს. რ.-ს ასული - დედა; ა-ე ხ. მ.-ს ძე - ძმა; კომლს ერიცხება მიწის ფართობი 1986 წლის გრაფაში 0,10 ჰა. 1987-2006 წწ. 0,18 ჰა. აქვე დამატებით ცნობების გრაფაში მიწერილია „დედისგან დაეწერა 0,8 ჰა“ (დოკუმენტში ასეა). კომლს საცხოვრებელი სახლის შესახებ გრაფა შევსებული არ აქვს. შენიშვნის სახით ამავე საარქივო ცნობით, ასევე განიმარტა, რომ ...ის სადაბო საკრებულოს 2000 წლის მიწის მიღება-ჩაბარების აქტები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შესულა.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე საქმეზე დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტებთან ერთად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიდგომას, რომ განსახილველი ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ პრეიუდიციულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც დადგინდა პარალელური სამართალწარმოებისას, სარჩელის იმ ნაწილზე, რომელიც გამოეყო წინამდებარე დავას და რომელზედაც უკვე დასრულდა სასამართლო წარმოება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მართალია აღნიშნული დებულება სიტყვასიტყვით მხოლოდ „სამოქალაქო საქმეებს“ იხსენიებს, თუმცა მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულებელყოფილი იქნეს სისტემური თვალსაზრისით, ამავე კოდექსის 266-ე მუხლის ჭრილში (იხ. სუსგ., ბს-826(2კ-19), 25.11.2021წ.), ამავდროულად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმა, რომელიც პირდაპირ არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს საპროცესო სამართლის იმ ნორმის ანალოგიის სახით გამოყენებას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის და 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სისტემური შინაარსით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები „პრეიუდიციული“ მნიშვნელობით აღიჭურვება როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საქმეებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები განასახიერებს სამართლის პრინციპს - „დავა გადაწყვეტილია“ (“res judicata”), უფლებები, ურთიერთობები, ვალდებულებები და ამრიგად, ის ფაქტები, რომლებიც მათ წარმოშობას უდევს საფუძვლად, არ შეიძლება მუდმივად დავის საგანი იყოს, სამართლის ფუნქცია კონფლიქტების მოგვარებაა, ამდენად, ფაქტები, რომლებიც კონფლიქტს იწვევს ვერ იქნება უთანხმოების მუდმივი წყარო, განსაზღვრულობა საჭიროებს ასეთი ფაქტების სტაბილურობას, აღნიშნული ასახავს სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის, მისი „საბოლოობის“ ობიექტურ ნიშანს (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 01.12.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე Guðmundur Andri Ástráðsson v. Iceland, App. No. 26374/18, §238.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრეიუდიციულია ის ფაქტები და ახალ სამართალწარმოებაში სადავო ვერ გახდება ის სამართლებრივი ურთიერთობანი, რაც არსობრივად ამართლებს სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების, დადგენილების) სარეზოლუციო ნაწილს, ანუ ისინი, ურომლისოდაც სარეზოლუციო ნაწილი ვერ ჩამოყალიბდებოდა იმ სამართლებრივი შინაარსით, რომლითაც იგი ჩამოყალიბდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დავის საგნებს შორის არსებული განსხვავება მიუთითებს ამ დავებს შორის სამართლებრივი ურთიერთკავშირის არარსებობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებაზე, რომლითაც ...ს საკომლო წიგნში ახ. ა-ეისა და ს. ა-ეის კომლების გაერთიანების შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობისა და 1993 წლის მდგომარეობით, ს. ა-ეის საკომლო წიგნის ჩანაწერის აღდგენის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, ა. შ. ა-ეის სააპელაციო საჩივარზე, საქმის განხილვა გაგრძელდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ სამოქალაქო სამართალწარმოებას დაექვემდებარა უშუალოდ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კასატორი ა. შ. ა-ეის კომლის წევრის სამართლებრივი სტატუსის მართებულად განსაზღვრა, ხოლო, ადმინისტრაციული დავის ფარგლებში არსებული სასარჩელო მოთხოვნები, რომლებზეც კასატორი მიუთითებს გამომდინარეობს ამ საკვანძო გარემოების დადგენის საჭიროებისაგან. ნიშანდობლივია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განჩინებით ა. შ. ა-ეის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები - 2000 წელს, ახ. ა-ეისა და ს. ა-ეის კომლების გაერთიანების შესახებ, ...ს საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და 1993 წლის მდგომარეობით, ს. ა-ეის საკომლო წიგნის ჩანაწერის აღდგენის თაობაზე (რომლის მიხედვითაც, კომლის წევრად აღიარებული იქნება ა. შ. ა-ე), დარჩა უცვლელად. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, ა. შ. ა-ეის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია, რომ 1977 წლის შემდეგ, 1993 წლისათვის, ანუ კოლმეურნეობის გაუქმების მომენტისათვის, მოსარჩელე ა. შ. ა-ე ცხოვრობდა უკრაინაში (შემდეგ გადასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში), შესაბამისად აღარ მონაწილეობდა კომლის საქმიანობაში, რის გამოც შეწყვეტილი აქვს კომლის წევრობა. ის გარემოება კი, რომ მოსარჩელე პერიოდულად ჩადიოდა სადავო ქონებაში სტუმრის სტატუსით, ვერ დაედება საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის აღნიშვნით, არ არსებობდა 1993 წლის მდგომარეობით, ს. ა-ეის კომლის წევრად ა. შ. ა-ეის აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის და ამდენად, მეორე სასარჩელო მოთხოვნის, რომლითაც ა. შ. ა-ე ითხოვდა, ბათილად ყოფილიყო ცნობილი 2000 წელს, ახ. ა-ეისა და ს. ა-ეის კომლების გაერთიანების შესახებ ...ს საკომლო წიგნის ჩანაწერი, დაკმაყოფილების საფუძველი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრეიუდიციულია ფაქტობრივი გარემოება და წინამდებარე დავაში სადავო ვერ გახდება, რომ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კასატორ ა. შ. ა-ეს კომლის წევრის სამართლებრივი სტატუსი აღარ გააჩნდა, რის გამოც უსაფუძვლოა მოთხოვნა კომლის წევრის სტატუსის საფუძვლით სადავო უძრავ ქონებაზე ა. შ. ა-ეის თანამესაკუთრედ აღრიცხვაზე.

ზემოხსენებულთან ერთად, საკასაციო პალატის პრაქტიკაში არსებული მიდგომის შესაბამისად, „ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პრეიუდიციულ ძალას იძენს სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადგენა მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებშია შესაძლებელი ან თანაბრად შეიძლება როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული დავის განხილვისას.“ (იხ. სუსგ(ებ)ი., ბს-1178(კ-23), 29.11.2024წ.; ბს-856(2კ-23), 21.03.2024წ.; ბს-420-420(კ-18), 28.03.2019წ.). მოცემული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა. შ. ა-ეის სარჩელისა გამო, ჯ. ახ. ა-ეის მიმართ საქმეზე დადგენილ გარემოებებს, მოცემული ადმინისტრაციული დავის მიმართაც ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა, მით უფრო, რომ იგივე ფაქტობრივი გარემოებები დგინდება ადმინისტრაციული წესით წარმოდგენილი დავის განხილვის დროსაც. მხარეთა მიერ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ა. შ. ა-ე სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობდა 18 წლამდე, ჯარში გაწვევამდე. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, იგი 1970-იანი წლებიდან საცხოვრებლად წავიდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც გაიცნო მისი მომავალი მეუღლე და რუსეთის ფედერაციიდან საცხოვრებლად გადავიდა უკრაინის რესპუბლიკაში. შ. ა-ე უკრაინაში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. შ. ა-ეის განმარტებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იგი ოჯახთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. მოწინააღმდეგე მხარე კი არ ადასტურებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსარჩელე საცხოვრებლად დაბრუნდა საქართველოში. მხარის განმარტებით, შ. ა-ე 1997 წლამდე უკრაინაში ცხოვრობდა და სწორედ უკრაინიდან გადავიდა შეერთებულ შტატებში, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ მისი სამივე შვილი, ..., ... და ... წელს დაბადებულები არიან უკრაინაში. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ე. ა-ე, ი. ა-ე და ი. ყ-ე არ ადასტურებენ, რომ შ. ა-ე სისტემატურად ცხოვრობდა საქართველოში, მშობლების სახლში. მოწმეები არ უარყოფენ, რომ შ. ა-ეს კონტაქტი არ გაუწყვეტია ოჯახთან და პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, მაგრამ მხოლოდ დასასვენებლად, რამდენიმე კვირით. ამის საპირისპიროდ, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ახ. ა-ე, მართალია, ძმასთან ერთად რუსეთის ფედერაციაშიც იმყოფებოდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იგი ...ში დაბრუნდა საცხოვრებლად და მისი ოჯახი ყოველთვის საქართველოში ცხოვრობდა. 2000 წელს ს. ა-ეისა და ახ. ა-ეის კომლების გაერთიანებას რაც შეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოკითხულმა დ. ჯ-ემ, რომელიც მუშაობდა მიწათმომწყობად, განმარტა, რომ იმ პერიოდში მიმდინარე მიწის რეფორმის ფარგლებში, მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაერთიანება განხორციელდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლის მიხედვით და კომლის წევრი რომ ყოფილიყო შ. ა-ე, ვერ განხორციელდებოდა ს. ა-ეის კომლის კუთვნილი 800 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გადაფორმება ახ. ა-ეის საკუთრებად. ე.ი. ა. შ. ა-ე 1992 წლის 1 იანვრის მონაცემებით კომლის წევრად არ ირიცხებოდა. დ. ჯ-ემ ისიც განმარტა, რომ ...ში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ იგი როგორც მეზობელს შ. ა-ეს არ იცნობს და არ შეხვედრია მას ...ში, მაშინ როცა ახ. ა-ეს და ს. ა-ეს, როგორც მეზობლებს იცნობს და მათთან აქვს მეზობლური ურთიერთობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ პრეიუდიციული ფაქტები ავტონომიურად დასტურდებოდა, ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას.

კასატორის იმ ერთგვაროვანი სამართლებრივი პრეტენზიების საწინააღმდეგოდ, რომლებიც, თავისი შინაარსით, უკავშირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 10 ოქტომბრის AA2017037254-03 საარქივო ცნობას და მის ურთიერთკავშირს 2017 წლის 25 სექტემბრის AA2017035100-03 საარქივო ცნობასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 105-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ელი წინადადების თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ ცნობას ვერ მიენიჭება მტკიცებულებითი უპირატესობა, მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ამასთანავე, სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, იგი არ წარმოადგენს ექსკლუზიური სახის განკუთვნად მტკიცებულებას აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების იმგვარი ფორმით უტყუარად დადგენის მიზნებისათვის, რომელიც ისარგებლებს მტკიცებითი პრიმატით ყველა სხვა მტკიცებულებებთან შედარებით. მითითებული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს ...ს 1980-1998 წლების საკომლო წიგნის N1 ჩანაწერებზე, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე ა. (შ.) ა-ე ირიცხებოდა საკოლმეურნეო კომლში, დედასთან-ს. ა-ესთან ერთად. ამავე ჩანაწერით შ. ა-ე, როგორც კომლის წევრი გადახაზულია და გრაფის ქვეშ მიწერილია ,,ქ. რადუჟნი, ქ. ლუგანსკი“. ამდენად, საარქივო ჩანაწერზე დაყრდნობით, ასევე მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით უდავოა, რომ ა. (შ.) ა-ე 1993 წლისათვის აღარ წარმოადგენდა ს. ა-ეის კომლის წევრს. ამდენად, კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ამ ფაქტობრივი გარემოების გასაქარწყლებლად. მხოლოდ 2017 წლის 10 ოქტომბრის AA2017037254-03 საარქივო ცნობაზე კასატორის მიერ მითითება, ვერ აქარწყლებს ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებას, რამეთუ აღნიშნული ცნობის მტკიცებითი ვალიდურობა თავად ეფუძნება მის საფუძვლად არსებულ საარქივო და საკომლო ჩანაწერებს. აღნიშნულ პირობებში, ირელევანტურია კასატორის მხრიდან მოწმეთა ჩვენების არათანმიმდევრულობაზე მითითება, რადგან, კასატორის აღნიშნული მოსაზრებების გაზიარების პირობებშიც, ის ფაქტი, რომ ა. შ. ა-ე 1992 წლის 1 იანვრის მონაცემებით კომლის წევრად უკვე აღარ ირიცხებოდა, დასტურდება ზემოხსენებული სათანადო მტკიცებულებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, ა. შ. ა-ეის (პ/ნ ...) მიერ საკასაციო საჩივარზე 27.06.2025წ. №8915 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. შ. ა-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. შ. ა-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება;

3. ა. შ. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.06.2025წ. №8915 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე