Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-710(კს-25) 9 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - ი.გ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე - ჟ.დ-ე (მოსარჩელე), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისია (მოპასუხე)

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ჟ.დ-ემ 2023 წლის 01 მაისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ჟ.დ-ეზე მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ამავე კომისიის 2023 წლის 31 მარტის №გ-22 1423090001განკარგულების ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, ჟ.დ-ის ოჯახი შედგებოდა ორი წევრისაგან - დედა მ.დ-ე და თავად ჟ.დ-ე (ქორწინებამდე დ.ე). კომლს გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფაქტობრივად გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე ამუშავებდა. 2022 წლის 28 ივნისს ჟ.დ-ემ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით წერილობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის წესით 2065 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. რეესტრის სამსახურმა განცხადება გადაუგზავნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში არაერთხელ გაიმართა სხდომა, სადაც მან წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც აკმაყოფილებდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა 2023 წლის 31 მარტს №გ-221423090001 განკარგულებით უარი ეთქვა განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გამოკვლევის დროს დაადგინა, რომ ჟ.დ-ის მიერ მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ფლობის ფაქტი არ დგინდებოდა, საფუძვლად კი მიუთითა, რომ თითქოსდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დგინდებოდა არა მისი, არამედ სხვა პირის - ი.გ-ის სარგებლობის ფაქტი. კომისიამ განკარგულებაში ასევე მიუთითა, რომ 2021 წლის 13 ივნისს №13 საოქმო გადაწყვეტილებით ი.გ-ესაც უარი ეთქვა იგივე მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე, რადგან არც მის მიერ დასტურდებოდა ამ მიწის ნაკვეთის სარგებლობა. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის წარდგენილი იქნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის მეზობლების წერილობითი განმარტებები, მიწის სარგებლობისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. ამასთან სადავო მიწაზე განთავსებული აქვს მრავალწლიანი ნარგავები და იყენებს მას სხვადასხვა მარცვლეული კულტურების მოსაყვანად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ი.გ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ჟ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2023 წლის 31 მარტის №გ-22 1423090001 განკარგულება; კომისიას დაევალა გადაწყვეტილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი გარემოებების შესწავლის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიამ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულმა ი.გ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განჩინებით ი.გ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ი.გ-ე მესამე პირის სახით ადმინისტრაციული საქმის განხილვაში ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ანუ სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლების არმქონე პირად. ამ მიმართებით პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება გააჩნიათ მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმულ მესამე პირებს, რადგან მოხმობილი ნორმის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ავტორი, მესამე პირი ი.გ-ე არ წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ამასთან სასამართლო წყვეტს დავას არა მისი უფლებების, არამედ მხარეთა უფლებების თაობაზე, სასამართლო გადაწყვეტილებამ არ შეიძლება ხელყოს მისი უფლებები და განსაზღვროს ი.გ-ის უფლებამოვალეობანი დავის საგანთან მიმართებაში.

პალატამ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ავტორი საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (ე.ი. მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს მის ინტერესებს), იგი არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც ი.გ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი, დაუშვებლობის მოტივით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ი.გ-ე საქმეში ჩართულ იქნა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით, მაშინ როდესაც, საქმის მასალებით აშკარად იკვეთება, რომ ჟ.დ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას აცხადებდა და აცხადებს ი.გ-ე, რომელსაც, ასევე ჰქონდა მიმართული აღიარების კომისიისათვის. ამდენად, აშკარაა, რომ საქმეზე მხოლოდ ერთიანი გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელია. ი.გ-ის მოსაზრებით, მისი სააპელაციო საჩივარი არის საშუალება, რათა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ფაქტების დამდგენმა სასამართლომ გაასწოროს პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული უზუსტობა, თუმცა იმის გამო, რომ საქმის განხილვაში ი.გ-ე ჩაბმულია არასავალდებულო მოწვევის მესამე პირად (16.1), სასამართლო ფაქტობრივად უარს ამბობს მისი უფლებების და ინტერესების სრულყოფილად დაცვაზე.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე და აღნიშნავს, რომ, მართალია, მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით ჩაბმული მესამე პირის მიერ სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლებას, მაგრამ, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის ანალოგიით და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უნდა მიეღო განსახილველად ი.გ-ის სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით ი.გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირების ჩაბმა ემსახურება მესამე პირთა სამართლებრივი დაცვის, საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის, პროცესის ეკონომიურობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნების განხორციელებას. მესამე პირის სტატუსის განსაზღვრა შესაძლებლობას აძლევს პირს, დაიცვას კერძო, სუბიექტური ინტერესები და მათი რეალიზება განახორციელოს ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ერთმანეთისგან განასხვავებს არასავალდებულო და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს.

მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში მესამე პირების ჩვეულებრივი წესით (სასკ-ის 16.1 მუხლი) მოწვევის მიზანია, დაიცვას უშუალოდ იმ პირთა ინტერესები, რომელთაც შეიძლება შეეხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება და რომელთა მონაწილეობასაც შესაძლებელია მნიშვნელობა ჰქონდეს მხარეთა უფლებების ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისათვის. რაც შეეხება აუცილებელი მოწვევის მესამე პირს, პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმის განხილვაში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ მონაწილეობს სამართალურთიერთობაში და გააჩნია დამოუკიდებელი კანონიერი ინტერესი დავის საგნის მიმართ. ასეთი ინტერესი უნდა იყოს რეალური, კანონით დაცული და არა თეორიული.

განსახილველ საქმეზე დავის საგანია ჟ.დ-ეზე მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2023 წლის 31 მარტის №გ-22 1423090001განკარგულების კანონიერება.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ჟ.დ-ის მოთხოვნის უარყოფას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ჟ.დ-ის საქმის განხილვისას, კომისიის სხდომაზე მოწვეულმა ი.გ-ემ აღნიშნა, რომ იგი ოჯახთან ერთად 38 წლის მანძილზე ფლობდა და სარგებლობდა იგივე მიწით. ასევე ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო ბლოკში რეგისტრირებული მესაკუთრე ა.ფ-ე მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმში ხელმოწერით ადასტურებდა, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთს 2007 წლამდე ფლობდა როგორც ჟ.დ-ე, ისე ი.გ-ე. შესაბამისად კომისიის მიერ ვერ იქნა დადგენილი სადავო მიწის ნაკვეთის ცალსახად ჟ.დ-ის მიერ ფლობის ფაქტი. მიუხედავად აღნიშნული საფუძვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ი.გ-ის მიერ მოცემულ მიწის ნაკვეთით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი ასევე უარყოფილია სადავო განკარგულებით, კერძოდ, აღნიშნულია, რომ იგივე კომისიის 2021 წლის 13 ივნისს №13 საოქმო გადაწყვეტილებით ი.გ-ეს უარი ეთქვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით (სუსგ 22.02.2018 წ. ბს-1133-1127(კს-17)). ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება - მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გააჩნია როგორც უფლებამოსილება, ასევე, აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ტერმინი - „სამართალურთიერთობა“, არ უნდა იქნეს ფორმალურად განმარტებული. სამართალურთიერთობაში მონაწილეობასთან ერთად მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს კანონით დაცული უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესებისადმი რეალური შემხებლობის არსებობა და ამასთან, სასამართლოს მიერ შეფასდეს პირის მიერ დავის გაგრძელების და ამ დავის ფარგლებში საკუთარი კანონით დაცული, რეალურ ინტერესთა დაცვის სამართლებრივი პერსპექტივები (სუსგ 20.09.2018წ. ბს-585-585(კს-18)).

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მართალია წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უფლების მოსაპოვებლად გამოცემული აქტის კანონიერება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ი.გ-ის რეალური და კანონით დაცული უფლების არსებობა, რაც განაპირობებდა საქმეზე მისი სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის აუცილებლობას, მხოლოდ მისი სუბიექტური შეფასებები მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის თაობაზე, ვერ გახდება მისი საპროცესო სტატუსის შეცვლის წინაპირობა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.გ-ის საპროცესო სტატუსი დავის არსიდან გამომდინარე სწორად იქნა დადგენილი.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ი.გ-ის საპროცესო სტატუსი სწორად არის დადგენილი და ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირს ანიჭებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას, ი.გ-ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და იგი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, ი.გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 06 ივნისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-16 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მიქაუტაძე

ბ. სტურუა