საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-559(2კ-25) 12 დეკემბერი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ვ. გ-იმა 2020 წლის 8 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 მარტის №003969 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 დეკემბრის №1980 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ვ. გ-ის მიმართ შედგა მითითება, რომლითაც მიეცა 25 კალენდარული დღე ქალაქ თბილისში, ...ს ...ს №...-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მითითების შეუსრულებლობის გამო ვ. გ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას შემოწმების აქტის შედგენამდე მიმართული ჰქონდა შესაბამისი ორგანოსათვის ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნით, რის გამოც საქმის განხილვის ვადა თავდაპირველად 2 თვით გაუგრძელდა. მან ლეგალიზების მოთხოვნით მეორედაც მიმართა არქიტექტურის სამსახურს, თუმცა 2-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კვლავ გაიმართა სხდომა, რომელზეც ვ. გ-ი დაჯარიმდა, რასაც არ დაეთანხმა და მოითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა.
ამავე სარჩელით ვ. გ-იმა იშუამდგომლა ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 მარტის №003969 დადგენილების მოქმედების შეჩერება ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით ვ. გ-ის შუამდგომლობა ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის ნაწილში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 მარტის №003969 დადგენილების მოქმედება ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის ნაწილში (დადგენილების მე-2 პუნქტი), მოცემულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვ. გ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 მარტის №003969 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ვ. გ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 მარტის №003969 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ამასთანავე, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 დეკემბრის №1980 ბრძანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით“.
სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩის ...ს №5-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა- ნაგებობაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განხორციელებულია სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამასთანავე, ლიტ. „ა“ კედლების ნაწილი გადადის ... საკადასტრო კოდზე და სახელმწიფო ტერიტორიაზე. სახლის წინ მოწყობილი ბაქანი განთავსებულია სახელმწიფო ტერიტორიაზე. აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, 2018 წლის 21 აგვისტოს და 2019 წლის 25 ნოემბრის დაკვალვის აქტებით. საქმის მასალებში არსებული დოკუმენტებით აგრეთვე დგინდება, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრემ არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა, კერძოდ, სადავო დადგენილების გამოცემის მომენტისთვის სადავო ობიექტი არ იქნა საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანილი და არც მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სანებართვო დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი.
რაც შეეხება სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, კასატორი მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს/სუბიექტს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის/სუბიექტის დადგენა, სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. განსახილველ შემთხვევაში, ვ. გ-ის პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც ქალაქ თბილისში, ...ს ...ს №5-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეს.
კასატორი ასევე არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, თუ როდის განხორციელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. სასამართლო ვერ უთითებს, თუ კიდევ რა ღონისძიება უნდა განეხორციელებინა ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულის გამორკვევისათვის. შესაბამისად, მერია მიიჩნევს, რომ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც აპელირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისად, არ ეთანხმება დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტას. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71“; „ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩის ...ს №5-ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უნებართვო მშენებლობად განხილვის, მოსარჩელის სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის სანქციის დაკისრების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია მიეკუთვნება მშენებლობის სახეობებს და განიხილება ისეთ მშენებლობად, რა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1მ2-ზე მეტად. იმავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე გაიცემა მშენებლობის ნებართვა. არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით, დადგენილების მე-3 მუხლის 50-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს რეკონსტრუქციას. შესაბამისად, ასეთი რეკონსტრუქციის დაწყებამდე, პირი ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და არსებული შენობის რეკონსტრუქცია დაიწყოს მხოლოდ ნებართვის მოპოვების შემდეგ.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 25 000 ლარით.
დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დასახელებული სამართლებრივი ნორმები ცხადყოფენ, რომ მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში, ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - ნებართვის მოპოვებაში. ამდენად, თუკი მშენებლობა საჭიროებს ნებართვას/დადასტურებას, შესაბამისი წესების დაუცველობა წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველსა და პასუხისმგებელი პირისათვის სათანადო სანქციის შეფარდების წინაპირობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, პირველ ყოვლისა, უნდა განსაზღვროს, თუ რა სახის სამშენებლო სამუშაო არის ნაწარმოები, საჭიროებდა თუ არა იგი ნებართვას/დადასტურებას და რამდენად არის ასეთი ნებართვა შესაბამისი წესით მოპოვებული. თუკი მშენებლობა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს, მაშინ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა წარმოშობს კანონით დადგენილ ვადაში სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და სანქციის დაკისრების მოვალეობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 21 მარტის №003969 დადგენილებით ვ. გ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩის ...ს №5-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის. კერძოდ, ეზოში მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქციის (ლითონის) ნაგებობები, დამატებულია ტერიტორიაზე შესასვლელი რკინის კარი. ლიტ. „ვ-ს“ და ლიტ. „ა-ს“ შორის მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვა. ნაწილობრივ შეცვლილია სათავსო-ნაგებობების (ლიტ. „მ“, ლიტ. „ბ“, ლიტ. „ვ“) გარე კედლების კონფიგურაცია და გაზრდილია გაბარიტი. ლიტ. „ბ“ და ლიტ. „ვ“ შენობებს შორის მოწყობილია კაპიტალური შენობა გადახურვით. ლიტ. „მ-ს“ გვერდით მოწყობილია ლითონის კიბე (მოაჯირებით) და მსუბუქი კონსტრუქციის სათავსო. ნაწილობრივ შეცვლილია ლიტ. „ვ-ს“ გადახურვის მასალა და ფორმა (მოწყობილია ვიტრაჟული გადახურვა). ეზოში დამატებულია ბილიკი და ბაქანი. ლიტ. „ა“: შენობის პერიმეტრზე და სახლში შეცვლილია კარ-ფანჯრების ღიობების რაოდენობა. საცხოვრებელი სახლის პერიმეტრზე მოწყობილია კაპიტალური მიშენებები გადახურვით, ხოლო ე.წ. მიშენებული ფართების ნაწილში მოწყობილია ანტრესოლები კიბე-მოაჯირებით და შექმნილია დამატებით შიდა ფართები. შენობაში კიბეების მოწყობა არ შეესაბამება საინვენტარიზაციო ნახაზებში ასახულს. დამატებულია ორი სართული გადახურვით, კაპიტალურად მოწყობილი ოთახებით, აივნებით და ტერასებით. ფასადებზე დამატებულია რკინის გისოსები, სატელიტური ანტენა, ჰაერგამწოვი და კონდიცირების აგრეგატები. ამასთან, ლიტ. „ა-ს“ კედლების ნაწილი გადადის ... საკადასტრო კოდზე და სახელმწიფოს ტერიტორიაზე. სახლის წინ მოწყობილი ბაქანი განთავსებულია სახელმწიფო ტერიტორიაზე. ამავე დადგენილებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთანავე, არ დაკმაყოფილდა მითითებულ დადგენილებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეებს დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, არ დაუდგენიათ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოება - როდის იყო განხორციელებული სადავო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, დადგენილებაში მითითებული მიშენებები და იმ პერიოდისთვის საჭიროებდა თუ არა განხორციელებული მშენებლობა შესაბამის ნებართვას, რამეთუ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელია დადგინდეს მშენებლობის განხორციელების დრო, ვინაიდან სხვადასხვა პერიოდში კანონმდებლობა ითვალისწინებდა მშენებლობის განხორციელებისთვის განსხვავებულ წინაპირობებს, რომელიც უნდა დაეკმაყოფილებინა მშენებლობის განმახორციელებელ სუბიექტს.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე, რომელიც ასახავს ლიტ. „ა-ს“ კედლების ნაწილის გადაცდენას მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საკადასტრო საზღვრებიდან და ერთი მხრივ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტს. აღნიშნული ნახაზით დასტურდება, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ... საკადასტრო საზღვრიდან ლიტ „ა“ გადაცდენილია 29-31 სმ-ით. მოსარჩელის განმარტებით კი, ე.წ „წითელ ხაზებთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გალუსტოვის მიერ ბაქანზე დაგებული ფილები, სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის უკვე დემონტირებული იყო. მოსარჩელის განმარტებითვე, სადავო მშენებლობა ნაწარმოებია 1990-იან წლებში, ხოლო 2000-იან წლებში მოეწყო მხოლოდ სატელიტური ანტენა, ჰაერგამწოვები და კონდიცირების აგრეგატები. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვებისა და მათი შეფასების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც საშუალებას მისცემდა მას განესაზღვრა მიშენებების პერიოდი და მათი შესაბამისობა იმ პერიოდში არსებულ სამართლებრივ მოწესრიგებასთან.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
გარდა ამისა, ვ. გ-ისთვის დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა კვლევის შედეგად, ვ. გ-ის სამართალდამრღვევად მიჩნევის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, მასზე უნდა გავრცელდეს თუ არა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სავარაუდო სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, რადგან ვ. გ-ის მიმართ მითითება შედგა 2018 წლის 23 აგვისტოს. საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ ვ. გ-ი, დაბადებული ... წლის ...ს (პ/ნ ...), სავარაუდო სამართალდარღვევის გამოვლენის დროს იყო 82 წლის - ასაკით პენსიონერი.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ, ამ ეტაპზე, საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 მარტის №003969 დადგენილება, ასევე არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 დეკემბრის №1980 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ზემოთ მითითებული დადგენილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე