საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-536(კ-25) 12 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - "ს..."
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
გ. დ-იმა 2023 წლის 17 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა გორში, ...ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების შპს "ს...ის" საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა №... სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში (2 100 მ2); ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 24 მარტის №.... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2023 წლის 24 აპრილის №...- 13 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამასთანავე სარჩელით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დავალდებულება, მოახდინოს გ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გორში, ...ის დასახლებაში მდებარე 2100 მ2 მიწის ნაკვეთზე, მის მიერ წარდგენილი №... სარეგისტრაციო განცხადების მიხედვით.
სარჩელის თანახმად, გ. დ-ის (პირ. № ...) მამკვიდრებელს პ. ბ-ეს გორში, ე. წ. ...ის მიწების ტერიტორიაზე გამოეყო და მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა 0,21 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის სამსახურმა უარი განაცხადა მის რეგისტრაციაზე იმ საბაბით, რომ ზუსტად არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის მდებარეობა, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწა ექცევა სს ,,ს...ის" საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფარგლებში.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით კვლავ გ. დ-იმა გაასაჩივრა.
კასატორის მითითებით, 1978 წლიდან მისი ოჯახი ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორში, ე.წ. ...ის დასახლებაში. ამ დროიდან მოყოლებული, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებენ და უწყვეტად ფლობენ რამდენიმე ათეული წელია. მიწის ნაკვეთში დარგულია მრავალწლიანი ნარგავები და შემოღობილია მყარი სასაზღვრო მიჯნით (ღობით). 1990-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეფორმა, კასატორის მამკვიდრებლის სახელზე, 1994 წელს მიწის რეფორმის კომისიამ გასცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შედგენილი და დამოწმებულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. მხარის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არაერთხელ სცადეს, თუმცა საჯარო რეესტრი უარს ეუბნებოდა იმ მიზეზით, რომ მოთხოვნილი ტერიტორია რეგისტრირებულია ს...ის სახელზე და შესაბამისად ფიქსირდებოდა ზედდება (გადაფარვა). ბოლოს 2023 წელს 09 მარტს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მოითხოვა მოთხოვნის დაზუსტება ან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ვინაიდან ფიქსირდებოდა ზედდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, მესაკუთრე სს "ს...", მიწის ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო. მარეგისტრირებელმა ორგანომ ჩათვალა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო არასასოფლოდ, წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი არ მიიჩნია უფლების დამდგენ დოკუმენტად, რადგან მიღება-ჩაბარების აქტით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები არ გაიცემოდა. 2023 წლის 24 აპრილს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც გასაჩივრდა მხარის მიერ, თუმცა 2023 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კასატორი აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი სრულიად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მასში მითითებულია ყველა ის სავალდებულო რეკვიზიტი, რაც აუცილებელია მიღება-ჩაბარების აქტის ლეგალურად მიჩნევისათვის, ამასთან, ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ს...ს რეგისტრირებული აქვს როგორც არასასოფლო-სამეურნეო, არ შეიძლება გახდეს მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ. დ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. დ-ის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დაუდასტურებლობის საფუძვლით.
1994 წლის 15 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტის მიხედვით, პ. მ.-ს ძე ბ-ეს გამოეყო 0,21 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გორში, ...ის მიწების ტერიტორიაზე, რომლის სიგრძე 68 მეტრია, სიგანე - 32 მეტრი, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტრასა, სამხრეთიდან - ლ-ი, აღმოსავლეთიდან - ქვესადგური, დასავლეთიდან - მ-ი.
მიღება-ჩაბარების აქტი არის უნომრო და არ აქვს მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის გრაფიკული მონაცემები. გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის, გორის პრეფექტურის, ქალაქ გორისა და გორის რაიონის გამგეობის, გორის მერიის, გორის რაიონის გამგეობისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საარქივო დოკუმენტებში (2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით) ქალაქ გორში, ...ის დასახლებაში პ. მ.-ს ძე ბ-ეის სახელზე მიწის გამოყოფის, მშენებლობის ნებართვის ან რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. პ. ბ-ეის მემკვიდრე გახდა მ. ბ-ე, ხოლო მ. ბ-ეის მემკვიდრე - გ. დ-ი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის №154 ბრძანებით შპს "ს...ის" საწესდებო კაპიტალი გაიზარდა. ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრში 2007 წლის 24 აგვისტოს №... სარეგისტრაციო ჩანაწერით შპს (შემდგომ სააქციო საზოგადოება) "ს...ის" სახელზე №... საკადასტრო კოდით, დაზუსტებული მონაცემებით, საკუთრების უფლებით აღირიცხა ქალაქ გორში მდებარე, 12 214 მ2 არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 8 შენობა-ნაგებობა.
გ. დ-იმა 2023 წლის 9 მარტს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და პ. ბ-ეის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2 100 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
გ. დ-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა სრულად ექცევა სს "ს...ის" სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფარგლებში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გ. დ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი შეწყდა, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ზედდება ხდებოდა რეგისტრირებულ მონაცემებთან და მიწის ნაკვეთის მდებარეობა სადავო ადგილზე არ დგინდებოდა.
საჯარო რეესტრში დაცული სისტემური აღრიცხვის დაუზუსტებელი, დაურეგისტრირებელი გრაფიკული მონაცემების (ე. წ. ყვითელი ფენა) მიხედვით, სს "ს...ის" სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი მთლიანად ემთხვევა "ქვესადგურად" მონიშნული 12 213 მ2 მიწის ნაკვეთის საზღვრებს, რაშიც მთლიანად ექცევა გ. დ-ის მიერ ამჟამად წარდგენილი ფართი. ხ. ბ-ეის, ი. ს-ისა და მ. ს-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა/დასტურის მიხედვით, ისინი არიან ქალაქ გორში, ...ის დასახლებაში მცხოვრები, იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები და ადასტურებენ, რომ 1994 წლის 15 ივნისს პ. ბ-ეის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში ასახული 0,21 4 ჰა მიწის ნაკვეთი, ადგილმდებარეობით და კონფიგურაციით ნამდვილად იდენტურია გ. დ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან და შეესაბამება მას. ამ მიწის ნაკვეთს 1978-1997 წლებში უწყვეტად ფლობდა და სარგებლობდა პ. ბ-ე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - მისი ოჯახი და მემკვიდრე გ. დ-ი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამრიგად, საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათ შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანების 70-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერების შეტანა, შეცვლა ან გაუქმება წარმოებს უფლების დამადასტურებელი საბუთების და უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების საფუძველზე; ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სააღრიცხვო ბარათს ხელს აწერს და ბეჭდით ამოწმებს სახელმწიფო რეგისტრატორი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს "ს...ის" სახელზე, სადავო ტერიტორიაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად უდევს დადგენილება შპს "ს...ის" რეგისტრაციის თაობაზე №03/4-965 (გაფორმების თარიღი: 21/12/1998, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლო) და ბრძანება №154 (გაფორმების თარიღი: 18/07/2007, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში თავის ძირითად პრეტენზიას ამყარებს იმ არგუმენტზე, რომ მას გააჩნია 1994 წლის 15 ივნისს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტია, რაც რეგისტრაციის საფუძველია.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის "რ" ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ დაინტერესებულმა მხარემ ვერ უზრუნველყო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი უფლება-დამდგენი დოკუმენტის და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად “მიღება-ჩაბარების აქტი ავტომატურად არ წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობებს. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხდება მისი შინაარსის გამოკვლევა და ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის მონაცემებში დაცული ინფორმაციის ერთმანეთთან დადარება. უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება- ჩაბარების აქტის არსებობა არ გულისხმობს სათანადო შეფასების გარეშე მის ავტომატურ გაზიარებას. მიღება-ჩაბარების აქტის ძალაში ყოფნა არ წარმოშობს მისი გაზიარების ვალდებულებას. მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ფართზე უფლებაწარმომქმნელი დოკუმენტი, საჭიროებს შეფასებას: გადაფარვის არსებობა თავისთავად ადასტურებს უფლებისწარმომშობ დოკუმენტებში კოლიზიის არსებობას, რაც ქმნის დოკუმენტაციის შეფასების საჭიროებას” (იხ. სუს 2018 წლის 19 აპრილის № ბს-617-619 (2კ-15) გადაწყვეტილება).
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტში ასახული ინფორმაცია მიწის ნაკვეთის მდებარეობისა და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთთა მფლობელთა შესახებ არ შეესაბამება რეალურად არსებულ სიტუაციას. საჯარო რეესტრში დაცული სისტემური აღრიცხვის დაუზუსტებელი, დაურეგისტრირებელი გრაფიკული მონაცემების (ე. წ. ყვითელი ფენა) მიხედვით, სს "ს...ის" სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი მთლიანად ემთხვევა "ქვესადგურად" მონიშნული 12 213 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრებს. გარდა ამისა, საქმეზე მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სს "ს...ის" საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების შემადგენელ ნაწილს და ორი მხრიდან, ის მოქცეულია "ს...ის" სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ფარგლებში. ე.წ. ყვითელი ფენების მონაცემებით, ასევე არ ფიქსირდება ინფორმაცია არც თავად უფლების ადრესატი პ. ბ-ეის და არც მისი მოსაზღვრე მ-ის შესახებ. გარდა ზემოაღნიშნულისა პალატა განმარტავს, რომ "ქვესადგურად" მონიშნული 12 213 მ2 მიწის ნაკვეთი, რაშიც მთლიანად ექცევა გ. დ-ის მიერ რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი სადავო ფართი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, რაც გამორიცხავს რომ იგი მიწის რეფორმის შედეგად განკერძოებას დაქვემდებარებოდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სს "ს...ის" სახელზე 2007 წელს უძრავი ქონების რეგისტრაციის კანონიერების თაობაზე, ვინაიდან სადავო ტერიტორიაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად უდევს დადგენილება შპს "ს...ის" რეგისტრაციის თაობაზე №03/4-965 (გაფორმების თარიღი: 21/12/1998, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლო) და ბრძანება №154 (გაფორმების თარიღი: 18/07/2007, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სს "ს...ის" რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტები ძალაშია, მათი ნამდვილობა ან კანონშეუსაბამობა დადგენილი არ არის. მათი შინაარსი კი თავის მხრივ შეესაბამებოდა რეგისტრაციის განხორციელების დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას და წარმოშობდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგსტრაციის საფუძვლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. გ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. დ. ა-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2025 წლის 19 მაისს №1747636446 საგადახდო დავალებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე