საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-424(კ-25) 12 დეკემბერი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ჯ...“ (შპს „რ...ს“ უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „რ...ს“ (უფლებამონაცვლე შპს „ჯ...“) წარმომადგენელმა 2015 წლის 11 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებული სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №31 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „რ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შპს „რ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...ს“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის ბათილობის სამართლებრივი საფუძველია წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) მიერ გამოყენებული წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში არსებული დაშვებები, რომელიც არ ასახავს წყალმომარაგების დარგში არსებულ ობიექტურ რეალობას.
სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილების მე-7 მუხლის (წმინდა მოგების გაანგარიშება) მიხედვით, მეთოდოლოგია ითვალისწინებდა წმინდა მოგების გაანგარიშების ორ ალტერნატივას: ა) დანახარჯების რენტაბელობის მიხედვით; ბ) კაპიტალზე ამონაგების მიხედვით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2015 წლის 26 ნოემბერს მომზადებულ განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიის თანახმად, რეგულირებადი აქტივების ბაზაზე კაპიტალზე ამონაგების დონე სემეკმა განსაზღვრა კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) მეთოდით. გამოყენებულ მეთოდს კასატორი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სემეკმა არასწორად განსაზღვრა კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების სტრუქტურა და ოდენობა.
კასატორი ასევე მიუთითებს, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების - „ფ...სა“ და „გ...ს“ მიერ მისივე დავალებით მომზადებულ დასკვნებზე, რომელთა თანახმად, კაპიტალის საშუალო შეწონილმა ღირებულებამ, ერთ შემთხვევაში, შეადგინა 20% გადასახადებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში, 22,20% გადასახადებამდე მაშინ, როდესაც სემეკის გაანგარიშებით კაპიტალის საშუალო შეწონილმა ღირებულებამ შეადგინა 13,54% გადასახადებამდე. სემეკის მიერ დადგენილ კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებისაგან განსხვავებული პროცენტის ოდენობა განსაზღვრა სასამართლოს მიერ დანიშნულმა საექსპერტო ორგანიზაციამაც - შპს „ქ...მ“ თავის 2017 წლის 13 დეკემბრის დასკვნაშიც.
კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების არასწორად განსაზღვრის გამო, სემეკმა არასწორად განსაზღვრა მოსარჩელის კაპიტალური დანახარჯები 2015 წლის სატარიფო გაანგარიშებისთვის. შესაბამისად, დაარღვია „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის“ მე-7 და მე-9 მუხლები და მიიღო უკანონო დადგენილება. ამრიგად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით შპს „რ...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ჯ...“; ამავე განჩინებით შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
- საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2015 წლის 15 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „რ...მა“ და მისი მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფის გაზრდა მოითხოვა - გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის - 0.405 ლარის/მ3, გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 3.147 ლარის/მ3, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის - 4.40 ლარის/მ3 ოდენობით. შპს „რ...მა“ იმავე განცხადებით მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა და გაუმჟღავნებლობა მოითხოვა;
- სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 16 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, შპს „რ...ს“ განცხადებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისიამ შპს „რ...ს“ მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფის დასადგენად იხელმძღვანელა „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით, გამოიკვლია შპს „რ...ს“ 2014 წლის სრული და 2015 წლის 10 თვის რეგულირებადი აქტივების ბაზა და კაპიტალური დანახარჯები (ცვეთა/ამორტიზაცია და ამონაგები რეგულირებად აქტივებზე, ალოკაცია), საოპერაციო დანახარჯები, ტექნიკური მაჩვენებლები, საინვესტიციო გეგმა და განსაზღვრა შპს „რ...ს“ კაპიტალური დანახარჯები (CAPEX), მათ შორის, წლიური ცვეთა/ამორტიზაცია, ამონაგები აქტივებზე (RAB*WACC), საოპერაციო დანახარჯების ბაზა და საინვესტიციო ხარჯები. სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, ადმინისტრაციული წარმოების დროს, შპს „რ...ს“ მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების გამოთვლისას გამოიყენა მარეგულირებელი ორგანოების მიერ გამოყენებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) გამოთვლისა და დამტკიცების მიდგომები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია, ფინეთი და ა.შ.), სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტის თეორიული მიდგომების საფუძველზე;
- ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 26 ნოემბერს მიიღო №31 დადგენილება, რომლითაც შპს „რ...ს“ მომხმარებლებისათვის განსაზღვრა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფები, კერძოდ: გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის - 0.343 ლარი/მ3, მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი - 0.316 ლარი/მ3, წყალარინების ზღვრული ტარიფი - 0.027 ლარი/მ3; გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი - 1.754 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი - 1.618 ლარი/სულზე/თვეში, წყალარინების ზღვრული ტარიფი - 0.136 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი - 2.284 ლარი/მ3, მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი - 2.106 ლარი/მ3, წყალარინების ზღვრული ტარიფი - 0.178 ლარი/მ3. იმავე დადგენილებით განიმარტა, რომ დადგენილება და შესაბამისად, დადგენილი ტარიფები ძალაში იყო 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
ამდენად, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელის მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფების მოთხოვნილზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის კანონიერების შეფასება, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განსაზღვრის დროს კომისიის მიერ არასწორად გამოყენებული მეთოდის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების უზრუნველყოფა, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში. დასახელებული კანონის 42-ე მუხლი კი განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს ტარიფების დადგენაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისია ვალდებულია, ამ კანონის 43-ე მუხლში აღნიშნული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკულ და წყალმომარაგების სექტორებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, არსებული წესით დაადგინოს ტარიფები ან/და შეიტანოს ცვლილებები მოქმედ ტარიფებში. კომისია ასევე უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები. კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გადახედოს ტარიფებს, აგრეთვე დაადგინოს ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები. კომისიას უფლება აქვს, შესაბამისი ლიცენზიანტისაგან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისაგან, მიმწოდებლისაგან, იმპორტიორისაგან, ექსპორტიორისაგან ან/და ბაზრის ოპერატორისაგან მოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ამდენად, მითითებული ნორმები ცხადყოფენ, რომ კომისიას მინიჭებული აქვს სამომხმარებლო ტარიფის გაანგარიშების მიზნებისათვის ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების შეფასების უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს კასატორის ძირითად არგუმენტზე, რომლითაც იგი არ დაეთანხმა კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განსაზღვრის დროს კომისიის მიერ გამოყენებულ მეთოდს და მიიჩნია, რომ კომისიამ არასწორად განსაზღვრა კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების სტრუქტურა და ოდენობა. კასატორის მითითებით, სემეკის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებით დამტკიცებული „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წმინდა მოგება (კაპიტალზე ამონაგები) იანგარიშება ძირითადი კაპიტალის ნარჩენი ღირებულების გამრავლებით კომისიის მიერ დადგენილ პროცენტზე. სემეკმა არასწორად გაიანგარიშა წმინდა მოგება (კაპიტალზე ამონაგები), რადგანაც ძირითადი კაპიტალის ნარჩენი ღირებულება გაამრავლა არასწორად დადგენილ პროცენტზე (13.54%). მეთოდოლოგიის იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სემეკმა მოსარჩელისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრა კაპიტალზე ამონაგების დონე, თუმცა სემეკმა დაარღვია მეთოდოლოგიის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, სემეკმა საწარმოსთვის წმინდა მოგების დონე დაადგინა კაპიტალის ბაზრის არასრულყოფილი ანალიზის საფუძველზე, რაც დასტურდება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების: „ფ...ს“, „გ...სა“ და „ქ...ს“ მაღალკვალიფიციური და სრულყოფილი დასკვნებით.
საკასაციო პალატა კი, წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისათვის დადგენილი მეთოდოლოგიის სწორად გამოყენების მიზნებისათვის, მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებით (ძალადაკარგულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებით) დამტკიცებული „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველ მუხლზე, რომლის მიხედვით, ამ დოკუმენტის მიზანია საქართველოში წყალმომარაგების სფეროში სასმელი წყლის მიწოდებასა და წყალარინებზე ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის განსაზღვრა. ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია ითვალისწინებს საქართველოში წყალმომარაგების სექტორის დღევანდელ ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ფინანსურ მდგომარეობას და ეფუძნება წყალმომარაგების სრული ღირებულების პრინციპს. მან უნდა უზრუნველყოს წყალმომარაგების განსახორციელებლად გაწეული ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფში. მითითებული მეთოდოლოგიის მე-3 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების მიხედვით, წყალმომარაგების ტარიფი უნდა დადგინდეს მიმწოდებლისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვეყანაში არსებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. სატარიფო განაცხადის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია მიმწოდებლის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემებისათვის დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფები თვითმმართველი ერთეულების მიხედვით. იმავე მეთოდოლოგიის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე დადგენილი წყალმომარაგების ტარიფი უნდა შეიცავდეს წყალმომარაგების საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ხარჯებს, საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის და უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდების ამონაგების გონივრულ და სამართლიან დონეს. დასახელებული დადგენილების II თავით დადგენილია ასევე წყალმომარაგების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიური საფუძვლები და ძირითადი პრინციპები (მე-5 და მე-8 მუხლები), III თავი ადგენს მომსახურების ღირებულების კომპონენტების განსაზღვრას, IV თავით დადგენილია წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშების წესი (მე-9 და მე-11 მუხლები), V თავით კი, განსაზღვრულია ტარიფების დადგენის წესი და პროცედურები (მე-12 და მე-14 მუხლები).
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საქმიანობის სატარიფო რეგულირების სწორად უზრუნველსაყოფად, ნორმატიული აქტით არის დამტკიცებული მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც უნდა გაანგარიშდეს წყალმომარაგების ტარიფი ზემოთ აღნიშნული პრინციპების რეალიზაციისათვის. ამასთან, მოცემული მეთოდოლოგია განსაზღვრავს კონკრეტულ ფორმულებს სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით ტარიფის გამოთვლისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სადავო აქტის გამოცემის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის ტექნიკური ნაწილი გადაგზავნილ იქნა კომისიის წყალმომარაგების დეპარტამენტში და შედგა წყალმომარაგების დეპარტამენტის დასკვნა. კომისიის 2015 წლის 16 ივლისის №38/5 გადაწყვეტილებით ზოგიერთი დოკუმენტი მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. ტარიფების გაანგარიშების საფუძვლად მიეთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებით დამტკიცებული წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია. სატარიფო მეთოდოლოგია ეფუძნება „დანახარჯები პლუს“ რეგულირების პრინციპს, რომლის თანახმადაც, ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე დადგენილი წყალმომარაგების ტარიფი უნდა შეიცავდეს წყალმომარაგების მომსახურებისათვის საჭირო საექსპლუატაციო დანახარჯებს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის და უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ცვეთა/ამორტიზაციისა და ამონაგების გონივრულ და სამართლიან დონეს. სატარიფო გაანგარიშებები ჩატარდა კომპანიის 2014 წლის აუდირებული ფაქტობრივი მონაცემებისა და გარკვეული საპროგნოზო გათვლებისათვის, ტარიფის გაანგარიშების - 2015 წლის ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით. გათვალისწინებული იქნა კომისიის წყალმომარაგების დეპარტამენტის დასკვნა/რეკომენდაცია ტექნიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. ჩატარდა რეგულირებადი აქტივების ბაზის და კაპიტალური დანახარჯების (ცვეთა/ამორტიზაცია და ამონაგები რეგულირებად აქტივებზე, ალოკაცია) ანალიზი. გათვალისწინებული იქნა განსახორციელებელი (2016 წელს დაგეგმილი) ინვესტიციები, კერძოდ, მოქმედი „სატარიფო მეთოდოლოგიის“ მიხედვით, რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების დონე კომისიამ განსაზღვრა კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) მეთოდით, რამაც შეადგინა 13.54%. შესწავლილი და გაანალიზებული იქნა საწარმოს მიერ გაწეული საოპერაციო დანახარჯები - სახელფასო ფონდი, ხარჯთაღრიცხვა ძირითად და დამხმარე მასალებზე (ნედლეული და ამასალები), კომუნალური ხარჯი (გარდა წყალმომარაგებისა), საკონსულტაციო ხარჯი, სხვა საგადასახადო ხარჯი, სხვა საოპერაციო დანახარჯები და ა.შ. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა შეადგინა დადგენილების პროექტი, რაც წარედგინა კომისიას.
შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №31 დადგენილების თანახმად, შპს „რ...ს“ მომხმარებლისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვრა წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი): ა)გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის - 0.343 ლარი/მ3, მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი - 0.316 ლარი/მ3, წყალარინების ზღვრული ტარიფი 0.027 ლარი/მ3; ბ)გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი - 1.754 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი - 1.618 ლარი/სულზე/თვეში, წყალარინების ზღვრული ტარიფი - 0.136 ლარი/სულზე/თვეში; გ)არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი - 2.284 ლარი/მ3, მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი - 2.106 ლარი/მ3, წყალარინების ზღვრული ტარიფი - 0.178 ლარი/მ3.
საქმის მასალების მიხედვით, საკასაციო პალატას ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს „რ...ს“ მომხმარებლისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვარი) განსაზღვრისას, კომისიამ იხელმძღვანელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილებით (ძალადაკარგულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებით) დამტკიცებული წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიით. ასევე, დაეფუძნა აკრედიტებული ორგანოს (ექსპერტის) - საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „გ...ს“ (კონტრაქტი №..., 28.05.2015წ.) დასკვნას სასმელი წყლის დანაკარგისა და ერთ სულ მოსახლეზე წყლის ხარჯის ნორმების შესახებ.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №31 დადგენილება - არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიულ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშესაბამისი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „ჯ...ს“ (შპს „რ...ს“ უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორს - შპს „ჯ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 15 მაისს №102 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე