Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-316(კ-25) 19 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „N...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მესამე პირი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „N...“-მ 2019 წლის 9 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ შპს „N...“-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 31 ივლისის №3269 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერება.

სარჩელის თანახმად, შპს „N...“-ს შავ სიაში რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ. რომ არა მოპასუხის უკანონო გადაწყვეტილება, მოსარჩელე კვლავ გააგრძელებდა ტენდერებში მონაწილეობის მიღებას, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებათა გაფორმებას და მათ სრულყოფილად შესრულებას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელემ, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობითა და გაფორმებული ხელშეკრულებების სრულყოფილად შესრულებით, სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტს 2014 წლიდან დღემდე ფასთა კლების შედეგად 3 000 000.00 ლარის სარგებელი მოუტანა, რაც დასტურდება თვით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული შესრულებული ხელშეკრულებებითა და ინფორმაციით. მოსარჩელის განმარტებით, კომპანიის შავ სიაში უკანონოდ განთავსებით ზიანი ადგება, როგორც მას, ისე შემსყიდველ - სახელმწიფო ორგანიზაციებს, კერძოდ, მათ დააკლდებათ ბაზარზე ხელშეკრულებათა სრულყოფილად შემსრულებელი ორგანიზაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შპს „N...“-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 31 ივლისის №3269 განკარგულების მოქმედება შეჩერდა საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „N...“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ დასტურდება შპს „N...“-ს მიერ 2018 წლის 19 ივნისის №126 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და ვადაში შეუსრულებლობის ფაქტი და აღნიშნა, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით შესრულებასთან ერთად, ასევე მოიცავს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას შეთანხმებულ ვადაში, რაც განსახილველ შემთხვევაში, შპს „N...“-ს მიერ ვერ განხორციელდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება კი ქმნის მისი შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ განკარგულების კანონიერად მიჩნევის საფუძველს. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „N...“-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შპს N...“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „N...“-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1 მაისის შეტყობინებით, შპს „N...“-ს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და მიწოდების ვადის დარღვევის გამო, მას დაეკისრა პირგასამტეხლო. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება. მიუხედავად ხელშეკრულების პირობებისა, შემსყიდველის ბრალეულობის გამო, დაუდგენელია შესრულებული სამუშაოების ღირებულება, შესრულებულ სამუშაოებზე ვერ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისად, ვერ ხერხდება მისი ღირებულების ანაზღაურება.

კასატორი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმეზე ისე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემსრულებლის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ნაწილში სრულად დაეყრდნენ შემსყიდველი ორგანიზაციის 2019 წლის 30 აპრილის №6355-04 სამსახურებრივ წერილს, ამასთან, უარყვეს ამავე წერილით დადგენილი გარემოება, რომ შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოების პროცენტული მაჩვენელი შეადგენდა 85%-ს, რაც ჯამში წარმოადგენდა 222,459.8 ლარს. სასამართლოებმა, ამის საპირისპიროდ, აღნიშნეს, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 137,155.03 ლარს, რასაც კასატორი არ ეთანხმება და გაუმართლებლად მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა საერთოდ არ იმსჯელეს შემსყიდველის პასუხისმგებლობაზე და სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ მოსარჩელე კომპანიას დააკისრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „N...“-ს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „N...“-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არაჯეროვნად (არასრულად და ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ) შესრულების საფუძვლით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის - შპს „N...“-ს შავ სიაში დარეგისტრირების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტსა (შემსყიდველი) და შპს „N...“-ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №126 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა ქალაქ გარდაბანში, ...ს ქ. №...-ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მისი გაფორმებიდან 2018 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 235 964,77 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2021 წლის 31 დეკემბერი. ამასთან, დადგენილია, რომ მხარეებს (გარდაბნის მუნიციპალიტეტი (შემსყიდველი) და შპს „N...“-ს (მიმწოდებელი)) შორის ორგზის შედგა დამატებითი შეთანხმება №1 (14.09.2018წ.) და №2 (25.09.2018წ.), რომელთა თანახმად, ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 სექტემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 259 364.45 ლარი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 მარტის №04/1798 წერილით შპს „N...“-ს ეცნობა, რომ 2018 წლის 19 ივნისის №126 ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2018 წლის 30 სექტემბერს, კომპანიას კი დასრულებული არ ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და მისი შესრულება მიმდინარეობდა ნელი ტემპით. ამავე წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1 მაისის №04/3467 შეტყობინებით შპს „N...“-ს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და მიწოდების ვადის დარღვევის გამო, ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 10.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება. მერიის 2019 წლის 17 მაისის №04/3971 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა შპს „N...“-ს (ს/ნ ...) მიერ ... ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2018 წლის 19 ივნისის №126 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, რის საფუძველზეც შპს „N...“ დარეგისტრირებულ იქნა შავ სიაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლით განსაზღვრულია პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-3 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

შპს „N...“-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილის ვადაში შეუსრულებლობაზე, ხოლო ნაწილის არაჯეროვნად შესრულების თაობაზე საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს „ო...“-ის 2019 წლის 26 ივნისის №... ინსპექტირების ანგარიშზე, რომლის თანახმად, "ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე ქვის სახურავების ხანგრძლივად მოუწყობლობის გამო, ფილების უკან ჩასულმა ნალექმა დააზიანა მოპირკეთება, კერძოდ, ფილები ნაწილობრივ ჩამოიყარა და ნაწილობრივ გამოიბერა. აღნიშნული დეფექტის აღმოსაფხვრელად, დაზიანებული ქვის ფილების მოპირკეთების მოხსნისას დაზიანდება კედელი და შესაკეთებელი ან/და ხელახლა მოსაწყობი იქნება ნალესობა, რის გამოც ნალესობა არ იქნა გათვალისწინებული ინვენტარიზაციის უწყისში, არ იყო გათვალისწინებული აგრეთვე საპირფარეშოს გადახურვა, რადგანაც იგი დასრულებული არ იყო. ამავე ანგარიშის თანახმად, მიმწოდებელმა ვერ დაასრულა ინვენტარიზაციის აქტში მითითებული ვერცერთი ტიპის სამშენებლო სამუშაო, ხოლო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 137 155,03 ლარს". ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2019 წლის 30 აპრილის დათვალიერების აქტით დგინდება, რომ მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კედელზე უხარისხოდ იყო ფილები მოწყობილი. შესაბამისად, საჭირო იყო ფილების დემონტაჟი და მისი ხელახლა მოწყობა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2019 წლის 1 ივლისის დათვალიერების აქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ სამუშაოები იყო შეჩერებული, ხოლო შესრულებული სამუშაოები არაჯეროვნად შესრულებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს „N...“-ს მიერ 2018 წლის 19 ივნისის №126 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევის არსებობა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტება მოსარჩელე კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე. ამასთან, სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 31 ივლისის №3269 სადავო განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „N...“-ს საკასაციო საჩივარზე ს. მ-ეს 25.04.2025წ. №26982984407 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „N...“-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. ს. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „N...“-ს საკასაციო საჩივარზე 25.04.2025წ. №26982984407 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე