საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-280(კ-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ს-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ს-ამ 2023 წლის 3 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 8 23 00001964 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის გ. ს-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელმაც 1993 წელს საომარი მდგომარეობის გამო დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. სოხუმში. შემდგომ პერიოდში, 1993 წლიდან ცხოვრობდა სენაკის მუნიციპალიტეტში; 2001–2016 წლებში - აბაშის მუნიციპალიტეტში, მეუღლესთან ერთად; მეუღლესთან განქორწინების შემდეგ კი 2016–2019 წლებში - დედასთან და მამინაცვალთან ერთად სამტრედიაში. მამინაცვალთან უთანხმოების გამო, ამჟამად, სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, ცხოვრობს მეზობლის საკუთრებაში არსებულ მიტოვებულ საცხოვრებელ სახლში, კომუნალური სერვისების გარეშე. ოჯახი რეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და იღებს საარსებო შემწეობას. მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და მიენიჭა 6 ქულა, თუმცა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა თითქოსდა საცხოვრებელთან მიმართებით მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით, რასაც მოსარჩელე უარყოფს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 8 23 00001964 ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ს-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების დაუდასტურებლობის თაობაზე და მიუთითა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2021 წლის 26 ნოემბრისა და 2022 წლის 22 მარტის ამონაწერებზე, რომლის თანახმად, გ. ს-ას ოჯახს (რეგ. მის.: სამტრედია, ...ს ქუჩა ... ჩიხი, ბინა ...) მინიჭებული აქვს 1000 ქულა. პალატის შეფასებით, განცხადებები, რომელიც ასევე წარდგენილია სააგენტოში, დევნილის ფაქტობრივ მისამართად ფიქსირდება ზემოთ მოცემული მდებარეობა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი მოსარჩელის მხრიდან საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო ამ ეტაპზე ქალაქ ქუთაისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უართან დაკავშირებით, უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე“ და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც გ. ს-ას ოჯახის შემადგენლობაში ფიქსირდებოდა არასრულწლოვანი, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ბავშვის საუკეთესო ინტერესებით და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მეტად სიღრმისეულად შეესწავლა კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად; კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ცხადია, ეს ნორმა არაფრით არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა, შესაბამისი რიგითობის დაცვით.
კასატორის განმარტებით, დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად გამოკვლევას, მათ შორის კი დევნილი ოჯახის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ადგილის გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას. მოცემულ საქმეზე გ. ს-ა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენილ განაცხადში უთითებდა, რომ ცხოვრობდა ქ. სამტრედიაში, ...ს მე-2 ჩიხი №...-ში, ხოლო იურიდიულ მისამართად მითითებული აქვს ქ. სამტრედია, ...ს ქ. ..., ჩიხი №5. განაცხადი წარდგენილია სამ შვილთან და დედასთან ერთად. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მხარის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე 2022 წლის 11 მარტს განხორციელდა მონიტორინგი, რა დროსაც მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელე ორ შვილთან ერთად. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე 2020 წლიდან ცხოვრობდა ქირის გადახდის გარეშე, მანამდე კი ცხოვრობდნენ სხვა მისამართზე, აგრეთვე 2019 წლამდე - დედასთან ერთად, ხოლო უფრო ადრე - აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მეუღლესთან ერთად. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ საცხოვრებელი ბინა ეკუთვნოდა მეზობელს, რომელიც ოჯახთან ერთად უკვე 20 წელია ცხოვრობდა ქ. თბილისში. მესაკუთრეს სახლი ჰქონდა გაურკვეველი ვადით დაკეტილი დაახლოებით 15–20 წლის განმავლობაში. მხარემ ასევე მიუთითა, რომ მეუღლესთან, ჯ. რ-ესთან განქორწინებული იყო 6 წელია და მეუღლეს ჰყავდა სხვა ოჯახი. განაცხადში მითითებულ დედასთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობდა ამავე ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო მამინაცვალთან არსებული კონფლიქტის გამო ისინი ცალკე ცხოვრობდნენ.
2023 წლის 2 მარტს მონიტორინგი განხორციელდა დედის - ჟ. ხ-ას საკუთრებაში, ქ.სამტრედიაში, (...ს ქ. ..., ჩიხი №5). მისამართზე იმყოფებოდა თავად მოსარჩელე დედასთან და მამინაცვალთან ერთად. მისი განმარტებით დედას შემოუარა, ხოლო შვილები იმყოფებოდნენ №... სახლში. ოჯახმა სახლის ერთი ოთახის დასურათებაზე უარი განაცხადეს.
2023 წლის 2 მარტს მონიტორინგი ასევე განხორციელდა მოსარჩელის ყოფილი მეუღლის მისამართზე. მისამართზე იმყოფებოდნენ ჯ. რ-ე და გ. პ-ა. მათი განმარტებით 7 წელია დაოჯახდნენ და ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე. სახლის დასურათება ვერ მოხდა, ჯ. რ-ეის განმარტებით მოხდა მოკლე ჩართვა და არ აქვთ ელ. ენერგია. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები სხვა ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებთან ერთად წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2023 წლის 12 ივნისს (ოქმი №36) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორის განმარტებით, მცდარი ინფორმაციის გარდა, მხარემ სასამართლო სხდომაზე თავად დაადასტურა, რომ არავინ უზღუდავდა მეზობლის სახლში ცხოვრებას, ვინაიდან მისი მეზობელი დიდი ხანია გადასული იყო თბილისში და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა იქ. კასატორის განმარტებით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის (01-30/ნ ბრძანება) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე, რაც იმპერატიულად არის დადგენილი და კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ სააგენტო ვერ იმოქმედებს. კასატორის მოსაზრებით, დასტურდება, რომ სასამართლო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო და არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, გ. ს-ას მიერ გასაჩივრებულია „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 8 23 00001964 ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ (შემდეგში - „წესი“) შესაბამისად, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“ („წესის“ 3.5 მუხლი).
მითითებული „წესის“ თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი („წესის“ 6.1 მუხლი).
განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმების კომპეტენცია გააჩნია დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე („წესის“ 3.1 მუხლი). თუ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით („წესის“ 3.5 მუხლი).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაციის არსებითად მცდარად მიჩნევა დაკავშირებულია ისეთი სახის გარემოების დადგენასთან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულათა ჯამზე და, შესაბამისად, დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობაზე. ცალსახაა, რომ აღნიშნული გარემოების დადგენა განეკუთვნება ფაქტის საკითხს. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ზოგადად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio“), ამიტომაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანო, არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, როგორც დევნილს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. ამ სახის ინფორმაციად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია საცხოვრებლის შესახებ მცდარი მონაცემების წარდგენა, რის დასადასტურებლად მიუთითა მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მასალებზე, რომლის მიხედვით მონიტორინგის განხორციელებისას, მოსარჩელე იმყოფებოდა დედის საცხოვრებელ მისამართზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის დედასთან ყოფნა ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს მათ ერთ მისამართზე ცხოვრების ფაქტზე, რადგანაც „წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოთ მითითებული გარემოება მოსარჩელისა და დედის მუდმივად ცხოვრებისა და შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივად გაწევის ფაქტის დადასტურების გარეშე, არ არის საკმარისი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მხარის მოთხოვნის უარსაყოფად მითითებული დასკვნის სამტკიცებლად. ამ გარემოების საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია ასევე მონიტორინგის მასალები, კერძოდ, 2022 წლის 11 მარტს, მონიტორინგი განხორციელდა სამტრედიაში, ...ს ქუჩაზე, ... ჩიხში, №...-ში. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, დევნილი ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ჯემალ კირთაძე, რომელმაც განმცხადებელს საცხოვრებელი დაუთმო გაურკვეველი ვადით. გ. ს-ას განმარტებით, განმცხადებელი დედის - ჟ. ხ-ას სახლში არ ცხოვრობს მამინაცვალთან კონფლიქტის გამო. გარდა ამისა, 2023 წლის 2 მარტს მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა აბაშის რაიონში, სოფელ ...ში, მოსარჩელის ყოფილი მეუღლის საკუთრების შესამოწმებლად. ჯგუფს ადგილზე დახვდა ჯ. რ-ე მეუღლესთან - გ. პ-ასთან ერთად. მათი განმარტებით აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ თავად 7 წლის მანძილზე.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა გ. ს-ას საცხოვრებელი ადგილის დაზუსტების გარეშე. საქმის გარემოებების გამოკვლევისა და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოპოვებულ მასალებს, თუმცა სათანადო შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, მათ შორის არ გაითვალისწინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემები, რომლის თანახმად, გ. ს-ას ოჯახს (რეგ. მის.: სამტრედია, ...ს ქუჩა ... ჩიხი, ბინა ...) მინიჭებული აქვს 1000 ქულა.
გარდა ამისა, გ. ს-ას განაცხადის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის ინტერესები, რამდენადაც „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არასრულწლოვანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისთვის უზენაეს პრიორიტეტად და ამოსავალ წერტილად მიიჩნევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს (X v. LATVIA, [GC], §95-96, №27853/09, ECHR 2013).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის11 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა