საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-92(კ-25) 12 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ვ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:სს „ე...ს წარმომადგენელმა 2020 წლის 26 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 აგვისტოს N04/44865 და 2020 წლის 27 თებერვლის N04/6288 გადაწყვეტილებები; ასევე სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებიდან მისი დაფინანსების წილის - 15, 000 ლარის ანაზღაურება. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 აგვისტოს 04/44829 და 2020 წლის 12 აგვისტოს N04/18004 გადაწყვეტილებები და სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებიდან მისი დაფინანსების წილის - 4,960.5 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით სს „ე...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ვ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,ვ...ს“ სარჩელი (საქმე N3/2411-21) მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 27.02.2020წ. N04/6288 და 18.08.2020წ. N04/18004 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ პაციენტი ლ. ხ-ე პროგრამის დანართი N1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, მკურნალობდა სს „ე...ში“ 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2019 წლის 05 იანვრის ჩათვლით. კლინიკის მიერ, პროგრამის ფარგლებში შემთხვევა N... წარმოდგენილია ...ის კომპონენტით, პროგრამული კოდი ..., დიაგნოზი: ...ის სხვა ფორმები. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მოწოდებული პროგრამული კოდია: ..., დიაგნოზი ... - ...ის ნაკლოვანება. შესაბამისად, შემთხვევას N... განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2-პუნქტის, „ე" ქვეპუნქტის თანახმად - წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
ხოლო რაც შეეხება პაციენტების ლ.ი.-ის, ე.მ-ის, მ.ნ.-ის, რ.ჯ.ის და ლ.ჯ.-ის სამედიცინო შემთხვევებს, კასატორის განმარტებით, 2018 წლის დეკემბრის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ კლინიკაში. სააგენტოში სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზაციიდან ელექტრონულად მიღების თარიღია 2019 წლის 15 აპრილი, მიღების დასტურის თარიღია 2019 წლის 22 აპრილი. დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასევე, დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და/ან ელექტრონული სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით. დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განმახორციელებელი უფლებამოსილია ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. დოკუმენტაციის ელექტრონულად გადმოგზავნის შემდგომი 3 - თვიანი ვადა პროგრამულად არის დარეგულირებული, 3 საანგარიშგებო თვის გასვლის შემდეგ დოკუმენტაციის მიღების (ქაღალდმატარებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის რეგისტრაციის) ღილაკი იბლოკება და მიმწოდებელი ვეღარ შეძლებს დოკუმენტაციის წარდგენას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტის საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები გამოცემული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ პაციენტები წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მოსარგებლე პირებს, რომლებიც მკურნალობდნენ სს „ვ...ში“ (სს ,,ე...ში‘’) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2018 წლის დეკემბერში და 2019 წლის იანვარში. პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სს „ვ...ს“ მოპასუხემ უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი).
ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა მიმწოდებლის მხრიდან პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, პაციენტი - ლ. ხ. სს „ე...ში“ მკურნალობდა 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2019 წლის 05 იანვრის ჩათვლით. კლინიკის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილია კარიოლოგია/ინტერვენციული კარიოლოგიის კომპონენტით, პროგრამული კოდი ..., დიაგნოზი: ...ის სხვა ფორმები. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული პროგრამული კოდია: ..., დიაგნოზი ... - ...ის ნაკლოვანება. პაციენტები - ლ.ი., ე.მ, მ.ნ., რ.ჯ. და ლ.ჯ. 2018 წლის დეკემბრის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სს „ე...ში“. სააგენტოში სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზაციიდან ელექტრონულად მიღების თარიღია 2019 წლის 15 აპრილი, მიღების დასტურის თარიღია 2019 წლის 22 აპრილი. შესაბამისად, პროგრამულად შესაბამისი ვალიდაციის სტატუსი (არავალიდურია, მიზეზის მითითებით) ენიჭება 3 საანგარიშგებო თვის გასვლის შემდგომ ელექტრონულად გადმოგზავნილ შემთხვევებს.
მოსარჩელე არ დაეთანხმა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ პაციენტ ლ. ხ-ეისათვის დაგეგმილი იყო ... სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, რომლის თაობაზეც შეტყობინება სისტემაში ატვირთულია მიმართვების ადმინისტრირების მოდულში 2018 წლის 27 ნოემბერს, მოთხოვნის N260443. ოპერაციის მიმდინარეობისას, მიზანშეწონილად ჩაითვალა ...-ის ნაცვლად ... სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება. ინტრაოპერაციული ცვლილების შესახებ ინფორმაცია და გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი ფორმა N100 ატვირთულია მიმართვების ადმინისტრირების მოდულში. აღნიშნული, კლინიკის მიერ განხორციელებულია 2018 წლის 31 დეკემბერს. 2019 წლის 01 იანვრიდან განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ...ის შემთხვევების მოთხოვნა აღარ განხორციელდა კომპონენტების საშუალებით. ფორმა N100-ები საჭიროებდა ხელახლა სინქრონიზებას. განსახილველ შემთხვევაში, ინტრაოპერაციული ცვლილების თაობაზე შეტყობინება და შესაბამისად, განახლებული ფორმა N100 აიტვირთა მიმართვების ადმინისტრირების მოდულში ცვლილებების შესაბამისად დანერგილი ახალი წესით 2018 წლის 31 დეკემბერს, მოთხოვნის N.... გარდამავალი პერიოდის გამო დაფიქსირდა ხარვეზი, რის გამოც 2018 წლის 31 დეკემბერს ატვირთული ინტრაოპერაციული ცვლილების შეტყობინება და განახლებული ფორმა N100 არ სინქრონიზდა, რის გამოც, მოთხოვნის შესაბამისად, 2019 წლის 17 იანვარს აიტვირთა ხელახალი შეტყობინება, თუმცა მექანიკური ხარვეზის გამო სინქრონიზდა ძველი ფორმა N100. მიუხედავად ამისა, სააგენტოს მიერ მიღებული და გაცემულია საგარანტიო წერილი უკვე გაცემულ, იდენტურ კოდზე. რა შეეხება პაციენტების - ლ.ი.-ის, ე.მ-ის, მ.ნ.-ის, რ.ჯ.ის და ლ.ჯ.-ის სამედიცინო შემთხვევებს, საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2019 წლის 15 მარტს, შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისას ჯანდაცვის ერთიან ელექტრონულ პორტალზე, ანგარიშგების მოდულში ფიქსირდებოდა ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, ვერ განხორციელდა გადაუდებელი სტაციონარების ქვეკომპონენტების ,,სრული ვალიდაციის“ გატარება.
საკასაციო პალატა მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
პალატა ასევე მიუთითებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომლის მიხედვით, სამედიცინო ვაუჩერის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება ხდება ვაუჩერული პროგრამის განხორციელების დადგენილი წესის შესაბამისად. მიმწოდებლები განმახორციელებელს წარუდგენენ საანგარიშგებო დოკუმენტაციას. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა, მისი წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია ამავე დადგენილების მე-13 მუხლში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), განმახორციელებელი უფლებამოსილია ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი, გარდა ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-11 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მითითებული პროგრამის მე-13 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და/ან ელექტრონული სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით). ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პროგრამის ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ შეიძლება გახდეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. მოცემულ საქმეში მოსარჩელე ტექნიკური ხარვეზის არსებობაზე მიუთითებს, რაც დავის განხილვის არც ერთ სტადიაზე ვერ იქნა გაქარწყლებული კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სააგენტოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია, რამდენად იყო პროგრამული ხარვეზი და დადგენილად მიიჩნია, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს სადავოდ არ გაუხდია პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასევე დასაბუთებულად მიიჩნევს, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის შესწავლისა და შეფასების დავალების თაობაზე, ვინაიდან სადავო აქტის მიღების პროცესში არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი სხვა გარემოებები, რაც მიღებული აქტის სამართლებრივ დასაბუთებას და სანდოობის უფრო მაღალ ხარისხს განსაზღვრავდა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ გამოცემული სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებენ დასაბუთების მაღალ ხარისხს, არ იძლევიან პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა აღნიშნული დასკვნისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2025 წლის 04 თებერვალს №02596 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე