საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-27(კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – გ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
მესამე პირი (ასკ - 16.2 მუხ.) – ბ. ა-ა, ნ. უ-ე, ნ. ქ-ე, ლ. მ-ე, ბ. ნ-ი (აწ. გარდაცვლილი ზ. ნ-ის უფლებამონაცვლე)
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჯ-იმა 2021 წლის 24 თებერვალს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 თებერვლის N... გადაწყვეტილების (4.2.14 პუნქტი და სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 თებერვლის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, დარღვეულია მოსარჩელის უფლებები. მოსარჩელის განმარტებით, ს/კ ... რეგისტრირებული ქონება წარმოადგენს გ. ჯ-ის ცალკე უფლების ობიექტს, ვინაიდან ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და ტექნიკური აღრიცხვის არქივში ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთები არ წარმოადგენს ერთსა და იმავე უფლების ობიექტს. მითითებული ფაქტობრივი გარემოება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შეფასების გარეშე იქნა დატოვებული.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით, გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული და საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაციის/ინფორმაციის (საინვენტარიზაციო გეგმა, მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკები და მესაკუთრეები, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, ე.წ. ყვითელი ფენა) ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით, ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და ტექნიკური აღრიცხვის არქივში შ. და ა. ჯ-იების საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთი ს/კ ... წარმოადგენს ერთსა და იმავე უფლების ობიექტს და შეესაბამება გ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ უძრავ ნივთს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავი ქონების მონაცემებში შეიტანა ცვლილება და სხვადასხვა საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება ერთი უფლების ობიექტად დაარეგისტრირა. ამდენად, უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებად მითითებულ იქნენ: ბ. ა-ა - 2/15 ნაწილი, ზ. ნ-ი - 2/15 ნაწილი, ლ. მ-ე - 2/15 ნაწილი, ნ. უ-ე - 2/15 ნაწილი და ნ. ქ-ე - 2/15 ნაწილი, გ. ჯ-ი და ,,თანამესაკუთრე“ (შ. ჯ-ის უფლებამონაცვლე), ხოლო - ამჟამად, უძრავი ქონება მდებარე ბორჯომი, ..., ... N3, N5, ს/კ ... საკუთრების უფლებით იქნა რეგისტრირებული ბ. ა-ას, გ. ჯ-ის, ზ. ნ-ის, ლ. მ-ეის, ნ. უ-ეის და ნ. ქ-ეის სახელზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ჯ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 10 ნოემბრის (№16-162031519) წერილზე დართული 2020 წლის 27 ოქტომბრის №... ადგილზე დათვალიერების ოქმით დადასტურდა მხოლოდ ს/კ ... საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ქონების იდენტურობა აზომვით ნახაზთან, დასმული შეკითხვის გათვალისწინებით. აღნიშნული დოკუმენტით არ დგინდება ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული უძრავი ქონების იდენტურობა ს/კ ...-ით მონიშნულ უძრავ ქონებასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ ვალდებულებას. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე (იხ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). ეს უკანასკნელი, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის ნორმატიული მნიშვნელობის მიზნებისათვის, პირდაპირ, უშუალოდ უკავშირდება სასამართლოთა ვალდებულებას უპასუხონ პირის „საკვანძო მოსაზრებებს ... აგრეთვე, მნიშვნელოვან, რელევანტურ და კონკრეტულ არგუმენტებს“ (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen V. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24; შეადარე: ევროპული სასამართლოს 1997 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Helle v. Finland, App. No. 157/1996/776/977, §60.). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (იხ. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს იმას, რომ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული კვალიფიციური საკასაციო შედავება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების ცნებაში იმანენტურია ლეგიტიმური მოლოდინის კონცეფცია. ლეგიტიმური მოლოდინი ყოველთვის უნდა იყოს მართლზომიერი და ეფუძნებოდეს კანონს ან/და სასამართლო გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცული საკუთრების უფლების მიზნებისათვის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საკანონმდებლო მოთხოვნის დაუცველობა არარად აქცევს და სრულად გააქარწყლებს ლეგიტიმური მოლოდინის არსებობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 28.09.2004წ. გადაწყვეტილება საქმეზე Kopecký v. Slovakia, App. No. 44912/98, §35; იხ. აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 12.07.2001წ. გადაწყვეტილება საქმეზე Prince Hans-Adam II of Liechtenstein v. Germany, App. No. 42527/98, §83.), შესაბამისად, ლეგიტიმური მოლოდინი დაკარგავს „ლეგიტიმურის“ სახელდებას, იგი გარდაიქმნება უბრალო მოლოდინად და იმედად, რომელიც არ ეფუძნება არც სამართლის კონკრეტულ ნორმას და არც რაიმე სასამართლო გადაწყვეტილებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასაშვებობის შესახებ 10.07.2002წ. განჩინება საქმეზე Gratzinger and Gratzingerova v. the Czech Republic, App. No. 39794/98, §73.).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ჯ-ის მიერ N... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ იქნა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში, ...ს N5-ში მდებარე 1890 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებით დადგენილი წესების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო გ. ჯ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ N... (08.07.2008 წ.) გადაწყვეტილებით, ცვლილება იქნა შეტანილი უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში და მესაკუთრედ მიეთითა გ. ჯ-ის ოჯახი. N... სარეგისტრაციო განცხადებას ერთოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. გ. ჯ-იმა 2015 წლის 07 ოქტომბერს N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ბორჯომის რაიონის ...ში, ...ს N5-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N... (13.10.2015წ.) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ზედდება დგინდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, დაინტერესებულ პირს განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი აზომვითი ნახაზის წარსადგენად. ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 13 ნოემბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის უარი ეთქვა N226987/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა N... (13.10.2015 წ.) და N... (13.11.2015 წ.) გადაწყვეტილებები. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 12 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში, ...ს შესახვევის N3-ში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...), ხაშურის რაიონული არქივის N161 (27.02.2007 წ.) საარქივო ამონაწერისა და ბორჯომის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს N307 (29.12.1965 წ.) მოწმობის საფუძველზე, დარეგისტრირდა ა. ჯ-ისა 2/3 ნაწილი და თანამესაკუთრის თანასაკუთრების უფლება.
საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა, მისამართით: „ბორჯომი, ..., ... N5(3)“. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილზე მითითებულია შ. ალ.-ს ძე ჯ-ი (საფუძველი: 30.12.1965 წლის N4218 (ნოტ. ჩ-ი) ჩუქების ხელშეკრულება, სააღრიცხვო მასალა 1973 წ., ტექნიკური პასპორტი 1988 წელი), ხოლო საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილზე - ა. კ.-ს ასული ჯ-ი (საფუძველი: სააღრიცხვო მასალა 1973 წელი, ტექნიკური პასპორტი 1988 წელი). რეგისტრაციის შესახებ N... (11.10.2011 წ.) გადაწყვეტილებით, დაზუსტდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები (ახალი საკადასტრო კოდი: ...). დღეის მდგომარეობით, აღნიშნული უძრავი ნივთის 10/15 ნაწილზე თანამესაკუთრეები არიან: ბ. ა-ა (პირადი ნომერი ...; 2/15 ნაწილი), ზ. ნ-ი (პირადი ნომერი: ...; 2/15 ნაწილი), ლ. მ-ე (პირადი ნომერი: ...; 2/15 ნაწილი), ნ. უ-ე (პირადი ნომერი: ...; 2/15 ნაწილი) და ნ. ქ-ე (პირადი ნომერი: ...; 2/15 ნაწილი).
გ. ჯ-იმა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ...ში, ...ს შესახვევის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 2007 წლის 12 მარტს ა. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება (...ში, ...ს N3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ...) ა. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის (საქმე N3ბ/1805-16) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის (საქმე Nბს-733-733(2კ-18)) გადაწყვეტილებებით, უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს N1222854-3/007-16 წ. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. (ტ.1. ს.ფ.22-33).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 08 იანვარს დაიწყო N... სარეგისტრაციო წარმოება, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს N1222854-3/007-16 წ. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... (14.01.2019წ.) N... (28.01.2019წ.) და N...) (27.02.2019წ.) გადაწყვეტილებებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი და ... კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი წარმოადგენდა ერთსა და იმავე უფლების ობიექტს და შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს (მესაკუთრეები/მოსარგებლეები: ა. ჯ-ი და შ. ჯ-ი). ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების შესაბამისი, ერთიანი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის და შ. ჯ-ის სამკვიდრო მოწმობის წარსადგენად. ასევე, მოთხოვნის დასაზუსტებლად, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი შეესაბამებოდა თუ არა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის პირველ აპრილს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N...-10 გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. საჯარო რეესტრში 2019 წლის 21 მარტს წარდგენილ იქნა გ. ჯ-ის N33345/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... (27.02.2019წ.) გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (22.05.2019წ.) გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ჯ-ის წარმომადგენლის კ. ჩ-იის N... (21.03.2019წ.) ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... (14.01.2019წ.), N... (28.11.2019წ.), N... (27.02.2019წ.) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N...) (25.02.2019წ.) გადაწყვეტილებები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა N... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების განახლება, საქმის არსებითად გამოკვლევა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 23 მაისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან N... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია, წარმოადგენდა თუ არა ერთსა და იმავე ობიექტს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული უძრავი ნივთები. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... (23.05.2019 წ.), N... (24.05.2019წ.), N... (27.05.2019წ.), N... (29.05.2019წ.) და N... (24.06.2019წ.) გადაწყვეტილებებით, სამცხე- ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ N... (23.05.2019წ.) წერილით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა დაედგინა, წარმოადგენდა თუ არა ერთსა და იმავე უძრავ ნივთს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული (მესაკუთრე: გ. ჯ-ი) და ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული უძრავი ნივთები, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... (14.11.2019წ.) გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან N... (14.11.2019წ.) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... (17.01.2020წ.) და N... (21.04.2020წ.) გადაწყვეტილებებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ საჯარო რეესტრმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან N... (17.01.2020წ.) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ, არაუგვიანეს სამი თვის ვადისა, ხოლო აღნიშნულ ვადაში პასუხის გაუცემლობა ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... (15.10.2020წ.) გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან N... (15.10.2020წ.) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ.
მარეგისტრირებელ ორგანოში 2020 წლის 10 ნოემბერს წარდგენილი ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ 2020 წლის 27 ოქტომბერს შედგენილი ადგილზე დათვალიერების N... ოქმის თანახმად, „წარმოდგენილი დოკუმენტაცია და აზომვითი ნახაზი ნამდვილად იდენტურია“. საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, გ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის მდებარეობა 97.69 პროცენტით შეესაბამება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში დაცულ გრაფიკულ მონაცემს (ე.წ. ყვითელი ფენა). გ. ჯ-ის მიერ 2008 წლის 8 ივლისის N... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა ძირითადად შეესაბამება განსახილველ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის მდებარეობას (განსხვავებულია კონფიგურაცია, ჩრდილოეთით მომატებულია მიწის ნაკვეთის ფართობი, ხოლო აღმოსავლეთით შემცირებულია). სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს დასავლეთით ესაზღვრება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (თავდაპირველი მესაკუთრე ნ. მ-ი (პირადი ნომერი: ...), რომელმაც მიწის ნაკვეთი გაასხვისა ა. ჭ-ეზე), აღმოსავლეთით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (მის.: ... N3, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე: გ. ს.-ს ძე ჯ-ი, ამჟამად რეგისტრირებულია გ. გ-ის (პირადი ნომერი: ...) საკუთრების უფლებით), ხოლო სამხრეთით - გზა. რაც შეეხება ტექნიკური აღრიცხვის არქივში ა. და შ. ჯ-იების სახელზე აღრიცხულ უძრავ ნივთს (მის.: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ..., ... N5(3), საინვენტარიზაციო გეგმაზე მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მახასიათებლებში მითითებულია: ჯ-ი, ჯა-ი და ...ის ქუჩა. ამასთან, საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია ძირითადად შეესაბამება სარეგისტრაციო უძრავი ნივთის კონფიგურაციას.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N...-31 (17.11.2020წ.) გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უნდა დადგენილიყო, წარმოადგენდა თუ არა ერთსა და იმავე ობიექტს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული უძრავი ნივთები. 2020 წლის 15 ოქტომბერს სარეგისტრაციო სამსახურმა N... წერილით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის N16- 162031519 (11.11.2020 წ.) მიმართვისა და თანდართული ადგილზე დათვალიერების N... ოქმის მიხედვით, უძრავი ნივთების იდენტურობა დადასტურდა. ამავე გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (1970 კვ.მ) წარსადგენად. სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 18 დეკემბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N...-33 გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის 07 დეკემბერს წარდგენილ იქნა გ. ჯ-ის (პირადი ნომერი: ...) N520190/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N...–31 (17.11.2020წ.) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... (09.02.2021წ.) გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ჯ-ის (პ/ნ...) N520190/17 (07.12.2020წ.) ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N...-31 (17.11.2020წ.) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N...-33 (18.12.2020წ.) გადაწყვეტილებები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა N... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აღნიშნული გადაწყვეტილების 4.2.14. პუნქტის გათვალისწინებით, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. (ტ.2. ს.ფ. 198-209.).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებას მასზედ, რომ საქმეში დაცული მასალები, კერძოდ: საინვენტარიზაციო გეგმა, მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკები, მესაკუთრეთა შესახებ დაცული მონაცემები, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, ე.წ. ყვითელი ფენა, მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული და საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია ნათლად ადასტურებს იმას, რომ ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და ტექნიკური აღრიცხვის არქივში შ. და ა. ჯ-იების სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთსა და იმავე უფლების ობიექტს და შეესაბამება გ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ უძრავ ნივთს. საკასაციო საჩივარში ასახულ პრეტენზიებს პირდაპირ აქარწყლებს ზემოაღნიშნული ფაქტების ერთობლიობა. მოსარჩელის მიერ უმართებულოდ, სხვა ზემოხსენებული ფაქტების მხედველობაში მიუღებლად, გაანალიზდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 10 ნოემბრის (№16-162031519) წერილზე დართული 2020 წლის 27 ოქტომბრის №... ადგილზე დათვალიერების ოქმი. ზემოხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და უძრავი ქონების ერთი უფლების ობიექტად რეგისტრაციის თაობაზე, რომლის შედეგადაც უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებად მითითებულ იქნენ: ბ. ა-ა - 2/15 ნაწილი, ზ. ნ-ი - 2/15 ნაწილი, ლ. მ-ე - 2/15 ნაწილი, ნ. უ-ე - 2/15 ნაწილი და ნ. ქ-ე - 2/15 ნაწილი, გ. ჯ-ი და ,,თანამესაკუთრე“ (შ. ჯ-ის უფლებამონაცვლე). ამჟამად კი, უძრავი ქონება მდებარე ბორჯომი, ..., ... N3, N5, ს/კ ... საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ბ. ა-ას, გ. ჯ-ის, ზ. ნ-ის, ლ. მ-ეის, ნ. უ-ეის და ნ. ქ-ეის სახელზე. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქმის გარემოებები, რაც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული თვალსაზრისით, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო წერილობითი საბუთები, არ არის მითითებული არცერთ ფაქტზე, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა იმ გარემოების არსებობაში, რომ ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და ტექნიკური აღრიცხვის არქივში შ. და ა. ჯ-იის საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთი არ წარმოადგენს ერთსა და იმავე უფლების ობიექტს და არ შეესაბამება გ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ უძრავ ნივთს. ასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მტკიცების ტვირთის დაკისრება არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისგან (იხ. სუსგ., საქმე N ბს-1042(კ-24), 27.12.2024წ.).
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, კ. ჩ-იის (პ/ნ ...) მიერ 14.04.2025წ. №2682144115 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კ. ჩ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება;
3. კ. ჩ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.04.2025წ. №2682144115 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე