Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1028(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ.ბ-ე

მესამე პირები: თ.პ-ი, დ.ბ-ე (არასრულწლოვანი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 26 დეკემბერს ზ.ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არის ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ზ.ბ-ის განმარტებით, 1991 წლიდან უწევს დროებით სხვადასხვა ადგილას ცხოვრება, რადგან მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნია. მოსარჩელის განმარტებით ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; მხარე მიუთითებს, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, თუმცა შემოსავლის სიმცირის გამო იმყოფევბიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ზ.ბ-ის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა სააგენტოს საცხოვრისით დაკმაყოფილების მოთხოვნით, თუმცა გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ამრიგად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ 2023 წლის 8 დეკემბრის №IDP 4 23 00002879 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ზ.ბ-ის განცხადება ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ზ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 8 დეკემბრის №IDP 4 23 00002879 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ზ.ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ.ბ-ე და მისი არასრულწლოვანი შვილი დ.ბ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, ცხინვალიდან. ქორწინების მოწმობის თანახმად, ზ.ბ-ე დაქორწინდა თ.პ-ზე 2021 წლის 1 ნოემბერს. ზ.ბ-ეს და თ.პ-ეს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი დ.ბ-ე (დაბ.: ...წ.); საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2021 წლის 4 ნოემბერს, ზ.ბ-ემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე კითხვარი. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის თანახმად (დანართი №5), განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიეთითა - საქართველო, შიდა-ქართლი, ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №... ოჯახირს წევრები - ზ.ბ-ე (განმცხადებელილ); თ.პ-ი (მეუღლე); დ.ბ-ე (შვილი); საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, ზ.ბ-ის ფაქტიური საცხოვრებელი მისამართია - შიდა ქართლი, .., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №.... იურიდიული მისამართია - შიდა-ქართლი, ..., სოფ. ... კრიტერიუმებით შეფასებით ოჯახის ქულამ შეადგინა 3.00 ქულა: 1994 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.50 ქულა; C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები - 1.50 ქულა; განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს: და და შვილი, განაცხადს აკეთებს მეუღლესთან თ.პ-ესთან და შვილთან ერთად. მეუღლეს საკუთრებაში გააჩნდა ბინა, მის: ქ. ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №..., რომელიც 25.05.2021 წელს გაასხვისა ნ.მ-ეზე. განმცხადებლის დას დაკანონებული აქვს ბინა, მისამართზე: ...ის რაიონი, სოფელი ... (74კვ.მ.).

საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 22 მარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, ზ.ბ-ის მონიტორინგი განხორციელდა ქ. ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №...-ში. მონიტორინგის მისამართზე ცხოვრობენ 2019 წლიდან. 1993 წლიდან ცხოვრობდა ...ის რიონის, სოფელ ...ში. 2002 წლიდან ...ის რაიონის სოფელ ...ში, 2009 წლამდე. 2009 წელს გასცილდა პირველ მეუღლეს და წავიდა თბილისში 2015 წლამდე ქირით. შემდეგ დაბრუნდა ...ის რიონის, სოფელ ...ში, ნათესავთან 2019 წლამდე. 2019 წლიდან ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე, ქირით მეორე ოჯახთან. მონიტორინგის ფორმის მიხედვით, განმცხადებელის ოჯახის შემადგენლობაში არიან: განმცხადებელი - ზ.ბ-ე (მონიტორინგის დროს დახვდა მისამართზე), მეუღლე (არადევნილი) - თ.პ-ი (მონიტორინგის დროს იმყოფებოდა მისამართზე, დიასახლისი, არ მუშაობს), შვილი (დევნილი) - დ.ბ-ე. დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართს ამჟამინდელი მესაკუთრეა ნ.მ-ი. მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ზ.ბ-ე ოჯახთან ერთად ნამდვილად ცხოვრობს ქირით. ამასთან, დადგენია, რომ განმცხადებელს ჰყავდა პირველი ოჯახიც. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად: აღნიშნული ბინა იყო განმცხადებლის მეუღლის თ.პ-ის. განმცხადებელი და მისი მეუღლე განმარტავენ, რომ აღნიშნული ბინა გაასხვისეს იმის გამო, რომ განმცახდებლის მოყვარეს ჰქონდა ძალიან დიდი ვალები და ვალების გამო წავიდა ბულგარეთში. ზ.ბ-ის მეუღლეს აქვს ... ნერვიულობის ნიადაგზე და დამოკიდებულია ...ზე. განმცხადებელს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. 2023 წლის 30 მარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, ზ.ბ-ის მონიტორინგი ასევე, განხორციელდა ქ. ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №...-ში. განმცხადებელი, 2018 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქირით. 2021 წლიდან - 300 ლარი. 2010-2018 წლებში ცხოვრობდა ..., სოფელ ...ში მშობლებთან საკუთრებაში. 1994-2010 წლებში ცხოვრობდა ..., სოფელ ...ში მეუღლესთან. 1991-1999 წლებში ..., სოფელ ...ში, ნათესავების ბინაში. მონიტორინგის ფორმის მიხედვით, განმცხადებელის ოჯახის შემადგენლობაში არიან: განმცხადებელი - ზ.ბ-ე (მონიტორინგის დროს იმყოფებოდა ქ. თბილისში, ...), მეუღლე - თ.პ-ი (მონიტორინგის დროს იმყოფებოდა მისამართზე, დიასახლისი), შვილი - დ.ბ-ე (მონიტორინგის დროს იმყოფებოდა ...ში). დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართს ამჟამინდელი მესაკუთრეა ნ.მ-ი. ინფორმაცია გასხვისებული ქონების შესახებ - ქ. ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №..., თ.პ-ის განმარტებით, აღნიშნული ქონება გაყიდა 2019 წელს, ვალების გამო. ხოლო, მონიტორინგის მისამართზე გაიყიდა 2021 წელს, ესეც ვალების გამო და დღემდე ცხოვრობენ ქირით. რაც შეეხება დის საკუთრებას, მის: ..., სოფელ ...ში, ქ.თ-ის განმარტებით არანაირი საკუთრებას არ ფლობს მისი და. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად: განმცხადებლი ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე ქირით მეორე მეუღლესთან (რომელთანაც შეეძინა შვილი ) და შვილთან ერთად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის №... ოქმით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, კომისიამ განიხილა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით განაცხადები. ზ.ბ-ეს ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 8 დეკემბრის №IDP 4 23 00002879 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №...) ზ.ბ-ეს (პ/ნ:...) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №..., ს/კ: №..., 27.06.2013 წლის მდგომარეობით, მესაკუთრეა - თ.პ-ი. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №..., ს/კ: №..., 30.05.2021 წლის მდგომარეობით, მესაკუთრეა - ნ.მ-ი. 2022 წლის 8 ივლისის №220855637 ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ნ.მ-მა მიაქირავა თ.პ-ის ქონება, მდებარე: ქ. ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №... სს ,, ...ის“ მიერ 2024 წლის 18 მარტის და ,,...ის“ 2024 წლის 22 მარტის ცნობების თანახმად, თ.პ-ის ბანკებისგან სარგებლობდა სესხით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია და არც მისი მეუღლის და შვილის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება - ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. პალატის მითითებით, აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულება; ამასთან, პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მინიჭებული ქულიდან გამომდინარე, მოსარჩელის ოჯახი ექვემდებარებოდა საცხოვრისით დაკმაყოფილებას; ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული გარემოებები არ აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს იმის საფუძველს, რომ მიეღო გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეული იქნა ზედმიწევნით სწორად და სრულყოფილად. ამდენად, ვინაიდან, საქმის გარემოებებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროება, სააგენტომ მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელეებს სწორედ ზემოაღნიშნული საფუძვლით უთხრა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ სააგენტომ საფუძვლიანად გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომელიც არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული უზრუნველყოფის წესის მოთხოვნები. სააგენტო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სხვა დევნილი ოჯახების მიმართ არათანასწორ მიდგომას დაამკვიდრებს, რამეთუ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია, რადგან მოსარჩელეს სხვა დევნილებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 8 დეკემბრის №IDP 4 23 00002879 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.

დადგენილია, რომ მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილი. მას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს და და შვილი, განაცხადს აკეთებს მეუღლესთან თ.პ-თან და შვილთან ერთად. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2021 წლის 4 ნოემბერს, ზ.ბ-ემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე კითხვარი.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, ზ.ბ-ის ფაქტიური საცხოვრებელი მისამართია - შიდაქართლი, ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №.... იურიდიული მისამართია - შიდა-ქართლი, ... სოფ. .... კრიტერიუმებით შეფასებით ოჯახის ქულამ შეადგინა 3.00 ქულა: 1994 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.50 ქულა; C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები - 1.50 ქულა;

დადგენილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის №... ოქმით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, კომისიამ განიხილა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით განაცხადები. ზ.ბ-ეს ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 8 დეკემბრის №IDP 4 23 00002879 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №...) ზ.ბ-ეს (პ/ნ:...) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ზ.ბ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით გადაუდებელი უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიზლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში კი საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №..., ს/კ: №..., 30.05.2021 წლის მდგომარეობით, მესაკუთრეა - ნ.მ-ი. 2022 წლის 8 ივლისის №220855637 ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ნ.მ-მა მიაქირავა თ.პ-ეს ქონება, მდებარე: ქ. ..., ...ის მე... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა №....

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვანას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დასტურდება, რომ დევნილ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი ალტერნატიული, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და იძულებულია დროებით იცხოვროს სხვის საკუთრებაში არსებულ ფართში ქირით, არ ნიშნავს, რომ დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.

ამავე შინაარსისაა ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ რესურსების ფარგლებში უნდა გაუწიოს მშობელს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი მატერიალური და არამატერიალური დახმარება და განახორციელოს მხარდაჭერის პროგრამები, განსაკუთრებით − საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით. ამავე კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ზ.ბ-ესთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრუწლოვან შვილს.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები, მათი ჯანმრთელობის, ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში, უგულებელყოფილ იქნა, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღნიშნული საკითხი სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოთა შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღოს არასრულწლოვანი დევნილების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების დასადგენად, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ.ბ-ეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეეზღუდა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების კანონით გარანტირებული უფლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა