Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბ-1101-4(გან-25) 9 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „...ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 17 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №9004 ბრძანების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების (საჩივარი №5804/2/2018) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №9004 ბრძანება, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება (საჩივარი №5804/2/2018). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით სიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივრები განხილულ იქნებოდა არსებითად მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით კ.კ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდა შპს „...ის“ (ს/ნ...) სარჩელზე 2018 წლის 17 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, ხოლო დარჩენილი 100 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

2025 წლის 13 აგვისტოს შპს „...ის“ დირექტორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების როგორც ბათილად ცნობა, ისე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. დავის გადაწყვეტისას მოქმედი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, პასუხისმგებლობის ზომა შემსუბუქებულია, კერძოდ, კონკრეტული სამართალდარღევისთვის განსაზღვრული ჯარიმა - 10 000 ლარი, შემცირებულია და დავის განხილვის დროისთვის შეადგენს მხოლოდ 500 ლარს.

განმცხადებლის მოსაზრებით, ჩადენილი სამართალდარღვევის გამო კომპანიას უწევს 10 000 ლარის გადახდა მაშინ, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლი პირდაპირ შეიცავს საგადასახადო სამართალდარღვევის და პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა. 21 ნაწილის თანახმად კი, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ, განმცხადებელს დაევალა მოთხოვნის დაზუსტება.

2025 წლის 10 ნოემბერს შპს „...ის“ წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე და კვლავ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების როგორც ბათილად ცნობა, ისე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ განცხადება, თავისი შინაარსით, წარმოადგენს მოთხოვნას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, რომელიც არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნებათ შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს აქტის შესრულების სავალდებულოობისა და მისი სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთვევაში, თუკი მისი სარეზოლუციო ნაწილი არის ბუნდოვანი და შეუძლებელია/გართულებულია მისი აღსრულება.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თავის მხრივ, შპს „...ის“ სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №9004 ბრძანების, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების (საჩივარი №5804/2/2018) ბათილად ცნობა, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი იყო ზემოაღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, რომლებითაც შპს „...“ მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად და მას სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის შეეფარდა შესაბამისი სანქცია.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და გაურკვეველი, იგი არის ნათლად ჩამოყალიბებული და გამომდინარეობს ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული დასკვნებიდან.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს სანქციის ოდენობაზე არ უმსჯელია, მან მხოლოდ დაადასტურა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი. შესაბამისად, შპს „...ის“ მიერ წარმოდგენილი განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, რომელიც ძირითადად შეეხება სანქციის ოდენობას, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მიუთითოს, რომ შპს „...ის“ შიდა ტრანსპორტირების განხორციელებისას გააჩნდა სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება და მისი მხრიდან ჩადენილია საგადასახადო სამართალდარღვევა, თუმცა შეფარდებულ სანქციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, კოდექსიდან ამოღებული იქნა 286-ე მუხლის 31 ნაწილი, რომლის საფუძველზეც, შპს „...ას“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ტრანსპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 286-ე მუხლის 31 ნაწილის ამოღებით, კანონმდებელს ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის საჯარიმო სანქცია არ გაუუქმებია, ამავე მუხლის პირველ ნაწილში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, გაუქმდა მხოლოდ ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე ჯარიმის ოდენობის დიფერენცირება (10 000 ლარამდე ღირებულების მქონე საქონლისთვის - 500 ლარი, 10 000 ლარის ზემოთ ღირებულების მქონე საქონლისთვის - 10 000 ლარი) და ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო ღირებულების მიუხედავად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის განისაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობას არ აქვს უკუქცევითი ძალა, კერძოდ, გადასახადებით დაბეგვრისთვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა (საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი), მაგრამ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი უკავშირდება არა გადასახადის გადახდის, არამედ საგადასახადო სანქციის, კერძოდ, ფულადი ჯარიმის დაკისრების მართლზომიერებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ მისი გამოყენების, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება, მართალია, არ აჩერებს აქტის მოქმედებას, მაგრამ აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებას, ამასთანავე, სადავო აქტის გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლოს გადაწყვეტილება და არა საგადასახადო ორგანოს სადავო აქტები, ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ შესაძლებელია სამართალდარღვევის შემდგომ მიღებული შეღავათიანი რეჟიმის გამოყენება, ხსენებული ნორმისათვის, რომელიც მნიშვნელოვან დამატებით პირობას ადგენს წარსულ, ნორმის ძალაში შესვლამდე დასრულებული სამართალდარღვევისათვის რეგულაციაში და ამდენად, აუმჯობესებს მანამდელ მდგომარეობას, ე.წ. „ნამდვილი უკუძალის“, რეტროაქტიულობის მინიჭება (სუსგ 26.01.2011წ. საქმე №ბს-903-877(კ-10)). კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ამასთან, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით („ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი). აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილების შედეგად ხდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის გაუქმება ან პასუხისმგებლობის ზომის შემსუბუქება.

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილი ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას იმ სამართლებრივი აქტების მიმართ, რომლებითაც გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა, ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობა დამატებით აწესებს, რომ საკანონმდებლო აქტისთვის უკუძალის მინიჭება შესაძლებელია საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე. ამავე კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში, შესაბამისად, თუ სასამართლოში საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სახეზეა საგადასახადო სანქციის კორექტირების/გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძველი, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს ახალი ნორმით.“ (სუსგ. 13.01.2022წ. საქმე №ბს-1112(2კ-19)). ამრიგად, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 31 ნაწილი ამოღებულია და ამავე მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო პასუხისმგებლობა შემსუბუქებულია შპს „...ის“ მიმართ, გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №9004 ბრძანების აღსრულება უნდა მოხდეს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, შემცირებული სანქციის ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებაზე კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდას არ ითვალისწინებს, ე.რ-ის (პ/ნ...) სრულად უნდა დაუბრუნდეს შპს „...ის“ (ს/ნ...) განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით 2025 წლის 7 ნოემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი და 2025 წლის 7 ნოემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დაადგინა:

1. შპს „...ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ე.რ-ის (პ/ნ...) სრულად დაუბრუნდეს შპს „...ის“ (ს/ნ...) განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით 2025 წლის 7 ნოემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი და 2025 წლის 7 ნოემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

თ. ზამბახიძე