საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1083(კ-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ.ა-ე
მესამე პირი (ასკ-ის 16.1 მუხ.) - აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2024 წლის 19 სექტემბერს დ.ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა დ.ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 26 ოქტომბრის №IDP 7 23 00002791 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დ.ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის მინიჭებაზე.
სარჩელის თანახმად, დ.ა-ე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირი, რომელიც დაიბადა ... წელს ქ. ...ში. 1964-1975 წლებში სწავლობდა ოჩამჩირის №... საშუალო სკოლაში, ხოლო 1976-1980 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგში. მოსარჩელე 1984 წელს დაქორწინდა და შეეძინა ორი შვილი და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ძმის ბინაში სანქტ-პეტერბურგში, სადაც 1989 წლის 14 სექტემბრამდე იყვნენ რეგისტრირებულნი როგორც დროებითი მაცხოვრებლები. მოსარჩელის მითითებით, როდესაც ამოეწურა ვადა დროებითი რეგისტრაციიდან მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებასთან დაკავშირებით, 1989 წლის სექტემბერში დატოვა სანქტ-პეტერბურგი და საცხოვრებლად დაბრუნდა ...ში მისი მშობლების სახლში, ხოლო შვილი შეიყვანა ოჩამჩირის №... საშუალო სკოლაში. თუმცა, 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 19 აგვისტოს ბრძანებით, მას უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 26 ოქტომბრის №IDP 7 23 00002791 ბრძანება დ.ა-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ.ა-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 26 ოქტომბრის №IDP 7 23 00002791 ბრძანებით დ.ა-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 1989 წლიდან, შვილებთან ერთად, ქ. ...ში საცხოვრებლად გადასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი ან გარემოება არ ყოფილა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებზე, მათ შორის, 2023 წლის 7 სექტემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ №... ცნობაზე, მთავრობის წარმომადგენლობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდენტურობის დამდგენი კომისიის 2023 წლის 7 სექტემბრის №62-04 დასკვნაზე და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2025 წლის 30 იანვრის №01/27 წერილზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ დ.ა-ე 1993 წლამდე ცხოვრობდა ქ. ...ში, მისამართზე: ...ას ქ. №.... ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1989 წლის შემდეგ დ.ა-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არაჯეროვნად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რამდენადაც, განსახილველ შემთხვევაში დ.ა-ის მიერ გასაუბრებისას დაფიქსირებული ინფორმაცია და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული №... ცნობა სააგენტომ სათანადოდ შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
კასატორის მითითებით, დ.ა-ეს 1976 წლიდან მუდმივად არ უცხოვრია ქ. ...ში. იგი ყოველდღიური ყოფითი შრომითი საქმიანობით ოკუპირებულ ტერიტორიასთან არ ყოფილა დაკავშირებული. რაც შეეხება №... ცნობას, იგი ასახავდა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც გასაუბრებისას დააფიქსირა მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოში და მიუთითებდა მხოლოდ პერიოდულ ცხოვრებაზე, რაც დევნილის სტატუსის მისანიჭებლად არ იყო საკმარისი. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ ქ. ...ში არც პერიოდული (1989 წლიდან 1993 წლამდე) ცხოვრების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი სააგენტოში და სასამართლოში მიმდინარე წარმოების ეტაპზე. გარდა ამისა, კასატორმა აღნიშნა, რომ 1989 წლიდან 1993 წლამდე ცხოვრება კანონის მიხედვით არ ნიშნავდა მუდმივად ცხოვრებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ დ.ა-ე 1976 წლიდან აღარ იყო დაკავშირებული ქ. ...სთან ყოველდღიური ყოფითი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილით. იგი 1984 წლამდე მუშაობდა, ამასთან დაოჯახდა და შვილები შეეძინა სანქტ-პეტერბურგში, ხოლო 1989 წლიდან შვილებთან ერთად ქ. ...ში საცხოვრებლად გადასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ დ.ა-ეს ომის გამო არ დაუტოვებია აფხაზეთის ტერიტორია და მასზე ვერ გავრცელდებოდა კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 26 ოქტომბრის №IDP 7 23 00002791 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 26 ოქტომბრის №IDP 7 23 00002791 ბრძანებით დ.ა-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. უარის თქმის მიზეზად კი დასახელდა ის გარემოება, რომ დ.ა-ე 1976 წლიდან აღარ იყო დაკავშირებული ქ. ...სთან ყოველდღიური ყოფით, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილით. დ.ა-ე 1984 წლამდე მუშაობდა, დაოჯახდა და შვილები შეეძინა ქ. სანქტ-პეტერბურგში. მისი მეუღლე დაოჯახების პერიოდში სწავლობდა, ხოლო, აფხაზეთის ომის დროს მუშაობდა ქ. სანქტ-პეტერბურგში. სააგენტოს მითითებით, 1989 წლიდან, შვილებთან ერთად ქ. ...ში საცხოვრებლად გადასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი ან გარემოება არ ყოფილა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2023 წლის 7 სექტემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული №... ცნობაზე და მთავრობის წარმომადგენლობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდენტურობის დამდგენი კომისიის 2023 წლის 7 სექტემბრის №62-04 დასკვნაზე, რითაც დასტურდება, რომ დ.ა-ე 1993 წლამდე ცხოვრობდა ქ. ...ში, მისამართზე: ...ას ქ. №... გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილია მ.ს-ას განცხადება (მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, ..., ...ას ქუჩა №...), რომლითაც იგი ადასტურებდა, რომ დ.ა-ე 1989 წლიდან 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მის მეზობლად, ქ. ...ში, ...ას ქუჩის №...-ში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2025 წლის 30 იანვრის №01/27 წერილის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებთ გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოს, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელ) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენ კომისიას“ 2023 წლის 4 სექტემბერს მიმართა დ.ა-ემ, რომელმაც 1993 წლის სექტემბრამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, ქ. ..., ...ის ქ. №...-ის დადასტურება ითხოვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 20 მარტის №10 დადგენილების შესაბამისად, მოკვლეული იქნა ყველა გარემოება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ დ.ა-ე (დაბადებული ... ... ...წ., ...) 1989 წლიდან - 1993 წლამდე, ცხოვრობდა ქ....ში, მისამართზე: ...ის ქ. №..., შესაბამისად გაიცა №... ცნობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომაზე აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ მუდმივი საცხოვრებლის დადასტურების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული რუსეთის ფედერაციიდან რეგისტრაციის მოხსნის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ დ.ა-ე დაუბრუნდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებში არსებული შესაბამისი მტკიცებულებების და განმარტებების საფუძველზე, სააპელაციო პალატის მსგავსად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 1989 წლის შემდეგ დ.ა-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა