Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-448(კ-23) 15 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ა-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 12 ოქტომბრის MES 7 20 0000978565 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი შპს „ფ...ს“ მიერ თ. ა-ის სახელზე გაცემული AL N... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ა-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ა-ის მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, განათლების რეფორმა დაიწყო 2005 წელს და ის შედეგები, რაც ამ რეფორმას თან ახლდა, ბოლომდე გააზრებული ობიექტურად ვერ იქნებოდა მოქალაქეების და, მათ შორის, მოსარჩელის მიერ, რომელმაც სკოლა 2007 წელს დაამთავრა. ამ სიახლით იყო განპირობებული ის გარემოება, რომ 2005-2006 წლის სასწავლო პროგრამები სახელმწიფოს მიერ ჩაითვალა აკრედიტებულად. დიპლომის მოპოვება არ იყო ერთჯერადი წინასწარი განზრახული ქმედების გამო მიღებული შედეგი. დიპლომის აღებამდე მოსარჩელემ განვლო საკმაოდ ვრცელი გზა, ჩააბარა და გაიარა ყველა ის სასწავლო დისციპლინა, რასაც გადიოდა ეროვნულ გამოცდაჩაბარებული კონტინგენტი. აღნიშნულმა მოითხოვა დროისა და ფინანსების მნიშვნელოვანი რესურსი. სახელმწიფომ ვერ განახორციელა ეფექტური კონტროლი განათლების მექანიზმებზე ქვეყანაში იმგვარად, რომ ასეთი შემთხვევა არ მომხდარიყო. მოსარჩელის კანონიერი ნდობის თვალსაზრისით სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელე 2011 წლის 20 ივნისიდან 2011 წლის 20 ნოემბრამდე მუშაობდა ...ის თანამდებობაზე შპს „ფი...ში“. 2011 წლის 2 დეკემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გადაეცა სერტიფიკატი. 2014 წელს დაესწრო ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის შესახებ და გადაეცა სერტიფიკატი. 2013 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა „უ...ში“ ...ის პოზიციაზე. 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 30 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში რუსთავის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწედ. 2015 წლის 1 ივნისიდან მუშაობდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (ამჟამინდელ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის) ტერიტორიულ ორგანოებში იურისტის თანამდებობაზე 2020 წლის 13 ოქტომბრამდე. 2020 წლის 5 ოქტომბრიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორად შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, ცხადია, რომ მას ჰქონდა კანონიერი ნდობა სადავო აქტის მიმართ. აკრედიტაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაგება მისთვის იყო მოულოდნელი, რადგან უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროისათვის, ხელმძღვანელი პირები ეუბნებოდნენ, რომ სწავლების დასრულების შემდგომ აიღებდა დიპლომს, რომელიც იქნებოდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ იარსებებდა. იყო გარდამავალი პერიოდი და შესაბამისად, უშვებდნენ, რომ უმაღლესი განათლების მიღება შესაძლებელი იყო როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით, ისე ეროვნული გამოცდების გარეშეც. მოსარჩელის მსგავსად ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა ასეულობით სტუდენტმა და ისინი სხვადასხვა შრომითი საქმიანობით არიან დაკავებულნი.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მართალია, მოცემულ საქმეზე უდავოდ არის დადასტურებული, რომ უნივერსიტეტში მოსარჩელე ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, მაგრამ სწორად უნდა იქნეს დადგენილი შეფასების ობიექტი - სასწავლებლად ჩარიცხვაში ბუნებრივია, მიიღო მონაწილეობა სასწავლებელმა და ირიბად სახელმწიფომ, რომელმაც დაუშვა უნივერსიტეტის ამგვარი ფორმით ფუნქციონირება. ასევე, შეფასებას საჭიროებს, რამდენად იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი განათლების რეფორმა მოსახლეობის ფართო მასებისთვის და რამდენად ზუსტად შეეძლო მოსარჩელეს სცოდნოდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სხვა გზა უნივერსიტეტში ჩარიცხვისა, არ არსებობდა. როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში - განათლების სამინისტრო. განათლების სამინისტროს პრეროგატივაა, არ დაუშვას ორგანიზაციის საქმიანობა არაავტორიზებულ რეჟიმში, ასევე, არ დაუშვას კანონდარღვევის ფაქტი, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ უნივერსიტეტმა მიიღო აბიტურიენტი, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის ან/და არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ., რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იყო ყალბი, არ არსებობდა არცერთი გარემოება, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დაეყენებინა. მოსარჩელე ენდობოდა ფ...ს მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

2020 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა განცხადებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა 2011 წელს შპს „ფ...ს“ მიერ გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიჩნეულ იქნა ის ფაქტი, რომ კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავალდებულებდა სახელმწიფო ინსტიტუციურ აკრედიტაციას და მხოლოდ მათ მიერ გაცემულ დიპლომს ცნობდა სახელმწიფო. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის გადაწყვეტილებით ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ფ...ში“ კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, პროგრამები ჩაითვალა აკრედიტებულად 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, აკადემიის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ნათელია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესი იყო დადგენილიყო, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.

შპს „ფ...მა“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და 2014 წლის სექტემბრამდე საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში (№..., 24.11.2014წ., №...). დადგენილია, რომ მოსარჩელემ საფეხურობრივად გაიარა სწავლების პერიოდი, კერძოდ, შპს „ფ...ს“ დირექტორის 2007 წლის 25 სექტემბრის №105 ბრძანებიდან ამონაწერით, თ. ა-ი 2007 წლის 25 სექტემბრიდან ჩაირიცხა ...ის I კურსზე. შპს „ფ...ს“ დირექტორის 2008 წლის 4 ივლისის №67 ბრძანებიდან ამონაწერით, ...ის I კურსის სტუდენტი თ. ა-ი გადაყვანილ იქნა II კურსზე 2008 წლის 4 ივლისიდან. შპს „ფ...ს“ დირექტორის 2009 წლის 30 ივნისის №44 ბრძანებიდან ამონაწერით, ...ის სპეციალობის II კურსის კურსდამთავრებული სტუდენტი თ. ა-ი გადაყვანილ იქნა ... კურსზე. შპს „ფ...ს“ დირექტორის 2010 წლის 31 აგვისტოს №110 ბრძანებიდან ამონაწერით, ...ის სპეციალობის ... კურსის კურსდამთავრებული სტუდენტი თ. ა-ი გადაყვანილ იქნა ... კურსზე. შპს „ფ...ს“ დირექტორის 2011 წლის 5 ივლისის №63 ბრძანებიდან ამონაწერით, ...ის სპეციალობის კურსდამთავრებულ თ. ა-ის მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

კასატორის მოსაზრებით, მოცემული შემთხვევისთვის მნიშვნელოვანია, შემოწმებულიყო რამდენად მოდიოდა თავსებადობაში მის მიერ განვლილი პროგრამა, აკრედიტაციაგავლილი უნივერსიტეტების პროგრამებთან და საკითხი მხოლოდ ფორმალურად არ გადაწყვეტილიყო. ფაქტია, რომ მოსარჩელემ არაერთ ადგილას იმუშავა და მუშაობს ამჟამადაც, რაც ადასტურებს მის მიერ ნამდვილი განათლების მიღებას და პრაქტიკაში რეალიზებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შპს „ფ...მა“ 2011 წლის 22 სექტემბერს თ. ა-ის სახელზე გასცა დიპლომი AL №... (რეგისტრაციის №79), რომლის თანახმად, შპს „ფ...ს“ სამართლის ფაკულტეტის 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ა-ის მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ...ის სპეციალობით (ს.ფ 76-77); ბ) თ. ა-იმა 2020 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს „ფ...ს“ მიერ მის მიმართ 2011 წელს გაცემული AL №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა (ს.ფ 66-67); გ) სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2020 წლის 26 ივნისის MES 4 20 0000521342 წერილით, საარქივო დოკუმენტაციისა და უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების საფუძველზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ქ. თბილისის ისან-სამგორის რაიონის სასამართლოს 2002 წლის 16 აპრილის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „ფ...“ (რეგისტრაციის №...). საქართველოს განათლების სამინისტრომ 2002 წლის 17 მაისს, შპს „ფ...ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №... ლიცენზია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, ზემოაღნიშნული დაწესებულების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „ფ...მა“ (ს/კ ...) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და 2014 წლის სექტემბრამდე საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიში (№..., 24.11.2014წ., №...) (ს.ფ 94); დ) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის უფროსმა 2020 წლის 11 სექტემბრის MES 9 20 0000814540 და 2020 წლის 29 სექტემბრის MES 5 20 0000908849 წერილებით მიმართა შპს „ფ...ს“ და თ. ა-ის (AL №... დიპლომის მფლობელის) სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა (ს.ფ 75, 72); შპს „ფ...ს“ დირექტორის 2020 წლის 5 ოქტომბრის №124 წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ თ. ა-იმა 2011 წელს ნამდვილად დაამთავრა შპს „ფ...ს“ სამართლის ფაკულტეტი ...ის სპეციალობით და მასზე 2011 წლის 5 ივლისის №63 გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი AL №... სარეგისტრაციო ნომრით №79. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ამავე წერილით გაეგზავნა საარქივო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია, კერძოდ: 1. ამონაწერი შპს „ფ...ს“ დირექტორის 2007 წლის 25 სექტემბრის №105 ბრძანებიდან, რომლის თანახმად, თ. ა-ი 2007 წლის 25 სექტემბრიდან ჩაირიცხა ...ის I კურსზე; 2. ამონაწერი შპს „ფ...ს“ დირექტორის 2008 წლის 4 ივლისის №67 ბრძანებიდან, რომლის თანახმად, ...ის I კურსის სტუდენტი თ. ა-ი გადაყვანილ იქნა II კურსზე 2008 წლის 4 ივლისიდან; 3. ამონაწერი შპს „ფ...ს“ დირექტორის 2009 წლის 30 ივნისის №44 ბრძანებიდან, რომლის თანახმად, ...ის სპეციალობის II კურსის კურსდამთავრებული სტუდენტი თ. ა-ი გადაყვანილ იქნა ... კურსზე; 4. ამონაწერი შპს „ფ...ს“ დირექტორის 2010 წლის 31 აგვისტოს №110 ბრძანებიდან, რომლის თანახმად, ...ის სპეციალობის ... კურსის კურსდამთავრებული სტუდენტი თ. ა-ი გადაყვანილ იქნა ... კურსზე; 5. ამონაწერი შპს „ფ...ს“ დირექტორის 2011 წლის 5 ივლისის №63 ბრძანებიდან, რომლის თანახმად, ...ის სპეციალობის კურსდამთავრებულ თ. ა-ის მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილ იქნა შპს „ფ...ს“ ...ის სპეციალობის სტუდენტის თ. ა-ის რვა სემესტრის აკადემიური მოსწრების პერსონალური ბარათები (ს.ფ 79-92); ე) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 12 ოქტომბრის MES 7 20 0000978565 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს უარი ეთქვა AL №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ შპს „ფ...ში“ 2007-2011 წლებში თ. ა-ის სწავლის პერიოდი, მისთვის 2011 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის AL №... დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ნამდვილობის დადასტურების წინაპირობას წარმოადგენს პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) ჩარიცხვა და მიღებული განათლების სახელმწიფო აღიარების თაობაზე ცენტრისთვის განცხადებით მიმართვა (ს.ფ 59-63); ვ) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის 7 დეკემბრის №1162734 წერილით მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, თ. ა-ის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 9 დეკემბრის MES 1 20 0001177215 წერილის თანახმად, თ. ა-იმა მონაწილეობა მიიღო 2007 და 2008 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა მან ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ს.ფ 95-96).

საკასაციო პალატა მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ხოლო ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი. სადავო პერიოდში მოქმედი ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტის იმ რედაქციაზე, რომელიც მოქმედებდა მოსარჩელე - თ. ა-ის შპს „ფ...ში“ ჩარიცხვის პერიოდში. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 66​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლიდან ამოქმედდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობები, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპები და წესი, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე ლიცენზირებისა და აკრედიტაციის წესი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით, განათლების სისტემაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, დაწესდა სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ა-ის არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით. მართალია, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო 2007 და 2008 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა მან ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საგულისხმოა, რომ შპს „ფ...ს“ არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის 2005-2006 წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად, ხოლო 2010 წლიდან ავტორიზაციის პროცედურის გასავლელად. ამავდროულად შპს „ფ...“ არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

კანონიერი ნდობის შესახებ კასატორის შედავებაზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას. შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ №ბს-812(კ-18), 04/10/2018). ამასთან, ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, თ. ა-ის ვერ ექნება კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ, ვინაიდან მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინება;

3. თ. ა-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.01.2023წ. №15806166328 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა