საქმე №20აგ-15 29 ივლისი, 2015 წელი
მ-ე ჯ., 20აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ კ. წ-სა და ჯ. მ-ს შორის, რომლის თანახმად, ჯ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 50000 ლარი.
2015 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულმა ჯ. მ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. მ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული ჯ. მ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 1980 წლის 10 იანვრიდან 2006 წლის დეკემბრამდე მუშაობდა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა თანამდებობაზე; ა. ძ-ს დირექტორობის პერიოდში, კულტურის მინისტრთან შეთანხმებით, ბიბლიოთეკას მიეცა შესაძლობლობა, გამოუყენებელი ფართი გაექირავებინა და მიღებული თანხა გამოეყენებინა ბიბლიოთეკის ნორმალური მუშაობისათვის; ჯ. მ-მ დააარსა შპს „---“, კანონის დაცვით მიიღო აუქციონში მონაწილეობა და ბიბლიოთეკის გამოუყენებელი ფართი – 16,2 კვ.მ. კიბის უჯრედი თანხის გადახდის შემდეგ გადაეცა შპს „---ს“; აღნიშნულ ფართზე გაიხსნა მაღაზია, მაგრამ ვერ იმუშავა; შემოსული თანხა ხმარდებოდა ბიბლიოთეკის სამეურნეო საქმიანობას.
ზ. ა-ს დირექტორობის პერიოდში ბიბლიოთეკის გამოუყენებელი სარდაფი 100 კვ.მ. ფართით იჯარით გადაეცა მოქ. ბ-ს, რომელმაც შემდეგ ფართი დაუბრუნა ბიბლიოთეკას; ცხელ ხაზზე დარეკვის საფუძველზე ბიბლიოთეკაში შემოვიდა პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსი პროკურორის – ვ. ფ-ს ხელმძღვანელობით, რომელმაც შეამოწმა სამეურნეო საქმიანობა და ჯ. მ-ს, როგორც საჯარო მოხელეს, სრულიად უმიზეზოდ დასდეს მსჯავრი, განუსაზღვრეს 5 წლით პირობითი სასჯელი და მოსთხოვეს 50000 ლარის გადახდა; თავად ჯ. მ-ს წერილით არ მიუმართავს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარისა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსისათვის, როგორც ეს პროკურატურის დადგენილებაშია აღნიშნული; პროკურატურამ აიძულა მოწმეები – მ. ს-ე, დ. კ-ე, თ. ჩ-ე და მ. კ-ე, მიეცათ ჯ. მ-ს საწინააღმდეგო ჩვენებები; თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამმართველოს თანამდებობის პირები უნდა დასჯილიყვნენ, რადგან მათ არ უნდა გაეტანათ ობიექტი აუქციონზე; თავად ჯ. მ-ს არანაირი სარგებელი არ მიუღია, პირიქით, 50000 ლარი ჯარიმის გადახდის შემდეგ მთელი ოჯახი დარჩა თავშესაფრის გარეშე და ცხოვრობს ქირით.
კასატორის აზრით, სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება არასწორ და ყალბ მტკიცებულებებს, რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მისი გადასინჯვის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ჯ. მ-ე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ჯ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ჯ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე