საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1027(კ-23) 16 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ჯ. ჯ-მ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა. ჯ. ჯ-მმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №1000641702/5 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა. ჯ. ჯ-მის სასწავლო ბინადრობის ნებართვის აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით ა. ჯ. ჯ-მის წარმომადგენლის შუამდგომლობა, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა. შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №1000641702/05 გადაწყვეტილების მოქმედება საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ჯ. ჯ-მის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №1000641702/5 გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა. ჯ. ჯ-მის სასწავლო ბინადრობის ნებართვის აღდგენა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა – იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო, გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. სწორედ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის პირველ ნაწილსა და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №1000641702/5 გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შპს ,,ე...ს’’ რექტორის 2020 წლის 9 მარტის №00001640 მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ა. ჯ. ჯ-მის შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ გადაწყვეტილები ძალადაკარგულად გამოცხადების მომენტისთვის მოსარჩელე წარმოადგენდა სტუდენტს, რადგან სააგენტოსთვის ცნობილი არ იყო ინფორმაცია მოსარჩელის სტუდენტად ყოფნის შესახებ. სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცა სტუდენტზე კონკრეტული უნივერსიტეტის ცნობის საფუძველზე, კონკრეტული მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება გარემოებები და სტუდენტი იცვლის უნივერსიტეტს მას აქვს ვალდებულება, ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს, ვინაიდან სააგენტოს მხრიდან იმის მოლოდინი არსებობს, რომ კონკრეტული პირი ბინადრობის ნებართვის ვადით და კონკრეტული მიზნით სწავლობს რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტში.
კასატორის განმარტებით, სააგენტოსა და ბინადრობის ნებართვის მომპოვებელ პირს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში სააგენტო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რასაც წარმოადგენს მხარე ან/და სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სხვა პირი, ამ შემთხვევაში - უნივერსიტეტი. მაშინ, როდესაც უნივერსიტეტი, რომლის ცნობაც საფუძვლად დაედო ბინადრობის ნებართვის გაცემას, სააგენტოს აცნობებს, რომ სტუდენტმა შეწყვიტა სწავლა და მას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, ხოლო თავის მხრივ, ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტი, რომელიც რამდენიმე თვეა სწავლობს სხვა უნივერსიტეტში და არც იქამდე და არც წარმოების პროცესში, არ წარუდგენს სააგენტოს შესაბამის მტკიცებულებას, გაუგებარია სააგენტოს რატომ არ უნდა ემოქმედა კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №1000641702/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №1000587750 გადაწყვეტილებით ა. ჯ. ჯ-მს მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 29 იანვრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე, ხოლო სააგენტოს 2018 წლის 30 დეკემბრის №1000641702 გადაწყვეტილებით ა. ჯ. ჯ-მს გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2023 წლის 1 ოქტომბრამდე (ს.ფ. 74-75, 78-79); ბ) 2020 წლის 09 მარტს ე...ს რექტორმა №00001640 წერილით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანართი №1-ის სახით გადაუგზავნა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესახებ ინფორმაცია, რომელთაც 2019 წლის 8 ივლისიდან 2020 წლის 4 მარტის მდგომარეობით, სხვადასხვა მიზეზის გამო შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი ...ს უნივერსიტეტში. აღნიშნული წერილის დანართი №1-ში, მათ შორის, მითითებული იყო ა. ჯ. ჯ-მ, პასპორტის ნომერი - ... (ს.ფ. 70, 60-62); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №1000641702/5 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 2018 წლის 30 დეკემბრის №1000641702 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ჯ. ჯ-მის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. გადაწყვეტილებაში მითითებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ გაცემული საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2020 წლის 28 აპრილიდან (ს.ფ. 80-81); დ) შპს „კ...ს“ რექტორის 2020 წლის 29 აპრილის CIU №00003148 ცნობის თანახმად, ა. ჯ. ჯ-მ 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგების საფუძველზე, კ...ს რექტორის 2020 წლის 28 თებერვლის №... ბრძანებით ჩაირიცხა ...ს ფაკულტეტის ...ს ... საგანმანათლებლო პროგრამის ... სემესტრის სტუდენტად. ა. ჯ. ჯ-მ ამჟამად არის მეორე სასწავლო წლის ... სემესტრის სტუდენტი. სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღია ... წლის ... (ს.ფ. 16).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №1000641702/5 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის დავალება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ჯ. ჯ-მის სასწავლო ბინადრობის ნებართვის აღდგენის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ხოლო, ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა თანდართული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“ (პირველი მუხლი). დასახელებული დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“ განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს (პირველი მუხლი). აღნიშნული „წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21–ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №1000641702/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 2018 წლის 30 დეკემბრის №1000641702 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ჯ. ჯ-მის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა.
საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ორგანო დასახელებული გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ე...ს რექტორის 2020 წლის 09 მარტის №00001640 წერილს, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანართი №1-ის სახით გადაუგზავნა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესახებ ინფორმაცია, რომელთაც 2019 წლის 8 ივლისიდან 2020 წლის 4 მარტის მდგომარეობით, სხვადასხვა მიზეზის გამო შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი ...ს უნივერსიტეტში. აღნიშნული წერილის დანართი №1-ში, მათ შორის, მითითებული იყო ა. ჯ. ჯ-მ, პასპორტის ნომერი - ... (ს.ფ. 70, 60-62);
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „კ...ს“ რექტორის 2020 წლის 29 აპრილის CIU №00003148 ცნობაზე, რომლის თანახმად, ა. ჯ. ჯ-მ 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგების საფუძველზე, კ...ს რექტორის 2020 წლის 28 თებერვლის №... ბრძანებით ჩაირიცხა ...ს ფაკულტეტის ...ს ... საგანმანათლებლო პროგრამის ... სემესტრის სტუდენტად. ა. ჯ. ჯ-მ ამჟამად არის მეორე სასწავლო წლის ... სემესტრის სტუდენტი. სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღია ... წლის ... (ს.ფ. 16). აღნიშნული ცნობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ 2020 წლის 28 აპრილის №1000641702/5 სადავო გადაწყვეტილების გამოცემის მომენტისთვის, ა. ჯ. ჯ-მს არ ჰქონდა შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი და კ...ს რექტორის 28.02.2020 წლის №... ბრძანების საფუძველზე, სწავლას განაგრძობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. შესაბამისად, სახეზე არ იყო კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობა, ვინაიდან მოსარჩელეს არ ჰქონია შეწყვეტილი ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა, უფრო მეტიც, დასახელებული ცნობით დასტურდება, რომ მისი სტუდენტის სტატუსი აქტიური იყო. ამდენად, სახეზეა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №1000641702/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.08.2022წ. №57710 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. უბილავა