საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-225(კ-25) 1 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით ა. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ა. ა-ი (დაბ: ... წელი) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ. 179-185); ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1000579995 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ა-ის 2017 წლის 10 ნოემბრის №1000579995 განცხადება და მას მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ა-ის 2018 წლის 14 ნოემბრის №1000638367 განცხადება და მას მიეცა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №1000638367/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ა-ის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/1425-21) ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №1000638367/5 გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით (საქმე №3ბ/2480-21) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 103-104, 105, 101-102, 125-133, 190-201); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ა-ის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის შესახებ. მუდმივი საინვესტიციო ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2023 წლის 9 მარტიდან (ს.ფ. 31-32); დ) სსიპ ... ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ 2023 წლის 12 აპრილს გაცემული №MES 9 23 0000412633 ცნობის მიხედვით, ა. ა-ის შვილი - მ. ჯ-ი, დაბადებული ... წლის ...ს, სწავლობს სსიპ ... ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის ... კლასში. სსიპ ... ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ 2023 წლის 12 აპრილს გაცემული №MES 6 23 0000412621 ცნობის მიხედვით, ა. ა-ის შვილი - ლ. ა-ი, დაბადებული ... წლის ...ს, სწავლობს სსიპ ... ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის პირველ კლასში (ს.ფ. 77, 78).
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-9 პუნქტზე, მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-15 მუხლის „თ“ პუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-17 მუხლის მე-10 პუნქტზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ ასევე მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-6 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-7 მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები. სასამართლოს მითითებით, პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოსარჩელისათვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს, ამასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ამ ნაწილში დახურულ სასამართლო სხდომაზე საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით მათი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გააანალიზა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის გაითვალისწინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი საიდუმლო ინფორმაცია, რომელმაც ასახვა ვერ ჰპოვა გადაწყვეტილებაში და მასთან ურთიერთშეჯერებით მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილების შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან. აღნიშნული აქტით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ა-ის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის შესახებ. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-15 მუხლის „თ“ პუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე, მე-17 მუხლის მე-10 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად კი, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი, წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 გადაწყვეტილებით ა. ა-ის მიეცა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით. ასევე დადგენილია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით სააგენტომ მიიჩნია, რომ არსებობდა ა. ა-ისათვის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი წარმოდგენილი ინფორმაცია მხარეებს გააცნოს და ასახოს იგი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ტიპის ინფორმაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში, კანონის საფუძველზე და მასთან შესაბამისობაში.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიზანშეუწონლობას, არ დასტურდება მისი მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა. ა-ი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს და საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება. ამასთან, მის მიმართ არაერთხელ იყო გაცემული საქართველოში ბინადრობის ნებართვა. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებით ა. ა-ის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უსაფუძვლოდ შეუწყდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებასთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტით დადგენილი წესით კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21–ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, 20218 წლის 3 დეკემბრის №1000638367 გადაწყვეტილებით მოსარჩელეზე გაიცა საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. დასახელებული ბინადრობის ნებართვა განმცხადებელზე გაიცა იმ საფუძვლით, რომ იგი აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტით დადგენილ პირობებს. გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესში სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველი პუნქტისა და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა. ა-ი (დაბ: ... წელი) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ. 179-185);
ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1000579995 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ა-ის 2017 წლის 10 ნოემბრის №1000579995 განცხადება და მას მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრამდე (ს.ფ. 103-104); სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ა-ის 2018 წლის 14 ნოემბრის №1000638367 განცხადება და მას მიეცა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით (ს.ფ.105); სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №1000638367/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ა-ის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ (ს.ფ.101-102); თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/1425-21) ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №1000638367/5 გადაწყვეტილება (ს.ფ. 125-133); თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით (საქმე №3ბ/2480-21) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 190-201); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ა-ის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის შესახებ. მუდმივი საინვესტიციო ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2023 წლის 9 მარტიდან (ს.ფ. 31-32); დ) სსიპ ... ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ 2023 წლის 12 აპრილს გაცემული MES 9 23 0000412633 ცნობის მიხედვით, ა. ა-ის შვილი - მ. ჯ-ი, დაბადებული ... წლის ...ს, სწავლობს სსიპ ... ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის ... კლასში. სსიპ ... ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ 2023 წლის 12 აპრილს გაცემული MES 6 23 0000412621 ცნობის მიხედვით, ა. ა-ის შვილი - ლ. ა-ი, დაბადებული ... წლის ...ს, სწავლობს სსიპ ... ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის პირველ კლასში (ს.ფ. 77, 78).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ა-ის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის შესახებ. საყურადღებოა, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილები, 96-ე მუხლი, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტი.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას არეგულირებს საქართველოს კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ (მუხ. 1.2). ამასთან, უცხოელის საქართველოში ხანგრძლივად კანონიერად დარჩენის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ბინადრობის ნებართვის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის წინაპირობებს, რომლის თანახმად, (2018 წლის 3 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვები გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის საფუძვლებს, რის გამოც უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება ეთქვას უარი, მათ შორის, „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). კანონის 17.10 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ა-ის 2018 წლის 14 ნოემბრის №1000638367 განცხადება და მას მიეცა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 დეკემბრის №1000638367 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ა-ის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის შესახებ. ამდენად, შეფასებას საჭიროებს, რამდენად მართებულად შეუწყდა ა. ა-ის მასზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით ზემოდასახელებული კანონის 21-ე მუხლი არეგულირებს უცხოელისათვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის შემთხვევებს, კერძოდ, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები მოცემულია დასახელებული წესის მე-15 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას) შინაარსის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, დასახელებული საფუძვლით უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, სწორედ აღნიშნული დეპარტამენტი ახორციელებს ქვეყანაში ერთიან კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად კი, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია კი, თავის მხრივ, წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, ვინაიდან „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად და მას სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობისა და საბოლოო ჯამში, გაზიარების თვალსაზრისით, მისი შინაარსის გათვალისწინებით, გააჩნია არსებითი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ა. ა-ის საქართველოში მუდმივი საინვესტიციო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 7 აპრილსა და 9 ოქტომბრის №ბს-225(კ-25) წერილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის №1000638367/5 გადაწყვეტილებას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძვლიან, ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელეს უნდა შეუწყდეს მასზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭება/შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაცია და სამართლიანი დაბალანსება.
ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, ერთმნიშვნელოვნად არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. შესაბამისად, ზემოხსენებული ინფორმაციის არსებობის პირობებშიც, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო გაეთვალისწინებინა საქმეზე არსებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნიდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ძალაში დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ამასთან, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის - ა. ა-ის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს. მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით. ამდენად, კასატორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, კასატორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე მითითებით ა. ა-ი ითხოვს დამატებითი განჩინების გაცემას, რომლითაც განიმარტება ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებაში მითითებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, წარმოდგენილ განცხადებებში მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, თუმცა ამავე განცხადებების შინაარსის გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს არა განჩინების, არამედ განჩინებაში გამოყენებული ნორმის - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე განმარტების გაკეთებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცხადებაში მითითებული მოთხოვნა სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული განმარტების ფარგლებს, ვინაიდან გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობაა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, მისი მიზანია არა მხარის ინტერესის დაკმაყოფილება - მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობა შეეხება მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და განმარტებას ექვემდებარება იმგვარი შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. ამასთან, მითითებული წესი იმპერატიულია. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი განმარტებას მოითხოვს არა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანების გამო, არამედ იგი მოითხოვს საკანონმდებლო ნორმის განმარტებას.
საკასაციო სასამართლო დამატებით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა. შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა