საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-783(კ-25) 15 დეკემბერი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი – შპს „ფ...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ა-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ, მესამე პირი - შპს „ფ...“ (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 16.2), და მოითხოვა მოპასუხის 26.11.2021 წლის N SP210295623/910814 ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების NA... შეწყვეტა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.10.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო საჩივარი სასკ 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2025 წლის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი, რომელსაც სასამართლოს წინაშე ხელი მოაწერეს უშუალოდ მოსარჩელემ და მესამე პირის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (იხ. ს.ფ.446) და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლომ მორიგების აქტის ასლი და სასამართლოს სხდომის ოქმი გაუგზავნა კასატორს, რომელსაც განესაზღვრა დრო (5 სამუშაო დღე) მორიგების აქტთან დაკავშირებით პოზიციის წარმოსადგენად (იხ. ს.ფ.448-449).
6. 15.12.2025 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს წერილობით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომელმაც წარმოადგინა ახალი მინდობილობა მორიგების უფლებამოსილებით და განაცხადა თანხმობა მორიგების დამტკიცების თაობაზე (იხ. ს.ფ.450-452).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი.
8. სსსკ-ის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სასკ-ის მე-3 მუხლის საფუძველზე:
1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
2. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
10. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
11. დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები (იხ.: სუსგ №ბს-123(კ-20), 10.06.2021წ.; №ბს-888(კ-21), 06.10.2022წ.; №ბს-855(3კ-23), 09.07.2024წ.).
12. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 24-25).
13. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
14. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოების შეწყვეტისას (მორიგების დამტკიცების თუ საკასაციო საჩივარზე/სარჩელზე უარის თქმისას) შესაძლებელია მითითებული ნორმის გამოყენება (სუსგ №ბს-1109 (კ-23), 08.07.2024წ.; №ბს-489(კ-23), 27.09.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება თ. ა-ის (მოსარჩელე/კასატორის მოწინააღმდეგე მხარე), სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა (მოპასუხე/კასატორი) და შპს „ფ...ს“ (მესამე პირი სასკ-ის 16.2 მუხლის მიხედვით) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. თ. ა-ის მიერ შპს „ფ...ს“ სასარგებლოდ გადასახდელი თანხა სს „ს...ს“ მიერ 2017 წლის 07 აგვისტოს გაცემული №... სესხიდან გამომდინარე ვალდებულებაზე შეადგენს ჯამში 600 ლარს.
1.2. შეთანხმებული თანხის 600 ლარის დაფარვა მოხდება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1. 2025 წლის 26 დეკემბერი
50 ლარი
2. 2026 წლის 26 იანვარი
50 ლარი
3. 2026 წლის 26 თებერვალი
50 ლარი
4. 2026 წლის 26 მარტი
50 ლარი
5. 2026 წლის 26 აპრილი
50 ლარი
6. 2026 წლის 26 მაისი
50 ლარი
7. 2026 წლის 26 ივნისი
50 ლარი
8. 2026 წლის 26 ივლისი
50 ლარი
9. 2026 წლის 26 აგვისტო
50 ლარი
10. 2026 წლის 26 სექტემბერი
50 ლარი
11. 2026 წლის 26 ოქტომბერი
50 ლარი
12. 2026 წლის 26 ნოემბერი
50 ლარი
1.3. იმ შემთხვევაში, თუ თ. ა-ის მიერ დარღვეული იქნება ზემოაღნიშნული მორიგების რომელიმე პირობა, შპს „ფ...“ უფლებამოსილია აღსასრულებლად მიაქციოს საქმე გადახდილი თანხის ოდენობის გამოკლებით.
1.4. შეწყდეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე საქმე A... სადაც მოვალეა თ. ა-ი (პ/ნ ...) აღსრულების საფასურის (სრული მოთხოვნის 5 %) გადახდის შემდეგ, აღსრულების საფასურს (47.33 ლარი) თ. ა-ი გადაიხდის თავად (გადახდის იდენტიფიკატორი ...). შეთანხმებული თანხის 600 ლარის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები ბანკი : სს „ს...“
მიმღების დასახელება: შპს „ფ...“
მიმღების ანგარიშის ნომერი: ....
2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
3. შეწყდეს წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-783(კ-25).
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით (საგადახდო მოთხოვნა #11086, გადახდის თარიღი: 07.07.2025წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე