საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-803(კ-25) 03 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ჰ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დასკვნის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ჰ. ა-იმა 2024 წლის 14 ოქტომბერს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 19 სექტემბრის №1000960929 დასკვნის ბათილად ცნობა და ჰ. ა-ის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, ჰ. ა-იმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე 2024 წლის 03 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარდგენილ განცხადებას თან დაურთო 2024 წლის 03 ივნისს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დამოწმებული ჰ. ა-ის მამის, მ. ჰ. ა-ის თანხმობა არასრულწლოვანი შვილის - ჰ. ა-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების/მიღების თაობაზე. წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულმა ორგანომ 19.09.2024წ. მიღებული დასკვნით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განმცხადებელს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. დასკვნა 2024 წლის 19 სექტემბერს, კანონის მოთხოვნათა დაცვით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტს, სარჩელის წარდგენის თარიღამდე ზემოხსენებულ საკითხზე ბრძანებულება არ მიუღია.
მოსარჩელის განმარტებით, ჰ. ა-ი ... წლის ...ს დაიბადა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში. მისი მშობლები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მ. ჰ. ა-ი და საქართველოს მოქალაქე - ა. ტ-ა. მოსარჩელის მშობლები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელეს ჰყავს ძმა, საქართველოს მოქალაქე უ. ა-ი. მოსარჩელემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო შვიდი თვის ასაკში, 2007 წლის დეკემბერში. მოსარჩელე ორი წლის ასაკიდან 15 წლის ასაკამდე ცხოვრობდა გროზნოში, 2022 წლის ივლისში საცხოვრებლად გადავიდა დედასთან საქართველოში, იმავე წელს, დედის განცხადების საფუძველზე, მიიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. სარჩელით მიმართვის დღისთვის სწავლობდა ქ. თბილისის ...-ე საჯარო სკოლაში, სამომავლოდ გეგმავს სწავლის საქართველოში გაგრძელებასა და მუდმივად ცხოვრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ჰ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჰ. ა-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 19 სექტემბრის №1000960929 დასკვნა და მოპასუხეს დაევალა ჰ. ა-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულებაზე და აღნიშნა, რომ სადავო აქტში არ იკითხებოდა არგუმენტირებული დასაბუთება იმისა, თუ რატომ არ არსებობდა მოსარჩელესთან მიმართებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები. პალატის განმარტებით, კომისიამ სათანადო გულისხმიერებით არ შეაფასა განმცხადებლის ინდივიდუალურ პროფილთან დაკავშირებული მთელი რიგი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რამაც საქმეზე არასწორი დასკვნის გამოტანა განაპირობა. კერძოდ, განმცხადებლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭება მოხდა ამ უკანასკნელისგან დამოუკიდებლად, მისი არასრულწლოვანების ასაკში, მშობელთა გადაწყვეტილებით, თუმცა სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე იგი იყო სრულწლოვანი და დამოუკიდებლად გამოხატავდა სურვილს ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე და გაეგრძელებინა საქართველოში ცხოვრება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან იმთავითვე სარწმუნო იყო, როგორც მისი ბიოგრაფიული ცნობების, ასევე მისი სამომავლო გეგმებისა და ოჯახის წევრების საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის გათვალისწინებით, რაც ქმნიდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
კასატორის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე სეკუნდა მუხლის მე-6 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, საკითხის განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე და მოპოვებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან. დადგინდა, რომ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ განმცხადებელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციასა და ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ განმცხადებლის მიმართ არ არსებობს 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა. ამდენად, კასატორის წარმომადგენელი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა წარმოადგენს პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან, ამასთან საქართველოს მოქალაქე შესაძლებელია იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებულია საგამონაკლისო წესით ან როდესაც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (მე-17 და 211 მუხ.).
ამასთანავე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილების შესახებ დებულება“ ადგენს, მათ შორის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას, მათ კონტროლსა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს. ზემოხსენებული დებულების მე-40 მუხლი ადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვის წესს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირის საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას, საქართველოში უძრავი ქონების ფლობა, საქართველოში საქმიანობა, ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია და კანონმდებლობაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, თუმცა მათი სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება დადებითი დასკვნის გაცემის წინაპირობას იძლევა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჰ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - ა. ტ-ამ 2024 წლის 03 ივლისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. განცხადებას თან ერთოდა ჰ. ა-ის მშობლების თანხმობები, რომლის მიხედვით, ა. ტ-ა და მ. ა-ი თანხმობას აცხადებდნენ, რომ მათმა არასრულწლოვანმა შვილმა - ჰ. ა-იმა შეინარჩუნოს და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ასევე დადგენილია, რომ განმცხადებლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭება მოხდა ამ უკანასკნელისგან დამოუკიდებლად, მისი არასრულწლოვნობის ასაკში, მშობელთა გადაწყვეტილებით. დღეისათვის ჰ. ა-ი არის სრულწლოვანი და დამოუკიდებლად აქვს გაცხადებული მისი ნება იყოს საქართველოს მოქალაქე, იგი სწავლობდა ქ. თბილისის საჯარო სკოლაში და მომავალშიც უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს საქართველოში. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ჰ. ა-ის საკუთრებაშია ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება - ბინა №..., სართული ..., ფართი 57.65 კვ.მ (საკადასტრო კოდი: ...). ისიც დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და საქართველოს დაზვერვის სამსახური ჰ. ა-ის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი დასკვნის საფუძველს წარმოადგენდა განმცხადებლის საქართველოსთან სარწმუნო სამართლებრივი კავშირის არ არსებობა, შესაბამისად, კომისიის მიერ გაცემული იქნა უარყოფითი დასკვნა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.
ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, უპირობოდ არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს სამართლებრივი დაცვის ზომებს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ. როცა საქმე ეხება ფუნდამენტური უფლებების შელახვას, აღმასრულებლისადმი მინიჭებული სამართლებრივი დისკრეციის გამოვლენა შეუზღუდავი უფლებამოსილების სახით, შეუსაბამო იქნება კანონის უზენაესობასთან, რაც დემოკრატიული საზოგადოების კონვენციაში ჩადებული ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1984 წლის 2 აგვისტო, § 68, სერიები A, №82). არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ადეკვატური და ქმედითი დაცვის საშუალებები ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, მათ შორის, სასამართლოების მხრიდან ეფექტიანი, გულდასმით განხილვის კონკრეტული...(იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №28341/95, §§ 55 და 59, ECHR, 2000-V).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას; კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციის მიღმაა მოქცეული, თუმცა სასამართლო კონტროლის განხორციელებისთვის საჭიროა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქტების სათანადო დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებულობის სტანდარტს.
კერძოდ, სსიპ სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 19 სექტემბრის №1000960929 დასკვნა არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩლის განცხადებაში მითითებულ არგუმენტებზე, შეფასების მიღმაა დარჩენილი ასევე საქართველოში უძრავი ქონების ფლობა, ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას, ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. განსახილველ შემთხვევაში არ ირკვევა, თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ არ არსებობდა ჰ. ა-ის მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის გაცემის საფუძველი.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 21.07.2025წ. №15500 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა