Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-314(კ-25) 9 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ო-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - აზ. ო-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. ო-იმა 2019 წლის 28 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - დმანისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა დმანისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 27 სექტემბრის №73 განკარგულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 ოქტომბრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ა. ო-იმა 2021 წლის 6 დეკემბერს ასევე სარჩელი წარადგინა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 მარტის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებისა და სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 2021 წლის 22 ნოემბრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა; ა. ო-ის სარჩელზე (საქმის N3/161-19), მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 ოქტომბრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საჯარო რეესტრში წარდგენილ განაცხადზე, ა. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) გამოცემის დავალების მოთხოვნის შესახებ, შეწყდა საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/161-19 და №3/172-21 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და საბოლოოდ მიენიჭა ადმინისტრაციული სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომერი №3/161-19. გაერთიანებულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნები დაზუსტდა შემდეგნაირად: დმანისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 27 სექტემბრის №73 განკარგულების ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ა. ო-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, უძრავ ქონებაზე, მდებარე: დმანისი, სოფ. ..., 3248 კვ.მ-ზე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ) ბათილად ცნობა;

მოსარჩელის განმარტებით, დმანისში, სოფ. ...ში, მის ოჯახს სარგებლობაში ჰქონდა 3248 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული უძრავი ქონებით იგი დაბადებიდან სარგებლობდა, რაც დასტურდებოდა გადახდილი კომუნალური გადასახადებით, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განმარტებებით. 2019 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 27.09.19წ №73 განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე.

მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 30 მარტს სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მესამე პირის - აზ. ო-ის სახელზე (ს/კ ...) მიწის მიღება-ჩაბარების №145 აქტის საფუძველზე, ხოლო, მიწის ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდია: №....

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიწის მიღება-ჩაბარების №145 აქტი დაცული არ არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისად მიიჩნევს, რომ მესამე პირს საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს უფლებისდამდგენი დოკუმენტის გარეშე.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, მას ეზღუდება შესაძლებლობა, საკუთრების უფლება მოიპოვოს იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი ოჯახის სარგებლობაშია.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა, მესამე პირებად: აი. ო-ას, რ. ო-ას, ო. ო-ის, ე. ო-ის საქმეში ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს შეფასებით, საკუთრების უფლებას ვერ წარმოშობს მხოლოდ ის დაშვება, რომ თუნდაც მოსარჩელის მამა, ასევე, ა. ო-ი 2007 წლამდე სარგებლობდნენ და მათ დაიკავეს სადავო უძრავი ქონება. თვითნებურად დაკავებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოსაპოვებლად, უპირველესად აუცილებელია, რომ ქონება, რომლის მიმართაც წარდგენილია საკუთრების აღიარების მოთხოვნა, იმყოფებოდეს სახელმწიფოს საკუთრებაში, მოცემულ შემთხვევაში კი ქონება რეგისტრირებული აზ. ო-ის სახელზე.

რაც შეეხება №145 მიღება-ჩაბარების აქტს, იმ შემთხვევაშიც, თუ უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მასალებში დაცული არ არის კონკრეტული უფლებისმდგენი დოკუმენტი, იმთავითვე არ გულისხმობს, რომ ამგვარი დოკუმენტი არ ინახება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოში ან, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში. ამგვარ გამომრიცხავ გარემოებებზე მტკიცება, მოსარჩელე მხარეს საქმეზე არ წარმოუდგენია. პარალელურად, გასათვალისწინებელია, რომ საქმეზე წარმოდგენილია ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს აზ. ო-ის საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა აზ. ო-ის საკომლო ჩანაწერები, ასევე, საგადასახადო სიაში მისი გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი (2006წ, 0.39 ჰა. 0.27 ჰა ს.კ.:..., ...) და ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებულია მესამე პირის სასარგებლოდ პირველადი რეგისტრაცია, რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა განსახილველ დავაში.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დამატებით განმარტა, რომ უძრავი ქონების ობიექტებზე უფლების რეგისტრაცია (სადავო პერიოდში) მოიცავდა ორ მთავარ მოქმედებას: მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, ე.ი სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებას, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, საზღვრების დადგენას და დოკუმენტირებას და ამ ქონებაზე უფლების დადგენას. პალატის მითითებით, საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას შედგა საკადასტრო რუკა, სადაც მითითებული იქნა მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები, ე.ი უძრავ ქონებაზე ჩატარდა საკადასტრო სამუშაოები, რომელიც დოკუმენტირებული იქნა საკადასტრო რუკის ფორმით. რაც შეეხება უფლების დადგენას, აზ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას გამოყენებული იქნა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №145. აღსანიშნავია, რომ შედგენილი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ხელმოწერილი იყო რეგისტრატორის მიერ და მასზე დასმული იყო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი. შესაბამისად დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი აზ. ო-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები (საკომლო წიგნის ჩანაწერები, საგადასახადო სია) ადასტურებდა სადავო ქონებაზე მესამე პირის საკუთრებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007წ მდგომარეობით, სადავო უძრავი ქონება აღარ წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, იგი ეკუთვნოდა აზ. ო-ის კომლს და განკერძოებული იყო კერძო პირის საკუთრებაში პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე (ს.კ ...). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო დმანისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 27 სექტემბრის №73 განკარგულება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც აღნიშნულ ნაწილში ასევე ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-იმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს რომ მართლზომიერი სარგებლობა არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე, მიუხედავად საარქივო ცნობისა და ფაქტობრივი ფლობისა. სასამართლოებმა კანონიერად მიიჩნიეს აზ. ო-ის რეგისტრაცია, რომელიც ემყარებოდა №145 მიღება-ჩაბარების აქტს, რაც არც რეესტრში ინახებოდა და არც საქმეში მოიპოვებოდა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე შეცდომით მიიჩნია, რომ მიწა აღარ იყო სახელმწიფო საკუთრებაში, რაც მის აღიარებას გამორიცხავდა, იმ პირობებში როდესაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა მის დაურეგისტრირებელ სტატუსს და, შესაბამისად, აღიარების კომისიის კომპეტენციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით, ა. ო-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ო-ის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე აზ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, ამრიგად, დავის საგნიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია შეფასდეს საკუთრების არსი და მისი კანონიერად შეძენის სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).

„საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი. ზუსტად ეს გარემოებაა გადამწყვეტი კანონიერი საკუთრების უფლების არსებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-14 ).

განსახილველ საქმეზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესი უკავშირდება სწორედ საკუთრების უფლების მოპოვებას, თუმცა როგორც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, მას ასეთი უფლების მოსაპოვებლად არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი; კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ ა. და აზ. ო-იები არიან ძმები, მოსარჩელეს საარქივო ცნობით რეგისტრირებული აქვს 6057 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ ...ში. მესამე პირი - აზ. ო-ი ცალკე კომლად არის აღრიცხული სოფელ ...ში 1986-1898 წწ და მამის სახელზე შედგენილ საარქივო ცნობაში იგი არ ფიქსირდება. აზ. ო-ის 2000 წლის 7 ივნისს აქვს პირველადი რეგისტრაციით საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს 2686.61 კვ.მ მიწის ნაკვეთი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - №145 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, თუმცა როგორც კასატორი მიუთითებს და ასევე საქმის მასალებითაც ირკვევა, აღნიშნული აქტი არ ინახება მარეგისტრირებელ ორგანოში.

აღსანიშნავია, რომ საქმეზე წარმოდგენილია №11847/00 მიწის სააღრიცხვო ბარათი, რომლის მიხედვით აზ. ო-ის ალ.-ის ძის ოჯახის სახელზე, დმანისის რაიონის სოფელ ...ში რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ ..., 3439.15 კვ.მ.; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №145. მითითებულ სააღრიცხვო ბარათზე თანდართულია 07.06.00წ. საკადასტრო რუკა. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ჩანაწერი მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი არ არის.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. ო-ის მოთხოვნა სოფელ ...ში მდებარე 3248 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა სწორედ იმ საფუძვლით, რომ ქონება რეგისტრირებული იყო აზ. ო-ის სახელზე. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებში, ამ სამსახურების ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის მხოლოდ უძრავი ქონებით სარგებლობის, „დაკავების“ ფაქტი ვერ იქნება განმსაზღვრელი. საკუთრების უფლებას ვერ წარმოშობს მხოლოდ ის დაშვება, რომ თუნდაც ალადინ, ასევე, ა. ო-იები 2007 წლამდე სარგებლობდნენ და მათ დაიკავეს სადავო უძრავი ქონება. სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოსაპოვებლად, უპირველესად აუცილებელია, რომ ქონება, რომლის მიმართაც წარდგენილია საკუთრების აღიარების მოთხოვნა, იმყოფებოდეს სახელმწიფოს საკუთრებაში, რა გარემოებაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. კასატორს - ა. ო-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს 17.04.2025წ. №1 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა