Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-770 (კ-25) 29 იანვარი, 2026 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ს-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ს-იმ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხის 11.10.2024 წლის №1000977446 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოსარჩელე არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. იგი 04.09.2018 წლიდან ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან - ქ. ლ-ესთან.

2.2. მოსარჩელემ 17.09.2024 წელს №1000977446 განცხადებით მიმართა სააგენტოს და საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა.

2.3. სააგენტომ 18.09.2024 წლის №1000977446/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

2.4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 10.10.2024 წლის SSG 0 24 00228195 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მოსარჩელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია.

2.5. მოპასუხის 11.10.2024 წლის №1000977446 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის 17.09.2024 წლის №1000977446 განცხადება და მას უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.

2.6. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

2.7. ზემოაღნიშნული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

2.8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

2.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სააგენტოს 11.10.2024 წლის გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე უნდა დარჩენილიყო ძალაში, ვინაიდან არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოიცა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, რომელიც წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დაცვით.

4.2. სააპელაციო პალატის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძველი, მან არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებზე, როგორიცაა: მოსარჩელის პირადი და ოჯახური მდგომარეობა (ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და შვილები, არის დასაქმებული, არ არის ნასამართლევი). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი მოსარჩელეს ეთქვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებიდან გამოდინარე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ისე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება წარმოადგენს გაცილებით მაღალი დაცვის ღირს საჯარო ინტერესს მოსარჩელის კერძო ინტერესთან მიმართებით.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერება.

9. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

10. უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“). კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

11. კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.

12. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

13. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

14. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 10.10.2024 წლის SSG 0 24 00228195 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მოსარჩელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია (ს.ფ. 83).

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე (შდრ. სუსგ №ბს-490(კ-22), 20.05.2024წ.). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისია პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ №ბს-1131(კ-22), 16.02.2023წ.). ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, შეაპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება. უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე (სუსგ №ბს-233(კ-22), 27.05.2022წ.).

17. საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. ამასთან, საიდუმლო ინფორმაცია ვერ აისახება სასამართლოს განჩინებაში. ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდაა დასაბუთებული.

18. სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდთა უფლებებში ჩარევა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (Berrehab v. The Netherlands, №10730/84, 21.06.1988წ., §28). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს უფლება აქვს დაადგინოს ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი განმცხადებლის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით (Leander v. Sweden, №9248/81, 26.03.1987წ., §67). ამასთან, ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს (Lupsa v. Romania, №10337/04, 08.06.2006წ., §38). კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება აკონტროლოს მის ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები ((Khasanov and Rakhmanov v. Russia [GC], №28492/15, №49975/15, 29.04.2022წ., §93), სუსგ №ბს-1367(კ-24), 25.03.2025წ.).

19. სასამართლომ ერთმანეთს უნდა შეუპირისპიროს, ერთი მხრივ, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლება, მეორე მხრივ, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი და გადაწყვეტილება მიიღოს პირის უფლებაში ჩარევის თანაზომიერებისა და აუცილებლობის შეფასების შედეგად. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი დაექვემდებარა სათანადო სასამართლო კონტროლს. სასამართლო გაეცნო საიდუმლო ინფორმაციას და საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, შეაფასა დამდგარი შედეგის მართლზომიერება.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ოჯახური ცხოვრების ინტერესები, მათ შორის, ბავშვ(ებ)ის საუკეთესო ინტერესები, რომლებიც თავისი შინაარსით ქმნის კერძო ინტერესის საგანს, ვერ გადაწონის საჯარო ინტერესით დეტერმინირებული სახელმწიფო უსაფრთხოების ისეთ მოტივებს, რომლებიც ალბათობის მაღალი ხარისხის საკმარისი სიზუსტით არის იდენტიფიცირებული (შდრ. სუსგ №ბს-202(კ-23), 12.06.2025წ.). საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ევროკონვენციის მე-8 მუხლი იმიგრაციის სფეროში არ უწესებს სახელმწიფოს რაიმე ზოგად ვალდებულებას პრიორიტეტი მიანიჭოს დაქორწინებული წყვილის არჩევანს მათი ოჯახური ცხოვრების წარმართვისათვის სასურველ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ან დაუშვას რომელიმე პირი საკუთარ ტერიტორიაზე საცხოვრებლად ოჯახის ერთიანობის მიღწევის მიზნით; ამასთანავე, იმ საქმეებში, რომლებიც უკავშირდება ოჯახური ცხოვრებისა და იმიგრაციის კვეთას, სახელმწიფოს ვალდებულების ხარისხი დაუშვას მასპინძელ სახელმწიფოში კანონიერად მცხოვრები ადამიანის ნათესავები განსხვავდება საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და შესაბამისი ზოგადი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, რაც საჭიროებს სამართლიანი ბალანსის მიღწევას კონკურენციაში მყოფ სხვადასხვა ლეგიტიმურ ინტერესს შორის (M.A. v. DENMARK [GC], №6697/18, 09.07.2021წ., §132). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქესთან ქორწინება კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენს, თუმცა მხოლოდ ზემოაღნიშნული საკმარისი არ არის მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (სუსგ №ბს-1131(კ-22), 16.02.2023წ.).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

22. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ბს-1020(კ-23), 06.02.2024წ; №ბს-1189(კ-24), 18.12.2024წ; №ბს-406(კ-25), 10.06.2025წ; №ბს-647(კ-25), 24.09.2025წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2025 წლის განჩინება.

3. მ. ს-ის (პასპორტის № ...) უკან დაუბრუნდეს ჯ. მ-ის (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №9201, გადახდის თარიღი 08.07.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე