ა-2340-შ-78-04 26 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
დავის საგანი: რუსეთის ფედერაციის ...-ის რესპუბლიკის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს 1994წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რუსეთის ფედერაციის ...-ის რესპუბლიკის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს 1994წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ მოქალაქეები ს. კ.-ა (ფ.-ი) და ნ. ფ.-ი. ამავე გადაწყვეტილებით ნ. ფ.-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – გ-სა და დ-ს სარჩენად, ყველა სახის შემოსავლის 1/3 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 რუბლისა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 1994წ. 29 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1994წ. 8 მაისს.
არასრულწლოვანი გ-ს და დ-ს დედამ, ს. კ.-ამ (ფ.-ი), როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის “ბ" პუნქტის, აგრეთვე, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" კანონის 69-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ...-ის რესპუბლიკის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს 1994წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 62-63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. კ.-ს (ფ.-ი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის ...-ის რესპუბლიკის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს 1994წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ნ. ფ.-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ვაჟიშვილების სარჩენად, მისი ყველა სახის შემოსავლის 1/3 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 რუბლისა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 1994წ. 29 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.