Facebook Twitter

ა-234-შ-21-04 30 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. ლ.-ს შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები ქ. ხაბაროვსკის ...-ის რაიონული სასამართლოს 1998წ. 27 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ლ.-ა და გ. ხ.-ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში 1990წ. 21 ივნისს შეეძინათ შვილი – ს.

ე. ლ.-მ მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. ხ.-ის მიმართ და მოითხოვა შვილის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება.

ქ.ხაბაროვსკის ...-ის რაიონული სასამართლოს 1998წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით ე. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა გ. ხ.-ს ე. ლ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩოდ, მისი ყველა შემოსავლის 1/4 ¼ნაწილის ოდენობით ყოველთვიურად შვილის სრულწლოვანებამდე. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოსდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 212 მანეთის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1998წ. 27 მარტს.

ე. ლ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქ.ხაბაროვსკის ...-ის რაიონული სასამართლოს 1998წ. 27 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 12 თებერვლის განჩინებით ე. ლ.-ს შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში, შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე გ. ხ.-ს.

მოპასუხე მხარეს არ მოუთხოვია საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. ლ.-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნო ქ.ხაბაროვსკის ...-ის რაიონული სასამართლოს 1998წ. 27 მარტის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლოს შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ლ.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ქ.ხაბაროვსკის ...-ის რაიონული სასამართლოს 1998წ. 27 მარტის გადაწყვეტილება რომლითაც ე. ლ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა.

გ. ხ.-ს ე. ლ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩოდ, მისი შემოსვლიდან 1/4 ნაწილის ოდენობით ყოველთვიურად შვილის სრულწლოვანებამდე.

გ. ხ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიო ბაჟის გადახდა 212 მანეთის ოდენობით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.