საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-174(კ-23) 30 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „მ...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მესამე პირები (ასკ 16.2 მუხ.) – 1. შპს ,,ნ...“ 2. შპს ,,კ...“ 3. შპს ,,ჯ...“ 4. შპს ,,მა...“ 5. შპს ,,ქ...“ 6. შპს ,,ა...“ 7. შპს ,,ს...“ 8. შპს ,,ლ...“ 9. შპს ,,კა...“ 10. ,,P...“-ის ფილიალი საქართველოში
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ...მა“ 2017 წლის 26 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 11 მაისის N331/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 11 მაისის N331/18 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის თაობაზე, უკანონოა, ზღუდავს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და აყენებს არსებით ფინანსურ ზიანს. უკანონობის მოტივად მოსარჩელე ასახელებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მ...ს“ სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულ ავტორიზებულ პირებთან საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების აღდგენა დაავალა 18.5 თეთრიანი ტარიფით (ყოველ წუთზე) მობილურ ქსელში (2010 წლის 21 მაისს N240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად - 3.5 თეთრი და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აქციზის გადასახადი - 15 თეთრი), მაშინ როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 მაისის განჩინებით (საქმე №3/3283-17) შეჩერდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №259/18 გადაწყვეტილების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, შპს „მ...“ ვალდებული იყო გამოექვეყნებინა განახლებული „მოწვევის ოფერტი“ საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებაზე კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 (18.5 თეთრიანი ტარიფი - მობილურ ქსელში) და ამავე კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 (10 თეთრიანი ტარიფი ფიქსირებულ ქსელში) გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ტარიფებით. შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ უგულებელყოფილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 მაისის განჩინებით (საქმე № 3/3283-17) განსაზღვრული შეზღუდვები (საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების გაწევა 18.5 (მობილურ ქსელში) და 10 (ფიქსირებული) თეთრიანი ტარიფით), ამასთანავე, არ იქნა შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც შპს „მ...ს“ მიეცა გაფრთხილება მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობის მიღების გარეშე სხვა ავტორიზებულ პირებთან საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით, თავად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკას, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამავე კომისიის მიერ ვებ-გვერდზე მოსარჩელე შპს „მ...ს“ მოწვევის „ოფერტის“ გამოქვეყნების ფაქტებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ს’’სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, შპს ,,მ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივ შეფასება და აღნიშნა, რომ შპს „მ...ს“როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომისიის 13.04.2017 N259/18 გადაწყვეტილებით მართებულად მიეცა გაფრთხილება. კერძოდ, შპს „მ...მა“ შპს „ქ...-ს“ 2017 წლის 24 მარტს, ხოლო შპს „მა...-ს“, შპს „კ...-ს“, შპს „ა...-ს“, შპს „ს...-ს“, შპს „ლ...-ს“, შპს „კა...-ს“, შპს „ჯ...-ს“, P...-ის ფილიალს საქართველოში“ და შპს „ნ...-ს“ შეუჩერა ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,მ...-ს“ არ მიუმართავს კომისიისთვის შპს „ქ...თან“, შპს „მა...თან“, შპს „კ...თან“, შპს „ა...სთან“, შპს „ს...თან“, შპს „ლ...თან“, შპს „კა...თან“, შპს „ჯ...თან“, P...”-ის ფილიალთან საქართველოში, შპს „ნ...თან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით და არ მიუღია კომისიისგან თანხმობა აღნიშნული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე. ნიშანდობლივი იყო ის ფაქტიც, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის, შპს ,,მ...ს“ მიერ კომისიაში გამოსაქვეყნებლად არ იქნა წარდგენილი მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტი. ამდენად, მესამე პირებისთვის - შპს ,,ნ...“ (ს/ნ ...), შპს ,,კ...“ (ს/ნ ...), შპს ,,ჯ...“ (ს/ნ ...), შპს ,,მა...“ (ს/ნ ...), შპს ,,ქ...“ (ს/ნ ...), შპს ,,ა...“ (ს/ნ ...), შპს ,,ს...“ (ს/ნ ...), შპს ,,ლ...“, შპს ,,კა...“ (ს/ნ ...),27 ,,P...“-ის ფილიალი საქართველოში - კომისიის თანხმობის გარეშე, საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებით, შპს „მ...ს“ მიერ დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, შესაბამისად, ამავე კანონის 45-ე მუხლის 1-ელი პუნქტის გათვალისწინებით, შპს „მ...სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და სახდელის სახით წერილობითი გაფრთხილების შეფარდება, ამავდროულად, ჩადენილი დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შპს ,,მ...სთვის“ შპს „მა...თან“, შპს „კ...თან“, შპს „ა...სთან“, შპს „ს...თან“, შპს „ლ...თან“, შპს „კა...თან“, შპს „ჯ...თან“, P...”-ის ფილიალთან საქართველოში და შპს „ნ...თან“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეჩერებული ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენის დავალება - „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად - არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და არის კანონშესაბამისი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „მ...ს“ მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 აგვისტოს №570/18 გადაწყვეტილება, რომლის შეფასებითაც დგინდება, რომ საერთაშორისო ზარების მომსახურების შეჩერება დაიშვება კომისიის თანხმობის მიღების გარეშე ავტორიზებული პირის მიერ ავანსის/დეპოზიტის ამოწურვის შემთხვევაში. კერძოდ, კომისიის განმარტებები ცალსახად ადასტურებს, რომ ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარის წამოწყება/დასრულების) და საერთაშორისო ზარების ტერმინაციის (დასრულების) ბაზრის სეგმენტები წარმოადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბაზრის ორ სეგმენტს, რაზეც არ მომხდარა მსჯელობა. საერთაშორისო ზარის დასრულების სეგმენტში განხორციელდა ბაზრის დერეგულაცია (დასაშვებად იქნა მიჩნეული ურთიერჩართვაზე კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფზე მაღალი ტარიფის დადგენის შესაძლებლობა), ადგილობრივი ზარის დასრულების სეგმენტში კი, უცვლელი სახით მოქმედებდა კონკრეტული სპეც. რეგულაციები (კომისიის ყველა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ავტორიზებული პირები მიჩნეულ იქნენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად). აღნიშნული ფაქტი დასტურდება კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, რომლითაც აღარ გაგრძელებულა “საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის No571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. ამდენად, არაა დასაბუთებული 2017 წლის 1 მარტამდე იმ მომსახურებაზე (საერთაშორისო ზარების დასრულება) ახალი მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება, რომელიც გაუქმდა. მაშასადამე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია, რომლითაც შპს “მ...ს” დაევალა შეჩერებული საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების აღდგენა ურთიერთჩართვაზე მოქმედი ზღვრული ტარიფების ფარგლების ნაცვლად (მობილურ მომსახურებაზე 3.5 თეთრი, ხოლო ფიქსირებულ მომსახურებაზე - 2 თეთრი), მისგან განსხვავებული/გაზრდილი ტარიფებით (18,5 და 17 თეთრის ოდენობით). დამატებით, შეფასების გარეშეა დატოვებული მოტივები, რის გამოც კასატორის მიერ შეჩერებულ იქნა ავტორიზებულ პირებთან საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურება, არ არის გამოკვლეული “შპს მ...ს” წინაშე დავალიანების არსებობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საერთაშორისო ზარების დასრულებასთან დაკავშირებული ტარიფი კომისიის მხრიდან იმ პირობებში განისაზღვრა, როდესაც 2016 წლის 29 დეკემბრის 857/19 გადაწყვეტილებით, თავად კომისიამაც აღარ გააგრძელა საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების გავრცელება, ამდენად, პრაქტიკულად მოახდინა ბაზრის ამ სეგმენტის დერეგულირება. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის მე-4, მე-5 თავის მოთხოვნებს, იგი მიღებულია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებაზე ისე დადგინდა ახალი ზღვრული ტარიფი (18.5 თეთრი მობილური და 10 თეთრი ფიქსირებულ ქსელში), რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის №428/9 გადაწყვეტილებებში (რომლის მიხედვითაც ზღვრული ტარიფი ურთიერჩართვის მომსახურებაზე განსაზღვრულია 3.5 თეთრის ოდენობით მობილურ ქსელში, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით) და 2 თეთრი ფიქსირებულ ქსელში (დღგ-ს ჩათვლით), არ შეუტანია ცვლილება. წარმოდგენილ სარჩელზე დართული შპს „მ...ს“ მოწვევის ოფერტები კი, შეიცავს კასატორის მიერ ავანსის/დეპოზიტის ამოწურვისთანავე ავტორიზებულ პირთან კომისიის თანხმობის გარეშე საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების შეჩერების უფლებამოსილების წარმომშობ დებულებას. მოწვევის ოფერტები გამოქვეყნდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ელექტრონულ ვებ გვერდზე, პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომისიას შეეძლო “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობა. უგულებელყოფილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 მაისის განჩინების (საქმე №3/3283-17) სავალდებულო ეფექტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №259/18 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თვალსაზრისით. საბოლოოდ კი, უმართებულოდ განიმარტა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ზღვრული ტარიფი“, რომლის მართებულად განმარტების შემთხვევაშიც დადგინდებოდა კომისიის 2017 წლის 28 თებერვლის №08/632-17, 2017 წლის 02 მარტის №08/679-17 წერილის და 2017 წლის 10 მარტის №08/748-17 წერილებით დაფიქსირებული მოთხოვნის უკანონობა, ამდენად, მათ საფუძველზე მიღებული კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ იქნება კანონშესაბამისი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საპროცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. ამასთანავე, მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის არ გამოყენებით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). ამავდროულად, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს ევროკონვენციით დაცული უფლებების სავარაუდო დარღვევაზე ან ასეთი დარღვევით გამოწვეულ შედეგზე (იხ. mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). ამასთან, ეს უკანასკნელი, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის ნორმატიული მნიშვნელობის მიზნებისათვის, პირდაპირ, უშუალოდ და ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება სასამართლოთა ვალდებულებას უპასუხონ პირის „საკვანძო მოსაზრებებს ... აგრეთვე, მნიშვნელოვან, რელევანტურ და კონკრეტულ არგუმენტებს“ (ევროსასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.). ამავდროულად, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24; შეადარე: ევროპული სასამართლოს 1997 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Helle v. Finland, App. No. 157/1996/776/977, §60.). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (ევროსასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ამასთანავე, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთების ვალდებულება არ მიიჩნევა დარღვეულად იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვისას უბრალოდ იზიარებს და მხარს უჭერს იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც საფუძვლად დაედო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები (ევროსასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of García Ruiz v. Spain, App. No. §26.). სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (mutatis mutandis, ევროსასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61.). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი შემთხვევის გადაწყვეტა საჭიროებს კასატორის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადებით დადგენილი ვალდებულების დაცულობის გამორკვევას ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას ხელშეკრულების მეორე მხარის უფლებამოსილების მხრივ, ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად მოქმედი ურთიერთჩართვის მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით შეჩერებასთან დაკავშირებით.
უპირველესად, საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დადგენილ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „მ...“ 2010 წლის 01 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, აგრეთვე, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მოთხოვნები. ამასთან, მესამე პირები - შპს ,,ნ...“ (ს/ნ ...); შპს ,,კ...“ (ს/ნ ...); შპს ,,ჯ...“ (ს/ნ ...); შპს ,,მა...“ (ს/ნ ...); შპს ,,ქ...“ (ს/ნ ...); შპს ,,ა...“ (ს/ნ ...); შპს ,,ს...“ (ს/ნ ...); შპს ,,ლ...“; შპს ,,კა...“ (ს/ნ ...); ,,P...“-ის ფილიალი საქართველოში - წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და ახორციელებენ საერთაშორისო ზარების დასრულებას შპს „მ...ს“ ქსელში. შპს ,,მ...-ს“ ავტორიზებული საქმიანობის სახეებია - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება). ,მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისს N240/9 გადაწყვეტილების (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) მე-3 პუნქტის თანახმად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შპს ,,მ...’’ დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ. ამავე გადაწყვეტილების 4.1. პუნქტის თანახმად, მას დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 4.5. პუნქტის შესაბამისად, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ასევე 4.5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს ,,მ...ს’’, შპს ,,ჯე...ს’’ და შპს ,,მო...ს’’, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფები-3,5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით. აღნიშნული ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო შემომავალი და გამავალი ტარიფები და მასთან დაკავშირებული დანახარჯები. „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის, მათ შორის შპს „მ...-სთვის“ 1 წუთზე დადგინდა 0,20 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №446/19 გადაწყვეტილებით კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის - შპს ,,მ...ს“ - მიეცათ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით: ა) მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტრაფიკის მოცულობის მიხედვით; ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე 25 %-ით მეტი; გ) მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ მეორე საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 29 ივლისს, კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა შპს ,,მ...-ს“ 2016 წლის პირველი აგვისტოს მოწვევის ოფერტი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შესახებ კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N446/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გაუქმდა საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის დასრულებისთვის დადგენილი დროებითი რეგულაციები და 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის საბითუმო ბაზრის სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი - 3,5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...-ს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალა 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე. 2017 წლის 28 თებერვალს, შპს ,,მ...მა“ წერილობით (28.02.2017; შ-6/2012-17) მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ცვლილების შეტანა 2016 წლის პირველი აგვისტოს მოწვევაში. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებდა 2017 წლის პირველი აგვისტოს მოწვევის ოფერტის მოქმედების განსაზღვრას 2017 წლის პირველ ივნისამდე, ხოლო თავად ცვლილება ძალაში შედიოდა 2017 წლის პირველი მარტიდან. შპს ,,მ...ს“ მოწვევის ოფერტი აღნიშნული პირობებით არ გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე, ვინაიდან ის ეწინააღმდეგებოდა კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 და 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებებს და მოქმედ კანონმდებლობას. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 28.02.17 N08/634/17, 02.03.17 N08/678-17, 10.03.17 N08/748-17 წერილებით, შპს „მ...ს“ განემარტა, რომ კომისიის 2016 წლის N857/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე მოქმედებს მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები (კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებები). ასევე განემარტა, რომ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას ოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებაზე დაწესებული აქციზის გადასახადი. შესაბამისად, საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს უნდა დაემატოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული აქციზის გადასახადი. ამასთან, შპს ,,მ...ს“ ეთხოვა, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარდგენა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირის, შპს ,,მ...- ს“ მიერ კომისიაში გამოსაქვეყნებლად არ იქნა წარდგენილი მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტი. ამასთან, შპს „მ...მა“ შპს „ქ...-ს“ 2017 წლის 24 მარტს, ხოლო შპს „მა...-ს“, შპს „კ...-ს“, შპს „ა...-ს“, შპს „ს...-ს“, შპს „ლ...-ს“, შპს „კა...-ს“, შპს „ჯ...-ს“, P...-ის ფილიალს საქართველოში“ და შპს „ნ...-ს“ შეუჩერა ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში. ამავდროულად, შპს ,,მ...-ს“ არ მიუმართავს კომისიისთვის შპს „ქ...თან“, შპს „მა...თან“, შპს „კ...თან“, შპს „ა...სთან“, შპს „ს...თან“, შპს „ლ...თან“, შპს „კა...თან“, შპს „ჯ...თან“, P...”-ის ფილიალთან საქართველოში, შპს „ნ...თან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით და არ მიუღია კომისიისგან თანხმობა აღნიშნული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „მ...-ს“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომისიის 13.04.2017წ. N259/18 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება. მესამე პირებისთვის (შპს ,,ნ...“ (ს/ნ ...), შპს ,,კ...“ (ს/ნ ...), შპს ,,ჯ...“ (ს/ნ ...), შპს ,,მა...“ (ს/ნ ...), შპს ,,ქ...“ (ს/ნ ...), შპს ,,ა...“ (ს/ნ ...), შპს ,,ს...“ (ს/ნ ...), შპს ,,ლ...“, შპს ,,კა...“ (ს/ნ ...),27 ,,P...“-ის ფილიალი საქართველოში) კომისიის თანხმობის გარეშე, საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებით კი შპს „მ...ს“ მიერ დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 19.2,,ბ“, 19.3. მუხლის მოთხოვნები. ამავე კანონის 45.1 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, შპს „მ...სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და სახდელის სახით წერილობითი გაფრთხილების შეფარდება, ასევე ჩადენილი დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შპს ,,მ...სთვის“ შპს „მა...თან“, შპს „კ...თან“, შპს „ა...სთან“, შპს „ს...თან“, შპს „ლ...თან“, შპს „კა...თან“, შპს „ჯ...თან“, P...”-ის ფილიალთან საქართველოში და შპს „ნ...თან“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეჩერებული ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენის დავალება - „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მართებულია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი მიზნად ისახავს ამავე კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციას (23.1 მუხ.), რომელიც გულისხმობს ავტორიზებული პირის მიერ კანონის V თავით, ასევე კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას (23.2 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონით მოწესრიგებულია „ავტორიზებული პირის“ (2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), „დაშვების“ (2 მუხ. „რ“ ქვ.პ.), „დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებლის“ (2 მუხ. „ტ“ ქვ.პ.), „დაშვების (ურთიერთჩართვის) ტარიფის“ (2 მუხ. „ფ“ ქვ.პ.) და „ურთიერთჩართვის“ (2 მუხ. „ჰ29“ ქვ.პ.) საკანონმდებლო ცნებები, აღნიშნული ნორმები, ტექნიკური ტერმინოლოგიის შემცველ ნორმათა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც განიმარტება მათი ჩვეულებრივი, რეგულატორული საკანონმდებლო მნიშვნელობით, მათი იმ მნიშვნელობის შესაბამისად, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ობიექტია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ურთიერთჩართვის უწყვეტობის, მისი განგრძობადობის შენარჩუნება, ხოლო, აღნიშნული იურიდიული კანონზომიერების ძალით, ურთიერთჩართვის პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებული მეორე მხარის უფლებამოსილების განხორციელება უშუალოდ ეფუძნება მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის მოპოვებას. ამდენად, ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება ავტორიზებული პირის ვალდებულება შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ზემოაღნიშნული პირობის უზრუნველყოფას ემსახურება. მოცემული რეგულირებასთან სისტემურ კავშირშია ამავე კანონის მე-20 მუხლის „დ“ ქვეპუნქტიც, რომელიც კომისიის ერთ-ერთ საკვანძო ამოცანად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს ასახელებს, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორი არ უარყოფს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადების შეუსრულებლობის ფაქტს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებიც ობიექტურად განაპირობებს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათს და მიზეზებს, ეკისრება ავტორიზებულ პირს. საკასაციო საჩივრის ფარგლებში არსებულ მოტივაციად დასახელებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 აგვისტოს №570/18 გადაწყვეტილება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბოლო წინადადება ობიექტურად დასაბუთებული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში ითვალისწინებს კომისიის უფლებამოსილებას ავტორიზებული პირისათვის სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულების პირობებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც კომისიის ფარგლებში, ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში ასეთი ცნობები არ ყოფილა წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 აგვისტოს №570/18 გადაწყვეტილება არაა დავის საგანი, ხოლო კასატორმა ვერ უზრუნველყო გარემოებათა იდენტურობის დამტკიცება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის მნიშვნელობით, კომისიამ გამოიყენა „გაფრთხილების“ ზომა, ე.ი. შეარჩია მხოლოდ ის ობიექტური ზომა, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი დარღვევის უსწრაფეს და ნაკლებხარჯიან აღმოფხვრას, აგრეთვე არ მიაყენებს ზიანს მომხმარებლებს და შესაბამის ავტორიზებულ პირს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, შპს „მ...ს“ (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 05.01.2023წ. №141 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „მ...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „მ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.01.2023წ. №141 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე