საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-252(2კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - საქართველოს პრეზიდენტი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ბ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ბ-ემ 2023 წლის 30 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის №1000888054 დასკვნა, „დ. ბ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე“; ასევე ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის №418 ბრძანებულება დ. ბ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ; დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დ. ბ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადება და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტისათვის გადაგზავნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2023 წლის 31 ივლისის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000888054 დასკვნა; ბათილად იქნა ცნობილი 2023 წლის 7 სექტემბრის საქართველოს პრეზიდენტის №418 ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა დ. ბ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადება და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტისათვის გადაგზავნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
კასატორი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას არ იქნა ყურადღება მიქცეული იმ გარემოებაზე, რომ დ. ბ-ე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დ. ბ-ის მეუღლე და შვილები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ასევე არ არის ყურადღება გამახვილებული იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დ. ბ-ე ბავშვობის პერიოდიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, მას საშუალო და უმაღლესი განათლება მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციაში, დ. ბ-ის საქმიანობა, ბიზნესი დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან. ამასთან, როგორც დ. ბ-ის მიერ, აგრეთვე წარმომადგენლის მხრიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაჟღერდა მოსარჩელის ძირითადი მოტივები, რის გამოც მას სურს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, ცალსახად წინააღმდეგობაშია ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ, 2024 წლის 05 აპრილს სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მიერ გაჟღერდა რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც წარმოადგენს დ. ბ-ის რეალურ მოტივებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. დ. ბ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არ ყოფილა დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ მას მშობლების სურვილით, ადრეულ ასაკში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა რუსეთის ფედერაციაში. დ. ბ-ე საქართველოს მოქალაქე იყო 2018 წლამდე, ამ დრომდე მას არ დაუყენებია რისკის ქვეშ საქართველოს მოქალაქეობის საკითხი, თუმცა მისივე ახსნა- განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წელს ბიზნესინტერესების დასაცავად გადადგა ნაბიჯი და მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. მისი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა ბიზნესს, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაციაში, მიიღო ამავე ქვეყნის მოქალაქეობა და ეს იყო მისთვის ძირითადი მიზეზი. შესაბამისად, მოსარჩელე თავადვე აღიარებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხის რისკის ქვეშ დაყენება, განპირობებული იყო, პირადი, ბიზნეს ინტერესების დასაცავად. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დ. ბ-ისთვის დღეის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის საკითხი არის დამატებითი საფრთხე სანქციების კუთხით. ამდენად, დ. ბ-ემ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებით საკუთარი ბიზნესი დაიცვა, თუმცა დღეს, რადგან შეიძლება სანქციების ქვეშ მოექცეს, ამიტომ სურს შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა, მოტივი აღნიშნულ შემთხვევაშიც პირადი ხასიათისაა. აგრეთვე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დ. ბ-ე ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდულია შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კასატორის განმარტებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის კანონიერების შეფასებისას, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან არსებითად უნდა შეფასებულიყო მოსარჩელის ძირითადი და მთავარი მოტივები, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან მიმართებით, რაც არ განხორციელებულა.
კასატორი - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გამოცემული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით და კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე განსხვავებულად შეაფასეს. უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ დ. ბ-ე სხვა ქვეყნის მოქალაქეა და ფლობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტს. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება, ვერ იქნებოდა მიღებული, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს შეუნარჩუნდება საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ამ შემთხვევაში მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარი ეთქვა, რაც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დ. ბ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმისა და მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებულების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დ. ბ-ე (დაბ.: ... წელს) დაიბადა საქართველოში, ქ. ტყიბულში და არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 2023 წლის 24 მაისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ - დ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. 2023 წლის 27 ივნისს დ. ბ-ესთან ჩატარდა გასაუბრება, რომლის თანახმად დგინდება, რომ დ. ბ-ე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში, ტყიბულის რაიონში, საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო ქ. მოსკოვში. ფლობს ... კომპანიას ქ. მოსკოვში, მეუღლე და შვილები არიან რუსეთის მოქალაქეები. საქართველოში ჰყავს დედა და და ნათესავები. გეგმავს მომავალში საქართველოში ბიზნესის დაწყებას. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ორმა წევრმა ნ. შ-ემ და ლ. წ-მა წარადგინეს განსხვავებული პოზიცია: დ. ბ-ე დაიბადა საქართველოში, ჰყავს საქართველოს მოქალაქე დედა და ნათესავები, ოჯახი საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას. მათ მიერ დაფიქსირებულ იქნა დ. ბ-ის მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი პოზიცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ მის მიმართ არსებობს საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა. კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, შეფასება მისცა მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას და მიიჩნია, რომ დ. ბ-ე არ აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციისა და დ. ბ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე საქართველო/რუსეთის მოქალაქის დ. ბ-ის მიმართ არ არსებობდა 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა.
მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 25 მაისს წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა დ. ბ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. ასევე, სააგენტომ 2023 წლის 29 მაისს წერილობით მიმართა საქართველოს დაზვერვის სამსახურს და სთხოვა ეცნობებინა წერილში მითითებული პირების მათ შორის დ. ბ-ის შესახებ სამსახურს გააჩნდა თუ არა ინფორმაცია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №SSG 5 23 00134771 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. 2023 წლის 01 ივნისის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის №00002933 წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ 2023 წლის 29 მაისის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000888202/1 წერილში მითითებული პირების, მათ შორის, დ. ბ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
2023 წლის 31 ივლისს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის დ. ბ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე უარყოფითი №1000888054 დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის გადაეგზავნა. განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ დ. ბ-ე არის საქართველოს მოქალაქე და მოპოვებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. დასკვნაში სააგენტომ აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის და მასალების წარდგენის შემდგომ 2023 წლის 28 ივნისის სხდომაზე კომისიამ განიხილა და შეაფასა დ. ბ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადებაზე სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაცია, ადმინისტრაციული წარმოების მასალები და დაადგინა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, მის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.
2023 წლის 31 ივლისის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000849859/1 წერილით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურს გადაეგზავნა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დასკვნები, მათ შორის, დ. ბ-ის მიმართ მიღებული №1000888054 დასკვნა. 2023 წლის 01 აგვისტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000888054/2 წერილით დ. ბ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის №1000888054 დასკვნა გადაგზავნილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2023 წლის 31 ივლისს. აღნიშნული წერილით სააგენტომ დ. ბ-ეს ასევე აცნობა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.
2023 წლის 01 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის №5577 წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარდგენილ დასკვნებზე, მათ შორის, №1000888054 უარყოფით დასკვნაზე „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
2023 წლის 05 სექტემბრის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000894933 დასკვნის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია 2023 წლის 28 ივნისის №1000894933 განცხადების/წარდგინების დაკმაყოფილება და დ. ბ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. 2023 წლის 7 სექტემბრის, საქართველოს პრეზიდენტის №418 ბრძანებულებით, დ. ბ-ეს (დაბადებული - ... წლის ... ...ს, საქართველოში) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს და საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები ამომწურავად არის გაწერილი დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხები განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით. მითითებული მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პუნქტი 1); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (პუნქტი 2); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4).
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, ხოლო 39-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც თუ სააგენტოსათვის კომპეტენტური ორგანოების წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობას კანონში მითითებული კონკრეტული საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტოს გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შედეგად, იმისათვის, რომ მოქალაქეობის უსაფუძვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, პირს უკანონოდ არ შეეზღუდოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტში დ. ბ-ის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მან მოიპოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. თუმცა საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირის საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას, მაგალითად საქართველოში უძრავი ქონების ფლობა, საქართველოში საქმიანობა, ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან, თუმცა კანონმდებლობაში ჩამოთვლილი აღნიშნული კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ დ. ბ-ეს ბიზნესიდან გამომდინარე პირადი ინტერესების ქონის მოტივით სურს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, არ წარმოადგენს უარყოფითი დასკვნის მომზადების წინაპირობას, უფრო მეტიც, აღნიშნულით პირი გამოხატავს სამომავლო კავშირის სურვილს საქართველოსთან, რაც ერთ-ერთი მხედველობაში მისაღები გარემოებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ დ. ბ-ე არის ეთნიკურად ქართველი, დაბადებულია საქართველოში, ქ. ტყიბულში, საქართველოში ჰყავს დედა და ნათესავები, რომელთაც აქვს უძრავი ქონება საქართველოში. მითითებული გარემოებებით მისი მჭიდრო კავშირი საქართველოსთან უდავოა. შესაბამისად, გასაჩივრებული დასკვნა არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. გასაჩივრებული დასკვნა, თავის მხრივ, ეფუძნება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმს, სადაც კომისიის წევრების არაერთგვაროვანი პოზიციაა დაფიქსირებული მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა დადებითი დასკვნის მომზადება, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 7 სექტემბრის №418 ბრძანებულების ბათილად ცნობა კანონიერია, რის გამოც სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 12 თებერვალს №02832 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე