საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-376(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ჩ-ემ 2023 წლის 27 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის -საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის 12 იანვრის №SSG 3 23 00005943 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის 2023 წლის 13 თებერვლის №SSG 0 23 00034263 „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“აქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაზუსტდა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნა და მანამდე არსებულ სასარჩელო მოთხოვნებს დაემატა მოპასუხე საქართველოს დაზვერვის სამსახურს დაევალოს არსებობის შემთხვევაში „ლ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების“, მოსარჩელისთვის გადაცემა ან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ლ. ჩ-ის მოთხოვნა სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების გამოცემის შესახებ (იხ: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, მის მიერ სასამართლოსთვის მიმართვა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მის განცხადებაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურიდან მიიღო გაურკვეველი პასუხები, კერძოდ, არსებობს შესაბამისი ბრძანება სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში მის დანიშვნის შესახებ, არსებობს ბრძანება დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში მივლინების შესახებ. მოსარჩელე ითხოვდა დოკუმენტებს სპეცსამსახურებში მისი ნამსახურობის თაობაზე, რადგან უნდოდა გაერკვია - აქვს თუ არა საკმარისი სტაჟი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპენსაციის მისაღებად. სასამართლო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა მისი კანონიერი მოთხოვნა: მოპასუხეებს არსებობის შემთხვევაში, გადაეცათ მისთვის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება, არარსებობის შემთხვევაში კი გამოეცათ ასეთი ბრძანება.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება ბუნდოვანია და გაურკვეველია საკითხი იმის თაობაზე ბრძანება არსებობს თუ არა. სასამართლო აქცენტს აკეთებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაზე და მიუთითებს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მისთვის არგაცნობა მოპასუხეთა კანონიერი ქმედებაა. კასატორისთვის ასევე გარკვეული რჩება შრომითი ურთიერთობის არსებობის საკითხი, რის გამოც მიმართა სასამართლოს და ითხოვა ინფორმაცია დაზვერვის სამსახურში მისი ნამსახურების შესახებ ცნობის, დანიშვნისა და განთავისუფლების თარიღების მითითებით, რაზეც დაუსაბუთებლად და არაკანონიერად ეთქვა მას უარი.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა, როდესაც არ გააცნო მას ის ოთხი დოკუმენტი, რომელიც გამოთხოვილ იქნა სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით კასატორს არ ჰქონდა დაშვება იმ დოკუმენტებზე, რომელზეც ვრცელდებოდა სახელმწიფო გრიფიდ საიდუმლო და არ გაითვალისწინა კანონის დანაწესი, რომლის თანახმად, მას მინიჭებული აქვს უფლება, რომ მოთხოვნისთანავე გაეცნოს იმ დოკუმენტებს, რომლებიც მის შესახებ ინახება სახელმწიფო დაწესებულებაში, ამდენად, კასატორის განმარტებით, აბსურდია, რომ სპეცსამსახურის მაღალი რანგის და ჩინის ოფიცერს არ აცნობენ დოკუმენტს, რომელიც პირადად მას ეხება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მიერ სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი ყველა მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ დაცულ სხვა ოფიციალურ დოკუმენტს, თუ არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა. ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა სახელმწიფო მმართველობის კანონიერებისა და ლეგიტიმურობის პროპორციულია და დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების თვისებაა სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან ინფორმაციის მიღება ექვემდებარება კანონისმიერ მოწესრიგებას. ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. გამჭვირვალობის საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით განისაზღვრა ინფორმაცია, რომლის ღიაობა აღემატება ინფორმაციის გასაიდუმლოების ინტერესს.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამასთან, დასახელებული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობის, აგრეთვე მათი ასლების მიღების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის III თავით. ამდენად, საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და მისი შეზღუდვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. სასამართლო მიუთითებს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე, რომელიც იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ამ მუხლის შესაბამისად პიროვნებას აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას _ ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების უფლებას, თუ იგი შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ. ჩ-ე (პ/ნ ...) 1994 წლის 27 იანვრიდან 1997 წლის 01 ნოემბრამდე მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. ლ. ჩ-ე 1994 წლის 01 სექტემბრიდან 1995 წლის 28 ივლისამდე სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აკადემიაში და გაიარა მომზადების სრული კურსი. ლ. ჩ-ეს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 1997 წლის 10 თებერვლის N68-პ/შ ბრძანებით, მიენიჭა სამხედრო წოდება „უფროსი ლეიტენანტი“. ლ. ჩ-ე, საქართველოს უშიშროების მინისტრის 1997 წლის 22 ოქტომბრის №724 პ/შ ბრძანებით, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით, აყვანილ იქნა კადრების სამმართველოს განკარგულებაში და მივლინებულ იქნა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის კადრების სამმართველოს განკარგულებაში.
საქართველოს დაზვერვის სამსახურში ლ. ჩ-ის პირადი საქმე არ ინახება. სამსახურის საარქივო დოკუმენტებში კი ლ. ჩ-ის სამსახურის გავლასთან დაკავშირებით იძებნება ოთხი ბრძანება, რომლებსაც მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი.
ლ. ჩ-ემ 2023 წლის 09 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შესაბამისი ბრძანების გამოცემა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის 12 იანვრის №SSG 3 23 00005943 წერილით ლ. ჩ-ეს ეცნობა, რომ სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა 2023 წლის 09 იანვრის მოთხოვნა, ვინაიდან განმცხადებელი არ ირიცხებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
საკასაციო პალატა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ლ. ჩ-ე საქართველოს უშიშროების მინისტრის 1997 წლის 22 ოქტომბრის №724 პ/შ ბრძანებით, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით, აყვანილ იქნა კადრების სამმართველოს განკარგულებაში და მივლინებულ იქნა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის კადრების სამმართველოს განკარგულებაში. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით სადაზვერვო საქმიანობას კი, „საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ახორციელებს საქართველოს დაზვერვის სამსახური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამდენად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოსაგან ითხოვს ოფიციალური დოკუმენტის - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაცემის დავალებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაცული არ არის, ადმინისტრაციული ორგანო კი ვალდებულია გასცეს მხოლოდ მასთან დაცული ინფორმაცია, შესაბამისად, ინფორმაციის არარსებობა წარმოადგენს მის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიმართ - მოპასუხე საქართველოს დაზვერვის სამსახურს დაევალოს არსებობის შემთხვევაში, ლ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გადაცემა, საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს „საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლიც განსაზღვრავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურში მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას. მე-3 მუხლის თანახმად კი, სამსახური სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო- ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ამასთან, სამსახური ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას.
„საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად სამსახურს შეუძლია ითანამშრომლოს პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე, სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. ასეთ პირთან თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით (პირველი პუნქტი). პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სამსახურთან, უფლება აქვს: ა) სამსახურთან დადოს ხელშეკრულება კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან მასთან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით; ბ) სამსახურის მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლება- მოვალეობების შესახებ; გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სამსახურის მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება; ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სამსახურთან თანამშრომლობის პერიოდში (მე-2 პუნქტი). ამასთან, პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სამსახურთან, ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სამსახურთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები; ბ) არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია; გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (მე-3 პუნქტი). აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტში კი მითითებულია, რომ არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სამსახურთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 05 დეკემბრის №00006602 წერილით დადგენილია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ლ. ჩ-ის პირადი საქმე არ ინახება. სამსახურის საარქივო დოკუმენტებში კი მოსარჩელის სამსახურის გავლასთან დაკავშირებით იძებნება ოთხი ბრძანება, რომლებსაც მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, გასაიდუმლოებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არის დამუშავებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ცნობა/ინფორმაცია ან მატერიალური საგანი (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა), რომელიც საჭიროებს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემს/ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.
საკასაციო პალატა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წერილის შინაარსიდან გამომდინარე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ დაზვერვის სამსახურში მოსარჩელის სამსახურის გავლასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, რომლის ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების არმქონე პირთათვის; მოსარჩელეს აღნიშნულ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება არ გააჩნია, შესაბამისად, მართებულად იქნა მიჩნეული სააპელაციო პალატის მიერ ლ. ჩ-ის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც უსაფუძვლოდ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ კასატორს მასთან მიმართებაში არსებული ბრძანებების გასაიდუმლოება სადავოდ არ გაუხდია და არც მისი განსაიდუმლოებაზე მიუმართავს საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.11.2021წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე