Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-458(2კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-მა 2020 წლის 23 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივნისის №000152 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 ივლისის №735 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამო იგი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივნისის №000152 დადგენილებით დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით. მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე, რომელიც მოსარჩელის წინაპრების მიერ შეძენილია 1944 წელს, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა. მხოლოდ 2000 წელს, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებდა პირს მიეღო ნებართვა სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, გამოიცვალა საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ხის კარი რკინის კარით, ხოლო სხვა კაპიტალური სამუშაოები ობიექტზე არ ჩატარებულა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო შენობის წინა ფასადზე დამატებული კაპიტალური მიშენება ფართში ჩასასვლელი კიბის საფეხურებით, ქუჩის მხარეს მოწყობილი ლითონის სვეტები და მავთულბადის ღობე განთავსებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მასზე ნებართვის გაცემის ვალდებულებას კანონმდებლობა მოითხოვდა 1998 წლიდან, ნებართვას კი გასცემდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო - შესაბამისი რაიონის გამგეობა. საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ საცხოვრებელ სახლზე, 1944 წლის შემდეგ არ განხორციელებულა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმა, რომელზედაც ბოლო თარიღად მითითებულია 1987 წელი, არ შეესაბამება სადავო აქტების მიღების დროს შენობა-ნაგებობის არსებულ მდგომარეობას. საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული განსხვავებული მდგომარეობის კანონიერებისათვის და სადავო დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნეული სამუშაოებისათვის, უნდა არსებობდეს მათი წარმოების უფლების შესაბამისი დოკუმენტი და იმ პერიოდის გათვალისწინებით, როდესაც ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები. მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია 2000 წლამდე ან 2000 წელს. ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო არის ვალდებული უკანონო მშენებლობის კონკრეტული თარიღი მიუთითოს, არ გამომდინარეობს საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებიდან, სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათიდან გამომდინარე. ვინაიდან მოსარჩელე მ. მ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი სანებართვო დოკუმენტაცია, არსებობდა სადავო დადგენილების მიღების წინაპირობა.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივნისის №000152 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 ივლისის №375 ბრძანება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ან გამოვლენის კონკრეტული დრო ან/და მ. მ-ის მამკვიდრებლის (ბებია - ნ. მ-ი) მიერ უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება. ხოლო მტკიცებულება, რომ სადავო ობიექტები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული ან/და მათი განთავსებისათვის არსებობს კომპეტენტური ორგანოს ნებართვა/თანხმობა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი წესით. საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის მ. მ-ის მიერ საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1. „ა“ მუხლით (სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები არის კანონშეუსაბამო და ექვემდებარება ბათილად ცნობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორ ადმინისტრაციულ ორგანოთა განმარტებით, მ. მ-ი ადასტურებს მის მიერ მავთულბადის ღობის მოწყობის ფაქტს, რომელიც ნაწილობრივ გადადიოდა სახელმწიფო ტერიტორიაზე. ამასთან, განხორციელდა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად შეიცვალა შენობა-ნაგებობის გაბარიტები. ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში კი ვერ მოხდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელი პირის ვინაობის დადგენა, რადგან მ. მ-ის მიერ მითითებული მისი მამკვიდრებელი, რომლის დროსაც სავარაუდოდ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები, გარდაცვლილია. სწორედ ამიტომ, მ. მ-ს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს, დაეკისრა პასუხისმგებლობა, ხოლო მავთულბადის მოწყობის შემთხვევაში - როგორც მის მწარმოებელ პირს. მესაკუთრე, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს უნებართვო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა, რაც გამოიხატება ზედამხედველობის ორგანოს მითითების შესრულებასა და მის უძრავ ქონებაზე არსებული დარღვევების გამოსწორებაში. განსახილველ შემთხვევაში კი, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილში მ. მ-ის ბრალეულობა მის უმოქმედობაში გამოიხატა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეა მიღებული, რაც მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მ. მ-ის დაჯარიმებისა და ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის დავალების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივნისის №000152 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 ივლისის №735 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებსა და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. დასახელებული კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, საშიში ქიმიური ნივთიერება/ნაერთი, სახიფათო ნარჩენი ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და მუნიციპალიტეტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 ნაწილზე, რომლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. ამავე კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი: 08/09/2015 წ.), ქ. თბილისში, ... ქ. №20 (ს/კ ...) მესაკუთრეებს წარმოადგენენ ა. კ-ე, ე. ტ-ი, ე. ც-ა, მ. ტ-ე, მ. ხ-ი, რ. ც-ე და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრენი. 2013 წლის 27 მაისის 130519838 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მ. მ-ი არის მამკვიდრებლის ნ. მ-ის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილიშვილი და სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. თბილისი, ... ქ. №20.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს, მ. მ-ის მიმართ გაიცა №000152 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №20-ში განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული იყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, შენობა-ნაგებობის წინა ფასადზე დამატებულია კაპიტალური მიშენება ფართში ჩასასვლელი კიბის საფეხურებით, კარის ნაცვლად მოწყობილია ფანჯარა გისოსით. ასევე არსებულ ფანჯრის ღიობზეც დამატებულია გისოსი. ქუჩის მხარეს ასევე, დამატებულია ლითონის სვეტები და მავთულბადის ღობე. შენობა-ნაგებობის უკანა ფასადზე დამატებულია ორი ფანჯარა ჟალუზებით. აღნიშნული მითითებით სამართალდამრღვევს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა ან აღნიშნული სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა.

2019 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №000152 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითების პირობების შეუსრულებლობა. ამავე სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის №000152 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ. მ-ი დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ... ქ. №20-ში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ შენობა-ნაგებობის წინა ფასადზე დამატებული კაპიტალური მიშენება, ფართში ჩასასვლელი კიბის საფეხურებით, გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. 2020 წლის 3 ივლისის ბრძანებით, აღნიშნულ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ დააკმაყოფილა.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1. მუხლის სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2019 წლის ივნისი) მოქმედი რედაქციის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა- ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − მესამე ან მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობაზე – 20 000 ლარით. დასახელებული საკანონმდებლო აქტის 07.03.2018 წლამდე მოქმედი რედაქციის 44.1. მუხლი უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, ითვალისწინებდა დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. ხსენებული მუხლი ასევე ითვალისწინებს შენიშვნას, რომლის თანახმად, 1. უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად; 2. გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ - „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02.03.2020წ. №139 დადგენილებით), რომელიც მოიცავდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დადგენილება ახდენს უნებართვო მშენებლობის დეფინიციას და განმარტავს, რომ უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. დადგენილების 4.1. მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ხსენებული დადგენილების თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა, ხოლო რეკონსტრუქციას განმარტავს როგორც არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლას, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით (მე-3 მუხლის 43-ე და 50-ე პუნქტები). №57 დადგენილების 36.1. მუხლით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს ამოქმედდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომელიც ადგენს: ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (1.1 მუხ.). აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის განმახორციელებელი პირის დეფინიციებს, კერძოდ, მშენებლობა განიმარტება იმ მოქმედებათა ერთობლიობად, რომლებიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ახალი მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს (მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტი); მშენებლობის განმახორციელებელი პირი არის მშენებლობის ნებართვის მფლობელი ან პირი, რომელიც ახორციელებს უნებართვო მშენებლობას (მე-3 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტი), ხოლო რეკონსტრუქცია − არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით (მე-3 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი). დასახელებული კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობის დადგომას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კერძოდ, დასახელებული კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვთ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება, დაადგინოს ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, სახეზეა თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზიანი, ასევე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო ან/და მ. მ-ის მამკვიდრებლის (ბებია) მიერ უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება. ამასთანავე, არ დგინდება აღნიშნული შენობა-ნაგებობის, კონკრეტულად, რომელი თანამესაკუთრის ნაწილში განხორციელდა უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე უტყუარად არ არის დადგენილი ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრაციის შემდგომ განიცადა თუ არა შენობამ ისეთი ცვლილებები, რაც სადავო აქტშია მითითებული. დასახელებული გარემოებების დამტკიცება კი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა, რამეთუ ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უტყუარად უნდა დაადასტუროს იმ გარემოებათა არსებობა, რომელთაც განაპირობეს კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენა. ამასთან სავარაუდო სამართალდარღვევა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. შეფარდებული მუხლის საფუძველზე პირის სანქცირებისათვის, პირველ რიგში, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს ფაქტის არსებობა, ხოლო შემდგომ - სავარაუდო სამართალდამრღვევის კავშირი ფაქტთან (სუსგ №ბს-53(კ-20), 23.07.2020წ.).

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ისე გამოსცეს სადავო აქტები, რომ არ გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღეს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე