საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-471(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - - შპს „გ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...იმ“ 2020 წლის 3 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2020 წლის 14 მაისის №01/11-23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, სადავო აქტით დაკმაყოფილდა შპს „გ...-ის“ საჩივარი და შპს „...ის“ დაევალა შპს „გ...-ის“ კუთვნილი ობიექტის (ქ. თბილისი, ... ქ. №9ა, ს/კ №...) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება სრული ტექნოლოგიური ციკლით. მოსარჩელის მითითებით, გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე უარი გამოიწვია იმ გარემოების არსებობამ, რომ ობიექტზე კვლავ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, არ იყო ამოყვანილი ბოლო ორი სართულის კედლები, იყო მხოლოდ კარკასი, მუშაობდა ამწე, ამასთანავე, არ იყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოების პირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „გ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...იმ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, კვლავ აპელირებს დაუსრულებელ მშენებლობასა და უსაფრთხოების წესების დაუცველობაზე და დამატებით განმარტავს, რომ კომპანიის მოქმედებები სრულად შეესაბამება სწორედ ობიექტზე არსებული ტექნიკური მდგომარეობის შეფასებასა და საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, აგრეთვე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ ძირითად პრინციპს, კერძოდ, მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტ და საიმედო მომარაგებას, რაც ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ უმთავრეს მიზანს - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.
კასატორის აღნიშვნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ვერც თავისი გადაწყვეტილებით და ვერც სასამართლოში გაკეთებული ახსნა-განმარტებებით ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვერ მიუთითა ვერც ერთ გარემოებაზე, ნორმატიული აქტზე, რომელიც იურიდიულ საფუძველს შეუქმნიდა მის პოზიციას და ვერ მოახერხა კომპანიის პოზიციების და ახსნა-განმარტებების გაბათილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Va№ de Hurk v. №etherla№ds, §61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] §26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 მაისის №01/11-23 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რომლითაც დაკმაყოფილდა ,,გ...-ის“ მოთხოვნა და შპს „...ის“ დაევალა უზრუნველეყო შპს ,,გ...-ის“ კუთვნილი ობიექტის (ქ. თბილისი, ... ქ. №9ა, ს/კ №...) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება სრული ტექნოლოგიური ციკლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობებს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის და ხარვეზის დადგენის წინაპირობებს ადგენს ამავე „წესების“ 191 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ პირმა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და ამ წესების პირობების დაცვით გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ ნომერზე და ელექტრონულ მისამართზე – განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის მითითებით, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზმომარაგების დაწყებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენა (გარდა ამ წესების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამასთან, თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვალისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე-19 და 191 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს ხარვეზის დადგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თუ 5 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-19 და 191 მუხლით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთება არ არის მოთხოვნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის განაცხადით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განაცხადის ხელახლა წარდგენისას.
უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტექსტში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობებში გაზიფიკაციის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ მითითებულ შენობებში დასრულებულია კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები (გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა), მათ შორის, აშენებულია ყველა სართული, გადახურვით, საერთო სარგებლობის ფართობი, სადაც განთავსებული იქნება გაზგაყვანილობა და/ან გაზის აღრიცხვის ხელსაწყოები, რომლებიც უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო მრავალბინიანი შენობების შემთხვევაში, დასრულებულია და დაცულია ლიფტის შახტები; მოწესრიგებულია კიბის უჯრედები და გამოყოფილია ბინები. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გაზის მიმწოდებელი შესაბამისი საწარმო უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი ინფორმაცია გაზიფიცირების ობიექტზე შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და ადგილზე შეამოწმოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა.
საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ 2019 წლის 11 ნოემბერს შპს „გ...-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა შპს „...ის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ქ. თბილისი, ... ქ. №9ა; ს/კ №...) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით და გადაიხადა მიერთების საფასური 54 400 ლარი. შპს „...ის“ მიერ აღნიშნული განცხადება დახარვეზდა, ვინაიდან, განაცხადის წარდგენის მომენტში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში კვლავ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები (კერძოდ, კორპუსის ბოლო ორ სართულზე არ იყო ამოყვანილი კედლები და იყო მხოლოდ მზიდი კონსტრუქცია - ე.წ. კარკასი, არ იყო მოაჯირები), ობიექტზე მიმდინარეობდა რთული სამუშაოები (მუშაობდა ამწე), არ იყო უზრუნველყოფილი შრომის უსაფრთხოების პირობები, შესაბამისად, მშენებლობადაუსრულებელ პროექტზე ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა გაზგამანაწილებელი ქსელის საპროექტო სამუშაოებიც კი, ვინაიდან შეუძლებელი იყო დაუსრულებელ ფართებში შერჩეულიყო გაზსადენის ან/და მასთან მიერთებული დანადგარების განთავსების ადგილები. გასათვალისწინებელი იყო ასევე ის გარემოებაც, რომ გაზგამანაწილებელი ქსელის, (განსაკუთრებით დგარების და მწოლანას) დიამეტრების შერჩევისათვის საჭირო ჰიდრავლიკური გაანგარიშებისათვის, აუცილებელი იყო დადგენილიყო საცხოვრებელი ფართების და გაზზე მომუშავე ხელსაწყოების ზუსტი რაოდენობები და ადგილმდებარეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...ის“ მიერ განაცხადი დახარვეზდა და განუხილველად იქნა დატოვებული.
ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 17 მარტს შპს „გ...-ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთების შესახებ შპს „...ის“ უარის გაუქმება და შპს „გ...-ის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 მაისის №01/11-23 გადაწყვეტილებით შპს „გ...-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა და შპს „...ის“ დაევალა უზრუნველეყო შპს „გ...-ის“ კუთვნილი ობიექტის (ქ. თბილისი, ... ქ. №9ა; ს/კ №...) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება სრული ტექნოლოგიური ციკლით. ამავე გადაწყვეტილებით კომისიამ დაასკვნა, რომ შპს „...ის“ მიერ ვერ იქნა წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც განაცხადის შეტანის დროს შპს „გ...-ის“ მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ დარღვევებს დაადასტურებდა.
კასატორი არ ეთანხმება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 მაისის №01/11-23 გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ შპს „გ...-ის“ კუთვნილ ობიექტზე (ქ. თბილისი, ... ქ. №9ა; ს/კ №...) კვლავ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობა არ იყო დასრულებული, არ იყო უზრუნველყოფილი შრომის უსაფრთხოების პირობები. აღნიშნული გარემოების დასტურად კი მიუთითებს საქმეში დაცულ შპს „...ის“ კითხვარზე, რომლის საფუძველზეც კომპანია არკვევს რა სახის სამუშაოებია შესრულებული კორპუსზე. აღნიშნული კითხვარი შევსებულია შპს „გ...-ის“ წარმომადგენლის - თ. გ-ი მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირის - თ. გ-ის (განმცხადებელ კომპანიაში დასაქმებული პირის) ახსნა-განმარტება, რომელმაც დაადასტურა, რომ გაზიფიცირების მოთხოვნით შპს „...ისათვის“ განცხადების წარდგენის დროისათვის მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებული იყო, კერძოდ, დასრულებული იყო გადახურვა, მოწყობილი იყო კიბის უჯრედები, გამოყოფილი იყო ბინები, მხოლოდ მოაჯირები იყო დროებით განთავსებული.
მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის განცხადების შევსების დროისთვის მშენებლობის მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით, თუმცა ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. უფრო მეტიც, როგორც მის მიერ წარმოდგენილი მასალებით დგინდება, არ განუხორციელებია შენობის ფოტო/ვიდეო გადაღება, რომელიც უფრო დამაჯერებელს გახდიდა მის არგუმენტს ხარვეზის დადგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ორმხრივი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე, მასზე ხელმომწერი პირი ქვედა ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტავს საპირისპირო მოცემულობას, რაც არასარწმუნოს ხდის მოსარჩელის მტკიცებულებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმ დოკუმენტებზე, რომელიც შპს „გ...-მა“ წარადგინა შპს ,,...ი-ში“ 2019 წლის 11 ნოემბერს, ესენია: დაზუსტებული მისამართები აბონენტების მიხედვით, მითითებულია გაზიფიცირების განსახორციელებლად ბინათა ნუმერაცია და რაოდენობა. ასევე, წარდგენილი იყო მშენებლობის კალენდარული გეგმა. ასევე მნიშვნელოვანია მშენებლობის ამსახველი ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს „...ის“ მიერ შპს „გ...-ის“ 2019 წლის 11 ნოემბერს წარდგენილი განაცხადისათვის ხარვეზის დადგენა წინააღმდეგობაში იყო სამშენებლო ობიექტის იმჟამად არსებულ რეალურ მდგომარეობასთან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს „...ის“ მიერ მრავალბინიანი კორპუსი მიჩნეული იქნა მშენებლობადაუსრულებელ ობიექტად, არ ქმნიდა ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთების სამუშაოების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 14 მაისის №01/11-23 გადაწყვეტილება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა დაცვით და არ არსებობის მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...ის“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 23 აპრილს №872 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე