საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-512(კ-22) 15 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 2019 წლის 30 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გ) შპს ,,...ისათვის“ მინიჭებული ლიცენზიების გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციის დავალება უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით, შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 1 ოქტომბერს განცხადებით მიმართა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 11-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაცია, რომელიც ეფუძნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2006 წლის 19 დეკემბრის N1378 ბრძანებით შპს „...ისათვის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გადაცემის ფაქტს. აღნიშნული ბრძანების 1-ელი მუხლით განისაზღვრა კონტურები, რომლის ფარგლებშიც კომპანიას გადაეცა მიწისა და სამთო მინაკუთვნი, საერთო ფართობით 16 430 ჰა. აღნიშნული თვალსაზრისით, მოსარჩელემ 16 430 ჰა-ში შემავალ 3464,4 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობზე მოითხოვა ზემოაღნიშნული უფლებების რეგისტრაცია, რომელსაც დაურთო კანონით დადგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 11-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლებების არსებობა დასტურდება მისთვის მინიჭებული ლიცენზიით, უკანონოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №... და ამავე სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N... გადაწყვეტილებები.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ (ს/ნ ...) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ (ს/ნ ...) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „...ის“ (ს/ნ ...) 2019 წლის 1 ოქტომბრის N... განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 3 464,4 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საჯარო სამართლით გათვალისწინებულ სარგებლობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „...ის“ მოთხოვნა გამომდინარეობს „წიაღის შესახებ“ კანონის მე-7 (სამთო მინაკუთვნი) და მე-8 (მიწის მინაკუთვნი) მუხლების დანაწესებიდან. საქმის მასალებზე, „წიაღის შესახებ“ კანონსა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებულ ნორმებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წიაღის ფონდისადმი მიკუთვნებული მიწების როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებობა შესაძლებელი იყო, ხოლო საჯარო რეესტრი, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო აღრიცხავდა/აღრიცხავს წიაღის ფონდისადმი მიკუთვნებულ მიწებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უფლება, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვდა შპს „...ი“ ექვემდებარება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში რეგისტრაციას, ვინაიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. „წიაღის შესახებ“ კანონის მე-7 და მე-8 მუხლები ადგენს ერთი მხრივ, წიაღით მოსარგებლის უფლებას, გამოიყენოს მიწის და სამთო მინაკუთვნი, ლიცენზიით მინიჭებულ ფარგლებში, რაც შესაბამისად, ამ ფარგლებში ზღუდავს წიაღის ფონდში მოქცეული მიწების განკარგვისა და გამოყენების ფარგლებს მესაკუთრის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, აწესებს შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N ... (04.10.2019) გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, „წიაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები, რაზეც განმცხადებელი ამყარებდა თავის მოთხოვნას. შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილებით, შპს „...ს“ დაუსაბუთებლად ეთქვა უარი უფლების რეგისტრაციაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი უფლება (საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე) არ ექვემდებარებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ამასთან, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გაიზიარა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, ხოლო, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თმის საფუძვლად, 2019 წლის 29 ნოემბრის N... გადაწყვეტილებაში დამატებით მოიხმო ახალი გარემოება - „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვა. თუმცა, სააპელაციო პალატის მითითებით, არც ხსენებული გარემოება არ გამოკვლეულა სათანადოდ ადმინისტრაციული წარმოებისას. ნიშანდობლივია, რომ მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება) როგორც წიაღის ფონდის მიწა, ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ცნობილია იმ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები, თუნდაც დაუზუსტებელი სახით, რომლებიც შეიტანება წიაღის ფონდში. სადავო N... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, 02.10.2019წ. მომზადებული სიტუაციური ნახაზით (საბადოს ტერიტორია (ენერგეტიკა)), ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთს (ფართობი: 3 164 კვ.მ), რომელზე უფლების რეგისტრაციასაც მოითხოვდა შპს „...ი“, მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი ... . შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმამდე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებას და განმარტებას საჭიროებდა საკითხი, თუ რას მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანო უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის ცნებაში, მით უფრო, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის პირველ რიგშია ცნობილი კონკრეტული უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა და საკადასტრო მონაცემები, აგრეთვე ისიც, თუ რამდენად მოდის წინააღმდეგობაში ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებებში მოცემული განმარტება საჯარო და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის სრულყოფილი რეესტრების წარმოების თაობაზე კანონის მიზნებთან (სუსგ ბს-1017(კ-20), 21.10.2021წ.; ბს-1505(კ-18), 26.09.2019წ.; ბს-367-363(კ-12), 28.02.2013წ.).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა საქმის მასალებზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სადავო აქტების შინაარსზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატას არ შეუფასებია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საჯარო სამართლებრივი სარგებლობის რეგისტრაციის უფლებამოსილების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიის სარგებლობის დამადასტურებელ სარეგისტრაციო დოკუმენტად მიჩნევის შესაძლებლობა. „წიაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამთო და მიწის მინაკუთვნი არ მოიაზრებს უშუალოდ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადაცემას, მიწის მინაკუთვნი არ მოიცავს საკუთრივ მიწის ნაკვეთს (მიწის მინაკუთვნი არ წარმოადგენს ფიზიკურად მიწის ნაკვეთს, მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულ საწყობს და ა.შ.), მოსარჩელისათვის მინიჭებული ლიცენზია კი, ითვალისწინებს მხოლოდ წიაღით სარგებლობას და არა მიწის ნაკვეთების ფიზიკურ სარგებლობაში გადაცემას. სააპელაციო პალატის ინტერპრეტაციის სამართლებრივი შედეგი ისაა, რომ ლიცენზიანტი უშუალოდ იმ მიწის ნაკვეთის (და არა მხოლოდ იმ წიაღისეულით მოსარგებლედ) მოსარგებლედ გვევლინება, რომლის მოსაპოვებლადაც გაცემულია ლიცენზია. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც კანონმდებლის ნებას, ისე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას. ამავდროულად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის ნორმებზე მითითებით, კასატორი უსწოროდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებებს მასზედ, რომ საჯარო სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები შეიძლება დარეგისტრირდეს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების რეესტრში. ამასთან, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა N... სარეგისტრაციო წარმოებისას 2019 წლის 2 ოქტომბერს მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე დატანილი ... საკადასტრო კოდი, მოცემული თვალსაზრისით, კასატორი მიუთითებს, რომ სიტუაციურ ნახაზზე მიეთითა მხოლოდ პირობითი საკადასტრო კოდი, რომელიც უძრავ ნივთს მიენიჭებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში, უშუალოდ პირობითი საკადასტრო კოდის სიტუაციურ ნახაზზე ასახვას ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „კ...“-ის მიერ 2019 წლის 18 სექტემბერს მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე დატანილი სივრცითი კოორდინატებისა და საზღვრების მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების კონტურებში აღრიცხვისა და ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე განთავსებისას, ასევე ამგვარი სახის უძრავ ნივთზე საკუთრების დაურეგისტრირებლობისას, მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობისა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში კი, მესაკუთრის თანხმობით, დასაშვებია უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, ზემოაღნიშნული უფლების რეგისტრაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საპროცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის არ გამოყენებით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ საკასაციო პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უცილობლად უნდა გაეცეს სრულად და ამომწურავად (ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30.). ზემოხსენებულიდან გამომდინარე, წინამდებარე სადავო შემთხვევის კონტექსტში, დავას იწვევს არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, არამედ მათი განსხვავებული სამართლებრივი შეფასება.
საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ 2019 წლის პირველ ოქტომბერს, შპს „...ის“ (ს/ნ ...) წარმომადგენელმა N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 3 464,4 კვ.მ უძრავ ნივთზე, საჯარო სამართლით გათვალისწინებულ სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაცია. მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 198 დეკემბრის N1378 ბრძანებით შპს „...ს“ მიეცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. აღნიშნული ლიცენზიით განისაზღვრა კონტურები, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სოფელ ...ში მდებარე 18.09.2019წ. მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით 3 164,4 კვ.მ მიწის ნაკვეთი და რომელზეც განმცხადებელი მოითხოვდა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით განსაზღვრული სამთო და მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების რეგისტრაციას. შპს „...ს“ (ს/ნ ...) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 19 დეკემბრის N1378 ბრძანებით გადაეცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, 40 წლის ვადით. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლით განისაზღვრა კონტურები, რომლის ფარგლებშიც ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში შპს-ს გადაეცა ლიცენზიაში აღნიშნულ წერტილებზე გამავალი კონტურით შემოსაზღვრული მიწისა და სამთო მინაკუთვნი, მითითებული კოორდინატების გათვალისწინებით, საერთო ფართობით - 16 430 ჰა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს N11-01/1899 (22.11.2011წ.) წერილით, მარეგისტრირებელ ორგანოს გადაეგზავნა წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების კონტურების ფაილები და ეთხოვა აღნიშნული ინფორმაციის მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ საკადასტრო მონაცემებზე დატანა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს N11-01/1899 (22.11.2011წ.) მიმართვის საფუძველზე, წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების კონტურები აღირიცხა და განთავსდა ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე და სწორედ აღნიშნულ ტერიტორიას მოიცავდა N... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი. შპს „...ი“ ადმინისტრაციული ორგანოსგან მოითხოვდა წიაღის ფონდისადმი მიკუთვნებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, ლიცენზიით გათვალისწინებული, „წიაღის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე საჯარო სამართლით გათვალისწინებულ სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს მითითებით, უფლება, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვს მოსარჩელე, შეიძლებოდა რეგისტრირებული ყოფილიყო მხოლოდ ისეთ უძრავ ნივთზე, რომელზეც რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. განსახილველ შემთხვევაში კი, N... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N ... (04.10.2019წ.) გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „...ს“ განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება არ ექვემდებარებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ 2019 წლის 4 ოქტომბერს მიღებული N... გადაწყვეტილება „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“, გასაჩივრებული იქნა განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი უკვე აღრიცხულია წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების კონტურებში და განთავსებულია ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე. ამასთან, უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლება, რაც მოქმედი კანონმდებლობით გამორიცხავს საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას მასზედ, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი საჯარო სამართლით განსაზღვრულ სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები შეიძლება დარეგისტრირდეს ხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო რეესტრის სტრუქტურის ორგანიზების იურიდიულ ფორმას, ამ მუხლის თითოეული პუნქტით განსაზღვრული რეესტრი არის სპეციფიკური ნიშნით ორგანიზებული მონაცემების ერთობლიობა, თავად საჯარო რეესტრი კი, ყველა ზემოაღნიშნულ რეესტრთა ერთობლიობას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ რეესტრში ასახული მონაცემები ორგანიზებული და კლასიფიცირებულია ერთმანეთისაგან განსხვავებული სპეციფიკური ნიშნით, განსხვავდება მათი ფუნქციური მიზანმიმართულებაც. ამდენად, დაუშვებელი და ზაკ-ის მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრულ კანონიერების პრინციპს ეწინააღმდეგება რომელიმე კონკრეტული რეესტრისათვის ფუნქციურად მიკუთვნებული სპეციფიკური ნიშნის მქონე მონაცემის სხვა ფუნქციური დანიშნულების მქონე რეესტრში რეგისტრაცია. საკანონმდებლო ტექნიკის კლასიკურ გამოვლინებას წარმოადგენს მსგავსი ნიშნის მონაცემთა ერთი და იგივე რეესტრის ფარგლებში დაჯგუფება. მსგავსი ნიშნის მონაცემები ჯგუფდება კონკრეტულ, ინდივიდუალიზებულ რეესტრებში, არ ხდება მსგავსი ნიშნის მონაცემთა სხვადასხვა რეესტრში ასახვა (გაბნევა), ეს უკანასკნელი გამოიწვევს რეესტრის ფუნქციურ და თვისებრივ ფრაგმენტაციას. მონაცემთა კლასიფიცირება უნდა მოხდეს იმ ნიშნით, რომელთაც მათი ბუნება ფუნქციურად გამოხატავს, საწინააღმდეგო შემთხვევაში, აზრს დაკარგავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტიდან გამომდინარე კანონის მოწესრიგების სფეროდ სწორედ საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების რეგლამენტაცია. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველია „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი. საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები განეკუთვნება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ უფლებათა კატეგორიას. სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაცია ვერ განხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში, არამარტო კანონიერების პრინციპის შესაბამისად საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტრუქტურისა და საფუძვლების დაცულობის მოტივით, არამედ იმ მიზეზითაც, რომ არსობრივად, სარგებლობა და მფლობელობა უფლების მიმნიჭებელ ნორმატიულ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც სრულად საპირისპიროა შეზღუდვის ნორმატიული კატეგორიისაგან. შეზღუდვა ორიენტირებულია უფლებით დაცული სიკეთით სარგებლობის გამორიცხვაზე, ამდენად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი უკავშირდება შემზღუდველი ნიშნით (ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ) კლასიფიცირებულ მონაცემთა ორგანიზებულ ერთობლიობას. აღნიშნულ სამართლებრივ დასკვნას არ გამორიცხავს სააპელაციო პალატის მიერ „წიაღის შესახებ“ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებზე მითითებით განხორციელებული შეფასება, რამეთუ მოხმობილ ნორმათა შინაარსი უკავშირდება სამთო და მიწის მინაკუთვნთან დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების, ვალდებულებების და შეზღუდვების ურთიერთკავშირს, აღნიშნული ურთიერთკავშირი არ წარმოშობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლით დადგენილ საჯარო რეესტრის სტრუქტურაში ორგანიზაციული ცვლილების, მისი შინაარსობრივი ფრაგმენტაციის საფუძვლებს, მით უფრო, რომ ამავე კანონის მე-19 მუხლი 1-ელი პუნქტი საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის ობიექტად numerus clausus პრინციპით ასახელებს მხოლოდ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობას. შესაბამისად, ცხადია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, ვინაიდან საჯარო რეესტრის სტრუქტურა მათ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებებად მიიჩნევს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ინტერპრეტაციული განსხვავებულობა არ ახდენს რაიმე ზეგავლენას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის პერსპექტივებზე, სააპელაციო პალატის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასკვნები სადავო აქტის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არსებითად მართებულია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასკ-ის 32.1 მუხლის თანახმად, სადავო აქტის კანონთან შესაბამისობის (მატერიალური კანონიერება) შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის ყველა ელემენტთან დაკავშირებით ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების დადგენისა და ჯეროვნად შეფასების შემთხვევაში. სასამართლო მოკლებულია საკითხის ასკ-ის 32.1 მუხლის შესაბამისად არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, რამეთუ უცნობია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, აქტის ბათილობის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის გარკვეული ელემენტები. ასკ-ის 32.4 მუხლი მიზნად ისახავს ასკ-ის 32.1 მუხლის გამოყენების წინაპირობების შექმნას. ნიშანდობლივია, რომ ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება დავის გადაუწყვეტლად, გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებსა და შესაბამისი აქტის ჯეროვან დასაბუთებაზე. შეფასების თვალსაზრისით, ადმინისტრაციული ორგანო, გარკვეულწილად უკეთეს პოზიციაში იმყოფება, რაც მართალია არ არის გადამწყვეტი, რამეთუ საბოლოო კონტროლს ახორციელებს სასამართლო, თუმცა ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს. ამავდროულად, საგულისხმოა ის მოცემულობაც, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც ასკ-ის 23-ე, 31-ე, 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით ადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას. ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს, ასეთი საჭიროების გამოვლენისას, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 20.04.2006წ. №ბს-1291-866(კ-05); 04.10.2018წ. №ბს-567-567(კ-18)).
საკასაციო პალატა „წიაღის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ წიაღით სარგებლობა მოიცავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას. წიაღის მოპოვება განიმარტება როგორც უშუალოდ ლიცენზიის მფლობელის ან დაქირავებული სუბიექტის მიერ ლიცენზიის მფლობელის სახსრებით განხორციელებული საბადოს დამუშავების შედეგად გარკვეული ოდენობის წიაღისეულის მოხმარება მისი პირდაპირი ან გადამუშავების შედეგად რეალიზაციის მიზნით (მე-10 პუნქტი). თავად წიაღისეული წიაღში არსებული ბუნებრივი ან ტექნოგენური წარმონაქმნები ან/და მათი ერთობლიობაა. იმ შემთხვევაში თუ წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება შესაძლებელია მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონის გათვალისწინებით, ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ეკოლოგიურად მისაღებიცაა, მას სასარგებლო წიაღისეული ეწოდება (1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტები). „წიაღის შესახებ“ კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა, წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე (6.2 მუხ.), ხოლო წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზირების საკითხები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით (9.1 მუხ.). წიაღით მოსარგებლე შეიძლება იყოს, მათ შორის, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (11.1 მუხ.). წიაღის უბანი, გულისხმობს წიაღის გეომეტრიზებულ, სივრცობრივად როგორც მის სიღრმეში, ასევე ზედაპირზე, მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსაზღვრულ ბლოკს, მასში არსებულ ბუნებრივ და ტექნოგენურ წარმონაქმნებთან ერთად (მე-8 პუნქტი). წიაღის უბანი პირს სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო (ან გეოლოგიური) მინაკუთვნის სახით, ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრულ წიაღის უბანს სამთო მინაკუთვნი ეწოდება, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება, ეს უკანასკნელი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად მასთან ერთად გაიცემა (7.1 და 7.2 მუხ.). ამავდროულად, წიაღის უბანი გაიცემა სამთო მინაკუთვნის სახით, იმ შემთხვევაში თუ ლიცენზია ანიჭებს მის მფლობელს (მათ შორის) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავების უფლებას, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას (7.3 მუხ.). წიაღით სარგებლობა სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ დაუშვებელია (7.4 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბნით სარგებლობაში სამთო მინაკუთვნის სახით გადაცემა, ზოგადი წესის თანახმად, საჭიროებს მიწის მინაკუთვნის გადაცემასაც. „წიაღის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის 1-ელი წინადადების მიხედვით, წიაღით სარგებლობის ობიექტს წიაღით სარგებლობის სახეობის მიხედვით უწესდება მიწის მინაკუთვნი, რომელიც, თავის მხრივ, გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის მიხედვით, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიწის მინაკუთვნი არის „წიაღის შესახებ“ კანონის კონტექსტში გამოყენებული ტექნიკური მნიშვნელობის მქონე იურიდიული ცნება, იგი გამოიყოფა და შესაბამისად, მიეკუთვნება წიაღით სარგებლობის ობიექტს როგორც სამთო მინაკუთვნის სახით სივრცობრივად განსაზღვრულ წიაღის უბანს წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული სახეობის შესაბამისად. ამდენად, შემთხვევითი არ არის რომ მიწის მინაკუთვნი ფუნქციური დატვირთვის შემცველია, თავად მიწის მიკუთვნების აქტი ხორციელდება წიაღით სარგებლობის ეფექტიანად უზრუნველყოფის მიზნით. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ წიაღით სარგებლობის ლიცენზია, სამთო და მიწის მინაკუთვნის გამოყოფის ადმინისტრაციული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების ჩათვლით, საჯარო სამართლის ქმნილებაა, რომელიც გულისხმობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის საჭირო სხვადასხვა პირობის კომპლექსურ ერთობლიობას, ასევე საჯარო ნორმების მეშვეობით ამ პირობების ეფექტიან უზრუნველყოფას. აღნიშნული კი, განსაზღვრავს საჯარო სამართლით გათვალისწინებულ სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებულ საჯარო ნორმებით წარმოშობილ უფლებებს უშუალოდ წიაღით სარგებლობის მიმართ. ეს უკანასკნელი ბუნებრივია არ აფუძნებს ნამდვილ კერძო-სამართლებრივი ხასიათის უფლებებს უშუალოდ მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის), როგორც სამოქალაქო ობიექტის მფლობელობის მიმართ. კასატორს არ გამოუკვლევია „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტის არსებობა, რაც როგორც სამართლებრივი აქტი, უშუალოდ წარმოშობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული თვალსაზრისით, კასატორმა, აგრეთვე, დეტალური შეფასებისა და არგუმენტაციის გარეშე დატოვა წიაღით სარგებლობის საჯარო ნორმებით განსაზღვრული, სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესაძლებლობა. კასატორის შეფასება დაეფუძნა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაცია დასაშვებია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რის მიხედვითაც მაძიებელს სალიცენზიო პირობების სახით განესაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით. აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ კასატორის მიერ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტზე ფორმალური თვალსაზრისით მითითება არ ამოწურავს სადავო აქტის სრულყოფილად დასაბუთების ვალდებულებას. კასატორს სადავო აქტებში არ ჩამოუყალიბებია დეტალური დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ გამორიცხავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მით უფრო იმ პირობებში, რომ ზაკ-ის 85-ე მუხლის 1-ელი ნაწილი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს უნდა განუმარტოს, მათ შორის, ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება (ან ადმინისტრაციული საჩივარი), ასევე, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. აღნიშნული თვალსაზრისით, არ არის დასაბუთებული კასატორის მითითება N... სარეგისტრაციო წარმოებისას 2019 წლის 2 ოქტომბერს მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე დატანილ ... საკადასტრო კოდის პირობითი ბუნების შესახებ. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტორი, კასატორის მიერ დასახელებულ პირობებშიც კი, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სიტუაციური ნახაზი შედგენილია კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რაც ამყარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, თუნდაც დაუზუსტებელი სახით, ცნობილია იმ მიწის ნაკვეთთა საკადასტრო მონაცემები, რომლებიც შეიტანება წიაღის ფონდში. ხსენებულის შესაბამისად, საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას საჯარო რეესტრისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 13.05.2022წ. №13095 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე №13095 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე