Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-539(კ-24) 15 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს. თ-ი

მესამე პირი (ასკ 16.1 მუხ.) – იუსტიციის სახლი

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. თ-იმა 2022 წლის 3 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა: ა) პირადობის მოწმობის ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრიდან გაცემაზე უარის თქმის ნაწილში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 2 ნოემბრის №01/15070/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №01/4689/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ს. თ-ის სახელზე პირადობის არაელექტრონული მოწმობის - სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის - სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით გაცემის დავალება.

მოსარჩელე საკუთარ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ რწმენაზე დაყრდნობით, ითხოვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრიდან. სადავო აქტების შინაარსით, მოქმედი კანონმდებლობა ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას ითვალისწინებს მხოლოდ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მეშვეობით. პირადობის აღნიშნული კატეგორიის მოწმობა დოკუმენტის პერსონალიზაციას (ხელმოწერას) ექსკლუზიურად საჭიროებს ტერიტორიულ ერთეულში. მოსარჩელის აღნიშვნით, ადმინისტრაციული ორგანოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასება წარმოადგენს სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმების უმართებულო ინტერპრეტაციას, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ს. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 2 ნოემბრის №01/15070/გ გადაწყვეტილება, პირადობის მოწმობის ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრიდან გაცემაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №01/4689/გ გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ს. თ-ის სახელზე პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის - სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებზე დაყრდნობით განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სადავო საკითხის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ტერიტორიული სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ფუნქციებს და სამოქმედო ტერიტორიას. მითითებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება პირადობის მოწმობის: ს.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება; ს.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა; ს.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „ს.ბ“, „ტ.ბ“, „ღ“ და „ჯ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის (სამსახურის) მიზანია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების პერსონალიზაციის პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის (სამსახურის) ფუნქციაა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია (იმ ცენტრის მიერ, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ... ზ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონულ მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.

სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის Nბს-313(კ-22) განჩინებაში მოხმობილ ნორმის განმარტების მეთოდოლოგიაზე მითითება (ობიექტურობის, სისტემურობის და კანონის მიზნის პრინციპები), თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რამეთუ ეს უკანასკნელი არ შეიცავს იმგვარ დათქმას და შინაარს, რაც ერთი მხრივ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ მიანიჭა - უშუალოდ ტერიტორიულ სამსახურში ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შეუძლებლობას. აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილებები, რის საფუძველზეც მითითებული წესის 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა იმგვარი რედაქციით, რომ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მიეცათ შესაძლებლობა გასცენ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი (,,ზ“ ქვეპუნქტი). ამ ცვლილებების განხორციელება კი, თავის მხრივ, განაპირობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილების აღსრულების მიზანმა (§40), იმისათვის, რათა ადგილი არ ჰქონოდა სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი პირების ოფიციალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე დარჩენას.

სააპელაციო პალატამ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის N501 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტსა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით, განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფლებამოსილების განმახორციელებელი ცენტრის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს მხოლოდ დოკუმენტის პერსონალიზაცია. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პერსონალიზაცია (შევსება) მოიცავს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტების შევსების/დატანის პროცესს და წარმოებს ქართულ ენაზე, ასევე ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის — ქართულ და ინგლისურ ენებზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისი №98 ბრძანების 52.1 მუხლი). რაც შეეხება უშუალოდ დოკუმენტაციის გაცემაზე განცხადების შევსებას და შემდგომ დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გადაცემას, აღნიშნული უფლებამოსილებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის N501 ბრძანების მე-2 მუხლი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებად მოიაზრებს, მათ შორის მისი ტერიტორიული სამსახურების. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების 25-ე მუხლით პირდაპირაა დადგენილი ტერიტორიული სამსახურის მიერ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის მიერ.

ამდენად, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 58-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა შეიძლება გასცენ მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არა აქვთ მინიჭებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება. ამ შემთხვევებში ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 და „საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 ივნისის №616 ბრძანებებით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად. კერძოდ, სააპელაციო პალატამ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის (ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება) მე-8 პუნქტის შინაარსზე მითითებით, აღნიშნა, რომ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლითაც მითითებული წესის 25-ე მუხლის „ზ“ პუნქტით სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შესაძლებლობა მიეცათ, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებდა პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და მას არ ჰქონდა აღებული პირადობის ელექტრონულ მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მითითებით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 52-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შინაარსით, დოკუმენტის პერსონალიზაცია საჭიროებს მის ხელმოწერას, რაც ექსკლუზიურად ხორციელდება მხოლოდ იმ ცენტრის მიერ, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამრიგად, კასატორი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა (განცხადების განხილვა) განეკუთვნება მხოლოდ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფლებამოსილებას. ამდენად, კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ზემოაღნიშნული №501 ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ს) ქვეპუნქტის ს.ა) (გაცემის შესახებ განცხადების მიღება), ს.ბ) (გაცემის შესახებ განცხადების განხილვა და ს.გ) (დაინტერესებული პირისთვის გადაცემა) ქვეპუნქტების სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოწესრიგებასთან შინაარსობრივი ბმის განუხორციელებლობით, ვინაიდან აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ს) ქვეპუნქტის ს.ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება მხოლოდ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება. კასატორი აგრეთვე არ იზიარებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ ინტერპრეტაციას და მიუთითებს, რომ ხსენებული განმარტება განსაზღვრავს იმ ფაქტობრივ გარემოებებს და ადგენს იმ სუბიექტთა წრეს, რომლის დროსაც და რომელთა მიმართაც აუცილებელია გაიცეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობა. ამდენად, აღნიშნული ნორმა არ უკავშირდება ტერიტორიული სამსახურის ფუნქციებსა და ლოგიკურად, სამსახურის სამოქმედო ტერიტორიას. კასატორის მითითებით, სადავო საკითხი ამომწურავად არის მოწესრიგებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 58-ე მუხლის 1-ელ პუნქტში, შესაბამისად, ავტომატურად გამოირიცხება „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი ნორმათა კოლიზიისას გამოსაყენებელი გვიანდელი სამართლის ნორმის პრიმატის დამდგენი წესის გამოყენება, რამეთუ ნორმებს შორის კოლიზია საერთოდ არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საპროცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის არ გამოყენებით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ საკასაციო პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უცილობლად უნდა გაეცეს სრულად და ამომწურავად (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30.). ზემოხსენებულიდან გამომდინარე, წინამდებარე სადავო შემთხვევის კონტექსტში, დავას იწვევს არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, არამედ მათი განსხვავებული სამართლებრივი შეფასება. ამასთან, ზოგადი წესის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მოწმდება მისი გამოცემის დროისათვის არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოქმედი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე სადავო შემთხვევა საჭიროებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული, კერძოდ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის - სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის უფლებამოსილების, ხოლო მოცემულის შესაბამისად, მისი კანონისმიერი ვალდებულების არსებობის გამორკვევას, ს. თ-ის სახელზე პირადობის მოწმობის ტერიტორიულ ორგანოში გაცემის მხრივ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 20 ოქტომბერს ს. თ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მის სახელზე, რწმენის გამო, მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა. განმცხადებელმა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრიდან მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 2 ნოემბრის №01/15070/გ გადაწყვეტილებით, ს. თ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ს. თ-ის მოთხოვნა, მის სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემასთან დაკავშირებით. თუმცა, ამავე გადაწყვეტილებით, განმცხადებელს დამზადებული პირადობის მოწმობის ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრიდან გაცემაზე ეთქვა უარი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა მხოლოდ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება და მფლობელის პირადი ხელმოწერა პირადობის მოწმობის სავალდებულო რეკვიზიტია. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ ტიპის პირადობის მოწმობის გაცემას მფლობელის პირადი ხელმოწერის გარეშე. დაბეჭდილი პირადობის მოწმობა მფლობელისათვის გადაცემამდე საჭიროებს დამცავ გარსში მოთავსებას, ხოლო დამცავ გარსში მოთავსებამდე საჭიროა მასზე დაფიქსირდეს მფლობელის პირადი ხელმოწერა. 2021 წლის პირველ დეკემბერს, ს. თ-იმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი №189125 ადმინისტრაციული საჩივრით, პირადობის მოწმობის ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრიდან გაცემაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 2 ნოემბრის №01/15070/გ გადაწყვეტილება. ხოლო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №01/4689/გ გადაწყვეტილებით, ს. თ-ის 2021 წლის პირველი დეკემბრის №189125 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 2 ნოემბრის №01/15070/გ გადაწყვეტილება ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრიდან პირადობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილებაზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „ქმედით ზომებს საჭიროებს ის არსებული სამართლებრივი ვითარება, რაც სადავო ნორმის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა ... ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი წესის ამოქმედების შემდგომ აშკარად გამოიკვეთა, რომ მის მიმართ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გულწრფელ და ძლიერ რელიგიურ წინააღმდეგობას მოჰყვა მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დარჩენა და ამ გარემოებასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი შედეგები ... სახელმწიფოს წარმოეშობა პოზიტიური ვალდებულება, ამა თუ იმ გზით იზრუნოს ზიანის შემცირებისა და აღმოფხვრისათვის. სახელმწიფომ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამონახონ გზა, რომელიც ამ პირებს დაეხმარება, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო და საჯარო ცხოვრებაში, გადადგან ის ნაბიჯები, რასაც აუცილებლად მიიჩნევენ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პირადი ცხოვრების, საკუთრებისა და სხვა სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფისათვის ... დაუშვებელია, სახელმწიფო გულგრილად ეკიდებოდეს ადამიანის დატოვებას ყოველდღიური ყოფითი საჭიროებების, ცხოვრებისთვის აუცილებელი სერვისებისგან მოწყვეტილად და იხსნიდეს პასუხისმგებლობას მის ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე (§40).“ შესაბამისად, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მართალია სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა არ მომხდარა, თუმცა, სახელმწიფოს დაეკისრა იმ პირთა ინტერესების დაცვისა და იმ საფრთხეების განეიტრალების ვალდებულება (§§II, 13-25, §40) რომელთა წინაშეც გულწრფელი რელიგიური წინააღმდეგობის მქონე პირები აღმოჩნდნენ (§§II, 25-30, §§II, 30-35.). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული თვალსაზრისით განხორციელებული საკანონმდებლო ზომები აუცილებელია შეფასდეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში, რომელიც სათავეს იღებს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების დაცული სფეროდან, იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად იზღუდება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ნაგულისხმევი “უშუალოდ მოქმედი სამართალი“ გულისხმობს ინდივიდის სრულფასოვან იურიდიულ შესაძლებლობას, სასამართლო წესით დაიცვას მისი კონსტიტუციური უფლებები, რომლებიც ქმედითი იურიდიული ძალის შესაძენად არ საჭიროებენ შემდგომ საკანონმდებლო დაზუსტებას და ისინი უშუალოდ წარმოშობენ სამართლებრივი მოთხოვნის უფლებას ინდივიდისათვის (სუსგ ბს-671(2კ-25), 28.10.2025წ.; ბს-1309(2კ-23), 20.03.2025წ.; ას-1908-2018, 17.10.2023წ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ტიპოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით, სამართლის ნორმები შესაძლოა იმგვარად ურთიერთქმედებდნენ ერთმანეთთან, რომ იკვეთებოდეს ნორმის მოქმედების ობიექტთან ურთიერთკავშირში მყოფი ორი იურიდიული კონსტრუქცია, გენერალურ მოწესრიგება და ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევები გენერალური მოწესრიგებისაგან. მოწესრიგება გენერალურია, ვინაიდან ნორმა შეიცავს მუდმივი და მრავალჯერადი გამოყენების აბსტრაქტულ დანაწესს (შდრ: „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 2.3 მუხ. იხ. აგრეთვე., სუსგ ბს-160(კ-19), 29.12.2021წ.). გენერალური მოწესრიგებისაგან საგამონაკლისოა ნორმა როდესაც ნორმით გათვალისწინებული გარკვეული სამართალურთიერთობა არ ექცევა გენერალური მოწესრიგების აბსტრაქტულ დათქმაში. საგამონაკლისო ნორმის იურიდიული თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ნორმით განსაზღვრული სამართალურთიერთობა შეიცავს გარკვეულ ისეთ მახასიათებელს ან/და რაიმე ნიშან-თვისებას, რომელიც გაუმართლებელს ხდის ამ ურთიერთობის გენერალური მოწესრიგების სფეროში მოქცევას. დასახელებული კლასიფიკაციის თვალსაზრისით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების“ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის ს.ა), ს.ბ) და ს.გ) ქვეპუნქტები წარმოადგენს გენერალურ მოწესრიგებას, რომლითაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ფუნქციებს განეკუთვნება პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების მიღება (ს.ა ქვ.პ.)), პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა (ს.ბ ქვ.პ.)) და პირადობის მოწმობის დაინტერესებული პირისთვის გადაცემა ((ს.გ ქვ.პ.)). ამასთანავე, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ აღნიშნული №501 ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შესაძლებელია კონცეპტუალიზდეს როგორც ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევად გენერალური მოწესრიგებისაგან, რომლის მიხედვით მხოლოდ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება, ამ მუხლის პირველი პუნქტის (მათ შორის) „ს.ბ“ (პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულება. ცხადია, რომ ხსენებული სამართლის ნორმა ექცევა საგამონაკლისო ნორმატიულ დებულებათა კატეგორიაში, ნორმაში გამოყენებული ტერმინი „მხოლოდ“ მიუთითებს აღნიშნული ნორმის საგამონაკლისო ბუნებაზე, რომელიც ნორმაში ჩამოთვლილ ფუნქციებს მარტოოდენ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და არა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა ტერიტორიული სამსახურების ფუნქციებს აკუთვნებს. ზემოხსენებულის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა (№501 ბრძანების 2.1 მუხ. „ს“, ს.ბ) ქვ.პ. და 2.4 მუხ. „ა“ ქვ.პ.) და არა მაგ. პირადობის მოწმობის დაინტერესებული პირისთვის გადაცემა (№501 ბრძანების 2.1 მუხ. „ს“, ს.გ) ქვ.პ.) განეკუთვნება თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ექსკლუზიურ ფუნქციას. საგამონაკლისო დებულებები იმპერატიული დატვირთვის მატარებელია, ისინი უნდა განიმარტოს სიტყვასიტყვით, ამ სიტყვების ჩვეულებრივი მნიშვნელობის შესაბამისად, მათი განვრცობა ან რედუქცია შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ კონსტიტუციური პრინციპების დაცვის მოტივით, საქმის მნიშვნელოვანი გარემოებების შესაბამისად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანების მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის ს.ბ) ქვეპუნქტის, აგრეთვე, ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ფუნქციას მიკუთვნებული პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული “მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის” 30-ე მუხლით (სათაური: პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა) განსაზღვრული წესით. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანების მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის ს.გ) ქვეპუნქტით დადგენილ პირადობის მოწმობის დაინტერესებული პირისთვის გადაცემას, მასში იგულისხმება პირადობის მოწმობის (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით ან მის გარეშე) ასეთი პირის მფლობელობაში, კერძოდ, მის ფაქტობრივ ბატონობაში გადაცემა (სკ-ის 155.1 მუხ.). ხოლო, ეს უკანასკნელი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ზემოაღნიშნული №98 ბრძანების 34-ე მუხლით (სათაური: პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა) დადგენილი წესის მიხედვით. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანების ფარგლებში გამიჯნულია მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის ს.ბ) (პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა) და ს.გ) (პირადობის მოწმობის დაინტერესებული პირისთვის გადაცემა) ქვეპუნქტები, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოთვლილი ფუნქციებიდან მხოლოდ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის ს.ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებას უკავშირებს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ფუნქციებს.

ზემოაღნიშნული დიფერენცირების მხედველობაში მიღების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული “მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის” 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ხსენებული ნორმის 1-ელი პუნქტის 1-ელი წინადადება განსაზღვრავს ზოგად-გენერალურ მოწესრიგებას, რომლითაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები აღიჭურვებიან მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილებით. თუმცა, ამავე მუხლის 1-ელი პუნქტის მე-2 წინადადება ახდენს ტერიტორიული სამსახურების მიერ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის უფლებამოსილების რეგლამენტაციას, ხოლო ამავე პუნქტის “ა”-“ზ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლის უშუალოდ იმ შემთხვევებს, რომლის დროსაც გამოიყენება მინიჭებული უფლებამოსილება. ჩამოთვლილი შემთხვევები ამომწურავია, ისინი ჩამოთვლილია numerus clausus პრინციპით, დაუშვებელია ამ ნორმის განვრცობით განმარტება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის იურიდიული სტრუქტურა განასახიერებს როგორც იმ შემთხვევასა და სუბიექტთა წრეს, რომლის დროსაც და რომლის მიმართაც უცილობლად უნდა გაიცეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობა, ასევე ტერიტორიული სამსახურის ფუნქციებსა და ამავე სამსახურის სამოქმედო ტერიტორიას. ცხადია, რომ საკანონმდებლო ტექნიკის კლასიკური გამოვლინებაა ნორმისათვის განსხვავებული იურიდიული ფუნქციების მიკუთვნება, ერთი საკანონმდებლო ფუნქცია ბუნებრივია არ გამორიცხავს მეორის არსებობას. ამავდროულად, სადავო შემთხვევის კაზუალურობიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს ცვლილების სახით დაემატა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანებით და შინაარსობრივად, წარმოადგენს საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილების §40-ის იმპლემენტაციის პოზიტიური ვალდებულების განხორციელებას. აღნიშნულ ნორმას საფუძვლად უდევს გულწრფელი რელიგიური წინააღმდეგობის კონცეფცია, ანუ, პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს უნდა აცხადებდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე (№98 ბრძანების 25.1 მუხ. “ზ” ქვ.პ.). ეს უკანასკნელი არის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილების საფუძველი, ხოლო, აღნიშნული უფლებამოსილებისგან, სათავეს იღებს მისი გაცემის ვალდებულება, უფლებამოსილება უპირობოდ არ ადგენს ვალდებულებას, თუმცა ქმნის ერთგვარ ნორმატიულ საფუძველს თვით ვალდებულების არსებობისათვის. კერძოდ, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტში მოხსენიებული ტერმინი - “გასცენ” - (ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება) შინაარსობრივ ბმაშია ნორმაში მითითებულ ტერმინ “უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურთან.” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანების მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტი განსაზღვრავს სამსახურების სამოქმედო ტერიტორიას, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიას ადგენს. რამეთუ - ერთი მხრივ, დასახელებულ ნორმაში (2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტში) სახელდებით არ არის მოხსენიებული თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფლებამოსილება “პირადობის გაცემის შესახებ განცხადების განხილვის” თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტში ზემოაღნიშნული შინაარსობრივი ბმის გათვალისწინებით, ტერიტორიული სამსახურის “გაცემის უფლებამოსილება” არ რედუცირდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანების მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის ს.ბ) ქვეპუნქტით, აგრეთვე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირადობის გაცემის შესახებ განცხადების განხილვის უფლებამოსილებამდე. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებულ ტერიტორიული სამსახურის “გაცემის უფლებამოსილებაში”, მათ შორის, მოიაზრება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანების მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის ს.გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პირადობის მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემის უფლებამოსილებაც. აღნიშნული დასკვნის ინტერპრეტაციული წყარო, მათ შორის, სისტემური განმარტების მეთოდია, რომელიც ეფუძნება სამართლის სისტემის ყველა ნორმის მნიშვნელობისა და მათი ძირითადი მიზნების ურთიერთკავშირს, სამართლის ნორმები უნდა განასახიერებდეს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ორგანულ მთლიანობას. კასატორის განმარტება, უგულებელყოფს ნორმათა შორის არსებულ სისტემურ ურთიერთდამოკიდებულებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის ზემოაღნიშნული №1/1/1404 გადაწყვეტილების §40-ის იმპლემენტაციის პოზიტიურ ზომას. აღნიშნული სრულ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რწმენის თავისუფლების დაცულ სფეროსთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოხსენებულ მსჯელობას ვერ აქარწყლებს კასატორის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული “მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის” 58-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე მითითება. ხსენებული დანაწესის 1-ელი წინადადების მიხედვით, სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა შეიძლება გასცენ მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არა აქვთ მინიჭებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნორმებს შორის კოლიზია სახეზეა იმდენად რამდენადაც სხვადასხვა ნორმა ერთი და იგივე ურთიერთობის მიმართ ადგენს ურთიერთგამომრიცხავ სამართლებრივ შედეგს. სააპელაციო პალატის მიერ მართებულად განხორციელდა „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ნორმათაშორისი კონფლიქტის გადასაწყვეტად რეგლამენტირებული ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებს უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს ცვლილების სახით დაემატა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანებით, კოლიზიის შემთხვევაში, იგი სარგებლობს ნორმატიული პრიმატით. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 58-ე მუხლის 1-ელი პუნქტი მოთავსებულია აღნიშნული ბრძანების XI თავში, რომლითაც მოწესრიგებულია გარდამავალი დებულებები. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ გარდამავალი დებულებების ერთ-ერთი საკვანძო ნიშან-თვისება მათი დროებითი ბუნებაა, ისინი მიდრეკილნი არიან სასრულობისაკენ, ამიტომ უწოდებენ აღნიშნულ ნორმებს ინტერტემპორალურს (სუსგ ბს-124(კ-24), 14.02.2025წ.). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 58-ე მუხლის 1-ელი პუნქტის ადგილმდებარეობის უშუალოდ გარდამავალ დებულებებში განსაზღვრით, პრეზუმირდა კანონმდებლის ნება ხსენებული ნორმის გარდამავალ (დროებით) ხასიათთან დაკავშირებით, რაც ამყარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, როგორც გვიანდელი ნორმის, ნორმატიულ პრიმატთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს აგრეთვე იმასაც, რომ დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მითითება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პერსონალიზაციის ფუნქცია ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფლებამოსილების განმახორციელებელი შესაბამისი ცენტრის მიერ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პერსონალიზაციის პროცესი დეტალურად არის რეგულირებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 50-ე მუხლით. ამასთან, კასატორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხსენებული მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირად ხელმოწერაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორს არ მიუთითებია არცერთ იმგვარ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებაზე, რომელიც, აპრიორი გამორიცხავს დოკუმენტის ექსკლუზიურად ქალაქ თბილისში პერსონალიზაციის (ხელმოწერის) საფუძვლით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ზემოაღნიშნული №98 ბრძანების 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის სააპელაციო პალატის მიერ განხორციელებულ ინტერპრეტაციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 30.04.2024წ. №09464 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.04.2024წ. №09464 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე