Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-650(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ი. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „თ...“

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-ემ 2022 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „თ...ს“ მიმართ „დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ 2022 წლის 10 მარტის №03/03-06 ბრძანების ბათილად ცნობის და რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე შპს „თ...ს“ „დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ 2022 წლის 10 მარტის №03/03-06 ბრძანება, რომლის შედეგადაც მას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, არის უკანონო და არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს. მოსარჩელის მოსაზრებით, იგი დაუმსახურებლად იქნა შეფასებული არადამაკმაყოფილებელი ნიშნით ...ის ფინალურ გამოცდაზე, რომლის შემდგომაც მან მოცემულის შესახებ კომუნიკაცია იქონია ამავე საგნის ლექტორთან, თუმცა, შპს „თ...ს“ 2022 წლის 23 თებერვლის №03/02-63 ბრძანებით მოსარჩელის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, რომელსაც საფუძვლად დაედო შპს „თ...ს“ 2022 წლის 23 თებერვლის ლექტორის - ზ. გ-ის სამსახურებრივი ბარათი (ლექტორზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებისა და ამავე ლექტორის მიმართ გამოცდაში მიღებული ქულის მომატების ზეგავლენაზე მითითებით). ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე ...ის ფინალურ გამოცდაზე მიღებულ ქულას, აგრეთვე, ამავე ლექტორთან ელექტრონული კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერის შინაარსსა და დისციპლინური წარმოების შედეგიდან გამომდინარე, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას არ უკავშირებს მისი ცოდნის დონეს ან/და ეთიკური ნორმების დაუცველობას. აღნიშნულს მოსარჩელე უკავშირებს უშუალოდ რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის აშკარა ფაქტს. მოსარჩელის შეფასებით, ზემოაღნიშნულ მოვლენებს მას შემდეგ ჰქონდა ადგილი უნივერსიტეტის ყველა შტოს მიერ ორკესტრირებული ფორმით, რაც მოსარჩელემ მოახდინა კორონავირუსის SARS-CoV-2 მართვისა და ადმინისტრირების თაობაზე უნივერსიტეტის პოლიტიკასთან და მიდგომებთან დაკავშირებული პრაქტიკის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის ორგანიზება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ი. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და კანონმდებლობაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოსარჩელე ი. ბ-ეის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება ჩატარდა შესაბამისი პროცედურების დაცვით, სტუდენტს ეცნობა სხდომის დრო და თარიღი; ასევე ეცნობა მის მიმართ დარღვევად შერაცხული ქმედების არსი; მხარეს ჰქონდა გონივრული დრო, რათა მომზადებულიყო სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო მის მიმართ წარმართულ დისციპლინურ წარმოებაში, ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა განხილვისას გამოთქმული მოსაზრებები და საკუთარი მოსაზრებებით დაპირისპირებოდა თითოეულს. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების მისაღებად კენჭი ეყარა დარღვევად მიჩნეული თითოეული ქმედების დადგენას. ეთიკის საბჭოს ოქმი შეიცავს სათანადო დასაბუთებას გამოყენებული სახდელის ჩადენილ ქმედებასთან შესაბამისობისა, უფრო მსუბუქი სახდელის შემდგომი დარღვევების პრევენციისადმი არაეფექტურობასთან მიმართებით. შესაბამისად, მოპასუხე დარღვევათა კუმულაციური ბუნებიდან გამომდინარე, რისკების შეფასებისას მოქმედებდა ლეგიტიმურად, მისი მხრიდან არ განხორციელებულა უფლებამოსილების გადამეტება. სახდელის - სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გამოყენების მართებულობა ახსნილია სტუდენტთან შემდგომი თანამშრომლობის შეუძლებლობის, უფრო მსუბუქი სახდელით შესაბამისი შედეგის მიუღწევლობის დასაბუთებით. უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, სათანადო საფუძვლების არსებობისას არ უთანაბრდება სტატუსშეწყვეტილი პირის განათლების უფლების შეზღუდვას, შელახვას ან დაკარგვას, რადგან მოცემულ შემთხვევაში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად მომდევნო 12 თვის განმავლობაში. მოსარჩელეს შეუძლია ისარგებლოს მობილობის უფლებით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გააგრძელოს განათლების მიღება. ამავდროულად, საქმის მასალებით არ დგინდება რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები, მოსარჩელე აღნიშნული ფაქტის დადგენას უსწოროდ უკავშირებს მის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე უნივერსიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებას. მოსარჩელეს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ასევე მის მიმართ წარმართული დისციპლინური წარმოებისას არ დაუფიქსირებია და რაიმე სახით პრეტენზია არ გამოუთქვამს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან მიმართებით. მოსარჩელის სტუდენტური ცხოვრების ფარგლებში განხორციელებული ინტერაქციების მიმართ უნივერსიტეტის მხრიდან არც სწავლების პროცესში და არც ეთიკის საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას რაიმე დამოკიდებულება გამოვლენილი არ არის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ბ-ეის მიერ.

კასატორის მითითებით, იგი არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ჩამოყალიბებულ შეფასებებს მარტოოდენ „თ...ს“ „დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ 2022 წლის 10 მარტის №03/03-06 ბრძანების ნაწილში, რომლითაც მას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. ამასთანავე, კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო პალატის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასკვნებს პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დაუდგენლობის ნაწილში. სადავო ბრძანებასთან მიმართებით, კასატორი მიუთითებს, რომ მას არ დაურღვევია შპს „თ...ს“ ეთიკის კოდექსი. ლექტორმა გააყალბა მისი საგამოცდო ნაშრომის ქულა, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მას ლექტორთან კომუნიკაციისას არ დაურღვევია კომუნიკაციის ზღვარი, რომელიც შესაძლოა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული განსჯის საგანი გამხდარიყო. დაუსაბუთებელია ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე მითითებაც, ვინაიდან კასატორი მუდმივად ინარჩუნებდა კონსტრუქციულობას. შპს „თ...ს“ მიერ დამტკიცებული ეთიკის კოდექსი უნივერსიტეტს ანიჭებს უსაზღვრო ძალაუფლებას. კასატორი მოითხოვს ნაშრომის ექსპერტიზას და ექსპერტიზის შედეგების განხილვას. ამასთანავე, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხის ქცევას ნაშრომის ექსპერტიზისათვის გადაუცემლობასთან მიმართებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ბ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ი. ბ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების მითითებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამასთან, მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის არ გამოყენებით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამ მუხლის მოთხოვნათა მიხედვით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, ამდენად, დაუსაბუთებელია მითითება საგამოცდო ნაშრომის ექსპერტიზის ჩატარებაზე, ასევე ასეთი შედეგების საკასაციო წესით განხილვაზე. კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე (იხ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). ეს უკანასკნელი, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის ნორმატიული მნიშვნელობის მიზნებისათვის, პირდაპირ, უშუალოდ უკავშირდება სასამართლოთა ვალდებულებას უპასუხონ პირის „საკვანძო მოსაზრებებს ... აგრეთვე, მნიშვნელოვან, რელევანტურ და კონკრეტულ არგუმენტებს“ (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი სააპელაციო პალატის დასკვნები პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის არარსებობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში (სსკ-ის 264.2 მუხ.). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24; 1997 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Helle v. Finland, App. No. 157/1996/776/977, §60.). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61.). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხე შპს „თ...ს“ „დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ 2022 წლის 10 მარტის №03/03-06 ბრძანების კანონშესაბამისობა, მოსარჩელის მხრიდან ეთიკური ნორმების დაუცველობის შეფასების ჭრილში.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრეზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „თ...ს“ ეთიკის კოდექსის (2021 წლის რედაქცია) მე-3 მუხლით დადგენილია ეთიკის საერთო წესები. ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას ეთიკის საერთო წესების დარღვევისათვის. ეთიკის კოდექსის მე-7 მუხლი ადგენს დისციპლინური წარმოების განხორციელების წესს. შპს "თ...ს" წესდების (2021 წლის რედაქცია) მე-12 მუხლი ადგენს სტუდენტის უფლებებს, ასევე სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების პირობებში დისციპლინური გადაცდომის დადგენის წესს და სტუდენტის უფლება-მოვალეობებს. წესდების მე-14 მუხლის 14.2. პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტი უფლებამოსილია ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო სტუდენტს შეუწყვიტოს სტუდენტის სტატუსი. ასევე, გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

შპს „თ...სა“ და ამავე უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტს ი. ბ-ეს შორის 2017 წლის 6 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს სასწავლო პროგრამა (პროგრამები), შეისწავლოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული და არჩევითი საგნები, გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის სახელსა და ავტორიტეტს, სისტემატურად გაეცნოს და დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, სტუდენტის ეთიკის კოდექსი, გამოცდების ჩატარების წესი, ბაკალავრიატის დებულება და უნივერსიტეტის მიერ მიღებული სხვა მარეგულირებელი აქტები, რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამდენად სტუდენტის მიერ აქტების დარღვევის შემთხვევაში, აქტების შესახებ ინფორმაციის არქონა არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან.

შპს „თ...ს“ 2019 წლის 25 ივნისის №03/06-47 ბრძანებით თ...ს მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტის ი. ბ-ეის მიერ სტუდენტის ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის 5.1.1 პუნქტის დარღვევის (აკადემიური თაღლითობა) გამო მის მიმართ გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სტუდენტის ეთიკის კოდექსის 6.2. პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა F შეფასება საგანში „...“ და წერილობითი გაფრთხილება. შპს ,,თ...ს" 2019 წლის 25 ივნისის №03/06-47 ბრძანება მეილის საშუალებით ი. ბ-ეს გაეგზავნა 2019 წლის 25 ივლისს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021-2022 სასწავლო წელს შემოდგომის სემესტრში ი. ბ-ემ ...ის საგანში დაწერა საგამოცდო ნაშრომი, რაც შეფასდა საგნის ლექტორის - ზ. გ-ის მიერ. ნაშრომმა დაიმსახურა 13 ქულა, F შეფასება. შპს „თ...ს“ 2022 წლის 23 თებერვალს წარედგინა ლექტორის - ზ. გ-ის სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც უნივერსიტეტს ეცნობა, რომ სტუდენტმა - ი. ბ-ემ დაარღვია თ...ს სტუდენტის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის 3.2.14 ქვეპუნქტი (სხვა პირზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, დაშინება ან მორალური ზემოქმედება, ასევე ზემოაღნიშნულ ქმედებათა მცდელობა, მათ შორის აკადემიური საკითხების გადაწყვეტის მიზნით) და მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის 5.1.11 ქვეპუნქტი (ლექტორზე, გამომცდელზე უნივერსიტეტის თანამშრომელზე ზეწოლა შეფასების მიღების მიზნით). მოხსენებით ბარათს დაერთო ლექტორს - ზ. გ-ისა და სტუდენტს - ი. ბ-ეს შორის გამოცდის შედეგთან დაკავშირებული ელექტრონული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი. შპს „თ...ს“ 2022 წლის 23 თებერვლის №03/02-63 ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება ი. ბ-ეის მიმართ. შპს „თ...ს“ ეთიკის საბჭოს მიერ 2022 წლის 9 მარტს გამართულ სხდომაზე განხილულ იქნა ი. ბ-ეისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხი. სხდომაზე მონაწილეობა მიიღეს ი. ბ-ემ და ლექტორმა - ზ. გ-იმა. ეთიკის საბჭოს სხდომაზე საკითხის გადაწყვეტისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საბჭოს წევრებს - ვ. ლ-ას და ნ. ა-ეს. კენჭისყრის შედეგად საბჭოს დანარჩენმა წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ი. ბ-ეის მიმართ დისციპლინური სახდელის - სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გამოყენების თაობაზე. ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტმა დაარღვია სტუდენტის ეთიკის კოდექსის 3.2.9. ქვეპუნქტი, რამდენადაც სტუდენტმა ლექტორთან იმეილით მიმოწერისას და ეთიკის საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს წევრებს და ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, მათ დამამცირებელი და ღირსების შემლახველი შინაარსის მქონე ფრაზებით მიმართავდა. ეთიკის საბჭოს მიერ დადგინდა სტუდენტის ქმედებაში სტუდენტის ეთიკის კოდექსის 3.2.14 ქვეპუნქტის დარღვევა (რაც გულისხმობს სხვა პირზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მუქარას, დაშინებას ან მორალურ ზემოქმედებას საკითხების გადაწყვეტის მიზნით) და 5.1.11 ქვეპუნქტის დარღვევა (რაც გულისხმობს ზემოქმედებას, ასევე ზემოაღნიშნულ ქმედებათა მცდელობას, მათ შორის აკადემიური შეფასების მიღების მიზნით). ეთიკის საბჭომ დაადგინა, რომ სტუდენტმა განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მორალური ზემოქმედება აკადემიური საკითხის გადაწყვეტის და შეფასების მიღების მიზნით ლექტორზე, ზ. გ-იზე. საბჭოს წევრებმა ვერ დაადგინეს მიზეზი, რაც ლექტორის მხრიდან რაიმე საბაბად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, ან მაპროვოცირებელი ყოფილიყო სტუდენტის ასეთი მოქმედებების და საქციელის. ეთიკის საბჭოს მოსაზრებით, სტუდენტმა დაარღვია სტუდენტის ეთიკის კოდექსის 3.2.14 და 5.1.11 ქვეპუნქტები, რამდენადაც სტუდენტი დაჟინებით და განმეორებით ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მორალურ ზემოქმედებას ლექტორზე შეფასების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნულის შემდეგ, ეთიკის საბჭოს სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი ი. ბ-ეისთვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრის თაობაზე, რამდენადაც საბჭო უფლებამოსილია, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, გამოიყენოს სტუდენტის ეთიკის კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომის ორი ალტერნატივა: ა) წერილობითი გაფრთხილება ან ბ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. ეთიკის საბჭოს წევრებს შორის გამართული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ი. ბ-ეის პასუხისმგებლობის ზომად სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგი გარემოებების გამო: ეთიკის საბჭოს მოსაზრებით, წერილობითი გაფრთხილება ემსახურება იმ მიზანს, რომ სტუდენტმა აღარ ჩაიდინოს იგივე ან უარესი ქცევა და მოახდინოს შემდგომი დარღვევების პრევენცია. ი. ბ-ეს უკვე გააჩნდა ეთიკის საბჭოს წერილობითი გაფრთხილება აკადემიური თაღლითობის ჩადენისათვის, ვინაიდან მან საგამოცდო ცენტრში სცადა ტელეფონით საგამოცდო საკითხის პასუხის გადაწერა. წერილობით გაფრთხილებას არ მოუხდენია მის მიერ სტუდენტის ეთიკის კოდექსის მორიგი და მთელი რიგი დარღვევების პრევენცია, სტუდენტმა შეფასების მომატების მიზნით განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მორალური ზემოქმედება ლექტორზე; სტუდენტმა შეურაცხმყოფლად მიმართა ლექტორს იმეილით, მას შემდეგ რაც ლექტორისაგან შეფასების მომატებაზე უარი მიიღო; სტუდენტმა არაერთხელ მიმართა შეურაცხმყოფლად ეთიკის საბჭოს წევრებსა და ლექტორს საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას. მეტიც, ი. ბ-ე თავად ადასტურებდა ეთიკის საბჭოს სხდომაზე, რომ არსებული წერილობითი გაფრთხილება არ წარმოადგენდა მისთვის რაიმე ფაქტორს, რადგან მას „არ ახსოვს“ წინა დარღვევის შესახებ. ასევე მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ი. ბ-ე ახორციელებდა საბჭოს სხდომის უკანონო ჩაწერას. ეთიკის საბჭომ მიიჩნია, რომ მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება ვერ იქნებოდა სტუდენტის დარღვევების გათვალისწინებით, ქმედების პროპორციული და ვერ მიაღწევდა დასახულ ამოცანას. კონკრეტულ შემთხვევაში ეთიკის საბჭომ მიიჩნია, რომ ი. ბ-ეის მიმართ წერილობით გაფრთხილების, როგორც პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, იქნებოდა უშედეგო, არათანაზომიერი და არაპროპორციული სანქცია, და განმეორებითი წერილობითი გაფრთხილება ვერ მიაღწევდა დასახულ ამოცანას, რომ მოეხდინა შემდგომი დარღვევების პრევენცია. აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა იმ გარემოებებს, რომ ეთიკის საბჭოს სხდომაზე სტუდენტს ჰქონდა საშუალება, რომ გაეაზრებინა მომხდარი და კრიტიკული თვალით შეეხედა საკუთარი ქმედებებისთვის. თუმცა, სტუდენტი მაინც ამართლებდა თავის ქმედებებს და საერთოდ არცერთ ქმედებაში მიიჩნევდა თავს დამნაშავედ. სტუდენტი იმეორებდა, რომ იგი პრობლემას ვერ ხედავდა თავის ქმედებებში და აგრძელებდა შეურაცხმყოფელ ქცევას ლექტორისა და საბჭოს წევრების მიმართ. ასევე, საბჭომ იმსჯელა და გაითვალისწინა, რომ ეთიკის საბჭოს მიერ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა არ ნიშნავს სტუდენტის განათლების უფლების შეზღუდვას. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის მანძილზე სტატუსშეწყვეტილ პირს უნარჩუნდება სხვა უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება და სტუდენტის სტატუსი 12 თვის განმავლობაში არა „შეწყვეტილი“, არამედ „შეჩერებულია“ მობილობის მიზნებისათვის. ეს წარმოადგენს იმის ცალსახა გარანტიას, რომ არცერთი სტატუსშეწყვეტილი პირის განათლების უფლება არ და ვერ იქნება შეზღუდული ან შელახული, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში. შესაბამისად, შპს „თ...ს“ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 2022 წლის 10 მარტის №03/03-06 ბრძანების თანახმად, შპს თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის, ი. ბ-ეის მიერ სტუდენტის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის 3.2.9. ქვეპუნქტის (სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სხვა პირისათვის, ასევე, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხყმყოფელი შინაარსის მქონე ფრაზებით მიმართვა), 3.2.14 ქვეპუნქტის (სხვა პირზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, დაშინება ან მორალური ზემოქმედება, ასევე ზემოაღნიშნულ ქმედებათა მცდელობა, მათ შორის აკადემიური საკითხების გადაწყვეტის მიზნით) და მე-5 მუხლის 5.1.11 ქვეპუნქტის (ლექტორზე, გამომცდელზე, უნივერსიტეტის თანამშრომელზე ზეწოლა შეფასების მიღების მიზნით) დარღვევის გამო (დარღვევის სიმძიმის და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ უკვე გამოცემულია აკადემიურ თაღლითობაზე წერილობითი გაფრთხილება) ი. ბ-ეის მიმართ გამოყენებულ იქნა სტუდენტის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის 4.2, 4.10 და 6.4 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა: სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს განათლების, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების უფლების ადეკვატური უზრუნველყოფის პრინციპს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, უმაღლესი განათლების დაწესებულების პარადიგმულ გამოვლინებას წარმოადგენს უნივერსიტეტი. საუნივერსიტეტო სწავლების კონცეფციის მეშვეობით განათლების მიღება და ცოდნის გადაცემა სწავლების აღნიშნულ მოდელს ორმხრივ სარგებელს სძენს, ხსენებული გამოიხატება იმაში, რომ ეს უკანასკნელი ინდივიდუალურ სასწავლო დისციპლინაში სპეციალიზებული ცოდნის მიღების მსურველთათვის ქმნის ხარისხიანი განათლების მიღების პირობებს, ხოლო უნივერსიტეტის ბაზაზე აკადემიურ ან სხვა სამეცნიერო თანამდებობაზე დასაქმებულ პირებს სთავაზობს აკადემიური თავისუფლების მრავალი საუნივერსიტეტო სიკეთით სარგებლობის მაქსიმალურად მრავალმხრივ ალტერნატივებს (სუსგ №ბს-320(გ-25), 01.05.2025წ.). „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა ... სწორედ საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში (საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 02 თებერვლის განჩინება №1/4/1691 საქმეზე „გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ“, §22.). ბუნებრივია ის ფაქტიც, რომ განათლების ხელმისაწვდომობის უფლება არ გამორიცხავს სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გამოყენებას, საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შეჩერებისა და გარიცხვის ჩათვლით, სასწავლო დაწესებულების შიდა რეგულირების პატივისცემის მიზნით (სუსგ №ბს-275(გ-23), 2023 წლის 22 ივნისი). „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უშუალოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებას შეიმუშაოს წესდება, დაწესებულების შინაგანაწესი, ასევე ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების მომწესრიგებელი ნორმატიული ჩარჩო. თუმცა, უნივერსიტეტის ავტონომია შებოჭილია კანონით. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიშვება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ნორმების გათვალისწინებით (43.7 მუხ.). სახელმწიფოს აქვს რეგულირების შესაძლებლობა აგრეთვე კერძო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მიმართებითაც, რომელიც, თავის მხრივ, განპირობებულია სტუდენტთა თვითნებური მიღებისა და გარიცხვის პრევენციის მიზნით (2013 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Tarantino and others v. Italy, App. No., 25851/09,29284/09,64090/09, §43,44,48,52). შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით განსაზღვრულია დისციპლინური წარმოებისას სტუდენტის უფლებები (43.9 მუხ.), დადგენილია დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი (43.10 მუხ.) და სტუდენტისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი წესი (43.8 მუხ.). სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობას, სტუდენტს უნდა მიეცეს თავისი საქმის განხილვაზე დასწრების უფლება. სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იგი ფაქტობრივად არღვევს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სტუდენტი ვალდებულია დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი (სუსგ №ბს-275(გ-23), 22.06.2023წ.).

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის 1-ელ წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება აუცილებელია იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული. თანაზომიერების პრინციპის დაცულობას სამართლებრივი იმპერატივის ძალა აქვს. უნივერსიტეტის ბაზაზე შემუშავებულ „ეთიკის კოდექსში“ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციის არსებობა იმთავითვე მოითხოვს უნივერსიტეტის მიერ დისციპლინური გადაცდომის სრულყოფილად შესწავლა/შეფასებას. სტუდენტის თითოეული ქცევა, რომელიც წარმოადგენს ეთიკური ნორმებისა თუ ქცევის ზოგადი წესების სავარაუდო დარღვევას, უნდა შეფასდეს თავისი ბუნების, შექმნილი საფრთხის, დამდგარი შედეგის, შედეგის გამოსწორების შესაძლებლობის ან მისი შემცირების მიზნით განხორციელებული ძალისხმევის, აგრეთვე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე და უშუალო კონტექსტით განპირობებული ფაქტორების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გრადაცია უსათუოდ მოიაზრებს დიფერენცირებას, დიფერენცირების უცილობლობა თავისთავად განპირობებულია დარღვევის სიმძიმით. დისციპლინური დარღვევა მოითხოვს მასზე ადეკვატურ რეაგირებას, მსუბუქი დარღვევა საჭიროებს მსუბუქ, ხოლო მძიმე დარღვევა უფრო მძიმე რეაგირებას. ყველა დისციპლინურ გადაცდომაზე იდენტური რეაგირების შემთხვევაში საერთოდ აზრს დაკარგავდა მსუბუქი და მძიმე გადაცდომის ერთმანეთისაგან გამიჯვნის მნიშვნელობა. ამდენად, პირისათვის შეფარდებული დისციპლინური სახდელი უნდა განასახიერებდეს დისციპლინურ სახდელებს შორის არსებული დიფერენცირების ნორმატიულ მიზანს (სუსგ., ბს-1118(კ-23), 25.07.2025წ.). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ დისციპლინური სახდელის სახით სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა უნდა წარმოადგენდეს „ultima ratio” (უკანასკნელი არგუმენტი, უკანასკნელი საშუალება) - ღონისძიებას, იმ სახდელს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სტუდენტის მიმართ მის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. ამდენად, როდესაც საქმე ეხება უკიდურესი დისციპლინური სახდელის გამოყენებას, უნივერსიტეტის მიერ აქტის დასაბუთებულობამ უნდა მიაღწიოს არგუმენტაციის იმ ხარისხს, რომ ნეიტრალური, ობიექტური დამკვირვებელი დაარწმუნოს საქმის სხვაგვარად გადაწყვეტის მიზანშეუწონლობაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ლექტორს - ზ. გ-ისა და სტუდენტს - ი. ბ-ეს შორის გამოცდის შედეგთან დაკავშირებული ელექტრონული მიმოწერის ამსახველ დოკუმენტებზე, შპს „თ...ს“ ეთიკის საბჭოს 2022 წლის 09 მარტის №06/09 სხდომის ოქმზე და მათი შინაარსის გათვალისწინებით, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებებს ეთიკური ნორმების დაცულობის თაობაზე. საქმეში დაცული მასალების სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შინაგანი რწმენით შეფასებისას, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ კასატორის ყოველ საქციელში, განწყობაში, დამოკიდებულებაში, კომუნიკაციის ფორმასა და მანერაში ჭარბად შეინიშნებოდა როგორც ლექტორის, ასევე მთლიანი საუნივერსიტეტო პროცესის მიმართ გამოხატული ეთიკური სტანდარტისაგან მნიშვნელოვნად დისტანცირებული ქცევა. კასატორს არ უცდია დაშვებული შეცდომების გამოსწორება. უნივერსიტეტის მიერ კასატორის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული დისციპლინური სახდელი („წერილობითი გაფრთხილება“) აკადემიური თაღლითობის ჩადენის ფაქტზე. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო პალატის შეფასებები.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, ი. ბ-ეს საკასაციო საჩივარზე 21.05.2025წ. №3751 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ბ-ეს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი - შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. ი. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.05.2025წ. №3751 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე