Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-691 (კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ. ბ-ი, თ. კ-ი, ა. ბ-ი, ე. ბ-ი, ნი. ბ-ი, მ. ბ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ბ-იმა, თ. კ-იმა, ა. ბ-იმა, ე. ბ-იმა, ნი. ბ-იმა და მ. ბ-იმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 01 ნოემბრის №IDP 2 22 00000933 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

სარჩელის თანახმად, ნ. ბ-ი არის ცხინვალიდან დევნილი. იგი თავის არადევნილ მეუღლესთან, ..., ... და ... წლებში დაბადებულ არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით იმ უძრავ ქონებაში, რომელიც იყო მისი ოჯახის საკუთრებაში, თუმცა მამის ავადმყოფობის გამო დაგროვილი ვალების გასტუმრების მიზნით გაყიდა. მოსარჩელემ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თხოვნით, თუმცა, სააგენტომ უარი უთხრა ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 01 ნოემბრის №IDP 2 22 00000933 ბრძანება და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება. მოცემული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს კანონმდებლობით დადგენილი ფორმები და არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს მოსარჩელის ოჯახი სხვა დევნილ ოჯახებთან მიმართებით, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონება და ამ ეტაპისთვის მისივე საცხოვრებელ ფართში შეუზღუდავად ცხოვრობს და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს, მართალია, დევნილთა ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ მათ არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრებათ და არც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობენ. კასატორის აზრით კი, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ მსგავს მდგომარეობაში მყოფ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო განსახლებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე ნ. ბ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3, მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელეები - ნ. ბ-ი, ა. ბ-ი, ე. ბ-ი, ნი. ბ-ი და მ. ბ-ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

2021 წლის 01 თებერვალს ნ. ბ-იმა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში, მასთან ერთად, მიუთითა: მეუღლე - თ. კ-ი და შვილები - ა., ე., ნი. და მ. ბ-იები.

კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმით დადგინდა, რომ კრიტერიუმების გათვალისწინებით ნ. ბ-ის ოჯახს მიენიჭა 6 ქულა (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 4 არასრულწლოვანი - 3 ქულა). შეფასების ფორმაში დამატებით მითითებულია, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ირიცხებიან ოთხი შვილი და დედა. განაცხადი გააკეთა შვილებთან და არადევნილ მეუღლესთან - თ. კ-ითან ერთად. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2021 წლის 23 სექტემბერს გამოცხადდნენ ნ. ბ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - გორის რაიონში, სოფ. ...ში, სადაც ადგილზე დახვდნენ განმცხადებელი - ნ. ბ-ი, მისი მეუღლე - თ. კ-ი და შვილები - ა., ე., ნი. და მ. ბ-იები. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა მამას, მისი გარდაცვალების შემდგომ გაიფორმა თვითონ, 5 თვის წინ კი გაყიდა ვალების გამო და ამჟამინდელი მესაკუთრეა ზ. ტ-ი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 17 თებერვლის №10 სხდომის ოქმის თანახმად, ნ. ბ-ის (პირადი №...; სარეგ. №...) უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, რადგან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 01 ნოემბრის №IDP 2 22 00000933 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №10), ნ. ბ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ოჯახი ცხოვრობს თავისივე გასხვისებულ ბინაში, უსაფუძვლოა და არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 2020 წლის 18 მარტის განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)), განსაკუთრებით კი იმ პირობებში როდესაც, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ის მიერ გასხვისებული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ზ. ტ-ი, რომელმაც სანოტარო წესით დაადასტურა, რომ 2021 წლის 16 აპრილს ნამდვილად იყიდა ბ. ბ-ისგან საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 119.00 კვ.მ, №2 და №3 არასაცხოვრებელი ფართი და საკარმიდამო ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1572.00 კვ.მ, მისამართზე: გორი, სოფელი ...ი (საკადასტრო კოდი ...) და გადაცემული ჰქონდა დროებითი სარგებლობის მიზნით - ქირით ნ. ბ-იზე, მეუღლესა და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. 2023 წელს ზ. ტ-იმა კი, აღნიშნული ბინა გაასხვისა ზ. დ-იზე, რომელსაც მოსარჩელე უხდის ქირას.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მშობლებთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ასევე უარი ეთქვათ მათ არასრულწლოვან შვილებს, რომელთა უპირატესი ინტერესების დაცვაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ნ. ბ-ის დევნილი ოჯახის წევრებს წარმოადგენენ ასევე მისი არასრულწლოვანი შვილები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამასთან, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. ამდენად, სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვანების განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ნ. ბ-ის დევნილ ოჯახს უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობებს წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

თ. ზამბახიძე