საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-737(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ჩ-ი
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
2020 წლის 18 ივნისს ლ. ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 200 000 (ორასი ათასი) ლარის ანაზღაურება და ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო, ყოველთვიური სარჩოს გადახდა მოითხოვა 2019 წლის 21 ივნისიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიურად დაუბეგრავი (საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით) 2740 (ორი ათას შვიდას ორმოცი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსარჩელე ლ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე მოპასუხეს მოსარჩელე ლ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა შრომისუნარიანობის შემცირების გამო, ყოველთვიური სარჩოს გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიურად 1440.60 (ათას ოთხას ორმოცი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.
კასატორის მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად (M.C. against the Federal Republic of Germany, Primov and others vs Russia), მშვიდობიანი შეკრება არ მოიცავს დემონსტრაციებს, სადაც ორგანიზატორებს და მონაწილეებს აქვთ აშკარად ძალადობრივი განზრახვა, რასაც მოჰყვება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, აქციის მონაწილეების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის (მშვიდობის) დარღვევის მტკიცებისათვის, აუცილებელია დასაბუთდეს არა მხოლოდ საფრთხის გონივრულობა, არამედ ასეთი საფრთხის დადგომის მყისიერებაც. კერძოდ, უნდა არსებობდეს კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე.
კასატორის განმარტებით, საპროტესტო აქციის ფარგლებში სამართალდამცავი უწყების მიერ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და სასამართლოში წარდგენილი იქნა 341 პირი, რომელთა სრული შემადგენლობა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, ამასთან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცა 19 პირი, 2 პირი - ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, 16 პირი - ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, ხოლო 1 პირი - აფეთქების მომზადების ბრალდებით. შესაბამისად, ცალსახად დგინდება დემონსტრანტების მიერ აშკარა ძალადობრივი განზრახვა და მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივი ხასიათი. ამასთან დგინდება, რომ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა არა კონკრეტული ჯგუფის მიერ, არამედ შეკრებილთა დიდი უმრავლესობის მიერ. ამდენად, როდესაც შეკრებილთა უმცირესობა ავლენს ძალადობას, ნათელია, რომ პოლიციამ კონკრეტული ინდივიდის ქმედებებზე დაყრდნობით არ უნდა მოახდინოს სიტუაციის შეფასება და აქციის დაშლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უმრავლესობის ქმედებებზე დაყრდნობით.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიცია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვით რეჟიმში, ისინი იგერიებდნენ დემონსტრანტების მიერ ნასროლ საგნებს და არ გადადიოდნენ აქტიურ მოქმედებებზე. შესაბამისად, მოსარჩელე, რომელიც იმყოფებოდა აქციის ტერიტორიაზე, აღარ წარმოადგენდა მშვიდობიან დემონსტრანტს, ვინაიდან ის შეკრება, რომელშიც მონაწილეობდა იგი, უკვე წარმოადგენდა ძალადობრივ ღონისძიებას. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ დატოვა კონკრეტული ტერიტორია მას შემდეგ, რაც აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი იზიარებდა სხვა დემონსტრანტების სულისკვეთებას, ადმინისტრაციულ ორგანოში შეჭრასთან დაკავშირებით. საპოლიციო ძალების მიერ აქციის დაშლის გადაწყვეტილება ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად უნდა ეფუძნებოდეს არა ცალკეულ ინდივიდების მიერ განხორციელებულ ქმედებებს, არამედ მასობრივ შემთხვევებს. აღნიშნული მსჯელობიდან ნათელია, რომ კონკრეტული ინდივიდის ქმედება ან უმოქმედობა ვერ აქცევს აქციის დაშლის გადაწყვეტილებას უკანონოდ. შესაბამისად, მასობრივი ღონისძიების დროს, სასამართლოს მსჯელობა, რომ კონკრეტული პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა ადასტურებს საპოლიციო ღონისძიების უკანონობას, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. პოლიცია აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა გაიტაცეს ფარები და ხელკეტები, პოლიცია კი შიშველი ხელებით აღმოჩნდა აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების პირისპირ, ამასთან, რამდენიმე პოლიციელი გაიტაცეს ხალხის მასაში, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ დემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა ვანდალიზმსა და პოლიციელებზე თავდასხმას, აქედან გამომდინარე, პოლიციელების მიერ გამოყენებული ძალა იყო საჭირო, პროპორციული და გონივრული.
კასატორის განმარტებით, მორალური ზიანის ოდენობა არაგონივრულია; მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ და განმარტავს, რომ მხოლოდ ამ კუთხით შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. მორალური ზიანის დაკისრების დროს სასამართლოს მიერ მხედველობაში ხდება იმ გარემოების მიღება და შეფასება, რომ მიღწეულ იქნეს მორალური ზიანის მთავარი მიზანი, ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მორალურ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლოსათვის გადამწყვეტია არა ქმედების კვალიფიკაცია, არამედ ის ტკივილი, რომელიც ამ ქმედების შედეგად განიცადა მხარემ. კასატორის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რასაც ეწინააღმდეგება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებისა და ყოველთვიური სარჩოს დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2019 წლის 20 ივნისს, ქ.თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ საღამოს გაიმართა ადამიანთა შეკრება, რომელშიც მონაწილეობდა ლ. ჩ-იც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა დანაყოფებმა, შეკრებაში მონაწილე ცალკეულ პირთა მიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელების საფუძვლით და აღნიშნულ მოქმედებათა აღკვეთის მიზნით, დაიწყეს ძალის (სპეციალური საშუალებების) გამოყენება შეკრებაში მონაწილე პირების მიმართ. მოსარჩელე მოიწამლა გაზით, რის გამოც უჭირდა სუნთქვა და მხედველობა. გაზის გაშვებას მოჰყვა რეზინის ტყვიების სროლაც. აქციის მონაწილეები ეცემოდნენ კიბეებზე, მოსარჩელე ეხმარებოდა მონაწილეს წამოდგომაში, რა დროსაც რეზინის ტყვია მოხვდა მკლავში, მუცელსა და ყელში. თავის აწევის შემდეგ კი მოხვდა მას ერთი ტყვია შუბლის არეში და მეორე მარჯვენა თვალში. ლ. ჩ-ი 2019 წლის 21 ივნისს 04:00 საათზე, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მოთავსებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების - შპს „...ის“ სტაციონარში. ოფთალმოლოგის მიერ მოსარჩელის გასინჯვის შედეგად მას აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევა, რის გამოც დაენიშნა წოლითი რეჟიმი და მედიკამენტური მკურნალობა, შემდგომ კი გაეწერა საავადმყოფოდან, 21 ივნისს 06:00 საათზე.
2019 წლის 02 ივლისს ოფთალმოლოგთან კონსულტაციის შედეგად ლ. ჩ-ს დაუდგინდა დიაგნოზი ტრავმული მიდიაზი, ოფთალმოჰიპერტენზია, ჰემოფთალმი და დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა. 2019 წლის 11 ივლისს ლ. ჩ-ის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მინისებრი სხეულის ღრუში შეინიშნება საშუალო სიხშირის ნაწილობრივ დიფუზური ჩრდილი, ბადურა გარსის ჩამოცლა, მიფენილია ტემპორალურად. ამავე დღეს შედგენილ პაციენტის გასინჯვის ფურცელში, დიაგნოზად მითითებულია OD ბადურის ჩამოცლა H33.5. ასევე აღნიშნულია, რომ პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია OD გაფართოებული კომბინირებული პროცედურები მინისებრ სხეულსა და ბადურაზე CKSD93.
2019 წლის 12 ივლისს შედგა მანიპულაცია. პაციენტის გასინჯვის ფურცელში თერაპევტის მიერ მითითებულია პაციენტის ჩივილი მხედველობასთან დაკავშირებით. 2019 წლის 18 ივლისს გაცემულ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათში №0-243 მითითებულია, რომ პაციენტი მოთავსდა სტაციონარში 2019 წლის 17 ივლისს, დიაგნოზით OD - სხვა ბადურის ჩამოცლა, რის გამოც დაიგეგმა ოპერაცია.
შპს „...ის“ მიერ 2019 წლის 19 ივლისს გაცემული „ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ“ ცნობის თანახმად, ლ. ჩ-ი კლინიკაში მოთავსდა 2019 წლის 17 ივლისს, 15:26 საათზე. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: H33.0 - ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით - OF645NOD. 5 მოკლე ანამნეზი: პაციენტი გადატანილი ტრავმის შემდეგ (20 ივნისს მოხვდა რეზინის ტყვია) უჩივის მხედველობის დაქვეითებას. ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე. ჩატარებული მკურნალობა: CKSD93- გაფართოებული კომბინირებული პროცედურები მინისებრ სხეულსა და ბადურაზე. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას(18.07.2019წ. 18:00სთ.): სტაბილიზაცია. პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
შპს „...ის“ მიერ 2019 წლის 09 ოქტომბერს გაცემული „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ ცნობის თანახმად, ლ. ჩ-ი კლინიკაში მოთავსდა 2019 წლის 02 ოქტომბერს 13:46 საათზე. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: H35.8 - ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები OD; H26.1 - ტრავმული კატარაქტა OD; H21.8 - ფერადი გარსისა და ცილიარული სხეულის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები OD. მოკლე ანამნეზი: პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა საკონტროლო ვიზიტისთვის. გადატანილი ტრავმის შემდეგ. ჩატარებული აქვს მარჯვენა თვალზე ქირურგიული ჩარევა 17.07.2019-ში: გაფართოვებული კომბინირებული პროცედურები მინისებრ სხეულსა და ბადურაზე. ინტრაოპერაციულად მინისებრი სხეულის ღრუში შეყვანილ იქნა სილიკონის ზეთი, 19.08.2019-ში ჩაუტარდა ამავე თვალზე ბადურის ლაზერკოაგულაცია. იტარებს შესაბამის მკურნალობას. ავადმყოფობის მიმდინარეობა: ქვემწვავე. ჩატარებული მკურნალობა: CKSD20- მინისებური სხეულის შემცვლელის(პროთეზის) ამოღება OD; CJSE20 - ფაკოემულსიფიკაცია და ხელოვნური ბროლის იმპლანტირება უკანა საკანში OD; SHSE99 - სხვა ოპერაცია ფერადი გარსის დაზიანებულ უბანზე OD. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას - სტაბილიზაცია. პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
2019 წლის 20-21 ივნისის შეკრების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად დაზიანებული ლ. ჩ-ის მკურნალობის ხარჯები სრულად იქნა ანაზღაურებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის(დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის 2022 წლის 18 ნოემბრის №0014549441 დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ლ. ჩ-მა, რაც გახდა მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, სისხლის სამართლის №074091119801 საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი ლ. ჩ-ი.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2022 წლის 09 ივნისის №007629320 დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №5583-ის მონაცემებით, ლ. ჩ-მა აღნიშნულ კლინიკას მიმართა 21/06/2019წელს 04:00 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: თვალის კაკლის კომოციო; სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ქუთუთოს არეში სისხლჩაქცევა/კანქვეშა ჰემატომა, ს/კ სისხლჩაქცევა. როგორც შპს „...ის“ სტაციონარული პატენტის სამედიცინო ბარათი №0-243 და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით №2897 (დათარიღებული 19/07/2019წ.) ირკვევა, რომ ლ. ჩ-მა აღნიშნულ კლინიკას მიმართა 17/07/2019 წელს 15:26 საათზე (გაწერის თარიღი: 18.07.2019 წ. 18:00 სთ), სადაც დაესვა დიაგნოზი: ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით. შპს „...ის” სტაციონარული პაციენტის №079238 სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №789 ცნობის (დათარიღებული 20.08.2019 წ.) მონაცემებით, ლ. ჩ-მა აღნიშნულ კლინიკას მიმართა 19/08/2019 წელს 14:39 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი OD-ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები (ვიტრექტომიის შ/მ, სილიკონის ზეთი მინისებრი სხეულის ღრუში; ბადურის პერიფერიული დეგენერაცია. „...ი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №079238 და ჯანმრთელოსის მდგომარეობის შესახებ №1083 ცნობით (დათარიღებული 11/10.2019წ.) ირკვევა, ლ. ჩ-მა აღნიშნულ კლინიკას მიმართა 02/10/2019 წელს 13:46 საათზე (გაწერის თარიღი: 02/10/2019წ. 21:00სთ). იტარებს შესაბამის პოსტოპერაციულ მკურნალობას. დიაგნოზი: OD - ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები (ვიტრექტომიის შ/მ, სილიკონის ზეთი მინისებრი სხეულის ღრუში; ბადურის პერიფერიული დეგენერაცია. შპს „...ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის №07938 და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №1083 ცნობის (დათარიღებული 11/10/2019წ.) მონაცემებით, ლ. ჩ-მა აღნიშნულ კლინიკას მიმართა 02/10/2019 წელს, 13:46 საათზე (გაწერის თარიღი: 02/10/2019წ. 21:00 სთ), სადაც იტარებდა მკურნალობას დიაგნოზით: ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები, ტრავმული კატარაქტა, ფერადი გარსისა და ციალიარული სხეულის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები. ექსპერტიზაზე, მოთხოვნის თანახმად, დამატებით წარდგენილი ამბულატორიული ავადმყოფის №11393 სამედიცინო ბარათის ქსეროასლი, დამოწმებული სსიპ „...ის“ ბეჭდით/ჩანაწერებით, 25/02/2013წ. ოფთალმოლოგის კონსულტაციით: ავადმყოფი უჩივის მხედველობის დაქვეითებას. VOU-0,6. ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლილი იქნა და თვით ლ. ჩ-ი გამოკვლეულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის ოფთალმოლოგიაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, გ. ჩ-ას მიერ, რომლის დასკვნითაც: ამჟამად ლ. ჩ-ს აღენიშნება მარჯვენა თვალზე ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, ვიტრეორეტინული ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა, არტიფაკია(ხელოვნური ბროლი უკანა საკანში), გუგის პლასტიკა. მხედველობის სიმახვილე მარჯვენა თვალზე არის - 0.1(10%)-არ კორეგირებს, მარცხენა თვალზე 1.0(100%). ამჟამინდელი ოფთალმოლოგიური გასინჯვის მონაცემებით, ლ. ჩ-ის მხედველობის სიმახვილე მარცხენა (ჯანმრთელ) თვალზე 1.0(100%)-ია. იგივე მონაცემი(1.0) ან მასთან მიახლოებული (0,7-0,8) უნდა ჰქონოდა სავარაუდოდ 2013 წელსაც, თუმცა რა პირობებში მოხდა მხედველობის სიმახვილის დადგენა(მანძილი, განათება და ა.შ.) უცნობია. 2013 წლის და 20 წლის ოფთალმოლოგიური გასინჯვით - მარცხენა (ჯანმრთელ) თვალში მხედველობის სიმახვილის მონაცემებს შორის სხვაობა, სავარაუდოდ, შემოწმების დროს ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019წ. მომხდარ ფაქტამდე ლ. ჩ-ის მხედველობის სიმახვილე მარჯვენა(დაზიანებულ) თვალში იქნებოდა არანაკლებ 0.6-სა. ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ლ. ჩ-ის გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე ექსპერტთა კომისია მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ლ. ჩ-ის მარჯვენა თვალზე არსებული ცვლილებები არის ტრავმული გენეზის. განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვით 15%-დან 25%-მდე ნიშნით და უკავშირდება 20/06/2019წ. თარიღს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ უფრო კონკრეტულად პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან 2019 წ. მომხდარ ფაქტამდე ლ. ჩ-ის მხედველობის სიმახვილე მარჯვენა(დაზიანებულ) თვალში იქნებოდა - არანაკლებ 0,6-სა (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით და ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული ოფთალმოლოგის კონსულტაციით მხედველობის სიმახვილის უფრო ზუსტად დადგენა 20.06.2019 წ.-მდე შეუძლებელია).
2019 წლის მოვლენებამდე ლ. ჩ-ი დასაქმებული იყო შპს„ჯ...“-ში კალატოზის თანამდებობაზე 2018 წლის 18 იანვრიდან და მისი კუთვნილი ხელფასი ირიცხებოდა სს„... ბანკში“, კერძოდ: იანვარი 2018 წ. - 500 ლარი; თებერვალი 2018 წ. – 1225 ლარი; მარტი 2018 წ. – 2348 ლარი; აპრილი 2018 წ. - 2900 ლარი; მაისი 2018 წ. - 3809ლარი; ივნისი 2018 წ.- 1000 ლარი; ივლისი 2018 წ. - 2461 ლარი; აგვისტო 2018 წ. – 3990 ლარი; სექტემბერი 2018 წ.- 1500 ლარი, ივლისი 2019 წ.- 1440.6 ლარი. დასახელებული ცნობის შინაარსი მოწმობს, რომ ლ. ჩ-ი 2018 წლის სექტემბრის შემდეგ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) არ იყო დასაქმებული და მას შემოსავალი 2019 წლამდე არ უფიქსირდება, ხოლო 2019 წელს კი შემოსავალი უფიქსირდება მხოლოდ ივლისის თვეში და მისი შემოსავალი შეადგენდა 1440,60 (ათას ოთხას ორმოცი ლარი და სამოცი თეთრი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, ადამიანის სიცოცხლე და ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია. ამასთან, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით. კონსტიტუციის მითითებული მუხლის დანაწესის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს საავარიო შემთხვევის შექმნის პროცესში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებსა და პირთა გარდაცვალებას შორის კავშირის არსებობა, ორგანოების მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლად შეუსრულებლობის (უმოქმედობის) ფაქტი და დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობას/არასათანადო მოქმედებასა და მოსარჩელეებთან მიმართებაში დამდგარ ტრაგიკულ შედეგს შორის, რაც ქმნის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ამავე კანონის მე-12 მუხლის ადგენს, რომ საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს. პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) შეიძლება გამოყენებული იქნეს პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის მიზნით, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების სტრატეგია, ფორმები, მეთოდები, მოცულობები და ა.შ. ცხადად, გასაგებად უნდა განისაზღვროს შესაბამისი ნორმატიული აქტით - ინსტრუქციით და იგი მკაცრად შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით და პრაქტიკით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საუკეთესო სტანდარტებთან, რაც პრაქტიკაში უზრუნველყოფს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის თავიდან აცილებას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. ჩ-ის მიმართ, რომელიც მშვიდობიანად, რაიმე სახის აგრესიული ან კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე გამოხატავდა პროტესტს, პოლიციის მიერ გამოყენებულ იქნა იმგვარი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც არ იყო გამოსადეგი, რადგან მის მიმართ ძალის გამოყენებით ვერ აღიკვეთებოდა იმ პირთა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რის გამოც დაიწყო პოლიციამ შეკრების შეწყვეტა.
რაც შეეხება მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი არამატერიალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ადგენს კანონით მხოლოდ პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, დასახელებული კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. რაც შეეხება ასანაზღაურებელი მორალური ზიანის ოდენობას, იგი განისაზღვრება სასამართლოს მიერ საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, „მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. იგივე მუხლი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე და ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე. კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ლ. ჩ-ის მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივ, ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. ის გარემოება, რომ აქციამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და მიღებულ იქნა დაშლის გადაწყვეტილება, ვერ იქნება საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გამოირიცხოს ლ. ჩ-ის მიმართ მოპასუხის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის 2022 წლის 18 ნოემბრის №0014549441 დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ლ. ჩ-მა, რაც გახდა მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველი. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მორალური ზიანის - 50 000 ლარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ან/და იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის მოვლენებამდე ლ. ჩ-ი დასაქმებული იყო შპს „ჯ...“-ში კალატოზის თანამდებობაზე 2018 წლის 18 იანვრიდან და მისი კუთვნილი ხელფასი ირიცხებოდა სს „... ბანკში“, კერძოდ: იანვარი 2018 წ. - 500 ლარი; თებერვალი 2018 წ. – 1225 ლარი; მარტი 2018 წ. – 2348 ლარი; აპრილი 2018 წ. - 2900 ლარი; მაისი 2018 წ. – 3809 ლარი; ივნისი 2018 წ.- 1000 ლარი; ივლისი 2018 წ. - 2461 ლარი; აგვისტო 2018 წ. – 3990 ლარი; სექტემბერი 2018 წ.- 1500 ლარი, ივლისი 2019 წ.- 1440.6 ლარი. დასახელებული ცნობის შინაარსი მოწმობს, რომ ლ. ჩ-ი 2018 წლის სექტემბრის შემდეგ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) არ იყო დასაქმებული და მას შემოსავალი 2019 წლამდე არ უფიქსირდება, ხოლო 2019 წელს კი შემოსავალი უფიქსირდება მხოლოდ ივლისის თვეში და მისი შემოსავალი შეადგენდა 1440,60 (ათას ოთხას ორმოცი ლარი და სამოცი თეთრი).
საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ სარჩოს სიცოცხლის ბოლომდე დაკისრება გაუმართლებელია და დაკისრების შემთხვევაში კასატორს იგი უნდა დაჰკისრებოდა შრომისუნარიანობის აღდგენამდე ან საპენსიო ასაკამდე, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე მუშაობდა შპს „ჯ...“-ში, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და მხარე არ იყო შეზღუდული საპენსიო ასაკით. რაც შეეხება შრომისუნარიანობის აღდგენას, საქმეში წარმოდგენილია ვრცელი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ლ. ჩ-ის მარჯვენა თვალზე არსებული ცვლილებები არის ტრავმული გენეზის. განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვით 15%-დან 25%-მდე ნიშნით, შესაბამისად, მოსარჩელის შრომისუნარიანობის აღდგენა მითითებული პროცენტულობით შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ.ზამბახიძე