Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-869(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე, მესამე პირი) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2. ს. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – 1. ქ. გ-ი 2. თ. გ-ე

თავდაპირველი მოპასუხე – თელავის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. გ-მა და თ. გ-ემ 2023 წლის 12 იანვარს სარჩელით მიმართეს თელავის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ს. ს-ის სახელზე 1996 წლის 05 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის №590 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა; ბ) უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში ს-ი ს. პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა (განაცხადის რეგისტრაციის №..., თარიღი 14.07.2000 წელი), მიწის ნაკვეთი ს/კ ..., ფართობით - 2 837 კვ.მ.; გ) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დ) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე, მდებარე, თელავი, სოფელი ...ი, ფართობი 2717 კვ.მ (ს/კ ...) დარეგისტრირდა მოსარჩელე თ. გ-ის საკუთრების უფლება, რასაც საფუძვლად დაედო „მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტის დადასტურების“ შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 14 სექტემბრის №2 ცნობა. დასახელებული უძრავი ნივთი 2022 წლის 05 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ასევე მოსარჩელე ქ. გ-ის სახელზე (რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 აგვისტოს №... გადაწყვეტილება). ამავდროულად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. ს-ის 2022 წლის 30 ნოემბრის განცხადება ამავე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გაცემულ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, უძრავი ნივთი, მდებარე თელავი, სოფელი ...ი, დაზუსტებული ფართობი 2837 კვ.მ, ს/კ ... . ამავე წარმოების ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა თ. გ-ის სახელზე გაცემული "მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტის დადასტურების შესახებ" 2020 წლის 14 სექტემბრის №2 ცნობის გაუქმება, რაზედაც მარეგისტრირებელ ორგანოს უარი ეთქვა. საბოლოოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 იანვრის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილება და რეგისტრაციის შესახებ 2022 წლის 11 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, გაუქმებულ იქნა მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლებები. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის როგორც 2022 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, ასევე 2023 წლის 27 იანვრის №... გადაწყვეტილება, მოკლებულია შესატყვის იურიდიულ საფუძვლებს, ვინაიდან მათ სახელზე არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტები კვლავაც ძალაშია. შესაბამისად, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. გ-ისა და თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, ხოლო, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით ს. ს-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ სადავო აქტების მიღებისას მარეგისტრირებელ ორგანოს არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ გამოუკვლევია ჰქონდა თუ არა ადგილი ერთი მიწის ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობას. სახელდობრ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აპელანტი ს. ს-ის 2022 წლის 30 ნოემბრის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, 2022 წლის 6 დეკემბრის №... პირობითი განცხადების (რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით) მიღებისას, ხოლო შემდგომ 2023 წლის 27 იანვრის №... გადაწყვეტილებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ბათილად ცნობისას, არ გამოიკვლია თ. გ-ის მიმართ 1993 წელს გაცემული №80 მიღება-ჩაბარების აქტით და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით (14.07.00წ. განაცხადის რეგისტრაციის №...წ.) გათვალისწინებული ცნობები. მიუხედავად იმისა, რომ ამონაწერში საჯარო რეესტრიდან თ. გ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 14.09.2020წ. №5154 ცნობა, საქმის მასალებით დგინდება, რომ თ. გ-ის სახელზე გაცემულია როგორც მიღება-ჩაბარების აქტი №80, ასევე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (14.07.00წ. განაცხადის რეგისტრაციის №...). თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 14 სექტემბრის №5154 ცნობასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაშია და არ გაუქმებულა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უცნობი იყო თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად ცნობის გაცემას, ასევე გათვალისწინებული იქნა თუ არა სისტემურად რეგისტრირებული მონაცემები. ხოლო, აღნიშნულ დასკვნებს, სააპელაციო პალატის შეფასებით, არ გამორიცხავდა აპელანტების ძირითადი მოტივაცია სადავო აქტების კანონიერების თაობაზე, რომელიც ემყარება იმ არგუმენტს, რომ სადავო ტერიტორიაზე ე.წ. „ყვითელი ფენების“ სიზუსტის (ე.წ. „ყვითელი ფენების“ მონაცემებით, სარეგისტრაციო ტერიტორიაზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - ...) გათვალისწინებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს არ უნდა მიეღო რეგისტრაციის შესახებ №... (19.09.2020წ.) გადაწყვეტილება, რაც განაპირობებს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ბათილობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ს-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებით, საქმეში დაცულ სიტუაციურ ნახაზზე დატანილი „ყვითელი ფენების“ მონაცემებით დგინდება, რომ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) მდებარეობა შეესაბამებოდა ე.წ. „ყვითელი ფენების“ მონაცემების შესაბამისად სარეგისტრაციო ტერიტორიაზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) მდებარეობას, 1996 წლის 05 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის №590 მიღება-ჩაბარების აქტში დასახელებული მოსაზღვრეები და ს. ს-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის მოსაზღვრეები ერთმანეთს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებაც, რომ უშუალოდ მარეგისტრირებელი ორგანოს №... (06.12.2022წ.) გადაწყვეტილებით ს. ს-ის სახელზე დაზუსტებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შეუსაბამოა ამავე პირის სახელზე გაცემულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ, აგრეთვე მის საფუძველზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან (ს/კ ...). თ. გ-ის სახელზე 1993 წელს გაცემულ №80 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მას გამოეყო მიწები სულ 0.25ჰა, 2 ნაკვეთად (1. სახლთან; 2. ... იქვე). ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოსაზღვრე ნაკვეთების მიხედვით არ დგინდება სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა. კერძოდ კი, თ. გ-ის სახელზე საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულია 1619 კვ.მ-ის (ს/კ ...) და 916 კვ.მ-ის (ს/კ ...) მქონე უძრავი ნივთები, ხოლო, მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული ფართობი უკვე ამოწურულია. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის (14.07.00წ. განაცხადის რეგისტრაციის №...) თანახმად (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებით), უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თელავი, სექტორი ...ი, ნაკვეთის ნომერი ..., დაზუსტებული ფართობი - 0.284ჰა) მესაკუთრედ მითითებულია თ. გ-ე, თუმცა, ამავე კოდზე (...) გაცემულია სააღრიცხვო ბარათი ს. ს-ის კომლზე და შესაბამისად, საჯარო რეესტრში აღრიცხულია მათი უფლება.

კასატორის - ს. ს-ის მითითებით, სააპელაციო პალატას არ მოუხდენია 2022 წლის 17 ნოემბრის №AA2022017099-03 საარქივო ცნობის საფუძვლად არსებული 1996 წლის 05 დეკემბერს ს. ს-ის მიმართ გაცემული მიწის ნაკვეთის №590 მიღება-ჩაბარების აქტში ასახული მონაცემების ურთიერთშედარება სწორედ თ. გ-ის სახელზე 1993 წელს გაცემული №80 მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მონაცემებთან. კერძოდ, ორივე მიღება-ჩაბარების აქტებიდან გამომდინარე უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ს. ს-ის სახელზე ... გაიცა 0,284ჰა, ხოლო თ. გ-ის სახელზე ... გაიცა 0,10ჰა მიწა, რაც გაცილებით ნაკლებია სადავო მიწის ნაკვეთის ფართობთან მიმართებით. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ს/კ ... ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლითაც უდავოდ დგინდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის უფლებადამდგენ დოკუმენტად მითითებულია თ. გ-ის სახელზე 1993 წელს გაცემული №80 მიღება-ჩაბარების აქტი. კერძოდ, ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ... კასატორის ნაკვეთის მომიჯნავედ. 1996 წლის 05 დეკემბერს ს. ს-ის მიმართ გაცემული მიწის ნაკვეთის №590 მიღება-ჩაბარების აქტში ნაკვეთის მომიჯნავედ (ჩრდილოეთის მხარეს) მითითებული არის თ. გ-ე, ხოლო თ. გ-ის სახელზე 1993 წელს გაცემულ №80 მიღება-ჩაბარების აქტში ... არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მითითებულია ს. ს-ი. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატას მხედველობაში არ უნდა მიეღო საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (14.07.00წ. განაცხადის რეგისტრაციის №...წ.) ვინაიდან იგი არ შეიცავს ცნობებს იმ უფლებადამდგენი დოკუმენტის თაობაზე, რომელსაც მისი გაცემა ეფუძნება. ამასთან, არ დასტურდება ამ უკანასკნელის რეგისტრაცია სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. დასახელებულ დოკუმენტში იდენტურად მეორდება ის მონაცემები (საკადასტრო კოდი, განცხადების რეგისტრაციის ნომერი, თარიღი), რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ს. ს-ის სახელზე (ე.წ. “ყვითელი ფენის” საფუძველზე) დაარეგისტრირა 2000 წელს სადავო მიწის ნაკვეთი. კასატორის სახელზე აღნიშნული ფორმით რეგისტრაციას ადგილი ჰქონდა სწორედ 2000 წლის 14 ივლისს, განაცხადის რეგისტრაციის ნომრით №..., რაც იდენტურად მეორდება ასევე თ. გ-ის შემთხვევაშიც. თ. გ-ის სახელზე გაცემული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის (14.07.00წ. განაცხადის რეგისტრაციის №...წ.) კანონიერებისათვის აუცილებელია მისი საჯარო რეესტრის არქივში დაცვა და ტექ. ბიუროში რეგისტრაცია. ამავე მოწმობაში საკუთრების ობიექტად მიწის ნაკვეთთან ერთად მითითებულია შენობა-ნაგებობებიც, თუმცა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ არის განლაგებული. ამავდროულად, „მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტის დადასტურების“ შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 14 სექტემბრის №2 ცნობით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე თ. გ-ის კუთვნილება, ასევე არც სადავო ნაკვეთის მდებარეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ს. ს-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საპროცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. ამასთანავე, მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის გამოუყენებლობით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). ამავდროულად, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ დარღვევების შესახებ, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს ევროკონვენციით დაცული უფლებების სავარაუდო დარღვევაზე ან ასეთი დარღვევით გამოწვეულ შედეგზე (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). ამასთან, ეს უკანასკნელი, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის ნორმატიული მნიშვნელობის მიზნებისათვის, პირდაპირ, უშუალოდ და ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება სასამართლოთა ვალდებულებას უპასუხონ პირის „საკვანძო მოსაზრებებს ... აგრეთვე, მნიშვნელოვან, რელევანტურ და კონკრეტულ არგუმენტებს“ (ევროსასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.). ამავდროულად, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24; შეადარე: ევროპული სასამართლოს 1997 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Helle v. Finland, App. No. 157/1996/776/977, §60.). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (იხ. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ამასთანავე, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთების ვალდებულება არ მიიჩნევა დარღვეულად იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვისას უბრალოდ იზიარებს და მხარს უჭერს იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც საფუძვლად დაედო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of García Ruiz v. Spain, App. No. §26.). სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61.). ასეთი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფად (ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). თუმცა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ საკასაციო პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უცილობლად უნდა გაეცეს „სრულად და ამომწურავად“ (ევროსასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული კვალიფიციური საკასაციო შედავება დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს საკითხი მასზედ, ქმნის თუ არა თ. გ-ის სახელზე 1993 წელს გაცემულ №80 მიღება-ჩაბარების აქტსა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში (14.07.00წ. განაცხადის რეგისტრაციის №...წ.) ასახული მონაცემები სადავო საკითხის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტის სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეში ბს-367-363(კ-12), რომლის ფარგლებშიც ხაზი გაესვა მნიშვნელოვან იურიდიულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც „ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა ... საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.“ საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად განსაზღვრა საკუთრების უფლების ერთი და იგივე ობიექტის მიმართ ორი დოკუმენტური ჩანაწერის კონკურენცია, დაადგინა პარალელიზმის არსებობის მკაფიო საფრთხე, ვინაიდან საქმის მასალები არ იძლეოდა „უპირატესი უფლების“ განსაზღვრის საკმარის ფაქტობრივ საფუძველს, სადავო საკითხი მართებულად გადაწყვიტა სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1996 წლის 5 დეკემბერს ს. ს-ის სახელზე გაიცა მიწის ნაკვეთის (მდებარე: თელავის რაიონი, სოფ. ...ი, ნაკვეთის სახელწოდება - ..., 0.28.4.) №590 მიღება-ჩაბარების აქტი. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით (განაცხადის რეგისტრაციის №..., 14.07.2000წ., დატანილია ბეჭედი და რეგისტრატორის ხელმოწერა)) დგინდება, რომ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თელავი, სექტორი ...ი, ნაკვეთის ნომერი ..., დაზუსტებული ფართობი 2837 კვ.მ (...)), სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების აქტის №590 საფუძველზე, განხორციელდა ს. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათს (განაცხადის რეგისტრაციის №...) თან ერთვის მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა (მის.: სოფ ...ი, ნაკვეთი ..., ფართობი 2837.00). 2022 წლის 30 ნოემბერს ს. ს-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თელავი, სოფელი ...ი, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა. 2022 წლის პირველი დეკემბრის სიტუაციური ნახაზით დგინდება, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით (განმცხ. - ს. ს-ი) წარდგენილ მიწის ნაკვეთსა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მონაცემს შორის დადგინდა ზედდება. 2020 წლის 19 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: თელავი, სოფელი ...ი, დაზუსტებული ფართობი 2717.00 კვ.მ), თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 14.09.2020 წ. №5154 ცნობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით (№...) დარეგისტრირდა თ. გ-ის საკუთრების უფლება. ხოლო, 2020 წლის 5 აგვისტოს ქ. გ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ს/კ ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 აგვისტოს №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებით ს/კ ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: თელავი, სოფელი ...ი, დაზუსტებული ფართობი 2717.00 კვ.მ.) ქ. გ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. 2022 წლის 6 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №... პირობითი განცხადება (დაინტერესებული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), რომლითაც მოთხოვნილი იქნა მიწის ნაკვეთზე (მდებარე: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, ს/კ ..., მესაკუთრე ქ. გ-ი) უფლებათა ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება). 2022 წლის 6 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ს. ს-ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე (რეგისტრაციის საფუძველი: მიწის სააღრიცხვო ბარათი, ს/კ ..., მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, საარქივო ცნობა), რომელზეც გაიცა საკარმიდამო ცნობა თ. გ-ის სახელზე. თუმცა, ყვითელ ფენასთან გადაფარვის ანგარიშისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციით მიწის ნაკვეთზე დგინდებოდა ს. ს-ის საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით №... მიმდინარეობს ... კოდით რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება. ამავე წერილით თელავის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ეთხოვა საკარმიდამო ცნობის გაუქმების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება 30 კალენდარული დღის ვადაში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 დეკემბრის „რეგისტრაციის შესახებ“ №... გადაწყვეტილებით დაზუსტდა ... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები. დაზუსტების შედეგად უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ს/კ ... (მესაკუთრე ს. ს-ი). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო- სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №590, საარქივო ცნობა №AA2022017099-03, 17.11.2022წ.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია ისიც, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 28 დეკემბრის №26-2622362108 წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 6 დეკემბრის წერილის (№...) პასუხად ეცნობა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სისტემური რეგისტრაციის დაწყებისთანავე შესაბამის გეოგრაფიულ არეალში შეჩერდა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები, მათ შორის, საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემა. შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ვერ განახორციელებს საკარმიდამო ცნობის გაუქმებას, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ჩაითვლება არარად, როგორც არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული. 2023 წლის 8 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა 2020 წლის 14 სექტემბრის №2 ცნობის გაცემის საფუძვლების და ცნობის გაცემამდე დადგენილი გარემოებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ცნობილი იყო თუ არა უწყებისთვის ცნობის გაცემისას ტერიტორიაზე სისტემურად რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 იანვრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან სადავო ტერიტორიაზე დგინდება ე.წ. „ყვითელი ფენების“ სიზუსტე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს არ უნდა მიეღო რეგისტრაციის შესახებ №... (19.09.2020 წ.) გადაწყვეტილება. აღნიშნულის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ს/კ ... რეგისტრირებული მონაცემები. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №... (19.09.2020წ.) და №... (11.08.2022წ.) გადაწყვეტილებები.

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების ფონზე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასკ-ის 32.4 მუხლის მიზნობრივ დანიშნულებასა და ძირითად ფუნქციაზე ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სისტემაში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასკ-ის 32.1 მუხლის თანახმად, სადავო აქტის კანონთან შესაბამისობის (მატერიალური კანონიერება) შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის უკლებლივ ყველა ელემენტთან დაკავშირებით ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების დადგენისა და ჯეროვნად შეფასების შემთხვევაში. სასამართლო მოკლებულია საკითხის ასკ-ის 32.1 მუხლის შესაბამისად არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ უცნობია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, აქტის ბათილობის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის გარკვეული ელემენტები. ასკ-ის 32.4 მუხლი მიზნად ისახავს ასკ-ის 32.1 მუხლის გამოყენების იურიდიული საფუძვლების შექმნას. ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ხოლო, გასაჩივრებული აქტი უქმდება დავის გადაუწყვეტლად, რომელშიც იგულისხმება დავის მატერიალური კანონიერება, მისი არსებითი განზომილება, სასამართლო არსებითად არ განსაზღვრავს მხარეთა კანონიერ უფლებებსა და მოვალეობებს, საკითხს მასზედ, თუ რომელ მხარეს, რომელი უფლებით, რომელ სამართლებრივ სიკეთეზე უნდა ჰქონდეს წვდომა. გამოსაცემი აქტის შინაარსი ეფუძნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებსა და შესაბამისი აქტის ჯეროვან დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ინკვიზიციურობის პრინციპი არ ქმნის ადმინისტრაციული წარმოების ჩანაცვლების საფუძვლებს, გარკვეული გარემოებები უცილობელია დადგინდეს მარტოოდენ საამისო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ინკვიზიციურობის სახელით ადმინისტრაციული წარმოების ჩანაცვლება პირდაპირ ხელყოფს სასამართლოს და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებულ სუბსიდიურობას, შლის ყოველგვარ მიჯნას, რომელიც არსებობს მართლმსაჯულებასა და გარემოებების სრულყოფილი შეფასება-გამოკვლევის შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემას შორის. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოსთვის კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ხდება ასკ-ის 33-ე მუხლის და არა ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში. გადაწყვეტილება გამოტანილია ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც ასკ-ის 23-ე, 31-ე, 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით ადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას. ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს, ასეთი საჭიროების გამოვლენისას, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 20.04.2006წ. №ბს-1291-866(კ-05); 04.10.2018წ. №ბს-567-567(კ-18)).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ცხადყოფენ პარალელიზმის აშკარა საფრთხეს. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. გ-ე, რომელმაც 2020 წლის 18 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... სარეგისტრაციო განცხადებით, მოითხოვდა მიწის ნაკვეთზე (მდებარე: თელავი, სოფელი ...ი, დაზუსტებული ფართობი 2717.00 კვ.მ.) უფლებათა სპორადულ რეგისტრაციას, მიუთითებდა №... განაცხადში არსებულ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №... განაცხადის განხილვის ფარგლებში მოძიებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ თ. გ-ის სახელზე 1993 წელს გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტი №80, რომლის თანახმად, თ. გ-ეს გამოეყო მიწები სულ 0.25 ჰა, 2 ნაკვეთად (1.სახლთან; 2.... იქვე). საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის (14.07.00წ. განაცხადის რეგისტრაციის №...,) თანახმად (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებით), უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თელავი, სექტორი ...ი, ნაკვეთის ნომერი ..., დაზუსტებული ფართობი - 0.284 ჰ. (...) სოფ. ...ი) აღრიცხულია თ. გ-ის საკუთრების უფლება. თ. გ-ის (მოსარჩელე) სახელზე 2000 წელს გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები რეგისტრირებულ იყო სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში და ასახავდა მიწის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაციის, ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ გრაფიკულ და ტექსტობრივად გამოსახულ ინფორმაციას, რეგისტრაციისას მოქმედი მოწესრიგების გათვალისწინებით. კერძოდ, საქმეში დაცულ მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობაში აღნიშნულია, რომ სოფ. ...ში მდებარე - 0.284 ჰა მიწის ნაკვეთი არის დაზუსტებული. სარეგისტრაციო ზონა არის - ქ. თელავი, სექტორი - ...ი, კვარტალი №06, ნაკვეთის №..., ფართობი დაზუსტებული 0.284 ჰა, მესაკუთრე - გიორგაძე თამარი სიკოს ასული. სარეგისტრაციო მოწმობა ხელმოწერილია ზონის რეგისტრატორის მიერ. სარეგისტრაციო მოწმობაზე დატანილია №... მიწის ნაკვეთის გრაფიკული გამოსახულება შესაბამისი პარამეტრებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული მონაცემებით პირდაპირ გამოირიცხება 1996 წლის 05 დეკემბერს ს. ს-ის სახელზე გაცემულ №590 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით გათვალისწინებული მოცემულობა. ამავდროულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე ან/და მათ ასლზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხება კასატორ ს. ს-ის მითითებები ზემოაღნიშნული მოწმობის არანამდვილობასთან დაკავშირებით, დოკუმენტის სიყალბე არ დასტურდება სათანადო ცნობებით სსკ-ის 102.3 მუხლის მნიშვნელობის შესაბამისად. ხოლო, საკასაციო საჩივრებში მითითებული სხვა გარემოებები არათუ გამორიცხავს სააპელაციო პალატის დასკვნებს, არამედ პირიქით ამყარებს მას, მკაფიოდ აჩვენებს სააპელაციო პალატის მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებით სადავო აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასების მართებულობას. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის შეფასებები მასზედ, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, ს. ს-ის 2022 წლის 30 ნოემბრის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით იმგვარად მიიღო 2022 წლის 6 დეკემბრის №... პირობითი განცხადება (რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით), ხოლო 2023 წლის 27 იანვრის №... გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები, რომ არ გამოიკვლია თ. გ-ის სახელზე გაცემული, მასთან დაცული დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) 07.08.2025წ. №40378 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ს-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.08.2025წ. №40378 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე