საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-872(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - სს „...ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“
მოპასუხე - სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 19 მაისს შპს „...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის №05-100 ადმინისტრაციული აქტის, მისი გამოცემის დღიდან - 2022 წლის 20 აპრილიდან ბათილად ცნობა და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №11/081 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, იგი, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი კომპანია, ახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას, რომელიც მოქცეულია სატარიფო რეგულირების სფეროში. 2021 წლის 14 ივლისს დადგინდა ტარიფი გატარებულ 1 კუბურ მეტრ გაზზე 13.87 ლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე. სააგენტოს 2021 წლის 28 ოქტომბრის №11/078 ბრძანებით, მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში დასაშვები გახდა არაკომერციული, შეთანხმებული ტარიფის დადგენა, რომელიც შესაძლოა კომერციულ ტარიფზე და ტრანსპორტირების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებიც იყოს. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, მოსარჩელესა და სახელმწიფო საწარმოს - სს „...ას“ შორის წარიმართა მოლაპარაკებები კომერციული ტარიფის შემცირებისთვის და 2021 წლის 29 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფოს წილი გაზის ტრანსპორტირებისთვის განსხვავებული ტარიფით - 1 კუბურ მეტრ გაზზე - 4,0 თეთრი დღგ-ს გარეშე. დადგინდა, რომ აღნიშნული ტარიფი იმოქმედებდა 2022 წლის 1 მარტამდე. ამდენად, აღნიშნული შეთანხმებით შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი, რომ სახელმწიფოს წილი გაზის ტრანსპორტირებისათვის მოპასუხეს დაედგინა არაკომერციული, შეთანხმებული ტარიფი. 2022 წლის 1 მარტს, როგორც ეს შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, შეთანხმება შეწყდა. ახალი შეთანხმებისა და სააგენტოს 2021 წლის 28 ოქტომბრის №11/078 ბრძანებით განსაზღვრული პირობის არარსებობის გათვალისწინებით, შპს „...მ“ მიმართა სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს და მოითხოვა 2021 წლის 29 ოქტომბრის №11/081 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული იმ საფუძვლით, რომ სააგენტოს ხსენებული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ ევალებოდა, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონოა. არაკომერციული ტარიფით საქმიანობა კი აზარალებს მოსარჩელეს, არღვევს კონსტიტუციით დაცულ საკუთრებისა და მეწარმეობის უფლებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა, ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის თვალსაზრისით, განისაზღვრა 2022 წლის 1 მარტამდე, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულების შესრულება გაგრძელდა 2022 წლის 1 მარტის შემდგომაც და ის უწყვეტად აგრძელებს „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ“ 2021 წლის 29 ოქტომბერს დადებული №... ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ, დამკვეთის - სს „...ის“ გაზის ტრანსპორტირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე უნდა გავრცელდეს ხელშეკრულების 7.1 მუხლის ბოლო წინადადებით განსაზღვრული პირობა - მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილში ხელშეკრულების მათ საბოლოო და სრულ შესრულებამდე მოქმედებასთან დაკავშირებით. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ დამტკიცებული გაზის ტრანსპორტირების ტარიფის ცვლილების შემთხვევაში, რომელიც შეეხება ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მისაწოდებელ გაზს, გამოიწვევს ტრანსპორტირების ღირებულების კორექტირებას გაზის მხოლოდ იმ მოცულობებთან მიმართებით, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს წილ გაზს, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტარიფები არ მოქმედებს სახელმწიფოს წილ გაზზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მ“, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის №05-100 ადმინისტრაციული აქტი, ასევე, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტი არ არის დასაბუთებული კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად. აქტი მხოლოდ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს არ აქვს ვალდებულება ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული 2021 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება ͏№11/081.
სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა - სს „...ამ“. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 7 ივნისის №11/039 ბრძანებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ტარიფს ადგენს სატარიფო რეგულირების მთელი პერიოდისთვის. ბრძანების 4.1 მუხლით, სატარიფო რეგულირების პერიოდი განისაზღვრება 3 კალენდარული წლით. შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილ მილსადენში სახელმწიფოს წილი გაზის გატარებისთვის ყოველ გატარებულ ერთ კუბურ მეტრ გაზზე სააგენტოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №11/081 ბრძანებით განსაზღვრული ფასი - 4 თეთრი სამი წლის ვადით იქნა დადგენილი. ტრანსპორტირების ტარიფი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექვემდებარება კორექტირებას, თუ სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებულმა ფაქტორებმა განიცადა ცვლილება. მოცემულ შემთხვევაში, სატარიფო მეთოდოლოგიით განსაზღვრულ არცერთ ფაქტორს არ განუცდია ცვლილება, რაც, ტარიფის მოქმედების სამწლიანი ვადის ამოწურვამდე გამორიცხავს მისი კორექტირების, მასში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას.
კასატორი ასევე განმარტავს, რომ დავის შედეგით მოპასუხე სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, ფინანსური თვალსაზრისით, დავასთან მიმართებით დაინტერესებული არ არის. საქმეზე ნებისმიერი შედეგი სააგენტოს ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული მხოლოდ კასატორის ფინანსურ მდგომარეობას შეეხება, კერძოდ, დავის სააგენტოს მიერ წაგების შემთხვევაში, კორპორაციას 13.78 ლარიანი ტარიფის გადახდა მოუწევს მოსარჩელისათვის, ხოლო მოგების პირობებში - 4 თეთრიანი ტარიფის. სააგენტო, რეალურად, არის დავის ნეიტრალური მხარე და შესაბამისად, მისი პოზიცია მხოლოდ ობიექტურობით შეიძლება იყოს ნაკარნახევი. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მხრიდან გასაჩივრებული აქტის დასაბუთებულობის პირობებშიც, მისი პოზიცია უცვლელი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). თუმცა საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მხარის იმ მატერიალურ ან საპროცესო-სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უცილობლად უნდა გაეცეს „სრულად და ამომწურავად“ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადავო შემთხვევა უკავშირდება ევროკონვენციით დაცული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ შედავებებს (ევროსასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის №05-100 ადმინისტრაციული აქტის კანონიერება. გასაჩივრებული აქტით შპს „...ს“ უარი ეთქვა სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №11-081 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე.
საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 14 ივლისის №11/050 ბრძანების თანახმად, 2021 წლის 14 ივნისს, ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით, შპს „...ს“ მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადების განხილვის საფუძველზე, შპს „...ს“ დაუმტკიცდა მის კუთვნილ მილსადენში გატარებული გაზის ტარიფი - ყოველ ერთ კუბურ მეტრ გატარებულ გაზზე 13.87 თეთრი, დამატებული ღირებულების გადახდის გარეშე. ბრძანება ძალაში შევიდა 2021 წლის 15 ივლისიდან. ამასთან, სს „...ასა“ და შპს „...ს“ შორის 2021 წლის 29 ოქტომბერს დაიდო „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ“ №... ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსრულებლის - შპს „...ს“ მიერ თავისი კუთვნილი „სატრანსპორტო საშუალებით“ დამკვეთის - სს „...ის“ გაზის ტრანსპორტირება. ხელშეკრულების 5.1 მუხლის მიხედვით, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და „პწგხ“-ს საფუძველზე დადგენილი, სახელმწიფო წილი გაზის („სახელმწიფო წილი“) ყოველი 1000 (ათასი) კუბური მეტრი მოცულობის ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 40 ლარს დღგ-ს გარეშე (1 კუბური მეტრი 4 თეთრი). 5.2 მუხლის თანახმად, „სააგენტოს“ მიერ დამტკიცებული გაზის ტრანსპორტირების ტარიფის ცვლილების შემთხვევაში, რომელიც შეეხება ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მისაწოდებელ გაზს, გამოიწვევს ტრანსპორტირების ღირებულების კორექტირებას გაზის მხოლოდ იმ მოცულობებთან მიმართებით, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს წილ გაზს. ამავე ხელშეკრულების 7.1 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. წინამდებარე ხელშეკრულება ვრცელდება ასევე მხარეთა შორის 2021 წლის 1 მარტიდან ფაქტობრივად წარმოშობილ ურთიერთობებზე და შემსრულებლის მხრიდან ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის თვალსაზრისით მოქმედებს 2022 წლის 1 მარტამდე. მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილში ხელშეკრულება იმოქმედებს მათ საბოლოო და სრულ შესრულებამდე. ხელშეკრულების 14.4 მუხლის თანახმად, არცერთი შეთანხმება, რომელიც ახანგრძლივებს ვალდებულების შესრულების ვადას, ან უარს ამბობს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების გამოყენებაზე, არ იქნება ძალაში და სავალდებულო, თუ არ არის შედგენილი წერილობით და არ არის ხელმოწერილი ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. ხელშეკრულების 14.3 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს ერთიან ხელშეკრულებას და მხარეთა ურთიერთგაგებას და უპირატესობა ენიჭება მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების საგანთან მიმართებით ადრე გაფორმებულ ნებისმიერ ზეპირ თუ წერილობით შეთანხმებასთან მიმართებით.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ 2022 წლის 1 მარტის შემდგომ, შპს „...“ უწყვეტად აგრძელებს „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ“ 2021 წლის 29 ოქტომბერს დადებული №... ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ, დამკვეთის - სს „...ის“ გაზის ტრანსპორტირებას.
ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის მარტსა და აპრილში შპს „...ს“ დირექტორმა განცხადებებით მიმართა სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს და მიუთითა, რომ სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 29 ოქტომბრის №11/081 ბრძანების საფუძვლად მითითებული შეთანხმების (შპს „...ს“ და სს ...ას შორის გაფორმებული 2021 წლის 29 ოქტომბრის ხელშეკრულება №...) 7.1. მუხლის შესაბამისად, შეთანხმება მოქმედებდა 2022 წლის 1 მარტამდე. ამასთან, შპს „...ს“ და სს „...ას“ შორის ახალი შეთანხმება ან მოქმედი შეთანხმების ვადის გაგრძელების შეთანხმება არ გაფორმებულა. ეს ფაქტობრივი გარემოება კი ნიშნავდა იმას, რომ „ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 7 ივნისის №11/039 ბრძანების დანართ №1-ის 31 მუხლით დადგენილი შემთხვევა და გადაწყვეტილების საფუძველიც აღარ არსებობდა, მოქმედება შეწყვიტა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აღარ არსებობდა სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 29 ოქტომბრის №11/081 ბრძანების და ამ ბრძანებით დადგენილი ტარიფის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც, განმცხადებელმა ითხოვა სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 29 ოქტომბრის №11/081 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის №05-100 წერილით არ დაკმაყოფილდა შპს „...ს“ განცხადება სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 29 ოქტომბრის №11/081 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ მოქმედი კანონმდებლობით სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს არ აქვს ვალდებულება ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სააგენტო. კანონის პირველი მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კანონის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 253 მუხლი ადგენს ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის პირობებსა და იმ ძირითად პრინციპებს, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს ტარიფის დადგენისას, კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, სააგენტო განიხილავს ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს, ადგენს ტარიფს, ამტკიცებს ტრანსპორტირების მომსახურების პირობებს. ტრანსპორტირების კომპანიისა და გადამზიდავის ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილება არსებულ ტარიფში. დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ დადგენილი ტარიფი: ა) იცავს გადამზიდავს მონოპოლიური ფასებისაგან; ბ) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ხარჯები, რომლებიც მოიცავს: ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთანავე, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდების ამონაგების დასაბუთებულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად; გ) ხელს უწყობს ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტირების კომპანია აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის პირობებს მომსახურების ხარისხზე; დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ტრანსპორტირების სფეროში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ხარჯებისა და ფასების ასახვით, აგრეთვე ტრანსპორტირების მომსახურების სიჭარბისა და სიმცირის რეგულირებით; ე) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ეკონომიკურად გამართლებული ყველა ხარჯი, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონის 254 მუხლის თანახმად, ტარიფი ძალაში შედის სააგენტოს მიერ სატარიფო განაცხადის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადზე სააგენტოს მოთხოვნას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 7 ივნისის №11/039 ბრძანებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის პირველი მუხლი ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზნებად ასახელებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის წესისა და პრინციპების განსაზღვრას; ამ მეთოდოლოგიით ტარიფის დადგენისას აწესებს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების (ზღვრული შემოსავლების რეგულირება) პრინციპების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას. სააგენტოს უფროსის 2021 წლის 7 ივნისის №11/039 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის 31 მუხლის თანახმად, სახელმწიფო წილი ბუნებრივი გაზის გატარების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მხარეთა შეთანხმებით დაადგინოს განსხვავებული ტარიფი. მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად კი, სატარიფო რეგულირების პერიოდი (n) განისაზღვრება 3 კალენდარული წლით, სააგენტო ტარიფს ადგენს სატარიფო რეგულირების მთელი პერიოდისთვის, ხოლო დადგენილი ტარიფის გაანგარიშება ხორციელდება ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად. „მეთოდოლოგიის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი სატარიფო რეგულირების პერიოდის ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფი ექვემდებარება კორექტირებას და ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს: ა) კაპიტალური დანახარჯები; ბ) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ნაწილი; გ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები; დ) გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა; ე) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ღირებულება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სააგენტოს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს და განმარტავს, რომ აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მითითება, რადგან დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც განაპირობებს მის კანონიერებას. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, მას შემდეგ რაც მოსარჩელემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2022 წლის 20 აპრილის №05-101 წერილით მიმართა სს „...ას“ და აცნობა, რომ სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ უფროსის 2021 წლის 14 ივლისის №11/050 ბრძანებით შპს „...სათვის“ მისი კუთვნილი მილსადენით გატარებული ბუნებრივი გაზის ტარიფი დადგინდა ერთ კუბურ მეტრზე 13.87 თეთრის ოდენობით (დღგ-ს) გარეშე. ამის შემდგომ, სს „...ასა“ და შპს „...ს“ შორის 2021 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, შპს „...ს“ კუთვნილ მილსადენში გატარებული სახელმწიფო წილი ბუნებრივი გაზის ტარიფი სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ უფროსის 2021წლის 29 ოქტომბრის №11/081 ბრძანებით დადგინდა ერთ კუბურ მეტრზე 4 თეთრის ოდენობით (დღგ-ს გარეშე). ზემოაღნიშნული შეთანხმების ვადა ამოიწურა 2022 წლის 1 მარტს. სააგენტოს ამავე წერილით (№05-101) სს „...ას“ ეთხოვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ეცნობებინა, რა ტარიფით ხდებოდა ანგარიშსწორება ბუნებრივი გაზის გატარებისათვის ან ორგანიზაციებს შორის ხომ არ იყო გაფორმებული რაიმე სხვა შეთანხმება. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი არ არის ზემოხსენებულ წერილზე მიღებული პასუხი. ამასთან, გასაჩივრებული აქტი შეიცავს მხოლოდ იმის თაობაზე მითითებას, რომ სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ არ აქვს ვალდებულება, ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი, კერძოდ, სააგენტოს უფროსის 2021 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №11/081. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 7 ივნისის №11/039 ბრძანების 31 მუხლი, სახელმწიფო წილი ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის ერთ-ერთ საფუძვლად უპირობოდ ადგენს მხარეთა შეთანხმებას. იმ პირობებში კი, როდესაც მხარე სადავოდ ხდის ტარიფის დადგენის მოქმედების ვადას, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მას არ გააჩნია ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ვალდებულება, მით უფრო მაშინ, რომ კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას ტრანსპორტირების კომპანიისა და გადამზიდავის ინტერესების დაცვის მიზნით საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილება არსებულ ტარიფში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე... აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას... საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა“ (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის №05-100 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ამავე სააგენტოსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ას“ მის საკასაციო საჩივარზე 18.07.2025წ. №792 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. სს „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.07.2025წ. №792 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე