საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-995(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ნ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 15 ოქტომბერს დ. ნ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა 2021 წლის საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ინგლისური ენის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საპრეტენზიო განაცხადი, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ინგლისური ენის გამოცდის №7 და №8 დავალებებში მოსარჩელეს მოემატება ჯამში 2 ქულა.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაში ინგლისური ენის მიმართულებით. მოსარჩელემ ტესტირებაში მიიღო 25 ქულა, გამსვლელი ქულა კი იყო 27. მოსარჩელე დ. ნ-ა არ ეთანხმება ტესტირების შედეგებს და მიიჩნევს, რომ მისი ნაშრომი კომისიამ არამართებულად შეაფასა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ უცხოურ ენებში (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - ინგლისურ ენაში 2021 წლის საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირების შეფასების სქემა წინასწარ იყო დამტკიცებული და იგი ზუსტად განსაზღვრავდა იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მოხდებოდა აპლიკანტის ნაშრომის შეფასება. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კომისიამ მოსარჩელის მიერ შესრულებული ნაშრომი/დავალებები შეაფასა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესების დაცვით, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტირებული მსჯელობა გასაჩივრებულ დავალებებთან დაკავშირებით მინიჭებული ქულის მომატების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-ამ, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით დ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 10 სექტემბრის საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ინგლისური ენის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. ნ-ას მოთხოვნა ინგლისური ენის №8 დავალებაში ქულის მომატების თაობაზე და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ნ-ასთვის ინგლისური ენის გამოცდის №8 დავალებაში 2 (ორი) ქულის მომატების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას №7 და №8 დავალებების ნაწილში მოსარჩელის ნაშრომი რატომ იქნა შეფასებული კონკრეტული ქულით. მე-8 დავალებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეფასების სქემის მიხედვით, მე-8 დავალება ფასდებოდა ოთხ დამოუკიდებელ კრიტერიუმში მინიმალური 0 და მაქსიმალური 4 ქულით. შესაფასებელი კრიტერიუმებია: 1) შესაბამისობა დავალების მოთხოვნასთან; 2) ლოგიკური და სტრუქტურული თანმიმდევრობა; 3) ლექსიკური მარაგი; 4) გრამატიკული სიზუსტე და მრავალფეროვნება. პალატამ მიუთითა, რომ ნაშრომიდან წარმოდგენილი 26 სადავოდ გამხდარი მონაკვეთიდან ძირითადი ნაწილი მიმართულია ნაშრომის გრამატიკულ სისწორეზე, რომელიც შეფასების მე-4 კრიტერიუმს წარმოადგენს და ფასდება დამოუკიდებლად, დავალების მოთხოვნასთან შეუსაბამობა არცერთ წარმოდგენილ ეპიზოდში არაა სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის პოზიციით, ლოგიკური და სტრუქტურული თანმიმდევრობის კომპონენტის დარღვევას 26 ეპიზოდიდან მხოლოდ 7 შემთხვევაში აქვს ადგილი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ნაშრომი, მე-8 დავალების პირველი და მე-2 შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, იძლეოდა მინიმუმ თითო-თითო ქულის მომატების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტი არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებებს, რადგან საკითხი საგნობრივი კომისიის მიერ განხილულ იქნა ჯეროვნად, საქმისადმი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასების შედეგად, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ტესტური დავალებები, როგორც პირველადი შეფასებისას, ასევე საპრეტენზიო კომისიის მიერ საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას სწორდება უნიფიცირებული შეფასების სქემის შესაბამისად. შეფასების სქემა არის ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხდება აპლიკანტის ნაშრომის გასწორება. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები არის ცენტრის მიერ აპლიკანტისათვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა. მოსარჩელის მიერ შესრულებული ნაშრომი სწორედ შეფასების სქემის საფუძველზე შესწორდა. სააპელაციო სასამართლომ კი, სპეციალისტის მოწვევის გარეშე, მხოლოდ საკუთარი ინტერპრეტაციით მიიღო გადაწყვეტილება, რომ დ. ნ-ას ნაშრომი იმსახურებდა ქულის მომატებას. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით დ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ინგლისური ენის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. ნ-ას მოთხოვნა ინგლისური ენის №8 დავალებაში ქულის მომატებასთან დაკავშირებით და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ნ-ასთვის ინგლისური ენის გამოცდის №8 დავალებაში 2 (ორი) ქულის მომატების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. მოწინააღმდეგე მხარეს - დ. ნ-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს სადავო აქტის მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. ნ-ას მოთხოვნა ინგლისური ენის №8 დავალებაში ქულის მომატებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა ინტერპრეტირდეს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ დ. ნ-ამ 2021 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაში (ინგლისურ ენაში). ინგლისური ენის საგნის გამოცდაზე აპლიკანტს უნდა შეესრულებინა 8 დავალება, რომელთა შეფასების სქემა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 18 აგვისტოს №101/21 ბრძანებით (დანართი №2) წინასწარ დამტკიცდა. დ. ნ-ამ ინგლისური ენის (I-XII) საგნის გამოცდაში მიიღო 25 ქულა. დადგენილია, რომ აპლიკანტის მიერ შესრულებული ნაშრომი მე-7 დავალების ნაწილში საგამოცდო კომისიის მიერ შეფასდა 3 ქულით (მაქსიმალური ქულა იყო 6 ქულა), ხოლო მე-8 დავალების ნაწილში: 8.1 დავალება - 1 ქულით, 8.2 დავალება - 1 ქულით, 8.3 დავალება - 1 ქულით და 8.4 დავალება - 1 ქულით (მაქსიმალური ქულა იყო 16 ქულა). დ. ნ-ამ ინგლისური ენის საგანში მიღებული შედეგი - 25 ქულა გაასაჩივრა საპრეტენზიო განაცხადების განმხილველ საგნობრივ კომისიაში.
2021 წლის საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტების ინგლისური ენის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დ. ნ-ას მიერ ინგლისური ენის (I-XII) საგნის გამოცდაზე 7, 8.1, 8.2; 8.3 და 8.4 დავალებებში მიღებული შეფასებები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, დ. ნ-ას მიერ აღნიშნულ გამოცდაზე მიღებული შეფასება - 25 ქულა დარჩა უცვლელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესზე“ (ძალადაკარგულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 03.21.2022წ. №42/ნ ბრძანებით), რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ საგნის გამოცდის ჩატარებასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს. ხსენებული „წესის“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ ნაშრომი, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ტესტის შინაარსის გათვალისწინებით ნაშრომები სწორდება: ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით; ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. მითითებული წესის მე-20 მუხლის თანახმად, აპლიკანტს უფლება აქვს, საპრეტენზიო განაცხადი ამ თავით დადგენილი წესით წარადგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ან/და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით. ამავე წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ, მე-3 პუნქტის შესაბამისად, ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საგნობრივი კომისიისთვის ცნობილი არ უნდა იყოს აპლიკანტის ვინაობა.
„საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/ გადაწყვეტილებები: ა) აპლიკანტისთვის ქულის მომატების შესახებ; ბ) აპლიკანტისთვის ქულის დაკლების შესახებ; გ) აპლიკანტისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, შესრულებულ ნაშრომში დარღვეულია ოფიციალური ენის სტილი, გაუმართავია გრამატიკული სტრუქტურა, გამოყენებულია არასწორი ლექსიკა, წინადადებები გაუმართავი და გაუგებარია, ასევე დაფიქსირდა პუნქტუაციის შეცდომები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, გამოცდის შედეგთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა (გამოსაცდელი პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება (მაგ. მოფიქრებისათვის ნაკლები დროის მიცემა, გამოცდის არასამუშაო გარემოში წარმართვა)), ფაქტების სწორად დადგენის მოთხოვნის, გამოცდის პროცედურული წესების დაცულობა. სასამართლო კონტროლი მოიცავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება გამომცდელის მიერ გამოცდისათვის განსაზღვრული დანაწესის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას (მაგ. გამომცდელი საგამოცდო კითხვას გამოცდასთან შეუსაბამო შინაარს აძლევს, დასმული კითხვა ცდება პროგრამის ფარგლებს და სხვ.), საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარად შეუსაბამობას, გამომცდელის მიერ გაცნობიერებულად საკითხისადმი კავშირში არმყოფი მოსაზრებებით მოქმედებას (სუსგ №ბს-797(კ-18), 07.03.2019წ.).
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასამართლო კონტროლი უნდა შეეხოს ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, შეფასების საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც შეფასება ეყრდნობა საკითხის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას №8 დავალებების ნაწილში მოსარჩელის ნაშრომი რატომ იქნა შეფასებული მოცემულ კრიტერიუმებში კონკრეტული ქულით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, თავის მხრივ, მოიცავს დასაბუთებული აქტის გამოცემის ვალდებულებასაც, რა დროსაც - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014წ.).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას 2021 წლის საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ინგლისური ენის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საპრეტენზიო განაცხადი, ასევე, მართებულია მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის ინგლისური ენის გამოცდის №8 დავალებაში ქულის მომატების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მის საკასაციო საჩივარზე 09.10.2025წ. №06700 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202198727) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება;
3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202198727) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.10.2025წ. №06700 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე