საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1123(კ-25) 20 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზაბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ. გ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა 2023 წლის 24 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ნ. გ-ის მიმართ და მოითხოვა გრანტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო თანხის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი მოპასუხე - ნ. გ-ის მიმართ, გრანტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ შედავებული პერიოდის (23.06.2017წ.-23.06.2020წ.) ფარგლებში, ნ. გ-ი საქართველოში დაბრუნდა, ცენტრში წარადგინა განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. კერძოდ, 2017 წლის 03 ივლისიდან 2018 წლის ივლისის თვის მდგომარეობით ეკავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ხოლო 2018 წლის 06 აგვისტოდან 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით ასრულებდა ა(ა)იპ „...ას“ სამართლებრივი მრჩეველის უფლებამოსილებას, დარჩა ქვეყანაში 1 წელზე მეტი დროით და სადავო პერიოდში უწყვეტად დასაქმებული იყო შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. მოსარჩელის (აპელანტის)ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა ფორმალურად, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
რაც შეეხება აპელანტის იმ არგუმენტაციას, რომ სადავო პერიოდში ნ. გ-ი ფიზიკურად არ იმყოფებოდა მუდმივად საქართველოში, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) დასაქმებული იყო საქართველოში შესაბამის სფეროში, ხელშეკრულების პირობა - „დარჩეს ქვეყანაში“, არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გრანტის მიმღები ვალდებულია ფიზიკურად მუდმივად იმყოფებოდეს საქართველოში, მით უფრო იმ პირობეში, როდესაც შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა იძლევა დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას. ყურადსაღებად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ნ. გ-ი საქართველოშიც და საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც ჩართული იყო იმგვარ პროფესიულ აქტიურობებში, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირებასთან, სამართლებრივი განათლების გავრცელებასთან და ცოდნის გაზიარებასთან; ამასთან არ შეუცვლია პრიორიტეტები, რომელიც შეიძლება აცდენილი ყოფილიყო ... უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებასთან; არ დარჩენილა საზღვარგარეთ, დაბრუნდა საქართველოში, 1 (ერთი) წელზე მეტი დროით დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში და შემდეგ, კერძო სექტორში, როგორც ა(ა)იპ „...ას“ სამართლებრივი მრჩეველის პოზიციაზე, ასევე სრული I სემესტრის მანძილზე ასრულებდა სამართლის მენტორის უფლებამოსილებას სოციალურ საწარმოში: „...“ (...). ნ. გ-ს დროის არც ერთ ეტაპზე არ გამოუყენებია პირადი ინტერესები გრანტის შესახებ ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით. დაოჯახების მიუხედავადაც, საქმიანობა გააგრძელა საქართველოში, ხოლო ... სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული დაფინანსების მიუხედავად, აიღო ერთი სრული აკადემიური წელი და დროის ამ მონაკვეთში, თავისი გამოცდილება მოახმარა საქართველოსთან დაკავშირებული პროექტების და ინიციატივების განხორციელებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მითითებული გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) მიერ „გრანტის შესახებ ხელშეკრულებით“ (№5800/2016/34) მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულების არსებობის თაობაზე, რომელიც არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით ვერ დაედება საფუძვლად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
კასატორმა დეტალურად მიუთითა დავის ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 327-ე მუხლებზე, "სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის N201 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის (2016 წელს მოქმედი რედაქციის) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-12, მე-14, 41-ე მუხლებზე, მხრეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, განსაკუთრებით ხელშეკრულების 3.4.6 პუნქტზე (რომელიც ითვალისწინებს ვალდებულებას სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში დაბრუნებას, ქვეყანაში 3 წლით დარჩენას და საქართველოში დასაქმებას, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში) და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოახდინა სახელმწიფოს მიერ გრანტის გაცემის მიზნის არასწორი ინტერპრეტირება. წარმომადგენლის მსჯელობით, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში არა მხოლოდ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის სამართლებრივი ასპექტები, არამედ უგულებელყო სახელმწიფო გრანტის გაცემის ძირითადი მიზანი - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესი. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიემგზავრებიან საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზება აქ მოახდინონ. კასატორის განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისი ცენტრი შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. კასატორის მსჯელობით ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის არსებობის მიზანს წარმოადგენს საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადება აღნიშნული მიზნის მიღწევა კი მისივე მსჯელობით შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გრანტის მიმღები პირები რომლებიც ისწავლიან საზღვარგარეთ, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდებიან ქვეყანაში და დასაქმდებიან შესაბამის სფეროში. კასატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში დაბრუნებისა და დასაქმების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებას და სასტიპენდიო პროგრამაში და რეგულირდება გრანტის შესახებ ხელშეკრულებით. საჩივრის ავტორის მსჯელობით, სასამართლოს მიერ აღნიშნული ვალდებულების, როგორც ხელშეკრულების ძირითადი პირობის უგულებელყოფა წარმოადგენს იურიდიულად დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016 - 2017“ და „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2016“ დამტკიცების შესახებ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა სასტიპენდიო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მოპასუხე ნ. გ-ი.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 31 მაისის №12- 16 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2016 წლის 12 ივლისის №8 საოქმო გადაწყვეტილებით, ნ. გ-მა მიიღო დაფინანსება ესტონეთში, ... უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული სამართლის მიმართულების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი 2016-2017 სასწავლო წლის სწავლის პერიოდში ამავე ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
2016 წლის 04 აგვისტოს, ერთი მხრივ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს (წარმოდგენილი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნ. ჭ-ის სახით, შემდგომში „გრანტის გამცემი“) და მეორე მხრივ, ნ. გ-ს (შემდგომში „გრანტის მიმღები“), შორის გაფორმდა გრანტის შესახებ №5800/2016/34 ხელშეკრულება.
დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი” უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს „გრანტის მიმღებს“, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურთან დაკავშირებული ხარჯების ან/და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად (ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს).
დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს ესტონეთში, ... უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ სამართლის მიმართულების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. „გრანტის გამცემი“ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაცემას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით 2016-2017 სასწავლო წლისათვის გადასცემს 4 500 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად. აქედან: 4500 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად ამ მუხლის 2.1 პუნქტით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, 3.1.1. „გრანტის გამცემს“ უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით, მოახდინოს „გრანტის მიმღებისათვის” გადარიცხული თანხების მიზნობრივი ხარჯვის, გრანტის მიმღების აკადემიური აქტივობისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი; 3.1.2. „გრანტის მიმღების“ მიერ დადგენილებით, პროგრამითა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება. დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის თანახმად, „გრანტის გამცემი“ ვალდებულია საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გადასცეს გრანტი „გრანტის მიმღებს“. დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4.1 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის სახით გაცემული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის; ხოლო ამავე მუხლის 3.4.6 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია: ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.
2016 წლის 08 აგვისტოს №00739 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ნ. გ-ს გადაერიცხა 2614.30 ლარი; 2016 წლის 19 ოქტომბრის №01210 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად გადაერიცხა 2608.40 ლარი, ხოლო 2016 წლის 13 დეკემბრის №01506 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად - 6928.25 ლარი.
საქმეში წარმოდგენილია განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნ. გ-ს შორის არსებული მიმოწერა ელექტრონული ფოსტიდან, საიდანაც დგინდება, რომ ცენტრმა წერილით მიმართა ნ. გ-ს და სთხოვა ეცნობებინა, იმყოფებოდა თუ არა საქართველოში სწავლის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდგომ - 3 წლის მანძილზე (23.06.2017-23.06.2020) და დადებითი პასუხის შემთხევაში, წარედგინა ცნობა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ზემომითითებული ვადების გათვალისწინებით.
აღნიშნული წერილის პასუხად, ცენტრს ნ. გ-მა აცნობა შემდეგი: „დანართის სახით გიგზავნით სამუშაო ადგილის შესახებ ცნობას წლების მითითებით. ცენტრში წარმოდგენილი მაქვს ... უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ცნობა რომ დროულად დავბრუნდი (23.06.2017) და დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში (03.07.2017) დავიწყე მუშაობა საქართველოში, შესაბამის სფეროში, კერძოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. ასევე, სხვა პროექტებიდანაც ვცდილობ, რომ წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში და მოვახდინო ჩემი ცოდნის გაზიარება. მაგალითად, ამჟამად ჩართული ვარ ...-ს მენტორობის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც კახეთის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს (რომელსაც ამ ეტაპზე აქვს გარკვეული სოციალური პრობლემები, მაგრამ არის ძალიან მოტივირებული და სურს, რომ მისი ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისაკენ), სისტემატურად ვუტარებ შეხვედრებს სამართალზე, რადგან ამ პროფესიით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, ვუზიარებ გამოცდილებას, ვაწვდი საჭირო მასალას, ვეხმარები მიზნების დასახვასა და მათი მიღწევის გზების იდენტიფიცირებაში და ასე შემდეგ. კორონა ვირუსის შედეგად შექმნილმა შეზღუდვებმა ცოტა შემაფერხა, მაგრამ მაქვს არაერთი იდეა და გეგმა საქართველოსთან მიმართებით. ვაწარმოებ მოლაპარაკებებს. ერთი პროექტი ეხება ვებინარის მომზადებას, ჩატარებას და ცნობიერების ამაღლებაში ამ გზით წვლილის შეტანას. ასევე, მაქვს 2 სხვა პროექტი, მაგრამ საწყის ეტაპზეა და ვერ გიზიარებთ დეტალებს ჯერჯერობით“.
ნ. გ-ის მიერ ცენტრს ასევე ეცნობა, რომ ამ ეტაპზე აღარ მუშაობს განათლების სამინისტროში. მისი ცოდნის გაზიარების მიზნით ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში საქართველოსთან მიმართებით და აქვს კარგი გეგმები სამომავლოდ.
2022 წლის 30 სექტემბერს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა №MES7220001199152 წერილით მიმართა ნ. გ-ს და აცნობა, რომ მასთან წარმოებული კომუნიკაციისა და წარდგენილი დოკუმენტებით ვერ დადასტურდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტი. შესაბამისად, ცენტრმა მიმართა წინადადებით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში დაებრუნებინა გრანტის სახით მიღებული თანხა. ამასთან, მის მიერ გრანტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის ოდენობა შეადგენდა 12 150,95 (თორმეტიათას ასორმოცდაათი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარს. წინამდებარე წერილით განსაზღვრულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობის ან არასრულად დაბრუნების შემთხვევაში, ცენტრი მიმართავდა სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2018 წლის 20 ივნისს გაცემული №MES 8 18 00768793 ცნობის თანახმად, ნ. გ-ი 2012 წლის 05 მარტიდან 2012 წლის 01 აგვისტომდე დასაქმებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად; 2012 წლის 01 აგვისტოდან 2013 წლის 29 მაისამდე დასაქმებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოში - მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად; 2013 წლის 29 მაისიდან 2015 წლის 21 ივლისამდე დასაქმებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2014 წლის 24 მარტიდან 2014 წლის 26 მარტის ჩათვლით დაკისრებული ჰქონდა ...ის სამმართველოს უფროსის მოვალეობანი თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე; 2014 წლის 13 მაისიდან 2014 წლის 14 მაისის ჩათვლით დაკისრებული ჰქონდა ...ის სამმართველოს უფროსის მოვალეობანი თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე; 2014 წლის 30 ივნისიდან 2014 წლის 07 ივლისის ჩათვლით დაკისრებული ჰქონდა ...ის სამმართველოს უფროსის მოვალეობანი თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით; 2014 წლის 02 სექტემბრიდან 2014 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით დაკისრებული ჰქონდა ...ის სამმართველოს უფროსის მოვალეობანი თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით; 2014 წლის 16 სექტემბრიდან 2014 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით დაკისრებული ჰქონდა ...ის სამმართველოს უფროსის მოვალეობანი თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით; 2015 წლის 21 ივლისიდან 2016 წლის 01 იანვრამდე დასაქმებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად; - 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 09 თებერვლამდე დასაქმებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 2017 წლის 09 თებერვლიდან დღემდე დასაქმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა ანაზღაურების გარეშე შვებულებაში და 2017 წლის 03 ივლისს გამოცხადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
ა(ა)იპ „...ას“ პრეზიდენტის 2023 წლის 30 ნოემბრის №7/11 ცნობით ირკვევა, რომ ნ. გ-ი 2018 წლის 06 აგვისტოდან 2021წლის 15 თებერვლის ჩათვლით მუშაობდა ა(ა)იპ „...ას“ სამართლებრივი მრჩეველის პოზიციაზე.
შპს „ს...ის“ მიერ გაცემული 2023 წლის 14 ნოემბრის №08/30474 ცნობით ასევე ირკვევა, რომ ნ. გ-ი იკავებდა სამაგისტრო პროგრამის საკვალიფიკაციო ნაშრომის თანახელმძღვანელის პოზიციას 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
2018 წლის 06 აგვისტოს ა(ა)იპ „...“-სა („დამსაქმებელი“) და ნ. გ-ს („დასაქმებული“)“ შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამსაქმებელმა სამუშაოზე აიყვანა დასაქმებული სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2018 წლის 06 აგვისტოს და მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით.
ა(ა)იპ „...“-ს 2024 წლის 23 ივლისის წერილით ნ. გ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ნ. გ-სა და მათ ორგანიზაციას შორის შრომითი ურთიერთობა წესრიგდებოდა მხარეთა შორის 2018 წლის 06 აგვისტოს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. კონტრაქტი გაფორმებული გახლდათ 1 წლის ვადით, რაც შემდეგ ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით გაგრძელდა 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. ნ. გ-ის საქმიანობა ორგანიზაციაში არ საჭიროებდა ფიზიკურ მონაწილეობას. მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია თანამშრომლობდა ძირითადად ონლაინ წესით. რაც შეეხება ანაზღაურებას, ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა ორგანიზაციის პროექტებსა და კვლევებში მიღებული შემოსავლებით. ამავე წერილის თანახმად, გარდა მიმდინარე პროფესიული რჩევებისა და გამოცდილების გაზიარებისა, ნ. გ-ი დაეხმარა კომპანიას ორი კვლევის განხორციელებაში: „...“ და „...“ (დოკუმენტების სამართლებრივ საფუძვლებში). ორგანიზაციამ მას ჰონორარის სახით გადასცა თანამონაწილეობისთვის შესაბამისი ანაზღაურება.
დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონს და წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში აფასებს წარმოეშვა თუ არა ნ. გ-ს „გრანტის შესახებ ხელშეკრულებით“ (№5800/2016/34) მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება. კერძოდ, ნ. გ-მა შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და საბოლოოდ მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რა მიზნითაც განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ითვალისწინებს საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები და დებულებები.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიეროკვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო - სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა (2016 წელს მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამების განხორციელების, გრანტის გაცემის წესსა და პირობებს; პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთათვის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის, კონკურსის წესით გრანტის გაცემის გზით, საზღვარგარეთ განათლების მიღების/ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. ამავე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის (2016 წელს მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლით განსაზღვრულია დასაქმებასთან დაკავშირებული უფლება - მოვალეობები, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები, რომელმაც გრანტი მოიპოვა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე სწავლის მიზნით, უნდა დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებული უფლებამოვალეობები რეგულირდება მათ შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით. ამავე პროგრამის მე-6 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის და გრანტის დაბრუნების წესი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, დააბრუნოს მიღებული გრანტი შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმსარულებელი დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016 - 2017“ დანართი №1-ის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელების მიზნით გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოპასუხე - ნ. გ-მა. ამასთან, 2016 წლის 4 აგვისტოს, ერთი მხრივ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტის აღმასრულებელ დირექტორსა („გრანტის გამცემი“) და, მეორე მხრივ, ნ. გ-ს („გრანტის მიმღები“) შორის გაფორმდა „გრანტის შესახებ ხელშეკრულება“ (№5800/2016/34). ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა არსებითი პირობები, კერძოდ, პირველი მუხლის თანახმად, „გრანტის გამცემი” უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს „გრანტის მიმღებს“, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურთან დაკავშირებული ხარჯების ან/და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად (ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს). ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4.6 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში, ხოლო 3.4.9 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია დადგენილებით, პროგრამითა და ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლებს და მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს. რაც შეეხება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ მათებულად მიუთითა, რომ ეს პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა და თანამედროვე სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელია კეთილსინდისიერების პრინციპის აღიარება. ამ პრინციპით კონკრეტდება ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ფარგლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან ან ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს. კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში ზოგადად მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს. ამასთან, ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ერთ - ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა თუ არა, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა მოვალის მხრიდან შესრულების ვადაგადაცილებას, ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადის დარღვევას.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მთავარ სადავო საკითხად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ნ. გ-ი არ საქმიანობდა საქართველოში 3 წლით შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. კასატორის მითითებით, 2018 წლის 6 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, კასაციის ავტორი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებად არ მიიჩნევს დისტანციურად მუშაობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა - განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ნ. გ-მა სწავლა დაასრულა 2017 წლის 20 ივნისს, ხოლო 2017 წლის 23 ივნისს დაბრუნდა საქართველოში და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს წარუდგინა აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი. ნ. გ-ი საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. კერძოდ, ნ. გ-ი 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა ანაზღაურების გარეშე შვებულებაში და 2017 წლის 3 ივლისს გამოცხადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ნ. გ-მა დასახელებულ თანამდებობაზე დაჰყო და უფლებამოსილება შეასრულა 2018 წლის ივლისის თვის მდგომარეობით. შესაბამისად, გრანტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 1 სრული წელი.
დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 06 აგვისტოს ა(ა)იპ „...სა“ („დამსაქმებელი“) და ნ. გ-ს („დასაქმებული“) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამსაქმებელმა სამუშაოზე აიყვანა დასაქმებული სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2018 წლის 06 აგვისტოს და მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2019 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით. ა(ა)იპ „...“-ს 2024 წლის 23 ივლისის წერილით კი დგინდება, რომ ნ. გ-სა და მათ ორგანიზაციას შორის შრომითი ურთიერთობა წესრიგდებოდა მხარეთა შორის 2018 წლის 06 აგვისტოს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. კონტრაქტი გაფორმდა 1 წლის ვადით, რაც შემდეგ ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით გაგრძელდა 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. ნ. გ-ის საქმიანობა ორგანიზაციაში არ საჭიროებდა ფიზიკურ მონაწილეობას. მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია თანამშრომლობდა ძირითადად ონლაინ წესით. რაც შეეხება ანაზღაურებას, ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა ორგანიზაციის პროექტებსა და კვლევებში მიღებული შემოსავლებით. ამავე წერილის თანახმად, გარდა მიმდინარე პროფესიული რჩევებისა და გამოცდილების გაზიარებისა, ნ. გ-ი დაეხმარა კომპანიას ორი კვლევის განხორციელებაში: „...“ და „...“. ორგანიზაციამ მას ჰონორარის სახით გადასცა თანამონაწილეობისთვის შესაბამისი ანაზღაურება.
მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ შედავებული პერიოდის (23.06.2017წ. - 23.06.2020წ) ფარგლებში ნ. გ-ი დაბრუნდა საქართველოში, ცენტრში წარადგინა განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. კერძოდ, 2017 წლის 03 ივლისიდან 2018 წლის ივლისის თვის მდგომარეობით ეკავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ხოლო 2018 წლის 06 აგვისტოდან 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით ასრულებდა ა(ა)იპ „...ას“ სამართლებრივი მრჩეველის უფლებამოსილებას; დარჩა ქვეყანაში 1 წელზე მეტი დროით და სადავო პერიოდში, უწყვეტად დასაქმებული იყო შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. კასატორის იმ შედავებაზე, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა ფორმალურად, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, აღნიშნულზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით ვერ დადასტურდა „გრანტის შესახებ ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნით, მოპასუხის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი. რაც შეეხება კასატორის იმ არგუმენტს, რომ სადავო პერიოდში ნ. გ-ი ფიზიკურად არ იმყოფებოდა მუდმივად საქართველოში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ხელშეკრულების პირობა - „დარჩეს ქვეყანაში“ არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გრანტის მიმღები ვალდებულია ფიზიკურად მუდმივად იმყოფებოდეს საქართველოში, მით უფრო იმ პირობეში, როდესაც შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა იძლევა დისტანციურად მუშაობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე და 35-ე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე, 23-ე მუხლებზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-1220-1480-09), ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 მარტის განჩინებაში (საქმე №ბს-798(კ-21)), ამავე პალატის 2018 წლის 09 იანვრის განჩინებაში (საქმე Nბს-1015-1011(გ-17)), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №2/3/540 „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (II-15)) ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებზე, დასკვნებზე და მოცემული კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნ. გ-ი საქართველოშიც და საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც, ჩართული იყო იმგვარ პროფესიულ აქტიურობებში რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოში სამართლებრივი განათლების გავრცელებასთან და ცოდნის გაზიარებასთან; არ შეუცვლია პრიორიტეტები, რომელიც შეიძლება აცდენილი ყოფილიყო ... უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებასთან; არ დარჩენილა საზღვარგარეთ, დაბრუნდა საქართველოში, 1 (ერთი) წელზე მეტი დროით დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში და შემდეგ კერძო სექტორში, ასევე სრული I სემესტრის მანძილზე ასრულებდა სამართლის მენტორის უფლებამოსილებას სოციალურ საწარმოში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე