საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-912(კს-25) 29 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. თ-ე, მ. გ-ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ივლისის განჩინება
დავის საგანი - საქმეში მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. თ-ემ 2023 წლის 23 ოქტომბერს (ადმინისტრაციული საქმე N3-374-23), ხოლო მ. გ-მა 2024 წლის 07 მარტს (ადმინისტრაციული საქმე N3-85-24), სარჩელებით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 22 სექტემბრის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 26 დეკემბრის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 08 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (ადმინისტრაციული საქმეები N3-374-23 და N3-85-24 გაერთიანდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით და მიენიჭა ნომერი N3-374-23).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ისა და მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ-ემ და მ. გ-მა.
2025 წლის 01 ივლისის სასამართლოს სხდომაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირად ჩაბმის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. პალატამ აღნიშნა, რომ 2025 წლის 01 ივლისის სასამართლო სხდომაზე მ. გ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მისი მარწმუნებელი 34 წელია მფლობელობას ახორციელებს სადავო მიწის ნაკვეთზე. ხოლო, როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობიდან გამოირკვა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს იმ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, რომელიც მოიცავს აპელანტების მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონების ნაწილს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ის გარემობა, რომ მესამე პირის დაინტერესებაში მოექცა წინამდებარე დავაში სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი, ამ უკანასკნელის განცხადებაზე კი მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, ვერ გახდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი იქნა განხილული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონი უთითებს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ნაკვეთებზე უფლების აღიარებას, თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონის მიღების პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ 25.03.2005წ. კანონის მე-7 მუხლი ადგენდა, რომ თვითმმართველ ერთეულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად გადადიოდა აგრეთვე ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ქონების მმართველის მიერ ქონების გადაცემის მიზნით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. აღნიშნული ცხადად ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ქონების გამიჯვნა სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებად არ უკარგავს პირს საკუთრების უფლების აღიარებაზე.“ შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თვითმმართველი ერთეულის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ აქარწყლებს ფიზიკური პირის უფლებას - შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში მოიპოვოს საკუთრების უფლება მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ერთი მხრივ, სახეზეა აქტიური ზედდება წარმოებაში მყოფ განაცხადთან, ხოლო მეორე მხრივ, იკვეთება მუნიციპალიტეტის ინტერესი სადავო ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სააგენტო მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასაბუთება („სახელმწიფო ქონების გამიჯვნა სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებად არ უკარგავს პირს საკუთრების უფლების აღიარებაზე“) მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას, ვინაიდან ზემოაღნიშნული წარმოადგენს არსებითი მსჯელობის საგანს, კერძოდ, ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებას და არ არის შუამდგომლობის დაუსაბუთებლად მისაჩნევად შესაბამისი დასაბუთება. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ იმის გამო, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი მოიცავდა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ ტერიტორიას და არ დასტურდებოდა აღნიშნული ტერიტორიის პრივატიზების ფაქტი. ამასთან, საჯარო რეესტრში დაცული გრაფიკული მონაცემების ე.წ. „ყვითელი ფენის“ მიხედვით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი შეესაბამება სახელმწიფოს ტერიტორიას. ამასთან, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მ. გ-ის მიერ ასევე მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია, რაზედაც წარმოდგენილი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი, რომლის თანახმად, ტერიტორია წარმოადგენდა ყოფილი ... შენობას და მიწის ნაკვეთს, ასევე, წარმოდგენდა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო არ იყო გათავისუფლებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ მსჯელობისაგან და დაყენებული შუამდგომლობისგან განსხვავებული საფუძვლით მე-3 პირად ადმინისტრაციული ორგანოს ჩაბმის წინაპირობების შემოწმებისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა, კონკრეტული გარემოებების არსებობისას, ვალდებულებაა. მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან საკუთარი კანონიერი ინტერესები, რომლებიც საქმეში არ არიან მოსარჩელე ან მოპასუხე მხარე, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მათ კანონიერ უფლებასა და ინტერესზე გავლენას მოახდენს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხ. 1-ლი ნაწ.) ან ისინი სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი არიან (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხ. მე-2 ნაწ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოში მესამე პირების აუცილებელ, სავალდებულო მოწვევას. მოწვევა სავალდებულოა, თუ მოსაწვევი მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას ახდენს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე. მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმა შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს ინიციატივით, თავად დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მოტივირებული განცხადების საფუძველზე. მესამე პირების მოწვევის სავალდებულო ხასიათი სახეზეა მაშინ, როდესაც მესამე პირი დაინტერესებულია პროცესის შედეგით და ამავდროულად იგი თავად არის გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის ადრესატი.
პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი ზემოქმედება, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირისათვის აღნიშნული პროცესუალური სტატუსის მინიჭება შესაძლოა მხოლოდ იმ პირობებში, თუ ის არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს სამართლებრივი ინტერესების დაცვა, საქმის ყოველმხრივი განხილვა, ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნება და სამართლებრივი უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობა მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტთან მიმართებაში გამოიხატება იმით, რომ ერთი სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრება რამდენიმე ურთიერთობის შინაარსი, მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე ურთიერთობის შინაარსს განსაზღვრავს, პრეიუდიციული დანიშნულება აქვს. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ჩაბმისას სახეზეა მესამე პირთა როგორც სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მათთვის გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ხსენებული ადმინისტრაციული ორგანო არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სავალდებულო მესამე პირებად საქმის განხილვაში მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზემოქმედებას მოახდენს მათ სამართლებრივ ინტერესზე, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები. მესამე პირების მოწვევის სავალდებულო ხასიათი სახეზეა მაშინ, როდესაც მესამე პირი დაინტერესებულია პროცესის შედეგით და ამავდროულად იგი თავად არის გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის ადრესატი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაციაზე. სადავო აქტებით არ დადგენილა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის რაიმე უფლება ან მოვალეობა და არც რაიმე ქმედების განხორციელება დავალებია მას. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია არა მუნიციპალიტეტის საკუთრების ფაქტი, არამედ, ის გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთები მოიცავს სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ ტერიტორიას და არ დასტურდება აღნიშნული ტერიტორიების პრივატიზების ფაქტი. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში სადავო უძრავ ქონებებზე ზედდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში რეგისტრირებულ მონაცემებთან არ ფიქსირდება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის თაობაზე კი, ვერ აქცევს ადმინისტრაციულ ორგანოს განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილედ, ვინაიდან სადავო აქტები არ ეხება მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ამასთან, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მუნიციპალურ საკუთრებად გამიჯვნა არ აქარწყლებს ფიზიკური პირის უფლებას, მოიპოვოს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე. მუნიციპალიტეტი, როგორც სახელმწიფოს სამართალმემკვიდრე, შებოჭილია იმავე ვალდებულებებით, რაც სახელმწიფოს გააჩნდა აღიარების პროცესთან მიმართებით. ამდენად, ვინაიდან საქმეში არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთების ზედდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მონაცემებთან, ხოლო თავად საკუთრების ფორმის ცვლილება (სახელმწიფოდან მუნიციპალიტეტზე) ვერ გახდება პირისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზების დამაბრკოლებელი გარემოება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პროცესში მესამე პირად ჩართვა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საჭიროებას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით ეძებნა მესამე პირის ჩაბმის სხვა საფუძვლები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. ვინაიდან მხარემ ვერ დაასაბუთა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პროცესში ჩაბმის სამართლებრივი საჭიროება, სასამართლო არ იყო ვალდებული ემოქმედა მხარის ნაცვლად. განსახილველი დავის საგანი არ ეხება მუნიციპალიტეტის იმგვარ უფლებამოსილებას, რომელიც გავლენას მოახდენს მის სამართლებრივ მდგომარეობაზე, ხოლო სასამართლოს არ ჰქონდა ვალდებულება „სხვა საფუძვლით“ (სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი (რომელიც მხარეს არ დაუყენებია)) დამატებით ემსჯელა მის საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროცესში დამატებითი სუბიექტის ჩართვა, რომლის ინტერესიც ბუნდოვანია, გამოიწვევს საქმის განხილვის დაყოვნებას და პროცესუალურ გართულებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქმეში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჩაბმის შესახებ შუამდგომლობა. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე