Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1070 (კ-25) 29 იანვარი 2026 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს პრეზიდენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ვ-ა (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ტ. ვ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა საქართველოს პრეზიდენტისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „პრეზიდენტი“ ან „კასატორი“) და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „სააგენტო“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი პირველი მოპასუხის 07.06.2024 წლის №172 ბრძანებულება მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მოპასუხის 30.05.2024 წლის №1000947668 დასკვნა; დაევალოს მეორე მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი პრეზიდენტის 07.06.2024 წლის №172 ბრძანებულება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 30.05.2024 წლის N1000947668 დასკვნა და სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით.

3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2025 წლის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მათ სამართლებრივ შეფასებებს.

4.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული იქნა საკითხი, თუ რაში გამოიხატებოდა დასმულ კითხვებზე მოსარჩელის პასუხების არასერიოზულობა კომისიასთან გასაუბრებისას, აღნიშნულის დამადასტურებელად რაიმე წონადი არგუმენტი მოპასუხეთა მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან მოსარჩელე განმარტავს, რომ 30.05.2024 წლის სხდომაზე დამსწრე პირები მის მიმართ იყვნენ არაკეთილგანწყობილნი, ვინაიდან მან კარგად არ იცოდა ქართული ენა, არ აუხსნიათ, რომ კვლავ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება და მას ჰქონდა უფლება მისულიყო თარჯიმანთან ერთად ან წარედგინა მტკიცებულებები და ჰყოლოდა ადვოკატი.

4.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 30.05.2024 წლის №6475 სხდომის ოქმში მითითებულია კომისიის შემადგენლობისა და სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა, თუმცა არ არის ჩანაწერი თარჯიმნის ვინაობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული წარმოებაში თარჯიმნის დახმარებით მონაწილეობა დაინტერესებულ მხარეს აძლევს ადმინისტრაციულ წარმოებაში სრულყოფილად ჩართვის საშუალებას, მას ეძლევა შესაძლებლობა, სრულად განახორციელოს ყველა ის უფლება, რაც მას მინიჭებული აქვს კანონმდებლობით. ამასთან, თარჯიმნის დახმარებით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არის არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლება, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჯეროვანი განხორციელების აუცილებელი წინაპირობაც. სასამართლოს გაანმარტებით, ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. 30.05.2024 წლის N6475 ოქმით არ დასტურდება მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველ პირთან - მოსარჩელესთან მისთვის გასაგებ ენაზე თარჯიმნის დახმარებით გასაუბრების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ოქმის თანახმად, გასაუბრება წარიმართა თარჯიმნის დახმარებით - მსგავსი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას სხდომის ოქმი არ იძლევა. ოქმში არ არის ჩანაწერი თარჯიმნის ვინაობის შესახებ, ასევე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა კითხვები დაესვა მოსარჩელეს კომისიის წევრების მხრიდან და რა პასუხები გასცა მან. აღნიშნული გარემოება სასამართლოს მისცემდა იმის შეფასების შესაძლებლობას, მოსარჩელისთვის რამდენად გასაგები იყო კომისიის წევრთა შეკითხვები და სხდომის მიმდინარეობა. სასამართლოს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გასაუბრების აუდიო ან ვიდეოჩანაწერი საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი არ არის, რაც არ იძლევა მოპასუხეთა არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ საქმის განხილვისას მოპასუხეებს არ წარუდგენიათ არცერთი მტკიცებულება, რაც მათი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გზით სასამართლოს მისცემდა საქმეზე უკვე დადგენილისგან განსხვავებული გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას.

4.4. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, მართებულად ცნო ბათილად პრეზიდენტის 07.06.2024 წლის №172 ბრძანებულება, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სააგენტოს 30.05.2024 წლის დასკვნა და სააგენტოს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პრეზიდენტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ პირველმა მოპასუხემ, მის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში.

9. ამასთან, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სააგენტოს 30.05.2024 წლის №1000947668 უარყოფითი დასკვნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

10. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მისი მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები კი ამომწურავად არის გაწერილი ორგანული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.

11. ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.

12. მითითებული სამართლებრივი დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული, ამასთან, გამოირიცხება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების ხელყოფა (შდრ. სუსგ №ბს-1213(კ-24), 23.12.2024წ.). მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში არსებობს გასაჩივრებული ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძველი (სუსგ №ბს-521(კ-24), 09.12.2024წ.). შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის აღსრულებისთვის სავალდებულოა მოსარჩელის საქართველოს მოქალაქეობა, რამეთუ მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი მისი შენარჩუნების წინაპირობების არსებობა/არარსებობაზე მსჯელობა (სუსგ №ბს-534 (კ-25), 23.07.2025წ., პ.12; სუსგ Nბს-778 (კ-25), 22.12.2025წ., პ.12 ).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე