Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1248-2(ა-25) 27 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებლები _ ლ., ჯ. და ე. ზ-იები

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა

მესამე პირები - შ. ზ-ი; ვ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის №ბს-728(კ-25) განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 24 იანვარს ლ., ჯ. და ე. ზ-იებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, დაზუსტებული სარჩელის წარდგენის შემდეგ მოპასუხედ მიუთითეს ვაკის რაიონის გამგეობა და მოითხოვეს 1998 წლის 23 მაისს ქ. თბილისის ვაკის რაიონის N... შპს ,,მ...ს‘’ დირექტორის - ჯ. ბ-ის მიერ გაცემული N3ბ-196 პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება შ. ზ-ი, ხოლო 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე ვ. ბ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ის, ჯ. ზ-ისა და ე. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით შ. ზ-ის წარმომადგენლის - ნ. ა-ეის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ზ-ის, ე. ზ-ის და ჯ.

ზ-ის შ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და 2024 წლის 17 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ., ჯ. და ე. ზ-იებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით ლ. ზ-ის, ჯ. ზ-ისა და ე. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და 2024 წლის 17 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ., ჯ. და ე. ზ-იებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით ლ. ზ-ის, ჯ. ზ-ისა და ე. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-60, 61-ე, 63-ე 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილზე, ასევე საქმეში დაცულ საფოსტო გზავნილის ჩაბარების ამსახველ ამონაწერზე, რომელიც ადასტურებდა, რომ კასატორების - ლ. ზ-ის, ჯ. ზ-ის და ე. ზ-ის წარმომადგენელს - ნ. გ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის განჩინება გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ს ქ. N...) და ჩაჰბარდა ოჯახის წევრს, ც. ჩ-ის (პ/ნ ...) 2025 წლის 16 მაისს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის შემცველი გზავნილი ლ. ზ-ის, ჯ. ზ-ის და ე. ზ-ის წარმომადგენელს - ნ. გ-ეს მის მიერვე მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა 2025 წლის 16 მაისს. შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2025 წლის 17 მაისს (შაბათი) დაიწყო და განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადა 2025 წლის 6 ივნისს (პარასკევს) ამოიწურა. საკასაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2025 წლის 9 ივნისს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21-დღიანი ვადის დარღვევით.

2025 წლის 7 ოქტომბერს ლ., ჯ. და ე. ზ-იებმა განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის №ბს-728(კ-25) განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.

განმცხადებლების განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებაში მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის განჩინება მათ წარმომადგენელს - ნ. გ-ეს ჩაჰბარდა 2025 წლის 16 მაისს, რაც არასწორია, ვინაიდან, ნ. გ-ეს აღნიშნული განჩინება არ ჩაჰბარებია კანონმდებლობით დადგენილი წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის განჩინება საქმეში არსებულ მისამართზე ჩაჰბარდა ვინმე ც. ჩ-ის, რომელიც არ წარმოადგენს ნ. გ-ეის არც ოჯახის სრულწლოვან/ქმედუნარიან წევრს, არც ნათესავს და არც იმ მისამართზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მაცხოვრებელ პირს. განცხადებაზე დართული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ცნობით დასტურდება, რომ იგი არის ნ. გ-ეის მიერ მითითებულ მისამართზე მცხოვრები პირის მომვლელი, რომელიც არ წარმოადგენს სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.

განმცხადებლების განმარტებით, ერთ-ერთ მათგანს, კერძოდ, ლ. ზ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა 2025 წლის 19 მაისს, აღნიშნული დროიდან კი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დარღვეულა. ამდენად, განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რამდენადაც განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება ადასტურებს, რომ გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლის მომენტად საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისი არ უნდა მიეჩნია.

განმცხადებლები მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე-423-ე მუხლებზე და მიიჩნევენ, რომ სწორედ აღნიშნული ნორმები წარმოადგენენ მათი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ლ., ჯ. და ე. ზ-იების განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის №ბს-728(კ-25) განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებას, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ლ., ჯ. და ე. ზ-იების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის №ბს-728(კ-25) განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი განცხადებით ლ., ჯ. და ე. ზ-იების მიერ მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის №ბს-728(კ-25) განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო პალატა, აღნიშნავს, რომ განმცხადებელი არ აკონკრეტებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე-423-ე მუხლების რომელი კონკრეტული საფუძვლით ითხოვს გასაჩივრებული კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით დასაშვებად არის მიჩნეული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება ორი ერთმანეთისაგან ურთიერთდამოუკიდებელი საფუძვლით: 1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან 2. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წანამძღვრების არსებობის მოტივით. ამასთან, ამავე კოდექსის 422-ე მუხლი არეგულირებს გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაშინ, როდესაც 423-ე მუხლი შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შემთხვევას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადებაში ასახული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამება უშუალოდ განცხადებისა და მოთხოვნის შინაარსს. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადებაში ასახული საფუძვლებიდან გამომდინარე იმსჯელოს განმცხადებლების ლ., ჯ. და ე. ზ-იების მოთხოვნაზე და შეაფასოს საქმეში დაცული მასალები რამდენად იძლეოდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ლ., ჯ. და ე. ზ-იების ადვოკატ ნ. გ-ეისათვის ჩაბარებულად მიჩნევის და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ვადის დენის ათვლის წერტილად სწორედ ამ თარიღის განსაზღვრის სათანადო საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საკასაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს ამავე კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული 21-დღიანი ვადის დაცვით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადრესატისთვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ამავე დათქმის მიხედვით ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში დაცულ გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ ლ., ჯ. და ე. ზ-იების წარმომადგენელს - ნ. გ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ს ქ. N9) და ჩაჰბარდა ოჯახის წევრს, ც. ჩ-ის (პ/ნ ...) 2025 წლის 16 მაისს, რაც დადასტურებულია ც. ჩ-ის ხელმოწერით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 17 მაისს (შაბათი) და ამოიწურა 2025 წლის 6 ივნისს (პარასკევს), საკასაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2025 წლის 9 ივნისს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის შტამპზე შემოსვლის თარიღად მითითებულია 2025 წლის 9 ივნისი), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის პროცესში მოსარჩელეების (განმცხადებლების) - ლ., ჯ. და ე. ზ-იების ინტერესებს იცავდნენ თავად მხარე ლ. ზ-ი, რომელიც ამავე დროს იყო ჯ. და ე. ზ-იების წარმომადგენელი და ადვოკატი ნ. გ-ე, რომელიც იცავდა როგორც ლ. ზ-ის, ასევე ჯ. და ე. ზ-იების ინტერესებს. მოსარჩელეების სახელით ლ. ზ-ი და ადვოკატი ნ. გ-ე საპროცესო მოქმედებებს ასრულებდნენ როგორც დამოუკიდებლად, ინდივიდუალური განცხადებების წარდგენის გზით, ასევე - ერთობლივად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში ფიგურირებს წარმომადგენელთა მიერ მითითებული სულ ორი მისამართი, საიდანაც ერთი არის ლ. ზ-ის (ქ. თბილისი, ...ს გამზ. №..., ბ. ...) და მეორე ნ. გ-ეის (ქ. თბილისი, ...ს ქ. N9) მაგალითისათვის, საქმეში წარმოდგენილია სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, სადაც მითითებულია, როგორც ლ. ზ-ის, ასევე ნ. გ-ეის მისამართები (ს.ფ. 233-243; 257-268; 374-383; ტომი 3). ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მთელი სამართალწარმოების განმავლობაში (სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი ასლის მხარეთათვის გაგზავნა-ჩაბარებამდე) სააპელაციო სასამართლო ეტაპობრივად ახორციელებდა ლ. ზ-ისა და ნ. გ-ეის ინფორმირებას საქმესთან დაკავშირებით განხორციელებულ საპროცესო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ მისამართებზე გზავნილების გაგზავნის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის ათვლის წერტილის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქმეში ცალსახად და არაორაზროვნად ფიგურირებდეს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ჰქონდეს საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი გასაჩივრების ვადის დაცვის საკითხის სათანადო შეფასების შესაძლებლობა. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უწევს საქმეში ალტერნატიული მისამართების არსებობის პირობებში შეარჩიოს ის ოპტიმალური მისამართი, სადაც სამუშაო საათების განმავლობაში, მაქსიმალური ალბათობით უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო გზავნილის/შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემცველი გზავნილის გაგზავნის დროს, როგორიც სასამართლო გადაწყვეტილების ასლია, სასამართლოს მართებს განსაკუთრებული გულისხმიერებისა და სიფრთხილის გამოჩენა, რამდენადაც საქმეში არსებული ალტერნატიული მისამართებიდან ადრესატის სათანადო მისამართის ამორჩევით მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებლები საქმის წარმოების განახლებას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის განჩინება მათ წარმომადგენელს - ნ. გ-ეს არ ჩაჰბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი ნორმების დაცვით. განჩინება ჩაჰბარდა ვინმე ც. ჩ-ის, რომელიც არ წარმოადგენს ნ. გ-ეის არც ოჯახის სრულწლოვან/ქმედუნარიან წევრს, არც ნათესავს და არც იმ მისამართზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მაცხოვრებელ პირს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი ნ. გ-ეს გაეგზავნა საქმეში მის მიერ არაერთ დოკუმენტზე მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ქ. N9. ნ. გ-ეის სხვა ალტერნატიული მისამართი საქმეში არ მოიპოვება და სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო. საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ საქმის ზემოაღნიშნულ მისამართზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილი სხვა დროსაც აქვს ჩაბარებული ც. ჩ-ის (ტ.3 ს.ფ. 277). ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც თავად განმცხადებლებს ან ადვოკატ ნ. გ-ეს წარმოუდგენია სასამართლოსთვის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ. გ-ეისათვის განკუთვნილი გზავნილი ც. ჩ-ის არ გადაუცია ადრესატის - ნ. გ-ეისათვის. განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...ს ქ. N... - მ...-ს“ თავმჯდომარის ჯ. ხ-ის მიერ გაცემული ცნობა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ც. ჩ-ი არის ქ. თბილისში, ...ს ქ. N...-ში მ. ხ-ის სახელზე რიცხულ ბინაში მდგმურის სტატუსით მცხოვრები პირის მომვლელი და იგი არ არის ადვოკატ ნ. გ-ეის ან სხვა, ამ ეზოში მდებარე რომელიმე ბინის მესაკუთრის ოჯახის წევრი, იგი არის მხოლოდ ოჯახის მომვლელი, ვერ იქნება განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. ვინაიდან, როგორც აღინიშნა საქმეში ადვოკატ ნ. გ-ეს მხოლოდ ერთადერთი მისამართი აქვს მითითებული - ქ. თბილისი, ...ს ქ. N... და ამასთან, ც. ჩ-ის სხვა დროსაც აქვს ჩაბარებული ნ. გ-ეისათვის განკუთვნილი გზავნილები და ამასთან, დაკავშირებით, ნ. გ-ეის მიერ არ არის გამოთქმული არანაირი პრეტენზია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მისამართით, რომელზეც ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი ადრესატისათვის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება და საკასაციო სასამართლომაც საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენის ათვლა დაიწყო ნ. გ-ეისათვის განკუთვნილი გზავნილის მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარების დღიდან. ამავდროულად, ადვოკატს ნ. გ-ეს და განმცხადებლებს არც შემდგომ მიუღიათ სათანადო ზომები იმისათვის, რათა საკასაციო საჩივრის ან შემდგომში საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების ფარგლებში საკასაციო სასამართლო დაერწმუნებინათ სასამართლო გზავნილის არაუფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებაში (ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში). ამდენად, ის გარემოება, რომ ლ., ჯ. და ე. ზ-იების წარმომადგენელმა სამართალწარმოებაში მათი მარწმუნებლის სათანადო დაცვისათვის ვერ მიმართეს საჭირო პროცესუალურ ღონისძიებებს ან/და არასათანადოდ განახორციელეს ისინი, ასევე, ის ფაქტი, რომ სასამართლოს დროული და ეფექტური ინფორმირების თვალსაზრისით მათ მიერ ვერ იქნა გამოვლენილი სათანადო გულისხმიერება, ვერ გახდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის კანონიერ ძალაში შესული №ბს-728(კ-25) განჩინების გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება განმცხადებლების განმარტებას იმის თაობაზე, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო ლ. ზ-ისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინების ჩაბარების დღიდან - 19 მაისიდან, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს და განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება გაეგზავნა, როგორც ლ. ზ-ის, ასევე ნ. გ-ეს. ნ. გ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა 2025 წლის 16 მაისს, ხოლო ლ. ზ-ის - 2025 წლის 19 მაისს, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა კი, უნდა დაიწყოს 2025 წლის 16 მაისიდან, ვინაიდან, სასამართლოს მიერ გზავნილის ორი პირისათვის - უშუალოდ მხარისათვის და წარმომადგენლისთვის გაგზავნის შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის გასაჩივრების ვადის დენა საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, იწყება გზავნილის პირველად (უფრო ადრე) ჩაბარების დღიდან.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის. კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ - საპროცესო მოვალეობებიც, რაც განსახილველ შემთხვევაში ლ., ჯ. და ე. ზ-იების მიერ არ არის შესრულებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ., ჯ. და ე. ზ-იების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის №ბს-728(კ-25) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ., ჯ. და ე. ზ-იების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის №ბს-728(კ-25) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე