საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №195აპ-15 ქ. თბილისი
კ-ა კ, 195აპ-15 25 სექტემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს, მსჯავრდებულ ი. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:
კ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
კ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ კ. კ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ი. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 8 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2014 წლის 2 იანვრიდან იმავე წლის 3 იანვრის ჩათვლით.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
კ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
კ. კ-ა დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2015 წლის 16 თებერვლიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 3 იანვრიდან იმავე წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.
ი. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ი. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 8 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2014 წლის 2 იანვრიდან იმავე წლის 3 იანვრის ჩათვლით.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების - კ. კ-ა და ი. მ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს, მსჯავრდებულ ი. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი