საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1143(კს-25) 29 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „გ...“
მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (დავების განხილვის საბჭო), სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 9 დეკემბერს შპს „გ...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დავების განხილვის საბჭო) და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „გ...-ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 7-დღიანი საპროცესო ვადა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის (სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა) შესავსებად.
შპს „გ...-ის“ წარმომადგენელმა - დ. ს-ეემ (იხ. მინდობილობა - ს.ფ.62) 2025 წლის 15 სექტემბერს განცხადება წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინებით შპს ,,გ...-ის” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო პალატის მითითებით, შპს ,,გ...-ისათვის” ხარვეზის შესავსებად განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 9 სექტემბერს დ ამოიწურა 2025 წლის 15 სექტემბერს, ისე, რომ ხარვეზი არ შევსებულა, ხოლო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დ. ს-ეის მიერ წარდგენილი განცხადება პალატამ მხედველობაში არ მიიღო და განმარტა, რომ მითითებული პიროვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით დადგენილ მოთოხვნებს ვერ აკმაყოფილებდა, კერძოდ, იგი არც ადვოკატი იყო და არც შპს ,,გ...-ის” თანამშომელი. პალატამ აგრეთვე განმარტა, რომ მართალია, სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ სააპელაციო საჩივრის აღძვრის მომენტში საქმეში არ არის წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლომ უნდა დაავალოს აპელანტს ამ საბუთის წარმოდგენა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდა უფლებამოსილი პირი - ი. ხ-ე, რომელიც ადვოკატიცაა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შპს ,,გ...-ის” დირექტორის მიერ გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებით. სწორედ ამიტომ, ხარვეზად მიჩნეულ იქნა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, სამართალწარმოებაც მხოლოდ ამ საკითხზე გარძელდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე დ. ს-ეის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის წარმოსადგენად საპროცესო ვადის განსაზღვრა ვეღარ მოხდებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა გავიდა ისე, რომ ხარვეზი არ შევსებულა და, ამასთან, შპს ,,გ...-ის” უფლებამოსილ წარმომადგენელს არ მიუმართავს სასამართლოსათვის განცხადებით საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს ,,გ...-ის” მიერ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ წარდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული, შპს ,,გ...-ის” მიერ დ. ს-ეის მიმართ გაცემული მინდობილობა, რომლის ხარვეზიანობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია შპს ,,გ...-ის” დირექტორის 2025 წლის 10 ოქტომბრის ცნობა, რომლის თანახმად, დ. ს-ეე კომპანიაში იკავებს ...ის პოზიციას 2024 წლის 01 ნოემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს „გ...-ის” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). „შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის #1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, განსაკუთრებით კი საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი თავისი ბუნებით მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით სარგებლობს გარკვეული შეფასების ზღვარით (იხ. Garcia Manibardo v. Spain, no. 38695/97, § 36, ECHR 2000-II; Zvolský and Zvolská v. the Czech Republic, no. 46129/99, § 47, 12 ნოემბერი 2002). თუმცა, ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ ინდივიდისადმი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ ხარისხით, რომ მან შელახოს თავად უფლების არსი. ამასთან, შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუკი მას დასახული აქვს ლეგიტიმური მიზანი და თუკი დაცულია გონივრული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Liakopoulou v.Greece, no. 20627/04, §17, 23 ოქტომბერი 2006; Nedzela v. France, no 73695/01, § 45, 27 ივლისი 2006; Guérin v. France, no. 51/1997/835/1041, § 37, 29 ივლისი 1998). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, სამართალწარმოების ფარგლებში ზედმიწევნით დაიცვას საპროცესო ნორმატიული წესრიგი, პროცესუალურ-სამართლებრივი ღონისძიებები განახორციელოს სწორედ მათზე დაყრდნობით და ამ გზით, უზრუნველყოს პროცესის მონაწილეთათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უფლებრივი კომპონენტებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება. აღნიშნული განსაკუთრებით მიემართება სამართლიანი სასამართლოს უფლებისათვის შემადგენელ ისეთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რომლის მეშვეობით მხარეები ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ მატერიალურ-პროცესუალურ ხარვეზებზე რეაგირების ქმედითი შესაძლებლობით აღიჭურვებიან. აღნიშნული შესაძლებლობის ეფექტური რეალიზებისათვის საპროცესო კანონმდებლობასთან შეუსაბამო, კონსტიტუციურ-სამართლებრივად გაუმართლებელი დაბრკოლების/ბარიერის შექმნა ილუზორულს ხდის მხარისათვის მინიჭებულ გასაჩივრების უფლებას და აცლის მას არსს, რამდენადაც ასეთ პირობებში, მართალია, ფორმალურად არსებობს უფლების განმამტკიცებელი საკანონმდებლო მოწესრიგება, თუმცა მოშლილია ამ პროცესუალური მექანიზმის გამოყენების ქმედითი, ეფექტური შესაძლებლობა (სუსგ 2024 წლის 21 ნოემბრის საქმე Nბს-636(კს-24)).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების უპირველესი მიზანია უფლების რეალური და ეფექტური დაცვა. საპროცესო ნორმები ემსახურება საქმის სამართლიან განხილვას და არა ხელოვნური, იმგვარი ფორმალური ბარიერების შექმნას, რაც პირს შეუზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიდგომა ატარებდა ფორმალურ ხასიათს, რაც შეუსაბამობაშია პროცესის ეკონომიურობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებთან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „გ...-ის“ წარმომადგენელმა - დ. ს-ეემ (იხ. მინდობილობა - ს.ფ.62) 2025 წლის 15 სექტემბერს განცხადება წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი თავდაპირველად უფლებამოსილმა პირმა (ადვოკატმა ი. ხ-ემ) წარადგინა, სასამართლო გათავისუფლებული იყო დ. ს-ეის უფლებამოსილების შემოწმებისა და ხარვეზის დადგენის ვალდებულებისაგან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ხარვეზის დადგენის ინსტიტუტზე, რომელიც სამართალწარმოების მონაწილეს აღჭურავს მის მიერ არასრულყოფილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საპროცესო დოკუმენტის პროცესუალურად გამართვის უფლებით. პროცესუალური უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროების არსებობისას სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის ინსტიტუტის გამოუყენებლობა ან/და მისი გამოყენების პროცესში გამოჩენილი სიხისტე, ფაქტობრივად, უგულებელყოფს საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებულ გასაჩივრების უფლებას, რამდენადაც სამართალწარმოების მონაწილისათვის გასაჩივრების პროცესში წარმოშობილი, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოსწორებადი ხარვეზის შევსების საშუალების წართმევა შედეგობრივად გულისხმობს მისთვის გასაჩივრების უფლების ჩამორთმევას, რაც, ცხადია, ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას (სუსგ 2024 წლის 21 ნოემბრის საქმე Nბს-636(კს-24)). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დ. ს-ეის მიერ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე წარდგენილი განცხადება, მიუხედავად მისი ფორმალური მხარისა, ცხადყოფდა აპელანტის ნებას, გაეგრძელებინა სამართლებრივი დავა და აღმოეფხვრა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის სამართლებრივი ბუნება ორიენტირებულია არა ფორმალურ დაბრკოლებათა შექმნაზე, არამედ მხარის ხელშეწყობაზე, რათა მან სათანადო დოკუმენტაციით დაადასტუროს წარმომადგენლის უფლებამოსილება ან უზრუნველყოს პროცესში სხვა უფლებამოსილი სუბიექტის მონაწილეობა.
მოცემულ საქმეზე, კერძო საჩივარს თან ერთვის შპს ,,გ...-ის” დირექტორის 2025 წლის 10 ოქტომბრის ცნობა, რომლის თანახმად, დ. ს-ეე კომპანიაში იკავებს ...ის პოზიციას 2024 წლის 01 ნოემბრიდან, აღნიშნული კი, ადასტურებს განცხადების წარდგენის მომენტში მის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ხარვეზის დადგენის ინსტიტუტის გამოუყენებლობით მხარეს გაუმართლებლად შეეზღუდა საპროცესო უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა. ვინაიდან განსახილველ ეტაპზე უკვე დადასტურებულია დ. ს-ეის თანამშრომლობის ფაქტი და, შესაბამისად, მისი უფლებამოსილებაც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას და წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,გ...-ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინება და საქმე შპს ,,გ...-ის” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,გ...-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინება და საქმე შპს ,,გ...-ის” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე