Facebook Twitter

საქმე №ბს-1153 (კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ჩ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჩ-ემ 19.11.2024 წელს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ლ. ჩ-ეისთვის პენსიის შეწყვეტის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.02.2023 წლის №2022/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.03.2023 წლის №221708-2023/2 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, ლ. ჩ-ეისთვის ბიუჯეტში დასაბრუნებელი თანხის 2395 ლარის განსაზღვრის ნაწილში ბათილად ცნობა და ლ. ჩ-ეისთვის 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან მიუღებელი პენსიისა და დაქვითული თანხის ანაზღაურების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გამოცემის დავალდებულება. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.03.2023 წლის №221708-2023/2 გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე, ბენეფიციარის-ლ. ჩ-ეის მიერ 2395 ლარის დაბრუნების ნაწილში.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 28.11.2024 წლის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.03.2023 წლის №221708-2023/2 გადაწყვეტილება ბენეფიციარის-ლ. ჩ-ეის მიერ 2395 ლარის დაბრუნების ნაწილში. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2025 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 28.11.2024 წლის განჩინება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 09.07.2025 წლის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.02.2023 წლის №2022/3 გადაწყვეტილება ლ. ჩ-ეისთვის პენსიის შეწყვეტის თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრის) 06.03.2023 წლის №221708-2023/2 გადაწყვეტილება ლ. ჩ-ეის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 2395 ლარის დაბრუნების ნაწილში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ჩ-ეს 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან აუნაზღაურდება მიუღებელი და დაქვითული სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.2025 წლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 09.07.2025 წლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ლ. ჩ-ე 2020 წლის 15 ივლისიდან 2023 წლის 1-ელ მარტამდე მუშაობდა სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ...ში ...ს პოზიციაზე. ლ. ჩ-ე დღეის მდგომარეობით უკვე აღარ მუშაობს სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. სააპელაციო პალატამ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დებულებაზე მითითებით აღნიშნა, რომ აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს განათლების (საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და სამეცნიერო-კვლევით, სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას კერძოდ, სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად საფუძვლებით უდავოდ დგინდება დაწესებულების საქმიანობის საგანმანათლებლო (განათლების) სააღმზრდელო, სამეცნიერო-კვლევითი და სამუზეუმო საქმიანობის ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ლ. ჩ-ეის საქმიანობა სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში არ განიხილებოდა საჯარო საქმიანობად, შესაბამისად, მისთვის საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით პენსიის შეწყვეტა და შემდეგ მიღებული პენსიის - 2395 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების დავალდებულება ეწინააღმდეგებოდა კანონს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ლ. ჩ-ე დასაქმებული იყო სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ...ის ...ს პოზიციაზე. კასატორის მოსაზრებით, სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობა არ წარმოადგენს "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო საქმიანობას. ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობის პერიოდში. კასატორი თვლის, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, მისი ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფის მიზნებისათვის "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგამონაკლისო საგანმანათლებლო დაწესებულებას. კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს ლ. ჩ-ეის მიმართ მიუღებელი და დაქვითული პენსიის ანაზღაურების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით, ლ. ჩ-ე (დაბ.: ... წელს) 2019 წლის 1-ელი აგვისტოდან, ასაკით პენსიის დანიშვნამდე, იღებდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო შესაბამის კომპენსაციას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.12.2022 წლის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ეს დაენიშნა ასაკის პენსია, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.02.2023 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს პენსია შეუწყდა საჯარო სამსახურში მუშაობის გამო. საქმეში დაცული ცნობით დასტურდება, რომ ლ. ჩ-ე 2020 წლის 15 ივლისიდან 2023 წლის 1-ელ მარტამდე მუშაობდა სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ...ის ...ს პოზიციაზე. სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის 28.02.2023 წლის ბრძანებით, პირადი განცხადების საფუძველზე, ლ. ჩ-ე გათავისუფლდა სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ...ის ...ს პოზიციიდან 2023 წლის 1-ელი მარტიდან. ლ. ჩ-ემ 01.03.2023 წელს პენსიის დანიშვნის განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 06.03.2023 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლ. ჩ-ეისთვის პენსიის დანიშვნის შესახებ და ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ ლ. ჩ-ეს ბიუჯეტში უნდა დაებრუნებინა 2395 (ორი ათას სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. აღნიშნულ თანხაში შედიოდა ლ. ჩ-ეის მიერ როგორც სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუშაობის დროს აღებული ასაკის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო მიღებული შესაბამისი კომპენსაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე- 5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

საკასაციო პალატა მიუთითებს სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დებულებაზე, რომლის თანახმად კულტურის ცენტრი არის ერთიანი კომპლექსი, რომელიც ახორციელებს პედაგოგიურ სწავლებებს, ხელს უწყობს კულტურული აზროვნების განვითარებას, ატარებს მუშაობას ახალგაზრდებთან შემოქმედებითი მოღვაწეობის ახალი ფორმების სრულყოფისათვის (1.7 მუხლი), კულტურის ცენტრის მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურულ-შემეცნებითი (ყველა ტიპის) დაწესებულების საქმიანობის კოორდინირება და მეთოდური დახმარების გაწევა (2.1 მუხლი), ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი მოღვაწეობის ხელშეწყობა (2.2 მუხლი), ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, მივიწყებული, ხალხური, ტრადიციული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კოლექტივის შექმნა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო, ქორეოგრაფიული, თეატრალური, სასწავლო-საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების (სკოლების, სტუდიების და სხვა) შექმნა და მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობა, პოლიგრაფიული, საგამომცემლო და საინფორმაციო საქმიანობის წარმართვა, კონცერტების, საღამოების, კონფერენციების, სემინარების, რიტუალების, გამოფენების, შოუ-პროგრამების მოწყობა (2.3 მუხლი), სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია (2.4 მუხლი). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, სადაც ლ. ჩ-ე მუშაობდა, მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე ეწევა საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამეცნიერო და სამუზეუმო საქმიანობას. ამდენად, სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ლ. ჩ-ეის საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად. შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგოა მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა, ასევე მიღებული პენსიის (როგორც ასაკის, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით დანიშნული) სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების დავალდებულება (იხ. სუსგ 24.06.2024 წლის №ბს-1172(კ-23), 24.12.2024 წლის №ბს-1068(კ-24)).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.2025 წლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე