საქმე №ბს-1173(2კ-24)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. ა-ა (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა. მ-ი, აფ. მ-ა (მოსარჩელეები), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 10.08.2022წ. გადაწყვეტილებით ა. მ-ისა და აფ. მ-ას სარჩელი მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის ს. ა-ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 04.05.2020წ. №... გადაწყვეტილება და რეგისტრაციის შესახებ 06.05.2020წ. №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მესამე პირმა ს. ა-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
3.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს საჯარო რეესტრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 04.05.2020წ. №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ 06.05.2020წ. №... გადაწყვეტილების კანონიერება. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ მესამე პირის მიერ, შესაბამისად სააპელაციო სასამართლო არ ამოწმებს 19.12.2002წ. გაცემული №... მიწის სააღრიცხვო ბარათის კანონიერების საკითხს.
3.2. 19.12.2002წ. №... მიწის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ა. მ-ის ოჯახის სახელზე, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ბოლნისში, სოფ. ...ში მდებარე 0.075 ჰა (750 კვ.მ). მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...).
3.3. საჯარო რეესტრის 25.09.2019წ. №... გადაწყვეტილებით ა. მ-ის თანასაკუთრების უფლება დარეგისტრირდა 750 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...).
3.4. საჯარო რეესტრის 26.09.2019წ. №... გადაწყვეტილებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი და უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... მესაკუთრედ მიეთითა ა. მ-ი.
3.5. 07.10.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამ უძრავი ქონების 1/2 გაყიდა ა. მ-მა და იყიდა აფ. მ-ამ, შესაბამისად, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ა. მ-ისა და აფ. მ-ას სახელზე.
3.6. ს. ა-ამ 08.01.2020წ. №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. საჯარო რეესტრის 16.03.2020წ. N... გადაწყვეტილებით №... განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით.
3.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.05.2020წ. №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ს. ა-ას განცხადებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და ქვემო ქართლის რეგიონალურ ოფისს დაევალა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ამავე გადაწყვეტილების 3.2.6 პუნქტის მიხედვით. ამ პუნქტში აღნიშნულია, რომ უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით ... და ... წარმოადგენს ერთი უძრავი უფლების ობიექტს. უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებულია ა. მ-ის საკუთრების უფლება, შესაბამისად, მის მემკვიდრეებს საკუთრების უფლება წარმოეშვებათ ა. მ-ის წილზე. აღნიშნულის საფუძველზე, სადავო უძრავ ქონებაზე უნდა ასახულიყო ს. ა-ას თანასაკუთრების უფლება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ს. ა-ას, ა. მ-ის სამკვიდრო ქონებაზე, გააჩნია 1/3 წილი.
3.8. საჯარო რეესტრის 06.05.2020წ. №... გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... (წინა კოდი ...) დარეგისტრირდა ა. მ-ის, აფ. მ-ას და ს. ა-ას თანასაკუთრების უფლება.
3.9. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 15131-ე, 1319-ე და 1328-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 20.09.2019წ. სამკვიდრო მოწმობით, ს. ა-ამ, მ. მ-მა და მა. მ-მა საკუთრებაში მიიღეს მამკვიდრებლის, ა. მ-ის სამკვიდრო ქონება. ამდენად, ა. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მისი მემკვიდრეების, მათ შორის, ს. ა-ას საკუთრების უფლების დამდგენი საფუძველია.
3.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არსებული მდგომარეობით სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან თანაბარწილად: ა. მ-ი, აფ. მ-ა, ს. ა-ა. აფ. მ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იგი, სადავო უძრავი ქონების ½ წილის მფლობელი გახდა. სადავო გადაწყვეტილებებით კი მარეგისტრირებელმა ორგანომ შეამცირა აფ. მ-ას, ამ ეტაპისთვის კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრება იმგვარად, რომ საკუთრების წილი ნაცვლად ½-ისა, განისაზღვრა ⅓-ით. ვინაიდან კომლის ქონებაზე დგინდება მინიმუმ ორი კომლის წევრის (ა. მ-ი, ა. მ-ი) საკუთრების უფლება, ა. მ-ის საკუთრების წილი არ შეიძლება აღემატებოდეს უძრავი ქონების ½-ს, რომელიც მას უკვე გასხვისებული აქვს აფ. მ-ას სასარგებლოდ, შესაბამისად, მისი საკუთრების უფლება ½ წილის გასხვისების შემდგომ სადავო უძრავ ქონებაზე არ დასტურდება. ს. ა-ას შემთხვევაში იგი წარმოადგენს მამკვიდრებლის, ა. მ-ის სამკვიდროში შემავალი ქონების (ამ ეტაპისთვის ½ წილი მთლიანი სადავო ქონების) ⅓ წილის მქონე მემკვიდრეს. სადავო რეგისტრაციების საფუძველზე კი ს. ა-ა მთლიანი უძრავი ქონების ⅓ წილის მქონე მესაკუთრეა.
3.11. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლოს არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ა. მ-მა და აფ. მ-ამ და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2024წ. განჩინებით ა. მ-ისა და აფ. მ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ასევე წარადგინა ს. ა-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელე დაიბადა 1996 წელს, ხოლო მიწა საქართველოში განხორციელებული რეფორმის დროს საკუთრებაში გაიცემოდა 1993 წლის პირველი იანვრისთვის რიცხული კომლების მიხედვით. სააღრიცხვო ბარათსა და საკადასტრო რუკაზე დასმულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი და სახელმწიფო რეგისტრატორის ხელმოწერა, შესაბამისად აღნიშნული უძრავი ნივთი ითვლება ა. მ-ის ოჯახზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთად. სააღრიცხვო ბარათი №... სრულიად შეესაბამება იმ დროს მოქმედ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მსჯელობა იქონია დაკმაყოფილებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა დასაშვებობის საფუძვლებს შეამოწმებს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დავალების ნაწილში.
11. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ ბოლნისში, სოფ. ...ში მდებარე 0.075 ჰა მიწის ნაკვეთზე 19.12.2002წ. დარეგისტრირდა ა. მ-ის ოჯახის საკუთრების უფლება (ტ. 2, ს.ფ. 58-59). 20.09.2019წ. ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის თანახმად ს. ა-ა არის 13.10.2016წ. გარდაცვლილი ა. მ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე - შვილი, მან, როგორც ანდერძისმიერიმა პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონების (უძრავ-მოძრავი ქონება, თავისი აქტივებითა და პასივებით) 1/3 წილი (ტ. 2, ს.ფ. 128-133). ს. ა-ას წარმომადგენელმა 08.01.2020წ. მიმართა საჯარო რეესტრს და აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოითხოვა ზემოთ მითითებულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ა. მ-ისა და აფ. მ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავი ნივთს (საკადასტრო კოდი ...) შორის. აღნიშნული საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, ხოლო საბოლოოდ ს. ა-ას განცხადებაზე 16.03.2020წ. სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
12. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 16.03.2020წ. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ს. ა-ას წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის 04.05.2020წ. №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურის მიერ ს. ა-ას განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის რეგიონულ ოფისს დაევალა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სადავო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ა. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით არსებული უძრავი ნივთისა (საკადასტრო კოდი ...) და ა. მ-ისა და აფ. მ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებული მონაცემები ერთი უფლების ობიექტია. აღნიშნულის გამო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში უნდა შევიდეს ცვლილება, ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდად უნდა მიეთითოს ... საკადასტრო კოდი და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ-ერთ თანამესაკუთრედ უნდა დარეგისტრირდეს ს. ა-ა.
13. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 04.05.2020წ. №... გადაწყვეტილების საფუძველზე მარეგისტირებელმა ორგანომ ს. ა-ას განცხადებაზე განაახლა სარეგისტრაციო წარმოება (ტ. 2, ს.ფ. 148) და 06.05.2020წ. მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ბოლნისის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 750 კვ.მ. ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე დარეგისტრირდა ა. მ-ის, აფ. მ-ას და ს. ა-ას თანასაკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ..., წინა კოდი ...).
14. საქმეშე დაცული მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებამდე სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ა. მ-ის და აფ. მ-ას თანასაკუთრების უფლება (ტ. 2, ს.ფ. 122-123). ა. მ-ის საკუთრების უფლების საფუძველს წარმოადგენს საარქივო ცნობა (საკომლო წიგნის ჩანაწერების შესახებ), ხოლო აფ. მ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია 07.10.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების ნახევარი ა. მ-მა მიყიდა აფ. მ-ას (ტ. 2, ს.ფ. 96-97, 118-120).
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.). სზაკ-ის მითითებული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს (სუსგ №ბს-95(კ-23), 30.03.2023 წელი).
16. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უძრავ ნივთზე მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლითა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით განმტკიცებული საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია, როგორც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელოვანი გამოვლინება, სერიოზულ გარანტიას ქმნის კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დაცვისათვის. პრეზუმფცია ემსახურება კეთილსინიდისიერი პირის ინტერესების დაცვას იმ შემთხვევაში, როდესაც ჩანაწერის მიმართ არ არის შეტანილი საჩივარი ან მესამე პირს არ აქვს ინფორმაცია ჩანაწერის ხარვეზის შესახებ. მარეგისტრირებელ ორგანოს არ მოუხდენია სადავო უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებული საკუთრების უფლებისა და ამ უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტების შეფასება, მათი ურთიერთშეჯერების შედეგად უძრავ ნივთზე, დანარჩენ თანამესაკუთრეებთან ერთად, მესამე პირის საკუთრების უფლების თანაბარწილად რეგისტრაციის შესაძლებლობა.
კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები (სამოქალაქო კოდექსის 15131.3 მუხ.). მემკვიდრე ახდენს სამკვიდროს, ანუ იმ უფლება-მოვალეობათა ერთობლიობის მიღებას, რომელიც მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტში აქვს, სამკვიდრო მასაში შედის მხოლოდ ის უფლება-მოვალეობები, რომელთა მატარებელი სიცოცხლეში იყო მამკვიდრებელი (სუსგ საქმე №ბს-414-411(კ-17), 17.10.2019წ.). გასაჩივრებული აქტ(ებ)ის გამოცემისას კი მოპასუხეს სათანადოდ არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მამკვიდრებლის წილი უძრავ ქონებაზე. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განსახილველი საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო აქტ(ებ)ი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
17. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). არარელევანტურია აგრეთვე კასატორის მითითება №... სააღრიცხვო ბარათის კანონშესაბამისობაზე, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და მისი მართლზომიერება არ წარმოადგენს საკასაციო პალატის შეფასების საგანს.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.2024 წლის განჩინება.
3. ს. ა-ას (პირადი ნომერი ...) უკან დაუბრუნდეს ჩ. ა-ის (პირადი ნომერი ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №50210548, გადახდის თარიღი 21.11.2024წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე