Facebook Twitter

საქმე №ბს-1176 (კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ხ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.2025 წლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ხ-ამ 28.06.2023 წელს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნ. ხ-ასათვის 2023 წლის 1-ელი მაისიდან სახელმწიფო გასაცემელის-პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის უფროსის 02.05.2023 წლის №SSA 7 23 00462430 ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ნ. ხ-ას 08.05.2023 წლის №484844 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023 წლის №SSA 9 23 00555196 გადაწყვეტილების გაუქმება, 2023 წლის 1-ელი მაისიდან შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) ნ. ხ-ასათვის აღდგენის/ხელახლა დანიშვნის მოპასუხეებისათვის დავალდებულება და მოსარჩელის სასარგებლოდ 2023 წლის 1-ელი მაისიდან მიუღებელი პენსიის მოპასუხეებისათვის ანაზღაურების დაკისრება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 16.04.2025 წლის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის უფროსის 02.05.2023 წლის №SSA 7 23 00462430 ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, ნ. ხ-ასათვის 2023 წლის 1-ლი მაისიდან სახელმწიფო გასაცემელის-პენსიის შეწყვეტის შესახებ, გაუქმდა ნ. ხ-ას 08.05.2023 წლის №484844 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023 წლის №SSA 9 23 00555196 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის მიხედვითაც ნ. ხ-ას აღუდგება სახელმწიფო გასაცემელი-პენსია და აუნაზღაურდება 2023 წლის 01 მაისიდან მიუღებელი პენსია (სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.2025 წლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 16.04.2025 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ნ. ხ-ა 1982 წლიდან დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, კერძოდ, ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში ...დ. სააპელაციო პალატამ მიუთითა "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

სააპელაციო პალატამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე", "მუზეუმების შესახებ" კანონის მე-4 და მე-9 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც მოსარჩელე მუშაობს, სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებაა. მოსარჩელის საქმიანობა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში (...) არ განიხილება საჯარო საქმიანობად, მას არ ეკრძალება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2023 წლის აპრილის თვეში მიწოდებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ნ. ხ-ა დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შემავალ ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში და ეწევა ისეთ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება. კასატორებმა მიუთითეს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განმახორციელებელი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის ფინანსთა სამინისტრო. კასატორების მოსაზრებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ზემოაღნიშნულ მუხლში აქცენტი გაკეთებულია დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და დადგენილია საგამონაკლისო წესიც საჯარო საქმიანობის განხორციელების პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მოპოვების კუთხით. "მუზეუმების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი განმარტებულია როგორც კანონით დადგენილი წესით შედგენილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ ნ. ხ-ა დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შემავალ ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში. „მუზეუმების შესახებ“ კანონი არ ცნობს მუზეუმ-ნაკრძალს, როგორც ინსტიტუტს და შესაბამისად, არც მისი საქმიანობის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას ითვალისწინებს. მუზეუმ-ნაკრძალის განმარტება მოცემულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლში. კასატორები თვლიან, რომ მუზეუმ-ნაკრძალი არ მიეკუთვნება "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო დაწესებულებების ჩამონათვალს. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შემავალი ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალი, დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით, ნ. ხ-ა (დაბ. ...წ.) დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, კერძოდ, ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში ...დ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვის ცენტრის 02.05.2023 წლის №SSA 7 23 00462430 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. ხ-ას ეცნობა, რომ სახელმწიფო პენსია შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ხ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.05.2023 წლის №SSA 9 23 00555196 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.3 მუხლზე, რომლის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" დებულების 1-ელი მუხლის თანახმად, სააგენტო შექმნილია ამავე მუხლში მითითებული მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს. დებულების 8.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ ერთ-ერთ მუზეუმ-ნაკრძალს (დებულების 8.2 მუხ.). "მუზეუმების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კასატორების მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელე დასაქმებულია ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალში, რომელიც შედის სსიპ კულტურული მემკვიდრეოობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში, მასზე არ შეიძლება გავრცელდეს "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს მუზეუმის ერთ-ერთ კატეგორიას, მუზეუმისა და ნაკრძალის ერთობლიობას. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაც მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალებს ერთად მოიხსენიებს და ერთსა და იმავე ძირითად ამოცანებს უსაზღვრავს. მუზეუმ-ნაკრძალი მუზეუმისაგან დამოუკიდებელ დაწესებულებას არ წარმოადგენს და მასზე ვრცელდება კანონით გათვალისწინებული შეღავათი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, ხოლო "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმებში საქმიანობა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა. ამავდროულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების" მე-9 მუხლის თანახმად, სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, მათ შორის, ...ის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთი ამოცანა სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაა, რაც ასევე ექცევა კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.2025 წლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე