საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №223აპ-15 ქ. თბილისი
დ-ი დ, 223აპ-15 23 სექტემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, სსკ–ის 381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 273–ე მუხლით დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მას მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის განაჩენით დ. დ-ს დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წელი მიემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 20 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 15 აგვისტოდან იმავე წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
დ. დ-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ვ. დ-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით , მდებარეს ქ. კ-ი, კ-ს ქ.№-ში, უნდა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2014 წლის 29 აგვისტოს №12/39–14 განჩინებით ბრალდებულ დ. დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 4000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დ. დ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ დ. დ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 381–ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი