Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1255(კ-25) 12 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ჩ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის IDP 9 23 00000416 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნ. ჩ-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის IDP 9 23 00000416 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ჩ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ უტყუარად დადგინდეს ფაქტი - ნ. ჩ-ას, საქმის გარემოებებიდან და არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უნდა აღუდგეს თუ არა დევნილის სტატუსი. სადავო ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნა სრული დაცვით. სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული რიგი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის, რომ გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, ნ. ჩ-ასთან მიმართებით, არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.

სააგენტო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. ამდენად, მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ნოემბრის ბრძანებით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესაბამისად, სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტში ნ. ჩ-ას ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრების დროს მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს გაგრაში. მამა, გ. ჩ-ა, დაბადებული ... წელს მარტვილში, გარდაიცვალა 2014 წელს რუსეთში, არ ჰქონდა დევნილის სტატუსი. დედა, მ. ჩ-ა, დაბადებული ... წელს ვანში, ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და არ აქვს დევნილის სტატუსი. 1971-1984 წლებში სწავლობდა ...ს საშუალო სკოლაში, 1981-1984 წლებში - რუსეთის ფედერაციის ქ. ... სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1984 წელს დაიწყო მუშაობა ...ს საავადმყოფოს ...ად და მუშაობდა 1991 წლამდე. მოსარჩელის თქმით, მისი მეუღლე - ე. დ-ე, რომელიც იყო ქ. ქუთაისიდან, გაიცნო გაგრაში მისი იქ სტუმრად ყოფნის დროს. ... წელს შეეძინათ შვილი ქ. ქუთაისში. ბავშვის ქუთაისში დაბადების მიზეზად ნ. ჩ-ა ასახელებს ნათესავებთან სტუმრად ყოფნას. მისი განმარტებით, ე. დ-ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა, არ იცნობდა მისი ოჯახის წევრებს, არ იცოდა რას საქმიანობდა იგი, ბავშვის დაბადებიდან ცოტა ხანში დაშორდნენ ერთმანეთს და შვილმა მამა არც ისე დიდი ხნის წინ გაიცნო რუსეთის ფედერაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ნ. ჩ-ამ გასაუბრების დროს უარყო ე. დ-ესთან ქორწინებაში ყოფნა, საყურადღებოა, რომ მისი შვილი, მ. დ-ე დაიბადა ... წელს ქ. ქუთაისში და ატარებს მამის გვარს. ამჟამად, ნ. ჩ-ას დევნილის სტატუსი აქვს შეწყვეტილი, რადგან არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციები. ნ. ჩ-ას განცხადებაზე თანდართულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან 2022 წლის 24 ნოემბრის გაცემული №0001135 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ნ. ჩ-ა 1992 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა გაგრის რაიონის სოფ. ...ში, თუმცა სააგენტოსთვის არ არის ცნობილი რაიმე ინფორმაცია და არ არის საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ნ. ჩ-ა 1991 წლიდან დაკავშირებული იყო აფხაზეთთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტსა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ადგენს პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესს. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბრძანება არის კანონიერი. ვინაიდან, მოსარჩელესთან მიმართებით არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2022 წლის 24 ნოემბერს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარედგინა ნ. ჩ-ას განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ნ. ჩ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. განცხადებას თან დაერთო აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 24 ნოემბრის ცნობა, რომლის თანახმად, ნ. ჩ-ა ცხოვრობდა 1992 წლის ოქტომბრამდე გაგრაში, სოფ. ...ში. 2022 წლის 25 ნოემბერს ნ. ჩ-ას ჩაუტარდა გასაუბრება და შედგა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 57, 59, 62-65); ბ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის IDP 9 23 00310395 მოხსენებითი ბარათით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გაეგზავნა ნ. ჩ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ მომზადებული დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, სააგენტომ მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ას მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, შემდეგი გარემოებების გამო: გასაუბრების დროს ნ. ჩ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს გაგრაში. მამა - გ. ჩ-ა, დაიბადა ... წელს მარტვილში, გარდაიცვალა 2014 წელს რუსეთში; არ ჰქონდა დევნილის სტატუსი. დედა - მ. ჩ-ა, დაბადებული ... წელს, ვანში, ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და არ აქვს დევნილის სტატუსი. ჰყავს და - ნო. ჩ-ა, დაბადებული ... წელს, გაგრაში, აქვს დევნილის სტატუსი. ასევე ჰყავს ძმა - გ. ჩ-ა, დაბადებული ... წელს, გაგრაში, არ აქვს დევნილის სტატუსი. 1971-1984 წლებში სწავლობდა ...ს საშუალო სკოლაში, 1981-1984 წლებში - რუსეთის ფედერაციის ქ. ... სასწავლებელში. სამედიცინო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1984 წელს დაიწყო მუშაობა ...ს საავადმყოფოს ... განყოფილების ...ად და მუშაობდა 1991 წლამდე. ნ. ჩ-ას თქმით, მისი მეუღლე - ე. დ-ე, რომელიც იყო ქ. ქუთაისიდან, გაიცნო გაგრაში მისი იქ სტუმრად ყოფნის დროს. ... წელს შეეძინათ შვილი ქ. ქუთაისში. ბავშვის ქუთაისში დაბადების მიზეზად ნ. ჩ-ა ასახელებს ნათესავებთან სტუმრად ყოფნას. მისი თქმით, ე. დ-ესთან ქორწინებაში არ ყოფილა, არ იცნობდა მისი ოჯახის წევრებს, არ იცოდა, რას საქმიანობდა. ბავშვის დაბადებიდან ცოტა ხანში დაშორდნენ ერთმანეთს და შვილმა მამა არც ისე დიდი ხნის წინ გაიცნო რუსეთის ფედერაციაში. მისი შვილი - მ. დ-ე დაიბადა ... წელს, ქ. ქუთაისში და ატარებს მამის გვარს. სააგენტოს დასკვნის თანახმად, სააგენტოს არ აქვს არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ნ. ჩ-ა 1991 წლიდან დაკავშირებული იყო აფხაზეთთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. ამჟამად, ნ. ჩ-ას დევნილის სტატუსი აქვს შეწყვეტილი, რადგან არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციები. შესაბამისად, სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ნ. ჩ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენა (ს.ფ. 69, 66-68); გ) სსიპ დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 23 მარტის IDP 9 23 00310395 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის IDP 9 23 00000416 ბრძანებით ნ. ჩ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე, (ს.ფ. 70-71); დ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 23 მაისის IDP 4 24 00555604 წერილის თანახმად, ნ. ჩ-ა დევნილთა მონაცემთა ბაზაში ირიცხება დევნილად 2012 წლიდან, მას არ გაუვლია 2013-2014 წლების სავალდებულო რეგისტრაციები და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეუწყდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი (ს.ფ. 84); ე) საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ. ე-ამ განმარტა, რომ ნ. ჩ-ას იცნობს დაბადებიდან, იყვნენ მეზობლები და ცხოვრობდნენ ...ში, ...ს ქუჩაზე. მისი სახლი იყო №..., ხოლო ნ. ჩ-ას სახლი - №5. მან დაადასტურა, რომ ნ. ჩ-ა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა მშობლებთან, დასთან, ძმასთან და შვილთან ერთად. სკოლა იქვე დაამთავრა, ხოლო შემდეგ სწავლობდა რუსეთში, 2 წლის განმავლობაში. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ...ში და მუშაობდა ექთნად, ვიდრე ყველამ 1992 წლის ოქტომბრის თვეში არ დატოვა საცხოვრებელი. ნ. ე-ას განმარტებით, იგი ნ. ჩ-ას მეუღლეს არ იცნობს, მის შესახებ არც რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს. მოწმემ დაადასტურა, რომ ნ. ჩ-ას ჰყავს შვილი, რომელიც იზრდებოდა ნ. ჩ-ას ოჯახში და შვილის გაზრდაში მას ეხმარებოდნენ მშობლები. ამასთანავე ნ. ე-ამ განმარტა, რომ ნ. ჩ-ას დედა იყო ვანის რაიონიდან და იცის, რომ ნ.-ს ჰყავდა ნათესავები დედის მხრიდან ქუთაისში. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მ. ხ-ამ განმარტა, რომ ნ. ჩ-ას იცნობს დაბადებიდან, იყვნენ მეზობლები და ცხოვრობდნენ ...ში, ...ს ქუჩაზე. მისი სახლი იყო №2, ხოლო ნ. ჩ-ას სახლი - №5. მან დაადასტურა, რომ ნ. ჩ-ა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა მშობლებთან, დასთან, ძმასთან და შვილთან ერთად. სკოლა იქვე დაამთავრა, ხოლო შემდეგ სწავლობდა რუსეთში, 2 წლის განმავლობაში. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ...ში და მუშაობდა ექთნად, ვიდრე ყველამ 1992 წლის ოქტომბრის თვეში არ დატოვა საცხოვრებელი. მოწმის განმარტებით, იგი ნ. ჩ-ას მეუღლეს არ იცნობს, მის შესახებ არც რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს. მოწმემ დაადასტურა, რომ ნ. ჩ-ას ჰყავს შვილი, რომელიც იზრდებოდა ნ. ჩ-ას ოჯახში და შვილის გაზრდაში მას ეხმარებოდნენ მშობლები (მოწმეთა ჩვენებები; იხ. სხდომის ოქმი - ს.ფ. 90-107, 113-123).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხ. 2).

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ დანართი №1-ის მე-4 მუხლის 27-ე პუნქტის მიხედვით, დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, შეუწყდება დევნილის სტატუსი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის 28-ე პუნქტის თანახმად კი, დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს და გაივლის დევნილის სტატუსის აღდგენის პროცედურებს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

დასახელებული წესის მე-3 მუხლი ადგენს დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესს, რომლის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის რეგისტრაციისა და რესტიტუციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნას – ასევე თანამშრომელი, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება სააგენტოს დირექტორს (1); ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნილის სტატუსის ჩამორთმევის და აღდგენის საკითხის მომზადებისას აგრეთვე გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა (2); დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (3); დეპარტამენტი გადაწყვეტილებას დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ პირს აცნობებს წერილობითი ფორმით, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში (4); პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის ცვლილებებს მონაცემთა ბაზაში; (5); მონაცემთა ბაზის წვდომაზე და მასში ცვლილებების განხორციელებაზე სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (6).

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად, კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და მისი იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10) და 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11) განჩინებები).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ნ. ჩ-ა არ წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელს და აღნიშნული საცხოვრებელი მას მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ. ჩ-ას შვილის დაბადების ადგილი არის ქ. ქუთაისი, ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 24 ნოემბრის ცნობით დგინდება, რომ მოქალაქე, ნ. ჩ-ა ცხოვრობდა 1992 წლის ოქტომბრამდე გაგრაში, სოფ. ...ში. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმაც (ნ. ე-ა და მ. ხ-ა) დაადასტურეს ნ. ჩ-ას მუდმივად ...ში ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ამდენად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიზნებისათვის, წარმოადგენდა სოფ. .... აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნები სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა