Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1288(2კ-25) 28 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 მაისის №7017744 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 7 აგვისტოს №1102 ბრძანება; გ) დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ... ქუჩა №29 (ს/კ ...), გამიჯვნასთან დაკავშირებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 მაისის №7017774 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 7 აგვისტოს №1102 ბრძანება; მოპასუხეს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, ... ქუჩა №29 (ს/კ ...) სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების დადასტურებაზე;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხეთა მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.

4.1. კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიიჩნევს, რომ საქმე მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღევით იქნა განხილული, რამაც არსებითად იმოქმედა შედეგზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 156-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ცალკე უფლების ობიექტებად (ერთეულებად) დაყოფის ან მათი ერთი უფლების ობიექტად გაერთიანების, აგრეთვე ფუნქციური დანიშნულების ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება სამშენებლო დოკუმენტაციის, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის, ლეგალიზების აქტის ან/და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. თუ სააგენტოში დაცული/წარდგენილი არ არის ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ცალკე უფლების ობიექტებად (ერთეულებად) დაყოფის ან მათი ერთი უფლების ობიექტად გაერთიანების, აგრეთვე ფუნქციური დანიშნულების ცვლილების რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის შემთხვევაში − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან შეთანხმებული შენობა-ნაგებობის დაყოფის, მათი გაერთიანების, ფუნქციური დანიშნულების ცვლილების პროექტის საფუძველზე. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე და 79-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის შემთხვევაში − „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების მოთხოვნებს“.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის ფუნქციებია არქიტექტურული პროცესების მართვა - დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა. ამასთან საყურადღებოა, რომ სზაკ-ის მე-6 და მე-7 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არქიტექტურის სამსახურს შენობა-ნაგებობის ერთეულების (ბინა ერთეულების) დაყოფა/გაერთიანებასთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შეთანხმების კუთხით, მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, მიზანშეწონილია თუ არა შენობა-ნაგებობის (ბინა ერთეულების) დაყოფა/გაერთიანება.

განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 დეკემბრის №5219434 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტზე თანდართული გეგმებით დასტურდება, რომ საპროექტო შენობის 0.00 ნიშნულზე გათვალისწინებულია ღია პარკინგი. ამასთან, საჯარო რეესტრის 2022 წლის 25 ივლისის ამონაწერით ირკვევა, რომ 0.00 ნიშნულზე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია ავტოსადგომი №11. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დანიშნულებაში კომერციული ფუნქციის მითითება განპირობებულია, არა აღნიშნული ფართის რეალური დანიშნულების ცვლილებით, არამედ ავტოსადგომი კომერციული ფართად განისაზღვრა მხოლოდ განმცხადებლის ინიციატივით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... განცხადების საფუძველზე. ამდენად, ვინაიდან 2024 წლის 29 აპრილის № AR11032502 განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის დაყოფით იგეგმებოდა არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფუნქციის ცვლილება (0.00 ნიშნულზე არსებული ფართის ფუნქციის ცვლილება ავტოსადგომიდან - კომერციულ ფართზე), არქიტექტურის სამსახურმა, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობითი პროცესების განხორციელებაზე უფლებამოსილმა ორგანომ, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმ საჯარო ინტერესის მხედველობაში მიღებით, რომ სანებართვო დოკუმენტაციით შეთანხმებული ავტოსადგომების არსებობა ემსახურება კანონმდებლობით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აუცილებელი ავტოსადგომებით უზრუნველყოფის მიზანს, მიზანშეწონილად არ მიიჩნია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის პროქტის შეთანხმება. შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემისას, არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა. ე.ი. კანონის ფარგლებში დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა.

4.2. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მშენებლობადასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება ხორციელდება იმ პროექტის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან. მოცემულ საქმეში, სადავო ფართი ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა იმ საფუძვლით, რომ იგი განკუთვნილი იყო ავტოსადგომისთვის და არა კომერციული დანიშნულებით. აღნიშნული წარმოადგენს არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს და შესაბამისად, ექსპლუატაციაში მიღებული ფართის ფუნქციის შემდგომი თვითნებური ცვლილება ვერ წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გამიჯნოს საპროექტო ფართი.

2023 წლამდე მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქცია მესაკუთრეს აძლევდა შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივით შეეცვალა ფართის დანიშნულება, ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი თანხმობის გარეშე. აღნიშნულმა რეგულაციამ პრაქტიკაში წარმოშვა პრობლემები, ვინაიდან მრავალბინიანი საცხოვრებელ ფართებში ავტომობილებისათვის განკუთვნილი სივრცეები იცვლებოდა, რაც იწვევდა საპარკინგე ინფრასტრუქტურის დეფიციტს. არქიტექტურის სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება ემყარება არა მხოლოდ ქალაქგეგმარებითი დისციპლინის მოთხოვნებს, არამედ მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, რომელიც გამოიხატება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის აუცილებელი საპარკინგე სივრცეების არსებობაში. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სადავო ფართის გამიჯვნასთან დაკავშირებით არის არგუმენტირებული და ექსპლუატაციაში შესული შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებასთან შესაბამისი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 დეკემბრის №5219434 ბრძანებით დაკმაყოფილდა 2020 წლის 30 ნოემბრის NAR1791356 განცხადება და ქალაქ თბილისში, ... რაიონი, ... კვარტლის მიმდებარედ, (ნაკვეთი №...), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი (ს.ფ. 96-98); ბ) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 20 იანვრის №5255444 ბრძანებით დაკმაყოფილდა 2020 წლის 11 დეკემბრის №AR1793966 განცხადება და ამავე სამსახურის 2020 წლის 10 დეკემბრის №5219434 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ასევე გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 20 იანვრიდან - 2021 წლის 20 ივლისის ჩათვლით (ს.ფ. 93-95); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 16 ივნისის №17.01221671 ბრძანებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ქ.თბილისში, ... ქუჩა, №29-ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა/ დამთავრებული ობიექტი (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) (ს.ფ. 163-164); დ) 2022 წლის 25 ივლისის მდგომარეობით მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, გ. მ-ის კუთვნილი 381,40 კვ. მეტრი ფართი, ნიშნული 0,00, დაფიქსირდა, როგორც ავტოსადგომი №11 (ს.ფ. 206); ე) გ. მ-მა 2022 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 ივლისის №... გადაწყვეტილებით გ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 381.40 კვ.მ ავტოსადგომს, შეეცვალა დანიშნულება და დაფიქსირდა, როგორც კომერციული ფართი (ს.ფ. 208, 209-210, 144); ვ) გ. მ-მა 2024 წლის 29 აპრილს №AR11032502 განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ... ქუჩა №29-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის დაყოფის პროექტის შეთანხმება (ს.ფ. 29); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 მაისის №7017774 გადაწყვეტილებით გ. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დგინდებოდა, რომ იგეგმებოდა დასაყოფი ფართის ფუნქციის ცვლილება, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადება (ს.ფ. 34-35); თ) გ. მ-მა 2024 წლის 20 და 23 მაისს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 მაისის №7017774 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ს.ფ. 118, 122-134); ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 7 აგვისტოს №1102 ბრძანებით გ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 44-49).

პალატა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ თავდაპირველად, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №..., რეგისტრირებული იყო როგორც ავტოსადგომი №11, რომლის დანიშნულებაც მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრისათვის მიმართვის შემდგომ შეიცვალა და ამაჟამად სადაო ფართი მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია როგორც კომერციული ფართი. წინამდებარე დავის ფარგლებში კი, შესაფასებელია რამდენად სწორად ეთქვა მოსარჩელეს უარი ფართის დაყოფის პროექტის შეთანხმებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით იგეგმებოდა დასაყოფი ფართის ფუნქციის ცვლილება.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული ფართს ჯერ დანიშნულება შეუცვალა, შემდგომ კი დაყოფის პროექტის შეთანხმება სცადა, საკასაიცო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-156 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ცალკე უფლების ობიექტებად (ერთეულებად) დაყოფის ან მათი ერთი უფლების ობიექტად გაერთიანების, აგრეთვე ფუნქციური დანიშნულების ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება სამშენებლო დოკუმენტაციის, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის, ლეგალიზების აქტის ან/და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. თუ სააგენტოში დაცული/წარდგენილი არ არის ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ცალკე უფლების ობიექტებად (ერთეულებად) დაყოფის ან მათი ერთი უფლების ობიექტად გაერთიანების, აგრეთვე ფუნქციური დანიშნულების ცვლილების რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის შემთხვევაში − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან შეთანხმებული შენობა-ნაგებობის დაყოფის, მათი გაერთიანების, ფუნქციური დანიშნულების ცვლილების პროექტის საფუძველზე. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე და 79-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის შემთხვევაში − „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების მოთხოვნებს.

პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილია 2023 წლის 15 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებით და ამოქმედდა იმავე წლის 28 დეკემბერს, გამოქვეყნებისთანავე. მითითებული ცვლილებით, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ცალკე უფლების ობიექტებად (ერთეულებად) დაყოფის ან მათი ერთი უფლების ობიექტად გაერთიანების, აგრეთვე ფუნქციური დანიშნულების ცვლილების რეგისტრაცია, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული შენობა-ნაგებობის დაყოფის, მათი გაერთიანების, ფუნქციური დანიშნულების ცვლილების პროექტის საფუძველზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ცვლილება, იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოხდეს, როდესაც საჯარო რეესტრში ნივთის ფუნქციური დანიშნულება უკვე შეცვლილია, რაიმე დათქმას, კანონის უკუძალის შესახებ არ ითვალისწინებს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი დადგენილია, რომ ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ,,კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას“ (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს-698-691(კ-16)).

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა იზიარებს წინა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების დანიშნულების შეცვლის ნაწილში, მითითებულ ნორმატიულ ჩანაწერს სადავო ურთიერთობაზე უკუძალა არ გააჩნია. მართალია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ევალება როგორც ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე/გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ასევე - ნებისმიერი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების და შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა/დაცვა, თუმცა ამგვარი საქმიანობა, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ჭრილში უნდა იყოს ზედმიწევნით დასაბუთებული, საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და ამგვარი შეზღუდვით დაცული სიკეთის პროპორციულად, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. იმავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამასთან, დასახელებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი, მარეგისტრირებელი ორგანოს მონაცემებით დასტურდება, რომ სადავო ფართი არის კომერციული დანიშნულების.

კასატორთა არგუმენტთან დაკავშირებით, რომ რეესტრიდან ამონაწერი არ ასახავს ფართის რეალურ დანიშნულებას და კომერციულ ფართად მხოლოდ განმცხადებლის ინიციატივით განისაზღვრა - საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული რეგისტრირებული მონაცემი ძალაშია, მისი ნამდვილობა არ არის სადავოდ ქცეული, მათ შორის, კასატორთა მიერ არ არის გასაჩივრებული და შესაბამისად, მიიჩნევა სრულად და უტყუარად. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნიდან და გასაჩივრებული აქტების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეაფასებს საჯარო რეესტრის ამონაწერის ნამდვილობას (შედარ. იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-317(2კ-20)).

საკასაციო პალატა, დისკრეციული უფლებამოსილების თაობაზე კასატორთა მითითებებთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო აქტებში მითითებული და საკასაციო საჩივრებში დაფიქსირებული სამშენებლო სამუშაოების შეთანხმების დადასტურებაზე უარის თქმის ფაქტობრივი საფუძვლები არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არღვევს თანასწორობის პრინციპს და არ არის არგუმენტირებული, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის სათანადოდ გამოყენებული და სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რაც მათი ბათილად ცნობის წინაპირობაა.

ზემოხსენებულის მიუხედავად, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოებმა უარყოფითი გავლენა არ უნდა იქონიოს საცხოვრებლის მდგრადობაზე, რათა არ წარმოიშვას ისეთი რისკები, რაც კრიტიკულ საფრთხეს გამოიწვევს. მოსარჩელემ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის რეალიზება სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით უნდა უზრუნველყოს, რათა არ მოიშალოს შენობის მთლიანობა და სიმყარე. სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება არ გულისხმობს იმ წესების უგუელებელყოფას, რაც დადგენილია კანონმდებლობით. თუკი სარეკონსტრუქციო პროექტის განხორციელება ავტომატურად გულისხმობს შენობის მდგრადობის და მთლიანობის მოშლას, მას ვერ ექნება უპირატესობა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებთან, რის გამოც იგი უპირობოდ შესასრულებლად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნას თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, როდესაც განახორციელებს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების დადასტურებას.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს წინა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ როდესაც სადავო უძრავი ქონება მიღებულია ექსპლუატაციაში და არქიტექტურის სამსახურში განაცხადის წარდგენამდე, ხსენებულ ფართს უკვე გააჩნდა კომერციული დანიშნულების სტატუსი, უძრავი ქონების ფუნქციის ცვლილების მოტივით არქიტექტურის სამსახურის უარი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინება;

3. კასატორ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.11.2025წ. №01709 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. უბილავა