საქმე №ბს-1316(კ-24)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „თ...“
მესამე პირები (სასკ 16.2) - ლ. ჩ-ი, ნ. ზ-ა, ზ. ყ-ა, მ. გ-ა, თ. თ-ე, ლ. კ-ა, თ. ჩ-ე, ი. ჩ-ე, მ. ღ-ა, დ.-ხ. ო-ნ, დ. ტ-რ, რ. ტ-რ, ი. ჭ-ე, მ. ა-ე, ნ. ა-ე, ი. კ-ი, ნ. კ-ი, ე. რ-ა, ვ. რ-ა და ბ. კ-ა
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2024 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „თ...მ“ 20.04.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქ. №...-ში (საკადასტრო კოდი - №...) მდებარე, შპს „თ...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში (შენობაში) განსახლებული დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე საცხოვრებელი ფართებით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.11.2023 წლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ჩ-ი, ნ. ზ-ა, ზ. ყ-ა, მ. გ-ა, თ. თ-ე, ლ. კ-ა, თ. ჩ-ე, ი. ჩ-ე, მ. ღ-ა, დ.-ხ. ო-ნ, დ. ტ-რ, რ. ტ-რ, ი. ჭ-ე, მ. ა-ე, ნ. ა-ე, ი. კ-ი, ნ. კ-ი, ე. რ-ა, ვ. რ-ა და ბ. კ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2024 წლის გადაწყვეტილებით შპს ,,თ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქ. №...-ში (ს/კ: ...) მდებარე, შპს „თ...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში (შენობაში) განსახლებული დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება დაუყოვნებლივ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2024 წლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2024 წლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,თ...ს“ წარმომადგენელმა 13.03.2023 წელს №... განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მოითხოვა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.03.2023 წლის IDP 3 23 00292129 მიმართვით, შპს „თ...ს“ წარმომადგენელს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმით, 2023-2025 წლებში დაგეგმილი იყო ქვეყნის მასშტაბით 13 000-მდე მოწყვლადი დევნილის ოჯახის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. დევნილთა განსახლების აღნიშნული ეტაპის ფარგლებში 2025 წლისთვის განხორციელდებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქ. №...-ში მდებარე კატასტროფის ცენტრის შენობაში განსახლებული დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შენობაში მოწყობილი საცხოვრებელი ფართები არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და საცხოვრებლად უვარგისი იყო, რაც ცნობილი იყო ასევე მოპასუხისთვისაც., თუმცა მოსალოდნელი საფრთხეებისა და საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, სააგენტომ სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ დაასაბუთა მიმართვის დროისათვის მოსარჩელის მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობის პატივსადები მიზეზი.
მოსარჩელისთვის სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემისას ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს. სასამართლოს შეფასებით, მოცემულობა, რომელიც გაჟღერებული იყო სააგენტოს უმოქმედობის გამართლების მიზნით, არ ცვლიდა იმ გარემოებას, რომელიც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.08.2020 წლის №5004838320 ექსპერტიზის დასკვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1“ და ,,ბ“ პუნქტების თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი ან არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. კასატორის მითითებით, სადავო ობიექტიდან დევნილი ოჯახების გამოსახლებას და სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მხარე, ჯერ კიდევ 2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანილი სარჩელით ითხოვდა (საქმე N 2/31079-21). მითითებულ საქმეზე 23.12.2022 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. მხარე კვლავ ცდილობს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით იდავოს ირიბად დაყენებული გამოსახლების მოთხოვნით, რაც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად სრულიად დაუშვებელია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის მოსაზრებით, საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
კასატორმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომ განახორციელა სადავო ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა და რაც მთავარია, მხარისათვის უარი არ უთქვამს დევნილი ოჯახების დაკმაყოფილებაზე. სააგენტომ მოსარჩელეს განუმარტა ზუსტი დრო, თუ კონკრეტულად როდის იგეგმებოდა სადავო ობიექტიდან დევნილი ოჯახების განსახლება.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, შესაბამისად, აღნიშნულ ქონებაში მცხოვრები დევნილები მართლზომიერად ფლობენ სადავო საცხოვრებელ ფართს. მისამართზე დევნილთა მიერ ფართის მოკავება მოხდა 1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული საომარი მოვლენების შედეგად. აღსანიშნავია, რომ დევნილ ოჯახთა შესახლების მომენტისათვის სადავო მისამართზე მდებარე შენობა არ წარმოადგენდა კერძო საკუთრებას. შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე დევნილთა რეგისტრაციისათვის მესაკუთრის თანხმობა საჭირო არ იყო. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო დევნილთა განსაკუთრებული და უპირველესი მოთხოვნა - თავშესაფრის ქონის უფლება. შენობაში, წლების მანძილზე შესახლებულები და რეგისტრირებულები არიან დევნილი ოჯახები. აღნიშნული გარემოება ათეულობით წლების მანძილზე სადავო არ გამხდარა მოსარჩელის მიერ. აღნიშნული გარემოების შესახებ მან ქონების შეძენისას, კერძოდ 27.10.2009 წელსაც იცოდა. საქმეში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში გადავიდა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული 05.05.2023 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - ...) წარმოადგენს შპს ,,თ...ს“ საკუთრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.12.2022 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/31079-21), შპს „თ...ს“ სარჩელი მოპასუხეების - ლ. ჩ-ის, ნ. ზ-ას, გ. ლ-ას, გი. ლ-ას, თ. ლ-ას, თე. ლ-ას, თი. ლ-ას, მ. ლ-ას, ნ. ლ-ას, ა. მ-ას, ზ. ყ-ას, მ. გ-ას, თ. თ-ეის, ლ. კ-ას, თ. ჩ-ეის, ი. ჩ-ეის, მ. ღ-ას, დ.-ხ. ო-ნოვის, დ. ტ-რის, რ. ტ-რის, ი. ჭ-ეის, მ. ა-ეის, ნ. ა-ეის, ი. კ-ის, ნ. კ-ის, ე. რ-ას, ვ. რ-ასა და ბ. კ-ას უკანონო მფლობელობიდან შპს „თ...ს“ კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი - №...) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში შპს „თ...სათვის“ დაბრუნების თაობაზე, ასევე, მოპასუხეებისათვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის შპს „თ...ს“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
საქმეში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.08.2020 წლის №5004838320 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ყოფილი კატასტროფის ცენტრის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა. მზიდ კედლებში განვითარებული დეფორმაციები დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით შეესაბამება I-II ხარისხს. საკვლევ შენობაზე არსებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით და ტექნიკური მოუვლელობით. შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა ჩატარდეს მასშტაბური აღდგენა- გაძლიერებითი სამუშაოები. კერძოდ, განივი ჩარჩოების ან კედლების მოწყობა შესაბამისი საძირკვლებით. კედლების გაძლიერება გარსაკრში ჩასმით, ღიობებისა და შუაკედლისების მოჩარჩოება ლითონის კუთხოვანებით და სხვა. აღნიშნულ შენობაში მოწყობილი საცხოვრებელი ფართები არ აკმაყოფილებს შესაბამის სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს და საცხოვრებლად უვარგისია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 05.02.2021 წლის №000807 დადგენილების თანახმად, შპს ,,თ...“ დაჯარიმდა 20 000 (ოცი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ს ქუჩაზე №...-ის მომიჯნავედ, ...ს ქ. №...-ში (ს/კ: ...), მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებულ №1/2 შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ განხორციელებული სადემონტაჟო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის (ბელიაშვილის ქუჩის მხარეს დემონტირებულია შენობის ნაწილი, განხორციელებულია 3 კაპიტალური მიშენება, ფანჯრის ნაცვლად მოწყობილია შუშაბანდი. კიბის ბაქანზე მოწყობილია კაპიტალური კედლები სველი წერტილისათვის, კიბის ბაქნის ქვეშ დამატებულია ფართი).
შპს ,,თ...ს“ წარმომადგენელმა 13.03.2023 წელს №... განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მოითხოვა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.03.2023 წლის IDP 3 23 00292129 მიმართვით, შპს „თ...ს“ წარმომადგენელს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმით, 2023-2025 წლებში დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით 13 000-მდე მოწყვლადი დევნილის ოჯახის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. დევნილთა განსახლების აღნიშნული ეტაპის ფარგლებში 2025 წლისთვის განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქ. №...-ში მდებარე კატასტროფის ცენტრის შენობაში განსახლებული დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტიდან ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზების მიხედვით, მისამართზე - ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქ. №...-ში (ს/კ: ...), კომპაქტური ჩასახლების ობიექტზე - კატასტროფის ცენტრი, 17.05.2023 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია 11 დევნილი ოჯახი (20 იძულებით გადაადგილებული პირი) და ფაქტობრივად ცხოვრობს ამდენივე. ნ. ზ-ას, მ. ღ-ას, მ. გ-ას, თ. თ-ეის, ზ. ყ-ას, ვ. რ-ას, გი. ლ-ას, მ. ლ-ას, ნ. ლ-ას, გ. ლ-ას, თი. ლ-ას, ა. მ-ას, თე. ლ-ას, თ. ლ-ას, რ. ტ-რის, მ. ა-ეის, ლ. ჩ-ისა და ი. ჩ-ეის მიერ სხვადასხვა დროს შევსებულია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადები. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.01.2022 წლის №03-94/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №79), მ. გ-ას ოჯახს, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 22.04.2021 წლის №03-1469/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), მ. ა-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023 წლის IDP 8 23 00000226 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 25.01.2023 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №6), ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გი. ლ-ას, მ. ლ-ას, ნ. ლ-ას, გ. ლ-ას, თი. ლ-ას, ა. მ-ას, ა. მ-ას, თე. ლ-ას და თ. ლ-ას ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მიუთითებს, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობა, რადგან გადაწყვეტილება, რომელზეც კასატორი მიუთითებს, მიღებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში და დავა ეხება განსახილველ საქმეში მესამე პირებისაგან შპს „თ...ს“ კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვას, შპს „თ...სათვის“ დაბრუნებასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის შპს „თ...ს“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრებას. ამდენად, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხლი 2). მოცემული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი არის საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე (მუდმივი საცხოვრებლის იძულებით დატოვების საფუძველი) ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე; ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით.
განსახილველ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, დევნილი ოჯახების უფლება სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ხოლო მეორე მხრივ, უძრავი ქონების მესაკუთრის - შპს „თ...ს“ უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რომელშიც ამჟამად დევნილი ოჯახები ცხოვრობენ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (იხ სუსგ 22.04.2020 წლის №ბს-199(კ-20)).
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის“ 09.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
საქმეზე ასევე დგინდება, რომ საცხოვრებელი ფართი, რომელიც დევნილ ოჯახებს აქვთ დაკავებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.08.2020 წლის №5004838320 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ყოფილი კატასტროფის ცენტრის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა. მესამე პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული მათი მხრიდან სხვა პირის საკუთრებით დროებითი სარგებლობა.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მართალია, არსებულ ვითარებაში (იმ პირობებში, როდესაც დევნილები უზრუნველყოფილნი არ არიან შესაბამისი საცხოვრებელი ფართით ან სათანადო კომპენსაციით) შპს „თ...ს“ კერძო საკუთრებიდან დევნილთა გამოსახლება შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ დაუშვებელია მესაკუთრისათვის მუდმივად მიუწვდომელი და შეუძლებელი იყოს საკუთრებით სათანადოდ სარგებლობა. ერთი უფლების დაცვამ არ შეიძლება გამოიწვიოს მეორე უფლების მუდმივი, თუნდაც დასაბუთებული ხელყოფა. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება შექმნან შესაბამისი პირობები, რათა დაუსრულებელი ხასიათი არ ჰქონდეს მესაკუთრის მიერ საკუთრებით სარგებლობის შეუძლებლობას და შესაბამისად, საყოველთაოდ აღიარებული საკუთრების უფლების დარღვევას (იხ.სუსგ 11.02.2016 წლის №ბს-610-603(კ-15)).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად საქმეში მონაწილე მესამე პირთა განსახლების ვალდებულება.
ამასთან, უსაფუძვლოა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შუამდგომლობა (10.06.2025 წლის №ბ-757-25 და №ბ-760-25 განცხადებები) დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დევნილ ოჯახთა მიმართ, რომლებსაც ოჯახის წევრთა შემადგენლობისა და დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, თანხმობა ეთქვათ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე, გაცემულ იქნა ადმინისტრაციული დაპირებები პირველივე შესაძლებლობისთანავე, კრიტერიუმების გარეშე, გრძელვადიანი საცხოვრებლებით უზრუნველყოფის თაობაზე, ხოლო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა 2 (ორ) დევნილ ოჯახს, რომლებიც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული არიან საცხოვრებელი ფართებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შპს „თ...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში განსახლებული დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე საცხოვრებელი ფართებით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილება, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (10.06.2025 წლის №ბ-757-25 და №ბ-760-25 განცხადებები) წარმოდგენილი დაპირებით დევნილ ოჯახთა სასარჩელო ინტერესი ვერ დაკმაყოფილდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2024 წლის განჩინება;
3. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შუამდგომლობა დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე