საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1351 (კს-25) 29 იანვარი, 2026 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. პ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2025 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. პ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი წარადგინა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „საბჭო“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საბჭოს 07.02.2025 წლის №05/25-0012 გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიმართ სასჯელისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის სახელით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მისმა წარმომადგენელმა, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტს დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.2025 წლის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი.
3.2. საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.2025 წლის გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელს ნ. რ-ის გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა ოჯახის წევრს, რძალს - ლ. ნ-ეს 10.07.2025 წელს. მოსარჩელეს გადაწყვეტილება, საქმეში არსებული ხელწერილის მიხედვით, ჩაჰბარდა პირადად 18.07.2025 წელს. შესაბამისად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს.
3.3. სააპელაციო საჩივარი მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა უშუალოდ სასამართლოში, კანცელარიაში 04.08.2025 წელს. საგულისხმოა, რომ სააპელაციო საჩივარზე თანდართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც დათარიღებულია 04.08.2025 წლით. აპელანტის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი.
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრების ვადის დარღვევის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე ნორმის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
10. სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დასტურდება, რომ აპელანტს/მის წარმომადგენელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.2025 წლის გადაწყვეტილებით განემარტა სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ყველა რეკვიზიტი.
11. სასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.2025 წლის გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელის წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე (იხ: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.2; მოსარჩელის მიერ ნ. რ-იზე გაცემული ვადაში მოქმედი მინდობილობა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, ტ.1, ს.ფ. 14) და ჩაჰბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს - რძალს ლ. ნ-ეს 10.07.2025 წელს (ტ.2, ს.ფ.97). გადაწყვეტილების ასლი უშუალოდ მოსარჩელეს გაეგზავნა №... ... პენიტენციურ დაწესებულებაში და პირადად ჩაჰბარდა 18.07.2025 წელს (იხ. ხელწერილი, ტ.2, ს.ფ.100). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა უფლებამოსილ წარმომადგენელსა და მხარეს.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
14. საპროცესო ვადის ათვლის მიზნით სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ჩაბარების თარიღი. ვადის ათვლა იწყება აქტის იმ ჩაბარებიდან (მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის), რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა დაფიქსირებული (სუსგ №ბს-454 (კს-19), 16.01.2020წ; №ბს-1068(კს-23), 01.02.2024წ.).
15. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 11.07.2025 წელს და ამოიწურა ამავე წლის 24 ივლისს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში 04.08.2025 წელს (ტ.2, ს.ფ.102). პალატა აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადა დარღვეულია გადაწყვეტილების უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებიდან ათვლის შემთხვევაშიც.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, §57, 28.05.1985წ.).
18. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას მასზე, რომ სააპელაციო საჩივარი დროულად ვერ წარადგინა ავადმყოფობის გამო და უნდა აღუდგეს გასაჩივრების ვადა, პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია (პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ 01 აგვისტოს, რა თარიღის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაც აქვს კერძო საჩივრის ავტორს წარმოდგენილი, გასაჩივრების ვადა უკვე გასული იყო).
19. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. პ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2025 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე